გთავაზობთ ინტერვიუს თავდაცვის ექსმინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან:
- ბატონო ირაკლი, თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, იმ ჟურნალისტს, რომელმაც ჩემს პოლიტიკურ კარიერას თავდაცვის მინისტრის პოსტზე პირველი და სერიოზული დარტყმა მიაყენა, არ შევხვდებოდი... უცნაურია, რატომ დამთანხმდით ინტერვიუზე?
- ყველაფერი ხდება, თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ, თქვენ ხართ ჟურნალისტი და მე ვარ პოლიტიკოსი, ასეთ დარტყმებს შეჩვეული ვარ...
- თქვენი პოლიტიკური გუნდი საქართველოს საგარეო კურსს განსაზღვრავდა, რატომ გადაზარდეთ სამართლებრივი დავა პოლიტიკურში და კაბელების საქმეზე თქვენი თანამშრომლების დაკავების შემდეგ რატომ განაცხადეთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი საფრთხის ქვეშაა? რატომ არ დაუტოვეთ პრემიერ-მინისტრს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაეყენებინეთ, ნერვებმა გიმტყუნათ?
- ის ნაბიჯები, რაც ერთბაშად დაიწყო პროკურატურამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩემს წინააღმდეგ, იყო მიზანმიმართული და ამას ყველა ვარიანტში აქვს პოლიტიკური სარჩული, რადგან ყველა თემა გამოძიების პროცესში იყო. მეტიც, მე თვითონ დავიწყე ძალიან ბევრ საქმეზე გამოძიება და გადავეცი პროკურატურას. ამ პროცესს სჭირდებოდა ლოგიკურად გაგრძელება. იმ დროს, როდესაც მე ვიყავი საფრანგეთსა და გერმანიაში, ვსაუბრობდი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, სწორედ მაშინ გადადგეს ეს ნაბიჯი და დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ეს თავდაცვის სამინისტროსთვის იყო ზურგში დარტყმული დანა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვე, რომ გაგვეანალიზებინა მომხდარი, შეგვეკრიბა პოლიტსაბჭო და გვემსჯელა, საით მიჰყავს პროკურატურას ეს ყველაფერი, ხომ არ უქმნის საფრთხეს რეალურად იმ სტრუქტურას, რომელიც აღიარებულია ნატოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ისე, როგორც მთავარი და ყველაზე ძლიერი რეფორმატორი საქართველოს მთავრობაში. ჩემი შეკითხვა სწორედ ამაში მდგომარეობდა და ამას ლოგიკური ნაბიჯი უნდა მოჰყოლოდა, ამ საკითხებზე გვემსჯელა, მაგრამ პრემიერმა სხვა არჩევანი გააკეთა. ეს მისი არჩევანია.
- ახლა რას აპირებთ, ვისთან წარმოგიდგენიათ კოალიციის რეჟიმში მუშაობა? იქნებიან "რესპუბლიკელები", "ეროვნული ფორუმი" თუ?..
- ეს გადაწყვეტილება მომწიფდება და მომზადდება, როცა 2016 წლის არჩევნებამდე 6 თვე დარჩება. დღეს ჩემთვის მთავარი ამოცანაა, რომ სივრცე გამეხსნა, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას; რომ გავაძლიეროთ ჩვენი პარტიული ორგანიზაციები, გვქონდეს დიალოგი ხალხთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. "რესპუბლიკელებთან" ბევრი ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, მაგრამ კოალიციასა და პოლიტიკურ პარტნიორზე საუბარი რეალურად დადგება, როგორც კი არჩევნებს მივუახლოვდებით.
- კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ, მივიღეთ არანორმალური ვითარება, როცა უმრავლესობის ადგილები შეავსეს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვინც წლების მანძილზე აფინანსებდა და აძლიერებდა რეჟიმს. საზოგადოებას კოალიცია ასეთი შემადგენლობით არ აურჩევია. შესაბამისად, ეს უმრავლესობა იძენს არალეგიტიმურ სახეს, თქვენც მიგიძღვით ამაში ბრალი. მეორე მხრივ, პრემიერის ბრალდება, რომ თქვენ და თქვენი გუნდი ლობირებდით სააკაშვილს და მას არ მოიხსენიებდით როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს... დღეს არის სიტუაცია, როცა ყველანი თანაბრად დამნაშავენი ხართ.
- ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენს ამოცანაში არ შედის, რომ პრემიერ-მინისტრის სიტყვამ ძალა დაკარგოს. ასეთი ბრალდებები, ბუნებრივია, პრემიერის დამაჯერებლობას პრობლემას უქმნის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, როგორ შეიძლება ასეთი ბრალდება გქონდეს იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, როცა ამავე ძალამ უმრავლესობაში შეიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან სწორადაც დავარქვით მათ სახელი, ეს არის "ნაციონალური ოცნების" უმრავლესობა. ბუნებრივია, საზოგადოება ამას პოზიტიურ ნაბიჯად არ აღიქვამს, თუმცა, რაც გააკეთეს, ეს მათი არჩევანია.
- საკუთარ თავს არ ადანაშაულებთ ამ პოლიტიკური რეალობის გამო?
- არც ერთხელ არ გადაგვიდგამს იმ მიმართულებით ნაბიჯი, რომ კოალიცია დაგვეშალა, ან რაიმე ფორმით მაინც კოალიციური ერთობისთვის ჩრდილი მიგვეყენებინა. პირადად ჩემზე უამრავი ბრალდება და თავდასხმა იყო, ეს გზა ღირსეულად გავიარეთ, მაგრამ ბოლოს თავად გადადგეს ეს ნაბიჯი, რომ ასეთი პოლიტიკური შეტევა განახორციელეს ჩვენზე.
- ყველაფერი კი ბოლო ვიზიტით დაიწყო, როცა თქვენ ბრძანდებოდით საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტად და ხვდებოდით კოლეგებს. ეს ორი ქვეყანა მუდმივ წინააღმდეგობაში იყო, რომ საქართველო ნატოში არ გაწევრიანებულიყო. თუმცა თქვენ სწორედ ამ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან საუბრობდით თავდაცვითი იარაღის შეძენაზე. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თქვენ დაგირეკათ მინდია ჯანელიძემ და გითხრათ, რომ კონტრაქტზე ხელი არ მოგეწერათ. უარის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და დააკავეს თქვენი სამინისტროს მაღალჩინოსნები. ეს რეალური ამბავია? ადასტურებთ, რომ ჯანელიძემ დაგირეკათ და გაგაფრთხილათ, კონტრაქტზე ხელი არ მოგეწერათ და თუ ეს ასე იყო, გაუგებარია, რატომ გადაიყვანეთ სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში. თავი დაიზღვიეთ?
- მე გეტყვით მთავარს, ის ვიზიტი და შეთანხმებები, რომელიც საფრანგეთში მოხდა და შემდეგ გერმანიაშიც გაგრძელდა, სახელმწიფოებრივად მართლაც უდიდესი მნიშვნელობისაა. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვას, მაგრამ ამ თემებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, ეს არის სახელმწიფოებრივად კონფიდენციალური საქმე. ზუსტად ვიცი, რაზეა საუბარი და მინდა დავინახო ეს საქმე გაგრძელებული, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი. თუ ამ პროცესს ხელი შეეშალა, მაშინ ვალდებული ვიქნები, საზოგადოებასთან ვისაუბრო იმაზე, რა და როგორ მოხდა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიმაჩნია...
- მინდია ჯანელიძემ დაგირეკათ თუ არა, რომ მოლაპარაკება შეგეწყვიტათ იარაღის შესყიდვაზე?
- ამ თემაზე მეტს არ ვილაპარაკებ. რაც შეეხება თავად ჩემს შემცვლელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძეს, მე მას დავხვდი და გადავაბარე სამინისტროს ხელმძღვანელობა, გადავაბარე სამინისტრო, მასთან მომიწია ბოლო ორი წლის მანძილზე მუშაობა და მიმაჩნია, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე და მჯერა, რომ მასაც აქვს სურვილი, რომ ჩვენს დაწყებულ საქმეებს გააგრძელებს. იმედი მაქვს, ხელისშემშლელი ფაქტორები მას არ ექნება.
- ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც თქვენი აქტიური მხარდამჭერია, ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა გააპროტესტა და თქვა, რომ ის არის ჩეკისტი და "კაგებეს" მაგვარ სტრუქტურებში ნამუშევარი. მინისტრად კი სამოქალაქო პირი უნდა დანიშნულიყოო. თუმცა მას შევახსენეთ, რომ თქვენც უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი იყავით... თქვენც ასე თვლით, რომ ჯანელიძე ჩეკისტია?
- არა, მე ჩემი აზრი გითხარით მინდია ჯანელიძეზე.
- მაინც ვერ გავიგე, პოლიტიკური განხეთქილების თემად რატომ აქციეთ სამართლებრივი საკითხი, ყოფილიყავით და შიგნით გებრძოლათ...
- ეტყობა, ვერ გამიგეთ, ჩვენ არ გადაგვიდგამს ეს ნაბიჯი, მე არ წავსულვარ თანამდებობიდან და ეს საკითხი არ მიქცევია პოლიტიკური განხეთქილების თემად.
- კი მაგრამ, თავდაცვის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებას, - ქვეყანამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვიაო, ამის მერე როგორ უნდა მოიქცეს მთავრობის ხელმძღვანელი?
- პროკურატურას არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, არ იყო ამის აუცილებლობა. მიდიოდა გამოძიება, ერთი წლის წინათ მე თვითონ გადავეცი პროკურატურას კვების საკითხზე მასალები. გამოძიებულ მასალებს პროკურატურას ვაძლევდი, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, მაგრამ სწორედ ამ დროს დაიწყო კონცენტრირებული შეტევა საქართველოს თავდაცვის მინისტრზე, როდესაც მათ ჯერ კიდევ მაისში იცოდნენ, რომ მე პარტიის ყრილობის ჩატარებას ვაპირებდი და საუბარი იყო ჩემს თავმჯდომარეობაზე...
- როცა თავდაცვის მინისტრად დაინიშნეთ, თქვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადექით. ორი წლის თავზე კვლავ მოისურვეთ პარტიის თავმჯდომარეობა. სად არის ლოგიკა? თქვენმა წინამორბედმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ვერ გაამართლა, პარტია გეშლებოდათ?
- არა, ჩვენ გვინდა როტაციის პრინციპი დავამკვიდროთ პარტიაში, რომ ყველა ლიდერი როტაციულად უნდა იცვლებოდეს პარტიაში. ჩემი პარტიიდან წასვლის მთავარი ამოცანა იყო ერთადერთი, იმდენად პოლიტიზებული იყო თავდაცვის სამინისტრო, რომ მინდოდა, ჩემი თავი სრულად მიმეძღვნა დეპოლიტიზაციისთვის და ამას მივაღწიე...
- ვერ მიაღწიეთ, რადგან თქვენი სამინისტროდან წამოსვლა იყო პოლიტიკური საარჩევნო პიარის დასაწყისი. თანამშრომლებმა ტაშითა და საპატიო დერეფნით გამოგაცილეს, ეს მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროდან მინისტრები უხმაუროდ ტოვებენ უწყებას.
- არა, დეპოლიტიზაცია ეხება შეიარაღებულ ძალებს. ორმა არჩევნებმა დაანახა საზოგადოებას, რომ არავინ არ ჩარეულა სამხედროების ნების შესაცვლელად, რითიც დადასტურდა, რომ შეიარაღებული ძალები არის დეპოლიტიზებული. ამიტომაც აქცენტები გადატანილი მქონდა უკვე პარტიის გაძლიერებაზე. ჩემი პარტიული გეგმების შესახებ ჯერ კიდევ მაისში ვუთხარი ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მაშინ, როცა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავდი გერმანიასა და საფრანგეთში, ამ ყველაფერმა საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ პროკურატურის ნაბიჯები მიმართული იყო იმ უწყების წინააღმდეგ, რომელსაც ასეთი დიდი როლი აქვს ნატოსა და საქართველოს შორის. ამიტომ გაჩნდა საფრთხე და მე მოვითხოვე შეხვედრა პოლიტიკურ საბჭოში, რომ ამ ყველაფერზე გვემსჯელა.
- თქვენ საგანგებო განცხადება გააკეთეთ და მიმართეთ პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით: "ამ დრომდე ადვოკატებს არ გადასცემიათ ე.წ. კაბელების საქმის მასალები, არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავებული პირების სრულყოფილად დაცვა განახორციელონ. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, რაც შეიძლება დროულად მიეცეთ ადვოკატებს ამ ადამიანების დაცვის შესაძლებლობა, ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, უკვე ამ პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას..." თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი თანამშრომლები არიან დამნაშავენი და ისინი კორუფციულ გარიგებებში ამხილა პროკურატურამ, მაშინ რას იზამთ?
- პირველ რიგში, მე ვიცნობ ამ ადამიანებს, ზუსტად ვიცი, რა ენერგიით და რამდენი წელია ისინი ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას. მე შინაგანად ვარ დარწმუნებული მათს უდანაშაულობაში და ამ ტენდერში უფრო ღრმად რომ ჩავიხედე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საუბარი ყოფილიყო უკანონო ტენდერზე, ან რაიმე ფორმით სახელმწიფო ფულის მითვისებაზე. მე თვითონ იურისტი ვარ და ეს საკითხი წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ ჩემი პირველივე განცხადება, როცა ჩამოვედი, იყო ის, რომ გამოძიებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. მე არ მესმის, რა საჭიროა იმ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, ეს უნდა იყოს უკიდურესი ფორმა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში კარანტინში, რატომ არ გადაიყვანეს ციხეში და იცით, რატომ? მათზე სურდათ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, ამაში ვარ დარწმუნებული. როგორც კი ამ თემით საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესდა და ითქვა, რომ ე.წ. კაბელების საქმეს მოეხსნას გრიფი "საიდუმლო", იმ წამსვე შევიდა პროკურატურა და მთელი მასალები, რაც კი თავდაცვის სამინისტროში იყო, წაიღო. იმიტომ რომ პროკურატურა ეძებს ახალ დამადასტურებელ მასალებს, რადგან იციან, რომ იქ ბრალდებას უჭირს მტკიცებულებაში. ამიტომ დღეს ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებამ სასამართლოს გზით დაინახოს სიმართლე და ყველას გპირდებით, ამ სიმართლეს საზოგადოებას დავანახებ!.. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მთავარია უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს რწმენა იმაში, რომ სანამ არ დაუდასტურდება ნებისმიერი ადამიანს დანაშაული, მანამდე ის არის უდანაშაულო.
- შიშობთ, რომ დაგიჭერენ?
- არანაირი შიში არ მაქვს. არასდროს გავურბოდი ბრძოლას და მთელი ჩემი არსებით შევდიოდი საქმესა და ბრძოლაში...
- რატომ არ უხსნით მოსახლეობას, რა საჭირო იყო კაბელის ახალი მაგისტრალის გაყვანა? ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი კითხვა დასვა თქვენი მისამართით. რატომ გამოაცხადა საერთოდ ტენდერი ამ საკითხზე თავდაცვის სამინისტრომ, როცა არსებობდა კაბელი, რატომ გადაირიცხა ამხელა ფული წინასწარ, რატომ შეირჩა მაინცდამაინც "სილქნეტი"?..
- ახალი მაგისტრალის გაყვანა იყო უდიდესი სახელმწიფო მნიშვნელობის, ეს იყო არჩევანი არა რომელიმე სამოქალაქო პირის, არამედ სამხედრო პირების. მათ დასახეს ის გეგმა, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას ასეთი კომუნიკაციისთვის, დეტალებში მეტს ვერ შევალ და თუკი ღიად ჩატარდა სასამართლო პროცესი, დარწმუნებული ვარ, ხალხი ყველაფერს ნათლად დაინახავს.
- ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, - ირაკლი ალასანიას ყოველ შეხვედრაზე იმას ვეხვეწებოდი, მოეშორებინა გეგენავას კვების ფირმა თავდაცვის სამინისტროდან, რომელმაც ჯარისკაცები მოწამლაო. რატომ არ ასრულებდით მის თხოვნას?
- დაინტერესებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ ნახონ, რადგან ეს იყო ღია ელექტრონული ტენდერები, თუ აღმოაჩენთ იქ გეგენავას კომპანიას, მერე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ეს იყო მცდარი ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა.
- როცა თქვენ ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდით, კონკრეტულად რაზე ილაპარაკეთ?
- ძალიან ბევრ რამეზე, ეს იყო გულწრფელი საუბარი. ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვედით ამ დღემდე, სად დავუშვით შეცდომები, მაგრამ დეტალებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი სტილი, ორ ადამიანს შორის ნალაპარაკევი გამოვიტანო. მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე ითქვა, არის ის, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან ვართ პოლიტიკური ოპონენტები, უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია, ვართ სახელმწიფო და ჩვენმა ნაბიჯებმა არ დააზიანოს საქართველოს მომავალი.
- პირველი კონფლიქტი უკავშირდებოდა იმას, რომ დამოუკიდებლად დაიწყეთ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება, ისე, რომ მაშინდელი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. მან კიდეც განმარტა, სომხეთში დამაწიეს ჟურნალისტებმა ეს კითხვაო. ის მართლაც მოგიაზრებდათ პრეზიდენტად, მაგრამ თქვენ გააფუჭეთ ყველაფერი. რომ არა თქვენი შეცდომა, დღეს საქართველოს პრეზიდენტი იქნებოდით?
- ეს არის წარსული, რომლისკენ გახედვაც კი აღარ მინდა. იმ შემთხვევაში ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდება. როგორ შეიძლება ადამიანმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო ვინმეს ზურგსუკან, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილის. თქვენ ხომ მსჯელობთ ლოგიკურად, მიპასუხეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, როგორ უნდა დამეწყო დამოუკიდებლად საპრეზიდენტო კამპანია ისე, რომ ივანიშვილი და ჩემი კოლეგები საქმის კურსში არ ჩამეყენებინა. ეს ფიზიკურად შეუძლებელია.