ბრიუსელის მხარდაჭერა და ეჭვები მიკერძოებული სასამართლოს თაობაზე

ბრიუსელის მხარდაჭერა და ეჭვები მიკერძოებული სასამართლოს თაობაზე

ნატოსა და ევროკავშირისთვის სავსებით დამაჯერებელია ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი საქართველოს ერთგულება, რაც არაერთხელ დადასტურდა ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის 2–დღიანი ვიზიტის ფარგლებში, თუმცა ბრიუსელში ისევ ლაპარაკობენ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ეჭვებზე და საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.
 
საქართველო მოელის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბერში მოახდენს, რისკენაც მას ორშაბათს საგარეო საქმეთა კომიტეტმაც მოუწოდა. სასიკეთო პერსპექტივების არსებობის შესახებ 18 ნოემბერს ევროპარლამენტის თავმჯდომარემაც ილაპარაკა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მარტინ შულცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების აუცილებლობას, დახმარება აღუთქვა ქვეყანას ვიზების ლიბერალიზაციის წარმატებით მიმდინარე პროცესის ხელშეწყობაში, დაადასტურა ინტერესი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მისამართით და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუფასა ევროკავშირის ქვეყნების დახმარება სამშვიდობო მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში.
 
ეს და სხვა მსგავსი აქცენტები არაერთხელ დაისვა ბრიუსელში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში. თავის მხრივ, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მუდმივად უსვამდა ხაზს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულებას და გამოხატავდა მზადყოფნას შემდგომი ძალისხმევისთვის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ასე იყო, მაგალითად, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან თუ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრების დროს.

17 ნოემბერს, თბილისის დროით, ღამის 11–საათისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას მოჰყვა, ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სიმტკიცეს ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს ეროვნული იდეა“ და „ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი“ უწოდა, ხოლო ასოცირების შეთანხმება მოიხსენია მთავარ სამოქმედო გეგმად საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მეტი სურს. აქვეა პრემიერის სურვილიც:
 
„ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. მაქვს ამბიცია, რომ ჩემი ქვეყანა ვაქციო წარმატების მაგალითად რეგიონში – ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის გამოყენებით. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას განვიხილავთ არსებით საფუძველად, რომელზეც დაშენდებაჭეშმარიტად ევროპული, სტაბილური და ქმედითი პლურალისტური დემოკრატია, კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით“.

იმას, რომ საქართველო ერთგულად მიიწევს წინ ევროპული ოჯახისკენ, ფედერიკა მოგერინიც კარგად ხედავს და ის შესაბამისად აფასებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსაც. თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარე საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობას ხედავს.
 
„თავიდან უნდა იქნეს აშორებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, კონფრონტაცია და გარანტირებული უნდა იყოს სივრცე ოპოზიციისა და პარტიათა შორის დიალოგისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ საქართველომ კვლავაც მიმართოს ძალისხმევა სასამართლოს რეფორმირებისკენ და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. სისხლის სამართლის სფეროში გამოძიება და სამართლებრივი დევნა დაფუძნებული უნდა იყოს მტკიცებულებებზე, უნდა იყოს გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და განუხრელად უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი პროცედურების დაცვის პრინციპებს. ასეთი ვალდებულებები საქართველომ აიღო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“.
 
ფედერიკა მოგერინი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურორებმა მკაცრად უნდა დაიცვან სამართლებრივი პროცედურები და პროფესიულად მოამზადონ მტკიცებულებები; პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ კომენტარების გაკეთებისგან მიმდინარე გამოძიებისა თუ სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში; აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კი პატივი უნდა სცეს სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს.
 
პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ეჭვები გამოხატულია ასევე რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ორშაბათს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს, თუმცა ნათქვამია ასევე, რომ საჭიროა პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი გამჭვირვალე მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველყოფა. აქვეა მოწოდება, რომ არ მოხდეს სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
 
რეზოლუციის პროექტის ტექსტი პარტიული ინტერესების ზემოქმედებისა და ძლიერი ჭიდილის შედეგად რომ შემუშავდა, ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმაც უთხრა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც გარკვევით მიანიშნებენ თბილისში, რომ ევროპარლამენტში მრავლად არიან ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტნიორები ევროპის სახალხო პარტიიდან და რომ მომხდარში მათი ხელწერა იკვეთება.
 
თუმცა, როგორც პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ეჭვების არსებობა და უნდა შეეცადოს საფუძვლიანად გააქარწყლოს ამგვარი ეჭვები, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ეს მდგომარეობა აისახოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების ტემპებზე.