პრემიერ-მინისტრი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. კორუფციისა და სამხედრო ნაწილში კვების მოუწესრიგებლობაში „მხილებულ“ ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილი, ახლა, ნაციონალების ლობირებაში ადანაშაულებს. პრემიერს ვალში არც „თავისუფალი დემოკრატები“ დარჩნენ და პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ეს არის ნაწყენი კაცის, ემოციური განცხადება, რომელიც ისევ და ისევ, როგორც ტელეინტერვიუში დაადასტურა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკური სიმწიფის ნაკლებობის გამოა.
„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა „თავისუფალი დემოკრატები“ რუს ოლიგარქს ლობირებენ და კრემლის პროექტის ნაწილი არიანო, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს - ნაციონალებს ლობირებენო! ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვლობირებდით საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს! ამას ნამდვილად ვადასტურებთ! ამას ჩვენი საქმეებიც ადასტურებენ! აი, თქვენ კი, ლობირებდით ზურა ადეიშვილს და მეგისი ქარდავას, გიორგი ბადაშვილს, ირაკლი შოთაძეს და მათ საგმირო საქმეებს თქვენი მმართველობის პერიოდში! ეგრე გააგრძელეთ ბატონო პრემიერ მინისტრო და ბოლოს და ბოლოს, ალბათ, საერთაშორისო თანამეგობრობა გაიგებს, ვინ იძალადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე, - ასე უპასუხა ალექსი პეტრიაშვილმა სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპასა და აშშ-ში ვერ მოიხსნა განცდა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელი არიან მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი. მისი განმარტებით, აღნიშნული განცდის მოხსნა შედიოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში, თუმცა მინისტრმა და მისმა გუნდმა, რომელშიც პირდაპირ იყო ჩართული ირაკლი ალასანია, ეს ვერ მოახერხა. ამასთან, ღარიბაშვილის მტკიცებით, ევროპასა და ამერიკაში ვიზიტების დროს, ალასანია ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და ახალი ხელისუფლება სწორედ მას უნდა დაფუძნებოდა.
პრემიერის თქმით, გარდა ამისა, ალასანია იმ დანაშაულებებზე არ საუბრობდა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დამალული იყო და რომელზეც დღესაც გამოძიებები მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სერიოზული ეჭვები და კითხვები გამოიკვეთა, როდესაც ეს განცდა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ მოხსნა და მიზანმიმართული მუშაობა იყო იმაზე, რომ ევროპასა და ამერიკაში რეალობის ჩატანა არ მომხდარიყო.
„2 წლის განმავლობაში საზოგადოებას ესმოდა, რომ ევროპასა და ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობს განცდა, რომ აქ რაღაც პოლიტიკური დევნა მიდის და თურმე, შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ როცა ირაკლი ალასანია ევროპასა და ამერიკაში ჩადიოდა, ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები სამაგალითო იყო და ჩვენი მთავრობა მას უნდა დავეფუძნოთ. ანუ, იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებებზე, არაადამიანურ მოპყრობებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.
ბუნებრივია, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც. ის არასწორი განცდა, რაც ევროპასა და ამერიკაში სამწუხაროდ არსებობს, ეს ვერ მოიხსნა და აქ გამოიკვეთა აშკარად სერიოზული კითხვები. მაქვს ეჭვები, რომ ეს მიზანმიმართული მუშაობა იყო, რათა ევროპასა და ამერიკაში რეალობის ჩატანა არ მომხდარიყო. იგივე, მაია ფანჯიკიძის ქმედებებზე ხშირად მქონია შეკითხვები, ალასანიამ კი, ღიად განაცხადა, რომ სააკაშვილის რეფორმები სამაგალითო იყო და ჩვენი მთავრობა ამას უნდა დაეფუძნოს, რომ გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა აღებული. ამაზე მეტი თვითლუსტრაცია აღარ ვიცი რა უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რაც ხელისუფლებამ სააშკარაოზე გამოიტანა და ცდილობდა გამოძიება წარემართა, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იმალებოდა და საერთაშორისო საზოგადოებას ატყუებდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობა იყო, რომ ამის საჯაროობა მოეხდინა. ეს საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი გუნდის მოვალეობა იყო და ამაში ირაკლი ალასანიაც პირდაპირ იყო ჩართული.
„რა თქმა უნდა, მაქვს კითხვები და ისინი, რა თქმა უნდა, უფრო გაღრმავებულია, ვინაიდან ის განცდა რომ ვერ მოისხნა, ფანჯიკიძის, ალასანიას და თუნდაც ბუკა პეტრიაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.
„სამწუხაროდ, ეს არის ყოვლად უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და ადამიანურად უმადური განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენ ერთად ვიყავით იმ ბრძოლაში და ერთად მივაღწიეთ ყველა წარმატებას, რომელსაც საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მიაღწია საქართველომ. ეს ჰაერიდან რომ არ მოდის, ყველამ კარგად იცის და ამ ადამიანების წვლილი არის გადამწყვეტი.
ამის შესახებ იცის თითოეულმა ჩვენმა მეგობარმა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ქართულმა საზოგადოებამაც. ძალიან კარგად იციან, ვის რა წვლილი აქვს შეტანილი. ამიტომ, ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მცდელობა, რომ ეს ლიდერები „გააშავოს“ პრემიერ-მინისტრმა, კრახისთვის არის განწირული, ეს წინასწარ შემიძლია მას ვუწინასწარმეტყველო. საზოგადოებამ იცის სიმართლე და სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზა - კვალს“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
დეპუტატი, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ნინო გოგუაძე პრემიერის განცხადებებს ემოციურს და არაკვალიფიციურს უწოდებს და მისი შეფასებისგან თავს იკავებს.
„საერთოდ არ მინდა პრემიერის სრულიდ ემოციურ არაკვალიფიციურ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება. მგონია, რომ ზოგჯერ დუმილი უფრო მრავლისმეტყველია ვიდე ამაზე კომენტარის კეთება. ხოლო რაც შეეხება იმას, რაც მან დღეს განაცხადა, თითქოს, მისი კაბინეტის სამი მინისტრი თურმე, მიზანმიმართულად ამისთვის მუშაობდა, მაშინ ვისი პრემიერი იყო ის, სად იყო აქამდე და რატომ ადრე არ გადააყენა ეს მინისტრები, როდესაც გაუჩნდა ამისი ეჭვი?!“, - კითხულობს ნინო გოგუაძე.