ისტორიულ ტაოში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში გარკვეული ძეგლების რესტავრაციისა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების მიზანშეწონილობის შესახებ, ბათუმში ყოფნისას შევხვდით და ვესაუბრეთ ისტორიკოს ნუგზარ მგელაძეს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავდროულად, აჭარის ა/რ. მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მრჩეველია.
მან საუბრის დაწყებისთანავე გვითხრა, რომ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის სტატუსით ვერ ისაუბრებს და მთავრობის პოზიციას ვერ გამოხატავს.
ნუგზარ მგელაძე: თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ჩემს შეხედულებებს, ჩემს აზრს გამოვხატავ - ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი მაქვს, საზოგადოებაში მიმდინარე ყოველდღიური საუბრებიდან გამომდინარე, თორემ ხელშეკრულების ტექსტი არ მინახავს.
რამდენად თანაბარია ხელშეკრულების პირობები? ოშკის, ხანძთის, იშხანის და ოთხთას აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი მოითხოვს: ახალციხის რაბათის მთელი კომპლექსის; იქვე არსებული წყვილი აბანოს; ადიგენში მხარჯავის მეჩეთის; ქობულეთის რაიონში კვირიკეს ჯამეს რესტავრაციას და ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას.
- თუკი ამ ძეგლებს რესტავრაცია გაუკეთდება, ვერ ვხვდები ამაში ცუდი რა არის.
თქვენთვის ცნობილია იმ ძეგლების მდგომარეობა, რომელთა რესტავრაციასაც თურქეთი ითხოვს?
- ბოლო პერიოდში თითქმის ყველა მეჩეთის ისტორია დავამუშავეთ და გამოვაქვეყნეთ. ვიცი ის, რომ აქ არსებული მეჩეთები არის ქართული არქიტექტურის ნიმუშები, ხშირ შემთხვევაში ფარული ქრისტიანობის სიმბოლოების გამოყენებით. ამ ბოლო დროს ეს მეჩეთები არ მინახავს და ვერაფერს გეტყვით მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე ახლა სახელმწიფო მუზეუმია და როგორც მისმა დირექტორმა გვითხრა, კარგი იქნება თუ იქ არსებული მედრესე გადაიხურება; კვირიკეს ჯამეს კი სარესტავრაციო არაფერი სჭირს, სასურველია შეიწამლოსო...
- მით უმეტეს, თუ სარესტავრაციო არაფერია, მაშინ რა შეიძლება ამის უკან იყოს, ქვეტექსტს ვერ ვხვდები.
თურქეთი მოითხოვს მათ რესტავრაციას.
- სამაგიეროდ, შეგვიძლია ჩვენი ძეგლები აღვადგინოთ. თურქებისთვის კი მათი აღდგენა ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხითაა ხელსაყრელი.
მოარული ხმებიდან ვიცი, რომ თურქები აქ ფარულად აფინანსებდნენ თითქმის ყველა მეჩეთის მშენებლობას სოფლებში (სადაც ხალხს თავად არ ჰქონდა ამის გაკეთების ფინანსური საშუალება), მაგრამ ვინ იყო ამის უკან, ხალხი ვერ ადგენდა. ახლა ჩვენს ტერიტორიაზე თუ გარკვეულ ძეგლებს რესტავრაციას გაუკეთებენ, ასეთ მცირედს თუ მოითხოვენ, ამაში ცუდი რა არის?!
მცირედია შუაგულ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენება?
- აზიზიეს მეჩეთი მანდ იყო და ცუდი რა არის იმაში, თუკი მისი დაბრუნების სურვილია?! აქ ჩვენ ხომ გვყავს ქართველი მუსულმანები, ისინი ხომ ჩვენი ხალხის განუყოფელი ნაწილია?! ტრაგედიები ჩვენ სულ სხვა ამბებში გვაქვს.
ქართველი მუსულმანები ჩვენი სისხლი, ხორცი და განუყოფელი ნაწილია, მაგრამ უცხო სახელმწიფო მეჩეთის აშენებას, რომ ითხოვს, ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?
- და რა უნდა მოხდეს, თურქები აქ მეჩეთს რომ ააშენებენ?!
თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არაფერი მოხდება. თურქებმა მეჩეთის აშენება შესაძლებელია დააფინანსონ, როგორც თავისი კულტურის ნაწილი, ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია მათ ტერიტორიაზე გავაკეთოთ რაღაც. თურქეთში კათედრები იქმნება და ათასი ამბები იქნება.
რა კათედრებს გულისხმობთ?
- სამსუნის აქეთ უნივერსიტეტებში უკვე არის ლაპარაკი ქართველოლოგიის, კავკასიოლოგიის კათედრებზე, ქართული ენის, კულტურის პატარ-პატარა დეპარტამენტებზე. ორმხრივ თანამშრომლობაზეა საუბარი. ჩვენ ახლა არ ვართ ძლიერი სახელმწიფო, თურქეთს დიდი მოთხოვნები, რომ წავუყენოთ.
მაგრამ ღირსება ხომ გვაქვს?!
- გვაქვს და ჩვენ სერიოზული პარტნიორები ვართ. ნუ, არ ვიცი. მოდით მაშინ საზღვარი ჩავუკეტოთ, ვიყოთ აქ, ჩვენთვის და ვიცხოვროთ. სხვანაირად არ გამოდის, ხომ ხედავთ?!
რა არ გამოდის სხვანაირად? საზღვრის ჩაკეტვაზე განცხადება არავის გაუკეთებია.
- ჩაკეტილი ცხოვრება არ გამოდის. მათ თავიანთი მოთხოვნები, ინტერესები აქვთ, რის სანაცვლოდაც მათ ტერიტორიაზე ქართული ძეგლების აღდგენის საშუალებას გვაძლევენ. შეგახსენებთ, რომ იყო პერიოდი, როცა ამ ძეგლების დასათვალიერებლადაც კი ვერავინ შედიოდა იქ. ახლა თურქეთის მხრიდან არის უკვე იმის კეთილი ნება, რომ იქ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს კულტურაზე. ვფიქრობ, ეს პატარა ამბავი არ არის, რადგან თურქებს ასეთი პოზიცია ჩვენს მიმართ კი არა, საერთოდ არავის მიმართ არ ჰქონიათ.
წარსულში ძალიან ბევრი ტრაგიკული ეპიზოდი იყო, რაც ადამიანებზე მოქმედებს, მაგრამ ამ ურთიერთობაში ნათელ პერიოდებს, თუ არ წამოვწევთ, შესაძლებელია მარტონი აღმოვჩნდეთ. ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევები და მოთხოვნები სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე საქართველოს უნახავს. ჩვენ ეს ურთიერთობები უნდა ვისწავლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად.
რამდენად მისაღებია თქვენთვის კითხვის ნიშნების არსებობა იმ ხელშეკრულების ირგვლივ, რომლის ხელმოწერაც იგეგმება?
- თქვენ ისეთ თემაზე მესაუბრებით, ჩემი შეხედულების მკაფიოდ გამოთქმა, რომ გავაგრძელო, შესაძლებელია ვიღაცამ მითხრას შენ მოღალატე ხარო.
თქვენ განაცხადეთ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი მაქვსო.
- დიახ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი მაქვს - მომწონს, რომ ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. სახელმწიფოები თუ რაღაც ხელშეკრულებას დებენ და ეს არის განზოგადოებული ხელშეკრულება კულტურული თანამშრომლობის შესახებ, არ არის აუცილებელი ამაზე დიდი სჯა-ბაასი და დებატები იყოს.
და თუ საზოგადოებრივი ინტერესია?
- საზოგადოებრივი ინტერესი ნებისმიერი საკითხისა და თემის მიმართ არის. რა, ვინმე კულტურული თანამშრომლობის წინააღმდეგი იქნება?
კულტურულ თანამშრომლობად მიგაჩნიათ არარსებული შენობის ხელახლა აშენება?
- თქვენ ფიქრობთ, მინისტრები ხელს იმას მოაწერენ, მაგალითად, კვირიკეში ჯამეს რესტავრაცია, რომ უნდა მოხდეს?!
ცნობილია, რომ ხელშეკრულებაში კვირიკეს ჯამეს საკითხიც ცალკე პუნქტადაა შეტანილი.
- კარგით, რა! მაშინ, მე არ მესმის ეგ ამბავი. სადღაც სოფელში რაღაც კეთდება და ამაზე იდება სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება?! შეიძლება, ზოგადად დაიდოს ხელშეკრულება კულტურული თანამშრომლობის შესახებ და შემდეგ რაღაც ცალკე გაიწეროს. პროექტს როცა ვნახავ, შემდეგ უფრო კონკრეტულად შევძლებ საუბარს.
თქვენ რომ ნახავთ, ხელშეკრულება ალბათ, უკვე ხელმოწერილი იქნება.
- ხელშეკრულება ხელმოწერილი ისედაც იქნება, ჩვენ ვისაუბრებთ თუ არა...
რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ რომ კულტურულ თანამშრომლობას წინ ვერაფერი დაუდგება.
არსებობს თუ არა ქართული ტაძრების გადარჩენის სხვა გზა?
- არსებობს იუნესკოს გზით მათი აღდგენის საშუალება, მაგრამ თუ იმ სახელმწიფოს ნება არ იქნება, რომელ ტერიტორიაზეც ეს ძეგლები მდებარეობს, არაფერი გამოვა.
თქვენთვის მისაღებია იუნესკოს საშუალებით ქართული ტაძრების რესტავრაცია?
- რატომ იქნება ცუდი?!
და თქვენი აზრით, რატომ არ ცდილობს ამ გზის გამოყენებას საქართველოს ხელისუფლება?
- ეს პატარა თანხა არ ჯდება, ამის გაკეთება იოლი არ არის.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქართული ტაძრების რესტავრაცია ჩვენი ფულით უნდა გაკეთდეს.
- გასაგებია, მაგრამ ეს თურქეთის მხრიდან გამოჩენილი კეთილი ნებით ხდება. თუ საუბარი დაიწყება ქართული ტაძრების სხვა გზით რესტავრაციაზე, არ ვიცი ეს მათთვის რამდენად სასიამოვნო იქნება. ახლა თურქეთმა რომელიმე ძეგლი რომ შეარჩიოს, აქ იუნესკოს ეგიდით შემოვიდეს და საქმიანობა დაიწყოს, მერე რა იქნება?!
მანამდე უნდა დაამტიკოს, რომ ეს ძეგლი მისი კულტურის ნაწილია და, ამავდროულად, არის მსოფლიო მნიშვნელობის მქონე.
- მე ახლა ისე გამოვდივარ, რომ ვარ თურქეთის ადვოკატი. თქვენ გინდათ მე ვთქვა - წავიდნენ ერთი აქედან.
რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?
- ზოგიერთი ასე ლაპარაკობს. თურქეთს თავისი ინტერესები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, ოსმალეთს რომ გააჩნდა; შემოჭრას და დაპყრობას ვგულისხმობ.
ამ საკითხში თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თურქეთს აჭარა ეკონომიკურად უკვე დაპყრობილი აქვს.
- ეკონომიკურად მოდიან, მაგრამ ეს ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შემოსულიყვნენ, ბევრი მდიდარი კაცი ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში დავრჩებით, ახლა ყველანი, რომ წავიდნენ - აღარ გვინდა თქვენთან მუშაობაო.