“დედაქალაქი შეიძლება, ორმაგი ინტერვენციის ქვეშ მოექცეს

“დედაქალაქი შეიძლება, ორმაგი ინტერვენციის ქვეშ მოექცეს "

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და აფხაზ საზოგადოებას რუსეთთან გასაფორმებელი .. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მსჯელობა დამთავრებული არ ჰქონდათ, ვლადიკავკაზში ოსებმა ყრილობა რომ გამართეს, სადაც .. სამხრეთ ოსეთის ყოფილმაპრეზიდენტმა”, ედუარდ კოკოითმა აგრესიული და ხმამაღალი განცხადება გააკეთა, თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და მისთვის ვიბრძოლებთო. კოკოითის თქმითვე, ოს ხალხს რუსეთი უყვარს, ამ სიყვარულს გადამოწმება არ სჭირდება და კავკასიიდან რუსეთის განდევნისა და ნატო-სა თუ აშშ-ის შეიარაღებული ძალებით ჩანაცვლების გეგმა თავშივე განწირულია, რადგან რუსეთმა დაამტკიცა, რომ მსოფლიოში კვლავ უდიდეს სახელმწიფოდ რჩება. ,,ღმერთმა დაიფაროს ჩემი მცირერიცხოვანი ერი ასეთი სამშვიდობოებისგან... თუკი მიმდინარე მოვლენებს სამამულო ომს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ჩეჩნეთი სტალინგრადის ომი იყო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - ბრძოლა მოსკოვისთვის, ყირიმი კი, - ფაშიზმზე გამარჯვება“, - განაცხადა კოკოითმა. რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ ოსი სეპარატისტებისგან? - ,,ქართული სიტყვაკავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, რუსეთის დუმ-ის მიერ შემუშავებული აფხაზეთთან მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების განხილვა სოხუმში ხმაურიანი გამოდგა - სეპარატისტული აფხაზეთის მეთაურები თანამემამულეებს არწმუნებდნენ, ხელშეკრულების დადება საქართველოს მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გამო აუცილებელი. ,,საქართველო ნატო-სკენ მიიწევს, ჩვენ კი, რუსეთთან მეგობრობა გადაგვარჩენს! - აცხადებს .. ოფიციალური სოხუმი, მოსახლეობა კი, ხელშეკრულებაში კორექტირების შეტანას ითხოვს. მესმის, რომ ამ პროცესებში ჩარევის ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ აფხაზების და რუსების ,,სამეგობრო ხელშეკრულებისგან საფრთხე აშკარად გვემუქრება, არა?

- ნებისმიერი თემა, რაც აფხაზეთის რუსეთის სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს, საფრთხის შემცველია და ეს ხელშეკრულებაც ამ ტიპისააა. მართალია, მასში ისეთი საკითხებიცაა ჩადებული, რაც აფხაზეთის რუსეთისგან მოწყვეტას გულისხმობს, მაგრამ ეს ჩვენ მაინცდამაინც არ უნდა გვაღელვებდეს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის კანონმდებლობით, რუსების კურაციის ქვეშ გადადის.

- ,,სოხუმში გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რომ რუსეთს აფხაზეთი თავისთვის უნდა, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილ...

- აფხაზებმა ეს დოკუმენტი პირველი სახით, რასაკვირველია, არ მიიღეს, ბევრი ცვლილება შეიტანეს და რუსეთს უფლებები შედარებით შეუზღუდეს, მაგალითად, მოქალაქეობის საკითხში, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ნებისმიერი მოქალაქე რუსეთის მოქალაქეც იქნება და არა - პირიქით.

- ამ ხელშეკრულების განხილვის პარალელურად, 31 ოქტომბერს, ვლადიკავკაზში, ოსების ყრილობა ჩატარდა, სადაც .. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა”, ედუარდ კოკოითმა ერთობ გამომწვევი განცხადებები გააკეთა. მოკლედ, კრემლი თრუსოს ხეობის წართმევასაც გვიპირებს?

- სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ექსპერტებმა  შედარებით ნაკლები ყურადღება მიაქციეს, რომ ანალოგიური ხელშეკრულება რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც დადო, რომელიც “აფხაზეთის სამეგობრო ხელშეკრულებაზე” ბევრად მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობს.

- ვლადიკავკაზის ყრილობა ამ დაგეგმილი ინტეგრაციის პრელუდია იყო?

- არა, ეს ფინალი გახლდათ.

- ეს როგორ?

- თუკი აფხაზები ჯერ კიდევ განიხილავენ სამოკავშირეო-სამეგობრო ხელშეკრულების პუნქტებს, ოსებს ეს დოკუმენტი უკვე დამუშავებული აქვთ.

- ეს დოკუმენტი სააშკარაოზე არავის გამოუტანია, ბატონო მამუკა...

- ოსებისა და რუსების სამოკავშირეო დოკუმენტი არ ჩანს, რადგან ოსებს, აფხაზებისგან განსხვავებით, საპროტესტო არაფერი ჰქონდათ. არც აფხაზების  ხელშეკრულების დეტალები გაჟღერდებოდა, რუსების ზღვარგადასული  მოთხოვნები თავად რომ არ გაეპროტესტებინათ.

რაც შეეხება თრუსოს ხეობაზე გაკეთებულ განცხადებას, ეს სპონტანურად მოხდა და ვლადიკავკაზის ყრილობაზე კოკოითის გამოსვლის პირველი ნაწილი არ გაჟღერებულა.

- პირველ ნაწილში კოკოითმა რა თქვა?

- მოგეხსენებათ, ბოლო არჩევნებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბიბილოვის პარტიამ გაიმარჯვა, რომლის მთავარი ლოზუნგი რუსეთთან შეერთება იყო. ყრილობის დელეგატთა ძირითადი მასა “სამხრეთ ოსეთის”ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრებისგან და მომხრეებისგან იყო დაკომპლექტებული.  ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან გაერთიანების პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რადგან ვერ ხედავს ოსეთის დამოუკიდებლობის საფრთხეს. გამოსვლამ დარბაზში ვნებათაღელვა გამოიწვია და კოკოითის მისამართით კრიტიკულმა ფრაზებმა იმძლავრა. ამიტომ, ოსებს შორის ყველაზე მეტად ოსი რომ გამოჩენილიყო, თანამემამულეების გულის მოსაგებად, თრუსოს ხეობის საკითხი წამოჭრა.

- ანუ, ოს სეპარატისტებსა და რუსებს თრუსოს ხეობის მიტაცების სურვილი  აქამდე არასოდეს ჰქონიათ?

- კი, ჰქონიათ და ამ პროექტს ,,თრიალეთის ოსეთი“ ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ თრუსო თრიალეთის მხარეს არაა. როცა ოსი ნაციონალისტები საქართველოს ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებდნენ, ამბობდნენ, რომ  ბორჯომისა და თრუსოს ხეობები, ასევე, კობის ქვაბული ოსების საკუთრებაა, ანუ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყველა სივრცის დაკავება ჰქონდათ განზრახული. ისე, მიკვირს, რაჭაზე რომ არ გამოთქვამენ პრეტენზიას - თავის დროზე რაჭის ნაწილი, რომელიც მამისონის უღელტეხილს ეკვრის, ადმინისტრაციულად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში იყო.

- ახლა?

- ახლაც შედის. მართალია, ეს ტერიტორია დაუსახლებელია, მაგრამ  საქართველოს  მიწაა.

- ამ პროექტის ხორცშესხმაზე ვინ მუშაობს?

- ცხინვალში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაცია ,,დარიალი“, რომელიც სხვადასხვა კუთხეში - ცხინვალში, ვლადიკავკაზში, თრუსოს ხეობაში, კობის ქვაბულში მცხოვრები ოსებისგანაა დაკომპლექტებული და რომელიც დროდადრო აქტიურდება ხოლმე. დაფინანსებასაც სწორედ ამ აქტიურობაში იღებს. 2010-2011 წლებში “დარიალი” ხმაურობდა, ახლა კი, მისი ჩამიჩუმი არ ისმის.

- ისე, ბატონო მამუკა, ჩრდილოეთ ოსეთსაც უნდოდა, თრუსოს ხეობა მიეერთებინა, .. სამხრეთ ოსეთს კი, - გუდას ხეობა და საზღვარი გუდაურის კალთებამდე უნდა მოსულიყო, არა?

- აი, იმ პაკეტში შედის ყაზბეგის და დუშეთის რაიონების გარკვეული ნაწილები. უნდა ითქვას, რომ ეს ტერიტორიები დასავლეთით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ესასაზღვრება. სოფელ მლეთას უკანა მთის ფერდობი კი, საბჭოთა ადმინისტრაციული რუკებით, სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში იყო. კობი და თრუსო საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო გზას ერთვიან. ბორჯომის ხეობა კი, მეორე სტრატეგიულ გზას ეკვრის, რომელიც “სამხრეთ ოსეთსა” და ჯავახეთს აერთიანებს. ეს ის გზაა, რომლის გაჭრითაც რუსები იმ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, თუ სომხეთში მდებარე გიუმრის ბაზა დაუცველი დარჩებოდა. ამიტომ ყველაფერ ამის ყურადღების გარეშე დატოვება არ შეიძლება.

- კოკოითის განცხადებას რეალური მიზანი ჰქონდა თუ, უბრალოდ, შეგვაჯანჯღარა?

- ოსები, თუ რუსეთმა არ მოინდომა, რეალურ ნაბიჯებზე ვერ გადავლენ. ამჟამად კი, რუსეთის ხელისუფლებას ახალი კონფლიქტის კერა და მსოფლიო საზოგადოებრივი განქიქება არ აწყობს, რადგან კრემლი ნოვოროსიისკის საკითხებშია ჩაფლული. მისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ყირიმიდან მარიუპოლისკენ სახმელეთო კორიდორის გაჭრაა, კრემლს საქართველოს ხელისუფლება აგრესიის საბაბს არ აძლევს. ისე, პრორუსულობის დაბრალების მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთ სივრცეში აქტიურია. შეიძლება, ეს ვინმემ ისე ჩათვალოს, როგორც აქტივობა აქტივობისთვის, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ დასავლეთისთვის, რომელსაც დღეს რუსეთთან პრობლემები აქვს, ამ ტიპის აქტივობები ფრიად მისაღებია.

- ასეთი ქმედებებით რუსეთი იმას ხომ არ ცდილობს, რომ დასავლეთს ამიერკავკასიაში და შუა აზიისკენ გზა გადაუკეტოს?

 - ეს მოსაზრება, ერთი შეხედვით, სწორია, მაგრამ ნუ გვგონია, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკა საქართველოში წყდება, დასავლეთს სხვა გასასვლელებიც აქვს. ასე რომ, ამით განსაკუთრებული პრობლემა თუნდაც შუა აზიისკენ არ ექმნება. როცა სჭირდება, რუსეთი ოპონენტ ქვეყნებთანაც წარმატებით თანამშრომლობს

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ულიანოვსკში მშვენივრად ფუნქციონირებს ნატო-ს სამხედრო ბაზა, რომელსაც ევროპაში სხვადასხვა დანიშნულების ტვირთი გააქვს.

- ბატონო მამუკა, ისევ ოსეთის თემას დავუბრუნდეთ. ორი ოსეთის გაერთიანების იდეა ცოცხალია?

- კი, ცოცხალია და ამ იდეის გარშემო რუსეთი ოსებს მაშინ დარაზმავს, თუ უკრაინაში საბოლოო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ძალიან სათუოა. ამ შემთხვევაში, ისტორიული წარსული ვერაფერს წყვეტს, ყველაფერს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ.

- რუსული მედია საქართველოს საზღვრების პრობლემებზე ხშირად წერს... 2010 წელს, სტეფანწმინდელი მოხევეები ლარსის გამშვებ პუნქტს საფრთხედ აღიქვამდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ კი, დარიალის კარის გაღება  აბსოლუტურად დაუშვებლად მიაჩნდათ, მით უმეტეს, რომ დარიალზე ოსური მხარე 20 წელიწადზე მეტია, პრეტენზიებს ღიად აცხადებს. საქართველოს სახელმწიფო ზღვრი ეს მონაკვეთი დაცულია?

- ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ტვირთების მოძრაობის ერთადერთი გზაა, რუსეთ-საქართველოს შორის ყველაფერი დანარჩენი ჩაკეტილია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მყინვარმა დნობა დაიწყო, დევდორაკის ხეობაში და, საერთოდ, მთელი დარიალის გასწვრივ, გზა სანდო აღარაა. სანდო არც როკის გვირაბია, რომლის გარემონტებაც რუსულ მხარეს 20 მილიონი რუბლი დაუჯდა.  გამოსავალი გამოჩნდა - დაღესტნის მხარეს კახეთიდან გამავალი გზა, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდება. ეს გზა რუსეთს, სომხეთს და საქართველოს ერთმანეთთან ბევრად უფრო კომფორტულად დააკავშირებს.

- გზა კარგია, მაგრამ ეს ხომ ახალ საფრთხეებს მოგვიტანს?

- წინა ხელისუფლების დროს, ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, საუდის არაბეთიდან 20 ათასამდე კავკასიელი შემოვიდა. ლაფანყურის  მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ბევრი მათგანი აქ რჩებოდა, იდეებისთვის იბრძოდა, ან ვიღაცის დავალებებს ასრულებდა. ყვარელთან, სავარაუდოდ გასაყვანი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მხარეს დაღესტნელები ცხოვრობენ, რომლებიც, ერთი შეხედვით, საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მათ ვინ როგორ გამოიყენებს, კაცმა არ იცის.

რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, დედაქალაქი შეიძლება, ორმაგი ინტერვენციის ქვეშ მოექცეს - დარტყმა ცხინვალიდან და კახეთიდან, თუმცა ესეც  ეფემერული საფრთხეა, რადგან მთებში გამავალი გზის დაცვა ძალიან ადვილია. თუკი სახელმწიფო გქვია, სიფრთხილე, ყურადღება უნდა გამოიჩინო და ქვეყანა და მოსახლეობა დაიცვა.

ამასთან, ყველა პროექტი, ნებისმიერი ნაბიჯი პოლიტიკური მიზანშეწონილობით უნდა გადაისინჯოს, ჩვენთვის რამდენად მომგებიანი იქნება.

რაც შეეხება ქვეყნის საზღვარს, აქ მესაზღვრეების როლია გადამწყვეტი.

- რა თქმა უნდა, მაგრამ საზღვარი ხომ ხოლოდ თოფიანი მესაზღვრე არ არის!

- სასიხარულოა, რომ საკანონმდებლო ორგანო ,,მთის კანონზე“ მუშაობს.

თუკი საზღვრისპირას მოსახლეობა არ იქნება, მესაზღვრეს მოვალეობის შესრულება გაუჭირდება. საქართველოს რუსეთთან რვაასკილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, ამ ტერიტორიაზეა თუშ-ფშავ-ხევსურეთის მონაკვეთი,  სადაც ორმოცდაათი-სამოცი კაცი ცხოვრობს. ჩვენი მეზობლები დაუსახლებელ მიწებს ადვილად იტაცებენ.

- კომუნისტების დროს გადაღებული ფილმი გამახსენდა - ,,ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. მგონი, სწორედ ამ პოლიტიკამ დაცალა საქართველოს მთიანი სოფლები, ხელი არც ბუნებამ  დააკლო. თქვენი აზრით, ,,მთის კანონი“, რომელიც საზღვრისპირა სოფლებს ააღორძინებს, როგორი უნდა იყოს?

- მთაში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი აქვთ, გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურის განხორციელებას ხელი უნდა შეუწყოს. სოფლებში, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად, რეზერვის მომზადების ბაზების გახსნა და ეს სახელმწიფო უსაფრთხოებაში ჩადებული ფული იქნება.

- ბატონო მამუკა, როგორც ვიცი, ახლახანს მოსკოვში იმყოფებოდით. ვის შეხვდით?

- შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ ქართველი და რუსი ექსპერტები ვესწრებოდით.

- შეხვედრაზე ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეთ?

- არა, ძირითადად, რუსულ-უკრაინული დაპირისპირების საკითხებს შევეხეთ.

- როგორ რეაგირებენ რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები, როცა საუბარი უკრაინის რუსულ აგრესიაზე მიდის?

- ძალიან ცუდად აღიქვამენ, როცა აგრესორს უწოდებ, თუნდაც არაპირდაპირ, მაგრამ თუკი ანალიზს გააკეთებ და გამოთქვამ აზრს, რომ ამ დაპირისპირებამ რუსეთის ეკონომიკას და ფინანსებს უდიდესი ზარალი მიაყენა, საუბარში მოგყვებიან.