„დემოკრატი“ გორბაჩოვი რუსეთისთვის ყირიმის დაკანონებას მოითხოვს

„დემოკრატი“ გორბაჩოვი რუსეთისთვის ყირიმის დაკანონებას მოითხოვს

დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის განცხადებით, შეცდომა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს იქნა დაშვებული, რადგან ყირიმის ბედი სწორედ მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო.

„მართალია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს რეალობა და უნდა აღიქვას ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი“, - განაცხადა გორბაჩოვმა.

მისივე თქმით, 1954 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო, უკრაინისთვის ყირიმის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდა.

თუკი გორბაჩოვის არგუმენტი ისაა, რომ ყირიმი 1954 წლამდე რუსებს ეკუთვნოდათ, მაშინ ამ ლოგიკით, რუსებზე გაცილებით დიდი ხნით ბატონობდნენ ყირიმში მონღოლები, შემდეგ უკვე-თურქები და მათაც უნდა ჰქონდეთ ყირიმის მიერთების პრეტენზია. კერძოდ, რუსეთს მხოლოდ 171 წელი ეპყრა ყირიმი, მაშინ, როცა ოსმანურ იმპერიას 340 წელი ეკავა ყირიმი, მანამდე კი მონღოლების ხელში თითქმის 220 წელი იყო ეს ტერიტორია.

მით უმეტეს, ეტიმოლოგიურად, სახელწოდება „ყირიმი“ ყირიმელ თათრებს უკავშირდება. თურქული წარმოშობის ეს ეთნიკური ჯგუფი ნახევარკუნძულზე ოსმალეთის იმპერიის დროს დასახლდა და სახელი „ქირიმ“ სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს. მე-15 საუკუნის შუა პერიოდიდან ნახევარკუნძული უკვე ოსმალეთის იმპერიის პროტექტორატი გახდა და მონებით ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიაში. მართალია, ანექსიის შემდეგ რუსეთი შეეცადა, ამ ნახევარკუნძულის სახელის შეცვლას და „ტავრიკას“ (ბერძნებისა და რომაელების დროს ყირიმს სწორედ „ტავრიკად“ მოიხსენიებდნენ და იგი ორივე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა) აღდგენას, თუმცა ტერმინი „ყირიმი“ მაინც გამოიყენებოდა და საბოლოოდ ამ ტერმინმა გაიმარჯვა.

თურქებამდე იყვნენ მონღოლები, რომლებმაც კიევის რუსეთთან ერთად დაიპყრეს და „ოქროს ურდოში“ გააერთიანეს ყირიმის ნახევარკუნძული. მონღოლების ერთ-ერთ ტომს რქმევია „თათარი“ და ყირიმელი თათრების სახელწოდებაც აქედან უნდა მოდიოდეს.

რატომ აცხადებს გორბაჩოვი ყირიმთან დაკავშირებით პრეტენზიას, მაშინ, როცა ისტორიული კიევის რუსეთის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა ყირიმის ნახევარკუნძული და ძველი რუსები იქ არ ცხოვრობდნენ?!

ყირიმის დაპყრობა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორის სახელს უკავშირდება, როცა რუსეთმა თურქეთი დაამარცხა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, ყირიმის სახანო გამოცხადდა დამოუკიდებლად. ეს თურქეთისთვის დარტყმა იყო, რადგან ყირიმის სახანო გაიწირა. მოგვიანებით თურქეთმა ყირიმის სახანო რუსეთის ტერიტორიად ცნო.

მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ სრულად აღადგინა კონტროლი გერმანელებისგან დაპყრობილ ყირიმზე, ფაშისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, სტალინმა ყირიმელი თათრები თითქმის სრულად გადაასახლა ცენტრალურ აზიაში და, ფაქტობრივად, გაწმინდა ნახევარკუნძული სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან.

რატომ გაიხსენა გორბაჩოვმა ხრუშჩოვის პერიოდი, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმის ტერიტორია უკრაინელებს აჩუქა?! ამ „სულგრძელობის“ შესახებ დღემდე არ წყდება დავა, თუ რით აიხსნება ხრუშჩოვის კეთილი ჟესტი. იმით ხომ არა, რომ ის წარმომავლობით შესაძლოა, უკრაინელი ყოფილიყო, ან კიდევ, უკრაინისთვის ყირიმის გადაცემით ხრუშჩოვმა ხომ არ მიართვა საჩუქარი უკრაინელ მეუღლეს?!

„ხრუშჩოვის უცნაურ საჩუქარს“ ზოგიერთები ყირიმის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობით ხსნიან. 300 ათასი ყირიმელის აზიაში გადასახლების შემდეგ, სამამულო ომის გამო განადგურებულ ყირიმს გაუჭირდა. ამიტომ საჭირო იყო უკრაინის ტერიტორიის გაფართოება და გადასახლებული ყირიმელი თათრების უკრაინელებით ჩანაცვლება. იმ პერიოდში ვინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინელები დამოუკიდებლობას მოიწადინებდნენ.

ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის ისტორიაში არ გვხვდებიან იმ გაგების დემოკრატები, როგორიც დასავლეთში არიან, თუნდაც პოლონელი ლეხ ვალენსას სახით. ასე რომ, გორბაჩოვის „დემოკრატობაც“ მითია და, როგორც წესი, დემოკრატი მწერლები თუ დემოკრატი პოლიტიკოსები რუსებს არ ჰყავთ. ყველა რუსი „დემოკრატი“ რუსეთის ველიკოდერჟავნიკული კურსის გამტარებელია, ორი-სამი ადამიანის გარდა, როგორიცაა ტოლსტოი და კროპოტკინი, რომლებიც ერების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მომხრენი იყვნენ.

რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს, ისტორიკოსი აცხადებს, რომ რუსეთს (ან უფრო ადრე კიევის რუსეთს) არასოდეს ეკუთვნოდა ეს ტერიტორია. უბრალოდ, ეკატერინე მეორე შევიდა და დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული.

„ჩვენი სოლომონ ლიონიძე, ერეკლე მეფის კანცლერი, ეუბნებოდა რუს მოხელეს-ლიტვინოვს, თქვენ ისევე დაიპყარით ყირიმი და ქართლ-კახეთი, როგორც იმერეთის სამეფოს დაიპყრობთო. მართლაც, რუსეთმა იმერეთის სამეფო დაიპყრო. დასაბამიდან, აზიიდან დასავლეთისკენ ხალხთა მასობრივი გადასახლებების დროს, ყირიმის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ბარბაროსი ტომები ცვლიდნენ ერთმანეთს. მე-11-12 საუკუნეებში აქ იყვნენ პაჭანიკები, უფრო ადრე ჰუნებმა გადაიარეს ეს ტერიტორია, გოთებმაც გაკვალეს ეს გზა, უამრავი ხალხი მოძრაობდა ამ ტერიტორიაზე. ისტორიის მანძილზე ორი სახელმწიფო არსებობდა ყირიმის ნახევარკუნძულზე. ერთი იყო ბოსფორის სამეფო, რომისა და ბერძენთა ეპოქაში, ძველ საუკუნეებში, და მეორე სახელმწიფო - ყირიმის სახანოს სახით, სადაც თურქული მოსახლეობა იმყოფებოდა. დღესაც მოსახლეობის 10-15% იქ ყირიმელი თათრების შთამომავალია და ისინი იჩემებენ, ყირიმი ჩვენი ისტორიული სამშობლოაო“, - აცხადებს დიმიტრი შველიძე.

თუ რატომ აჩუქა ნიკიტა ხრუშჩოვმა უკრაინელებს ყირიმი, ისტირიკოსი თვლოს, რომ ეს საიდუმლოებით მოცული საქმეა და, სავარაუდოდ, ხრუშჩოვის ხუშტურით უნდა აიხსნას, რომელმაც უბრალოდ, ასიამოვნა უკრაინელებს. ლეგიტიმურად, თუ ვის უნდა ეკუთვნოდეს ყირიმი, დიმიტრი შველიძის აზრით, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ უფრო უკრაინელების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რადგან 1991 წელს, როცა უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთმაც ცნო მისი დამოუკიდებლობა. მაშინ ყირიმი უკრაინას ეკუთვნოდა და რუსეთს არავითარი პრეტენზია არ ჰქონია უკრაინის შემადგენლობაში არსებულ ყირიმთან მიმართებით. გარდა ამისა, გაერომაც ცნო უკრაინა იმ საზღვრებში, როგორშიც იყო ყირიმთან ერთად. ამიტომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყირიმის სახანო რუსებმა მიიერთეს, მოგვიანებით უკრაინას გადასცეს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე საზღვრები დადგენილია. ასე რომ, ამ საზღვრების გადახედვა არ უნდა მოხდეს.

„ასე მსოფლიო არ დაწყნარდება, თუკი თავიდან დაიწყეს დადგენილი საზღვრების გადახედვა. ყირიმი სტატუს-კვო უკრაინის შემადგენლობაში იყო და ამ სახით უნდა შენარჩუნდეს. თუ არ უნდოდათ, 1954 წელს არ უნდა გადაეცათ ყირიმი რუსებს უკრაინისთვის. რაკი გადასცეს, ახლა აღარაფერი აქვთ სათქმელი“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.