ყოფილი აჭარელი რესპუბლიკელები საზოგადოებრივ ორგანიზაციას ქმნიან

ყოფილი აჭარელი რესპუბლიკელები საზოგადოებრივ ორგანიზაციას ქმნიან

”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია უდიდესმა უმრავლესობამ დატოვა. იმაზე, თუ რა გახდა პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი და რას აპირებენ ყოფილი ”რესპუბლიკელები”, ერთ-ერთ მათგანს, ავთანდილ ბერიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია.

რამდენმა ადამიანმა დატოვა ”რესპუბლიკური პარტია”?

ავთანდილ ბერიძე: ჩემი მონაცემებით, პარტია ორასამდე ადამიანმა დატოვა. ეს დღეს არ მომხდარა, ეს პროცესი 25-26 მარტს დაიწყო. ბრიფინგი ჩავატარეთ და გავახმოვანეთ პარტიის რაიონული კომიტეტების გადაწყვეტილებები - ხულოს რაიონულმა კომიტეტმა გააუქმა რაიონული ორგანიზაცია, იმ მოტივით, რომ ხულოს რაიონულ ორგანიზაციაში აღრიცხვაზე მყოფმა ყველა ”რესპუბლიკელმა” პარტია დატოვა. შესაბამისად მოიქცნენ შუახევისა და ქედის ორგანიზაციები.

პარტიის ყველა წევრმა დატოვა რა პარტია, ამ ორგანიზაციებმა ჩაატარეს სხდომები, ეს ცნობად მიიღეს და დაიშალნენ. ანუ ქედის, შუახევის და ხულოს რაიონული კომიტეტები იმის გამო გაუქმდა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” ყველა წევრმა დატოვა.

რა ხდება ხელვაჩაურში?

- ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი 107 წევრიდან პარტია 99-მა დატოვა, რამაც 11 ზონალური ადგილობრივი ორგანიზაციის გაუქმების საბაბი მოგვცა; კომიტეტის სხდომაზე  დაკისრებული მოვალეობიდან 11 ზონის კოორდინატორი გავათავისუფლეთ, რაიონული კომიტეტი გავაუქმეთ და შესაბამისად, გავაუქმეთ პარტიული ორგანიზაცია ხელვაჩაურის რაიონში.

რა კომიტეტს გულისხმობთ?

- ეს არის ორგანო, რომელიც პარტიულ ორგანიზაციას კონფერენციიდან კონფერენციამდე, კრებიდან კრებამდე ხელმძღვანელობს.

როგორი მდგომარეობაა ბათუმსა და ქობულეთში?

- ბათუმის ორგანიზაცია 38-მა წევრმა დატოვა. ეს სია მე მაქვს.

სულ რამდენი წევრი იყო ბათუმის ორგანიზაციაში?

- ეს უნდა ჰკითხოთ ბათუმის ორგანიზაციას, რამდენი გყავდათ და რამდენი დარჩა-თქო, იმიტომ, რომ მათი მხრიდან ეს საკითხი ”გასაიდუმლოებულია”. გია მასალკინმა თქვა, ბოლო აღრიცხვით 60 კაცი გვყავსო. მე ვერ გეტყვით - იქნებ 200 ჰყავთ? ჰკითხეთ მათ, მე არ ვიცი.

მასალკინი ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია?

- ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩავლეიშვილია, მოადგილ -ე თეიმურაზ ყურაშვილი; გია მასალკინი კომიტეტის წევრია. ამასთან, ბათუმის კომიტეტი დატოვა ერთმა წევრმა და სამმა ზონის კოორდინატორმა. თუ არ ვცდები, ბათუმში სულ 5 ზონაა. მთლიანობაში, როგორც გითხარით, ბათუმის ორგანიზაციიდან 38 ადამიანი წამოვიდა.

რაც შეეხება ქობულეთს - ორგანიზაცია ხუთმა კაცმა დატოვა და ქობულეთის კომიტეტი გაუქმდა, მაგრამ ორგანიზაცია არ გაუქმებულა, იმიტომ, რომ თავმჯდომარე ჰყავს, იმედო ხაჯიშვილი და ალბათ, ჰყავს რამდენიმე წევრი.

მთლიანობაში რამდენი ადამიანი იყო აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაში?

- დაახლოებით 250 წევრი უნდა ყოფილიყო. ბოლო, ასე ვთქვათ, დათვლა 2010 წელს, არჩევნების წინ მოხდა.

რა იყო პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი?

- იდეური შეუთანხმებლობა, განსაკუთრებით - პარტიის ხელმძღვანელ რგოლთან. მხედველობაში მაქვს პარტიის აღმასრულებელი სამდივნო, იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული კომიტეტის პოზიცია ჯერ არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ისინი სხდომის ჩატარებას აპირებენ.

რა საკითხთან დაკავშირებით?

- რა საკითხთან დაკავშირებით და, რამაც ასე ვთქვათ, დეტონატორის როლი ითამაშა - თურქეთ-საქართველოს შორის მომავალში გასაფორმებელი ხელშეკრულებისადმი აჭარაში მყოფ პარტიის წევრთა დიდი ნაწილის აზრი არ დაემთხვა პარტიის სამდივნოს აზრს.

და მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვა არაფერ შუაშია?

- მურმან დუმბაძის გარიცხვა შუაში როგორ არ არის?! მაგრამ ეს არ გახლავთ მთავარი. მურმან დუმბაძის გარიცხვა იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ფიალა ბოლომდე გაავსო, მაგრამ, როგორც გითხარით, მთავარი მიზეზი იდეური უთანხმოებაა.

აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის გაუქმებით, ანაც პარტიიდან 200 კაცის გასვლით საქართველოს რესპუბლიკური პარტია არ იშლება. პარტიას ეს საშიშროება მომავალში შეიძლება დაემუქროს, თუ არ გამოერკვევიან, ვარდისფერ სათვალეს არ მოიშორებენ და რეალობას გახელილი თვალებით არ შეხედავენ. პარტიის გადარჩენის შანსი არსებობს და ”რესპუბლიკურ პარტიას” ამ შანსის გამოყენებას ვუსურვებ. ეს მხოლდ და მხოლოდ გამეხარდება და მესიამოვნება.

რამდენი წელი იყავით ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი და რას აპირებთ ის ადამიანები, ვინც ეს ორგანიზაცია დატოვეთ?

- პირადად მე ”რესპუბლიკურ პარტიაში” 22 წელი ვიყავი, აჭარის რეგიონში პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდით. წამოსულებს შორის ჩემი სტაჟის მქონე რამდენიმე ადამიანია. ისინი, ვინც პარტიიდან წამოვედით, გარკვეული წლების განმავლობაში, ზოგი 22 წელი, ზოგი 10 და ზოგი 5, ერთად ვმუშაობდით, შეკრული გუნდი ვიყავით.

ჩვენი აზრები და გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთს დავამთხვიეთ და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ გუნდად ვრჩებით. ამის შესახებ ჩვენ ერთმანეთთან და ყველა პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საუბარი გვქონდა. მაქსიმალურად ახლო ხანში საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ვაპირებთ, რომელშიც ალბათ, ”რესპუბლიკური პარტიიდან” გასულ ადამიანთა დიდი ნაწილი და სხვებიც გაწევრიანდებიან. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც პარტიულობას გაურბის. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ გუნდურად და ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. ამ საქმე საქართველოს სამსახური ჰქვია.

ამ ორგანიზაციის სათავეში მურმან დუმბაძე იქნება?

- ამ ორგანიზაციის სათავეში დამფუძნებლები ვიქნებით.

მათ შორის მურმან დუმბაძეც იქნება?

- რა თქმა უნდა, ეს მურმან დუმბაძის მონაწილეობით მოხდება. ის ჩვენი მეგობარია, ჩვენ ერთი ჭკუის ხალხი ვართ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა რამდენიმე ადამიანს გვაქვს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ხვალიდან ვიწყებთ.