ქვეყანაში, სადაც შერჩევითი სამართალია, ბიზნესიც შერჩევთია და ყოველი ბიზნესის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად „გონიერია“ ბიზნესმენი. დღეს საქართველოში, თითქმის, ყველა ბიზნესმენს ეყო „გონიერება“, რომ საკუთარი ბიზნესის დირექტორად ხელისუფლების ესა თუ ის მაღალჩინოსანი „დაენიშნა“. ასე ხდება ბიზნესში სიმშვიდის მოპოვება, მაგრამ ზოგი ამას თავიდანვე ახერხებს, ზოგიც გვიან - როცა ბიზნესი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დგება.
სიმშვიდის მოპოვებამდე ავთო (ჭუტა) წერეთელიც არა ერთხელ შეაშფოთეს, თუმცა, აქამდე ითვლებოდა, რომ წერეთელი ის შემთხვევა იყო, რომელსაც საქმე უკიდურესობამდე არასოდეს მიჰყავდა, ყოველთვის წინასწარ იჭერდა თადარიგს – „გადასახადს“წინასწარ იხდიდა და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებდა საქმეს დამშვიდებული.
მაგრამ ეს ადრე იყო, მანამ, სანამ სამეგრელოში ისეთი „იაღლიში“ არ შეემთხვა, რომელმაც თავად ქვეყნის პირველი პირი არ გაანაწყენა. ჰოდა, ახლა, წერეთლის სიმშვიდესაც შეუდგა წყალი, რადგან კულუარებში საუბრობენ, რომ შესაძლოა, წერეთლის ბიზნესები სხვებმა ისე მიისაკუთრონ, როგორც ამას თავად აკეთებდა წლების განმავლობაში.
ამჯერად კი, წერეთლის, ერთი შეხედვით, უწყინარ ბიზნესზე მოგიყვებით, სწორედ იმაზე, პრეზიდენტი რომ გაანაწყენა, ხოლო სამეგრელოში საკუთარი პარტნიორის, სიცოცხლე რომ იმსხვერპლა. საქმე ეხება გაყინული ღორის ხორცის ბიზნესს რეგიონებში.
სამეგრელოს რეგიონში გაყინული ხორცით ახალი ხორცის ჩანაცვლება წერეთელმა, როგორც ამბობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში 2 მილიონი ჩადო. მართალია, თავდაპირველად ბიზნესი ცოტა ძნელად ვითარდებოდა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, თითქმის, ყველა რეგიონი მოიცვა კახეთის გარდა. როგორც ჩანს, წერეთელმა ტრადიციულ კახურ მწვადს ვერაფერი მოუხერხა და ვერც კახელების გული მოიგო.
სამაგიეროდ, სამეგრელოში აღარ იკვლებოდა განთქმული მეგრული ღორი და მის ნაცვლად, რეგიონში არსებულ ყველა რესტორანში მხოლოდ გაყინული ხორცის მწვადებს აშიშხინებდნენ.
სამეგრელოში, ამ საქმეში წერეთელთან ერთად ბიზნესს ერთ–ერთი დეპუტატი (ვინაობას შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ) აკეთებდა. ხორცი, რომლითაც წერეთელი საქართველოს კვებავდა იმდენად უვარგისი იყო, დეპუტატმა კარგად იცოდა, რომ მისი ჭამა არაფრით შეიძლებოდა. ამიტომ, განსაკუთრებული სტუმრებისთვის პარტნიორებმა გაყინულ ხორცთან ერთად, ღორების მოშენებასაც მიჰყვეს ხელი. თუმცა, როგორც ჩანს, ზედმეტი ფულის ხარჯვა დაენანათ და ღორებს ადამიანის განავალს აჭმევდნენ.
სხვაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ზუგდიდელებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებულ სტუმრად და შესაბამისად, მას ჭუტას იმპორტირებულ გაყინულ და უვარგის ხორცს ვერ შესთავაზებდნენ. სამაგიეროდ, ქვეყნის პირველ პირს, ზუგდიდში სტუმრობისას, ადამიანის ფეკალიებით ნაპატივებ ღორებს კი უკლავდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ეს ამბავი გასკდა და, სწორედ იმ ღამეს, დეპუტატი გულის შეტევით გარდაიცვალა. რაც შეეხება წერეთელს, იგი თითქოს, იოლად გადარჩა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე მილიონს, რომელიც „მშობლიურ პარტიაში“ კიდევ ერთხელ შეატანინეს, მაგრამ, როგორც ჩანს ამ საქმისთვის წერტილი ჯერ არ დაუსვიათ. როგორც ინფორმირებული წყარო გვატყობინებს, მალე ჭუტა წერეთლის ბიზნესებსაც მიადგებიან და ამ ცნობილ ისტორიას კიდევ მრავალჯერ შეახსენებენო.