ანექსიის პრობლემა და საქართველოს ერთადერთი იმედი

ანექსიის პრობლემა და საქართველოს ერთადერთი იმედი

დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მრავალჯერ დადასტურების ფონზე, საყოველთაო შეშფოთების მიუხედავად, რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გეგმას. საუბარია „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმდა. საქართველოს იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას უკავშირდება. როგორია თბილისის რეაქცია და რას ფიქრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები?

კვლავაც უცვლელი და მტკიცეა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, პოზიცია. სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაში, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა, ნათქვამია, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“. აქვეა რუსეთისკენ მიმართული მესიჯიც: 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები: გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა“.

ამავე შინაარსის მოწოდებებით რუსეთს მიმართა ნატომაც, რომელიც ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული სიტუაციის „მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას“ და რომ ეს ე.წ. დოკუმენტი უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“.

ე.წ. ხელშეკრულებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს თავის საგანგებო განცხადებაში, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა საზიანოა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალისხმევისთვის რეგიონში. მისი თქმით, ეს ე.წ. დოკუმენტი, წინამორბედების მსგავსად, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს ე.წ. ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საერთაშიროსო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას.

საქართველოს ერთადერთ იმედად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა რჩება. 25 ნოემბერს თბილისში იმართებოდა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიშეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და კიდევ ერთხელ გამოკვეთა თბილისის პოზიცია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯს“, რომელიც უარყოფითად აისახება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგომარეობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარტნიორებისა თუ საერთარისო სტრუქტურების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით. საგარეო უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოს პრობლემა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნეს განხილული. მთავრობის ძალისხმევას არასაკმარისად მიიჩნევენ პოლიტიკური ოპონენტები.

საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს ერთიანი, შეთანხმებული მიდგომის შემუშავებას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. 24 ნოემბერს გახმაურებული ინიციატივის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში დაგეგმავს შეხვედრებს პოლიტიკურ სპექტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თუ ექსპერტებთან. „მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლობის აქტიური ჩაბმულობით მოხდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის დღეს, დასავლური ინტეგრაციის პირობებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და ყველას მოუწოდა გაერთიანებული ძალისხმევით მოქმედებისკენ. კონსულტაციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიებმა, მაგალითად: „ქართულმა ოცნებამ“, რესპუბლიკურმა პარტიამ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“ თუ „ქართულმა დასმა“. 

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს სავალდებულო ხასიათის რეზოლუციას, რადგან ამ განზრახვის დაბლოკვა შეუძლია რუსეთს, მაგრამ ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი წაადგებოდა საქმეს და გაზრდიდა დასავლეთის ინტერესს საქართველოს მისამართით. კახა გოგოლაშვილი თვლის, რომრუსეთის შემდგომი მოქმედებები სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებზე იქნება დამოკიდებული;

„არსებობს მხოლოდ ერთი ბერკეტი - საერთაშორისო აზრის მძლავრი მობილიზება, რომელიც, უკრაინაში გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, რუსეთს დააწვება ტვირთად. აქ არ არის საუბარი უბრალო თავის მართლებაზე – რუსეთს უნდა გაუჩნდეს შიში იმისა, რომ ეს ყველაფერი იმოქმედებს მის ეკონომიკაზე, მის საინვესტიციო კლიმატზე, იმოქმედებს კონკრეტულად ფასებზე რუსეთში, ეს ყველაფერი შეუქმნის რუსეთს იმიჯს, რომელიც არ მისცემს მას განვითარების საშუალებას და ა.შ. ეს არის ის გზა, რომლითაც ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულოს რუსეთი, რომ უკრაინა დატოვოს და ამას უნდა შეუერთდეს საქართველოც“.

ვიდრე 24 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელს მოაწერდნენ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას, ამ დოკუმენტის თავდაპირველმა ვარიანტმა, რომელსაც სახელად „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულება ერქვა, ძალიან შეაშფოთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. ეს იყო შიში ე.წ. სუვერენიტეტის ხელყოფისა და ეს შიში დღესაც არსებობს, რადგანაც დოკუმენტის ძირითადი არსი არ შეცვლილა და ის კვლავაც ითვალისწინებს რუსეთის პოზიციების გამყარებას მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. იოლია იმის გაანალიზება, რომ 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებს, მაგალითად: აფხაზეთის დე ფაქტო ადგილობრივი არმიის უფლებების შეზღუდვას რუსეთის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ, ადმინისტრაციული საზღვრის მაქსიმალურად ჩაკეტვას ენგურზე და რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას ფსოუზე. აქვეა უძრავი ქონების დატაცების საფრთხე, რაზეც დიდი ხანია უჭირავს თვალი რუსეთს.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს უთხრა ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორმა, საზოგადოებრივი პალატის წევრმა ინალ–იფამ, მისი ეჭვები ვითარების გაუარესების მოლოდინს უკავშირდება. არადა, ინალ–იფა, არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოხუმში 24 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა:

„ამ დოკუმენტის გარშემო შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევის პროცესი წარუმატებელი იყო. მე ვხედავ აჩქარებას, პროცესის სწრაფი ტემპით წარმართვის მცდელობას და, რა თქმა უნდა, გაურკვევლობა წარმოშობს ეჭვებს – რას ემსახურება ნაჩქარევი მოქმედება? მით უმეტეს, რომ, არსებითად, აფხაზეთში არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო მტკიცე, საიმედო, გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისა რუსეთთან. უბრალოდ, ჩვენ გვაღელვებს ის მექანიზმები, რომლებიც ჩადებულია ახალ ხელშეკრულებაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობა, სირთულეები, პრობლემები და აბსოლუტურად არასაჭირო განწყობები ჩვენს ქვეყნებს შორის“.

არასამთავრობო სექტორის გარდა, მომავალს საკმაოდ დიდი შიშით უყურებს პოლიტიკური სპექტრიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში და კრიტიკოსთა შორის განსაკუთრებით აქტიურობს პარტია „ამცახარა.“