[ნინო მიქიაშვილი]
ტელეკომპანია ”კავკასიაში” 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინცინდენტის გამო მსჯავრდებული რვა პირიდან ორის - რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძის მორიგი პროცესი დღეს გაიმართა, რომლის დეტალებზე ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს ვესაუბრეთ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით, გასული წლის აგვისტოში 8 ადამიანი გაასამართლეს და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. 2010 წლის სექტემბერში, რვა მსჯავრდებულიდან ორის - ავთანდილ ზუმბაძისა და რატი მაისურაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით გამოიძიება დაიწყო. ბრალდების მხარის და მათი მოწმეების მტკიცებით, ”კავკასიაში” მომხდარ ინცინდენტამდე სამი დღით ადრე - 2010 წლის 4 მაისს, ზუმბაძემ და მაისურაძემ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან, ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციაზე იხულიგნეს.
რატი მაისურაძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, მაისურაძესა და აფხაიძეს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ; ბრალდების მხარეს მოწმეებად უდგებიან: ”ტაბულას” და ”ლიბერალის” თანამშრომლები, პოლიციელები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი.
ვინ დაესწრო და რა მოხდა დღევანდელ პროცესზე?
მამუკა გიორგაძე: პროცესზე იყვნენ მორწმუნე მრევლის წარმომადგენლები, ბრალდებულების ოჯახის წევრები და დაინტერესებული პირები. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს არის ეკლესიის, ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული ბრძოლის კიდევ ერთი გამოხატულება.
დღევანდელ პროცესზე 2 მოწმე - ჟურნალ ”ტაბულას” ფოტო-კორესპოდენტი (გვარი არ მახსოვს) და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი დაკითხეს. მათი ჩვენებები, თავისი არსით პრაქტიკულად ბოლშევიზმის გამოვლინება იყო. ბოლშევიზმი, ეს არის ცხოვრების წესი; იდეოლოგია ხან მარქსიზმ-ლენინიზმია და ხან ფსევდო-ლიბერალიზმი. ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს იყო ცინიზმის, მოსახლეობის და ადამიანის უფლებების დარღვევის და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების კიდვე ერთი გამოხატულება - სიტყვის გამოხატვის თავისუფლება თურმე გაცილებით მაღალი ღირებულებაა, პიროვნების ღირსებასთან, პატივთან და რელიგიურ მრწამსთან შედარებით.
ბექა მინდიაშვილმა საოცრება ბრძანა (აქამდე მსგავსი არც ერთი მედია-საშუალებით არ გამიგია) - ევროპასთან შედარებით საქართველოში თურმე გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალი სტანდარტი ყოფილა. ანუ სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მოძრაობა იშვა, იმაზე წინ ვყოფილვართ იმით, რომ თურმე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სარწმუნოების მიმდევრების ისეთი შეურაცხყოფა, რომ ამაზე პასუხს არავინ აგებს; საკუთარი დედის, დის მიმართ სექსუალური ლტოლვის დემონსტრირება და ეს თურმე ითვლება ჩვენი განვითარებულობის გამომხატველად.
კონრეტულად რაში დაადანაშაულეს მაისურაძე და აფხაიძე, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა?
-თქვეს ის, რომ ეს კონკრეტული პიროვნებები რაიმე ქმედებებში არ შეუმჩნევიათ; კონკრეტული დანაშაულის ფაქტი მათ ვერ დაასახელეს, მაგრამ ზოგადად თქვეს, რომ მაისურაძე და აფხაიძე იმ ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც თავისუფალი აზრის შეზღუდვას ახდენდნენ, რაც გამოიხატებოდა ხმამაღალ საუბარში, გინებაში და ასე შემდეგ.
კიდევ უფრო მეტი - ვიღაც 5 კაცი, რომლის ამოცნობა თურმე ბექა მინდიაშვილს შეუძლია, თავს დაესხნენ და ამ კონრეტულ შემთხვევაში ზუმბაძე და მაისურაძე არაფერ შუაში არ არიან. ამაზე ბუნებრივია, მოსამართლესა და პროკურორს რეაგირება არ ჰქონიათ და ის 5 უცნობი ავტომატურად მოიაზრა ”მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის” წევრად.
როგორ უძღვებოდა პროცესს მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი?
-ამა თუ იმ ქმედებაზე, თუნდაც დანაშაულის განსაზღვრისას, მთავარია დანაშაულის მოტივი, ქმედების მოტივია განმსაზღვრელი. მოსამართლე ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს მოტივი არ წარმოჩენილიყო - ადამიანი რას აპროტესტებს, ამას თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია. 2010 წლის 4 მაისს შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტი, რომ იყო, ამას თურმე მნიშვნელობა არა აქვს, მათ ეს უნდა აიტანონ. ადამიანის შეურაცხყოფა არის თურმე, თუ მას ვინმე ფიზიკურად გაუსწორდება და თუ მის ღირებულებებს, ღირსებას და ფასეულობებს ვიღაცა აბუჩად იგდებს და შეურაცხყოფას აყენებს, ეს პიროვნების შეურაცხყოფად არ ითვლება და შესაბამისად, მოსამართლე მოტივით არ დაინტერესებულა.
აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ წინასწარ განსაზღვრულია სასჯელის ზომაც და სიმკაცრეც. სხვათა შორის, ფორმალობას 1937-შიც იცავდნენ - ბოლშევიკები ”ტროიკებით” სასამართლოებს აწყობდნენ და ოცდამეერთე საუკუნეში ასევე იცავენ ფორმალობას და შესაბამისად, ალბათ, იმას მიუსჯიან, რაც წინასწარ არის განსაზრული.
პროცესზე ძალიან საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი - 4 მაისს მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში, ჯერ ჟურნალ ”ტაბულაში” და შემდგე სახალხო დამცველის აპარატში თათბირი გაიმართა, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ხელისუფლებისთვის მოეთხოვათ სისხლის სამართლის დევნის შესახებ საქმის აძღვრა. ე.ი. პრაქტიკულად, ამ ბიჭების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ”ტაბულაში” და სახალხო დამცველის აპარატში გამართულ შეკრებებზე გადაწყდა, რაც მოწმეებმა ირიბად დაადასტურეს.
გამოდის რომ ჩვენ კვლავ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ არსებობს ”ცეკა”, არსებობს ასეთი ფრაზა - ”არის აზრი” და ყველა ამ აზრზე უნდა დავდგეთ. ასე გაჩნდა იდეოლოგიური ორგანო ჟურნალ ”ტაბულას” და სახალხო დამცველის აპარატის ”ტოლერანტობის ცენტრის” სახით, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობას, ქმედების შეფასებას. ხელისუფლება აი, ამ ინსტიტუტებისთთვის სადამსჯელო აპარატი გახდა.
სახალხო დამცველის ოფისში განგვიმარტეს, რომ ”ტოლერანტობის ცენტრი” არის მათ ოფისთან არსებული ორგანიზაცია, რომელიც გაეროს მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს.
-დიახ, მინდიაშვილი არის სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ეს ადამიანი იმ შეკრებაზე იჯდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, ამა თუ იმ ადამიანის დაკავების, დაჭერის, სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის და მისჯის შესახებ. ეს ახლა, უნდა გაეროს ეგიდით წამოვიდეს, უნდა არასამთავრობო სექტორის ეგიდით. მთავარია რომ ”ცეკა” საქართველოში ჩამოყალიბებულია, რომელშიც სწორედ ისინი არიან გაერთიანებულები, რომლებიც ასეთ შეკრებებზე გადაწყვეტილებებს იღებენ.
სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და საქართველოში ბევრი სხვა უკეთურობა ასეთი ტიპის შეხვედრებზე გადაწყდა. ახლა გიგა ბოკერიას ცოლის ჟურნალი ”ტაბულა” იქცა სწორედ ასეთ ორგანოდ, ბოლშევიკურ უჯრედად, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ამა თუ იმ პირის დაკავების, თუ დაპატიმრების შესახებ. ცინიზმია და ყოველგვარ ზღვარს სცილდება ის, როცა თავადვე ავრცელებენ ინფორმაციას ამის შესახებ.
ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც იტყვიან, რომ ეს რეალურად ასეა ბატონო, ოფიციალურად გვყავს ”ცეკა”, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს და შემდეგ, სახელმწიფოს და მთავრობას ქმედების განხორციელებას ავალებს.
როდის გაიმართება შემდეგი პროცესი?
-პროცესი 6 აპრილს, 11 საათზე გაგრძელდება. ალბათ, კამათი გაიმართება და მოვლენებიდან გამომდინარე თავადვე გადაწყვეტენ ხარების დღესასწაულის წინა დღეს ახარონ თუ არა ქართველებს რელიგიისთვის დევნილი კიდევ ორი ადამიანისთვის სასჯელის დამატება. ანუ განაჩენი ხარების წინა დღეს შეიძლება გამოაცხადონ - თავისთავად, ეს ძალიან სიმბოლურია და ნათელს ხდის ხელისუფლების დამოკიდებულებას რელიგიასთან, ეკლესიასთან და მორწმუნე მრევლთან.