რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე მოსკოვში იმსჯელებენ. სოხუმში ამ კომისიის სხდომას დიდი შეშფოთებით ელიან. თბილისში კი აცხადებენ, რომ კრემლს ტერიტორიების წართმევის თავხედური მცდელობა არ გაუვა.
მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე თვის ბოლო ე.წ. რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია შეიკრიბება, რომელიც „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციიის სამუშაოს საკითხებს განიხილავს“.
კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს და პირველ აპრილს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ აღნიშნული სხდომისათვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, მათ შორის საარქივო მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია.
„საუბარი მიდის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დემარკაციაზე“, – იუწყება აფხაზური მხარე.
ვრცელდება ინფორმაციები, რომ აფხაზურ საზოგადოებაში დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომას დიდი შეშფოთებით ელიან - არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ სხდომაზე შესაძლოა მოსკოვმა აფხაზეთის ტერიტორიის 160 კილომეტრის დათმობა მოითხოვოს.
სეპარატისტულ რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტია „სახალხო ერთიანობის ფორუმი“ მოსკოვში დაგეგმილ აფხაზურ-რუსული ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით გამოდის.
„აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან საჭირო ინფორმაციის არარსებობის პირობებში, თან იმის გათვალისწინებით, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია განსაკუთრებით დახურულ რეჟიმში მუშაობს ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ „შეშფოთებას იწვევს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისება რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იგეგმება“.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთი და მისი ტერიტორია ხელშეუხებელი და განუყოფელია:
„…და ეს არის შედეგი აფხაზი ხალხის მიერ წარმოებული ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლისა. ეს მონაპოვარი დიდი მსხვერპლის გაღების ფასად დაგვიჯდა ჩვენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისა, არ დაუშვებს მისი ტერიტორიის გასხვისებას. ამასთან ერთად, აფხაზეთის პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი ვალდებულია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების რაიმე სახის ცვლილებებს გამორიცხავს“, – ნათქვამია განცხადებაში და იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთს აფხაზეთისთვის ზემო და ქვემო ეშერის წართმევა არ გამოუვა:
„აფხაზებს იმიტომ არ დაუღვრიათ სისხლი და იმიტომ არ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს, რომ რუსებს გადასცენ ის, რასაც ჩვენ გვედავებოდნენ. აფხაზეთისთვის 160 კილომეტრი ტერიტორიის წართმევის მცდელობა ძალიან თავხედური ნაბიჯია რუსეთის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ მას ეს არ გაუვა.
ტერიტორიის წართმევის მცდელობა აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდ პროტესტს და სკანდალს გამოიწვევს, რაც აფხაზეთის მიმართ მოსკოვის კეთილშობილური ქცევის შესახებ მითს მაშინვე დაამსხვრევს“.
ზაქარეიშვილის განმარტებით, თუკი მოსკოვი აფხაზეთისთვის მიწების წართმევას მოინდომებს, შესაძლოა აფხაზებმა ხმა აიმაღლონ, მსოფლიოs ყურადღება მიიპყრონ და თქვან, რომ რუსეთი ჩაგრავს მათ.
„რუსეთს კი ეს არ აწყობს“, - დასძენს კონფლიქტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომაზე შეთანხმების პროექტი წარადგინა, რომელიც აფხაზეთის მიერ რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის 160 კვ.კილომეტრის დათმობას მოითხოვს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ზემო და ქვემო ეშერის ტერიტორიაზე.