მორიგი “მგზავრული” მძღოლების შესრულებით

მორიგი “მგზავრული” მძღოლების შესრულებით

[ნიკა ასლანიძე]

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა გაძვირების მორიგი თარიღი გამოაცხადეს. პირველ აპრილს, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, მგზავრობის ღირებულება 10-20 თეთრით მოიმატებს. რამდენად მოხერხდება მძღოლების კიდევ ერთხელ გადარწმუნება, ეს კვირის ბოლომდე გამოჩნდება.

2-3 დღეში თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 60-70 თეთრამდე ძვირდება. შესაბამისი წარწერა ე.წ. “მარშრუტკებში” უკვე გაჩნდა. როგორც მძღოლები იცხადებენ, საფასურის გაზრდას მათგან თავად შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მოითხოვენ.

“N126 სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 40 თეთრის ნაცვლად, 60 თეთრი ეღირება, ხოლო იმ “მარშრუტკებით” მგზავრობა, რომელსაც მოსახლეობა ამ დრომდე 50 თეთრს უხდიდა, ამიერიდან 70 თეთრი ეღირება”, - აცხადებენ მძღოლები.

ნომერ 31 სამარშრუტო ტაქსში, რომელიც გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონებს შორის მოძრაობს, მგზავრობის 50-დან 70 თეთრამდე გაძვირებაზე განცხადება უკვე გამოკრულია.

ტარიფების გაზრდის ტრადიციულ მიზეზად კვლავ საწვავის ფასის ზრდა სახელდება. ანალოგიური მიზეზით თვის დასაწყისში ნომერ 221-მა, 167-მა და 141-მა სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრობის ტარიფი კი გააძვირეს, მაგრამ გაურკვეველი მოსაზრების გამო, შემდეგ ისევ 50 თეთრზე ჩამოიყვანეს. ამჯერად მაღალი სამგზავრო ტარიფის ცდუნება უფრო მეტ სამაშრუტო ტაქსს შეეყარა.

ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებას საწვავის სფეროში არსებულ მონოპოლიას უკავშირებს.

როგორც ალანიამ განაცხადა, საწვავის გაძვირების გამო სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაზრდა ჯერ კიდევ 1-ლი მარტიდან იყო მოსალოდნელი.

“ისედაც გაძვირებული ცხოვრების ფონზე მგზავრობის საფასურის გაზრდა თბილისის მოსახლეობაზე, ცხადია, ცუდად იმოქმედებს, მაგრამ საწვავის ფასმა სერიოზულად მოიმატა და მძღოლს, ფაქტობრივად, თვიღირებულებაზე ნაკლებად უწევს მუშაობა. ჩვენი ინფორმაციით, გაძვირება 1-ლი მარტიდან უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ სფეროში დასაქმებულმა ხალხმა თანამოქალაქეების მდგომარეობა გაითვალისწინა.

საწვავის ფასს ჩვენ ვერ დავაგდებთ. ტრანსპორტის პროფკავშირებმა ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართეთ, გაგვარკვიოს, რა ხდება ამ ფასებთან დაკავშირებით. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არ არსებობს და ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ერთი და იგივე ფასებია. კონკურენცია რომ იყოს, ფასებს შორის სხვაობა იქნებოდა. დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა კომპანია ერთი და იგივე პიროვნებისაა”, - განაცხადა ალანიამ.

მისივე ინფორმაციით, “ერთადერთი ბენზინგასამართი სადგური, სადაც სხვებისგან განსხვავებული ფასებია, “ეკოა”, თუმცა მას შედარებით პატარა ქსელი აქვს”.

თავის მხრივ, თბილისის საკრებულო ირწმუნება, რომ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდება.  შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია საკრებულოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მაისიდან თბილისში 300 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა. ამჟამად თბილისში 5 000-მდე სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს.

ერთ-ერთ გარაჯვებული კომპანია “თბილლაინის” წარმომადგენელი დავით ასანიძე ამბობს, რომ მას გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. იგი ირწმუნება, რომ მძღოლებმა ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს.

“წარმოდგენა არ მაქვს, რას მეუბნებით. ჩვენ მძღოლებთან ამის თაობაზე საუბარი არ გვქონია, მათ ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს. რახან ჩემთან არ შეუთხმებიათ, ამას თვითნებობა ჰქვია.

რა ზომები უნდა მივიღო მითხარით? მე ვეუბნები არ გააკეთოთ, ზომები უნდა მიიღოს მერიამ, მე არაფერი ზემოქმედების საშუალება არ მაქვს. ჩემი მანქანები რომ ჩამოვა მერე კი, მანამდე მე არაფერი ზემოქმედების საშუალება არ მაქვს”, - აცხადებს ასანიძე.