რა პერსპექტივა აქვს ირაკლი ალასანიას პარტიას, თუკი ის ქვეყანაში მესამე პოლიტიკურ ძალად მოგვევლინება?! არავინ დავობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად აუცილებელია განსხვავებული ძალის არსებობა, თუმცა გარკვეულ დრომდე არავინ ელოდა, რომ ეს ნიშა ალასანიას სახელს დაუკავშირდებოდა. ამ მხრივ მსჯელობა იყო ნინო ბურჯანაძის, ირმა ინაშვილის შესაძლებლობებზე. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი არც მალავდა, რომ ირმა ინაშვილს ურჩია კიდეც, მესამე ძალის მიმართულებით გაეძლიერებინა თავისი პარტია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ინაშვილიც კმაყოფილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნებაზე“ ზრუნავდა, არამედ ხელს უწყობდა სხვა ძალების სტიმულირებას და განვითარებას ქვეყანაში და მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცისთვის ადგილს ტოვებდა.
მესამე ძალის შესახებ მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილი იყო, მესამე ძალის არსებობა. თუმცა, ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იყო. „არსებობენ პარტიები, რომლებთანაც შეხვედრაც მქონდა და მე ამას არ ვმალავ, თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან. მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება, თუ განავითარებენ და გააქტიურდებიან. ნინო ბურჯანაძესაც შევუთვალე, რომ კარგი იქნება, თუ თავის პარტიას გააძლიერებს და გაააქტიურებს. გვჭირდება კონსტრუქციული ოპონირება, რასაც, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს. ამიტომ, საჭიროა ჯანსაღი ძალა, რომელიც კონსტრუქციულ ოპონირებას მოახერხებს. ესენი კრიტიკას ფასს უკარგავენ“.
იმ პერიოდში ამბობდნენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილს გარედან დამხმარე სჭირდებოდა არა იმის გამო, რომ ნაცმოძრაობას ვერ უმკლავდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთ მის მოკავშირეს მისთვის მტერზე მეტი ზიანი არ მიეყენებინა. ამიტომ საზოგადოებისა და ახალი ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილის მიერ მოყვანილი ახალი ძალის გაკონტროლება აუცილებელი იყო.
ამ ვერსიის მიმდევრები დღესაც ფიქრობენ, ხელოვნურად ხომ არ ქმნის ივანიშვილი ალასანიასგან მესამე ძალას?! უფრო მეტიც, სკანდალური დაპირისპირების ფონზე, ალასანიასთან ყოფილი პრემიერის შეხვედრა ხომ არ იყო ამის დასტური?! მაგრამ, ამ ვერსიასთან კოლიზიაში მოდის ბიძინა ივანიშვილის უერთგულესი პირის - ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი ტონი, რომ ალასანიას სახით, თურმე, „ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას“.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ალასანია გუნდს აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული შანსი, რომ გარკვეულ ეფექტურ ოპოზიციად ჩამოყალიბდეს სხვა ოპოზიციურ ძალებს შორის. ამის ბევრი ნიშანი არსებობს. პირველი ის, რომ ზოგადად, მოთხოვნა არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ გვახსოვს, მოსახლეობის ორი მესამედი ბოლო ორ არჩევნებზე არ მისულა. ამიტომ, ბუნებრივია, საზოგადოებრივი მხარდაჭერის სივრცე გამოთავისუფლებულია.
მეორე ის, რომ ალასანიას გუნდს, საერთო ჯამში, აქვს დადებითი პოლიტიკური წარსული, დადებითი გამოცდილება, არიან უფრო რაციონალურები, მრავალი საიმიჯო დადებითი მახასიათებელი გააჩნიათ, ეს მათ დამატებით შანსებს აძლევს. პრემიერის ასეთი ხისტი შეფასებები დღეს-ხვალ უფრო საქმიან ნაწილში გადავა და ყველა პოლიტიკურ ძალას ალასანიას გუნდის მიმართ მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული დამოკიდებულება ექნება.
ალასანიას გუნდს ერთი პლუსი აქვს, მათ აქვთ უნარი, ისე იმუშაონ საზოგადოებასთან, რომ მათ მიმართ არ იყოს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება.
ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის წარმატებას ხშირად დასავლეთის სიმპათია განაპირობებს. ალასანიას გუნდს აქვს პროდასავლური იმიჯი. რამდენად წაადგება დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა ალასანიას მესამე პოლუტიკურ ძალად გახდომის შემთხვევაში?
- ალასანიას გუნდს, რასაკვირველია, აქვს პროდასავლური იმიჯი. ამიტომ, ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ ეფექტურ წინაპირობებს, რომ მათ უფრო მეტად იმუშაონ, როგორც მესამე ოპოზიციურმა ძალამ. კიდევ ერთი მომენტი, ალასანიას შეუძლია მიიღოს ხალხის იმ კატეგორიის მხარდაჭერაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია და არც „ქართული ოცნებითაა“ აღფრთოვანებული. მას საზოგადოების ისეთმა სეგმენტმაც შეიძლება შეუწყოს ხელი, რომლებსაც ალასანია, არც გუნდით და არც ცალკე აღებული, არ მოსწონთ, მაგრამ ხელს შეუწყობენ, რომ ალასანიას მომხრეებმა დროთა განმავლობაში პირველი ოპოზიციური სტატუსი მიიღონ და ჩაანაცვლონ ნაცმოძრაობა. მის პარტიას აქვს საშუალოდ განვითარებული ინსტიტუცია, რამდენიმე სახე ყავთ, ერთსახიანი გუნდი არ არის. ჩემი აზრით, ძირითადად აქცენტი უნდა გააკეთონ პარტიულ განვითარებაზე და არა იმდენად ალიანსებზე. თუ ამას მოახერხებენ, ორი წელი საკმარისი დროა. თუ მშვიდობა იქნება, გარე კატაკლიზმები არ მოხდება და საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს ჩატარდება, მათი მთავარი ამოცანაა, გამოვიდნენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ეფექტურად. სხვა ამოცანა მათ არ უნდა დაისახონ. მათ შორის, არ უნდა დაისახონ ხელისუფლებასთან ჭიდილი, რათა ნაცმოძრაობის, როგორც ყოვლისშემძლე, თუ ლიდერი ოპოზიციური გუნდის იმიჯი გაქრეს. შემდეგ ეტაპზე უკვე შეიძლება ბრძოლა იმაზეც, რომ თეორიულად, ხელისუფლებაში ფართო გაგებით მოსვლაზე იმუშაონ.
ყოველ შემთხვევაში, ლობისტების დონეზე დასავლეთი ძალიან მფარველობს ნაცმოძრაობას. ამ შემთხვევაში, ალასანიასადმი დასავლური სიმპათიების გათვალისწინებით, ალასანიაც მათი საზრუნავი გახდება?
- მე არ ვთვლი, რომ დასავლეთი ნაცმოძრაობის მხარდამჭერია. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სუსტად საიმისოდ, რომ დასავლეთს მიეცეს მეტი საშუალება და მოცემულობა, ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი. ის შემთხვევებიც კი, რომელიც გულისხმობს ამჟამად პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების მხარდაჭერას დასავლეთისგან, ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე დავიდეს პოლიტიკურ პირთა სამართალში მიცემა. ეს არის არა ნაცმოძრაობის პირდაპირი მხარდაჭერა, არამედ იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში ეს პერიოდი უნდა დამთავრდეს. არადა, ეს პერიოდი უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს: მოვიდა შევარდნაძე და დაიჭირა გამსახურდიასდროინდელი ხელისუფლების უმრავლესობა, მოვიდა სააკაშვილი და შევარდნაძისდროინდელ მთავრობას გაუსწორდა, მოვიდა ახალი ხელისუფლება და, მაინც, ასე თუ ისე, ნაციონალების მთავარი პოლიტიკური ფიგურები ციხეში არიან. მიუხედავად იმისა, რამდენად რეალისტურია მათი დაჭერის მოტივი, ფაქტია, რომ ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და ფიგურები არიან საკნის მიღმა. ამიტომ, ეს მოცემულობები სჭირდება დასავლეთს, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ვერ ჰყოფნის. ასე რომ, დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს ნაცმოძრაობას, უბრალოდ, ისინი გარკვეული შემთხვევების მიმართ კრიტიკულნი არიან და შეშფოთების და რეკომენდაციების რეჟიმში გადადიან. მხარდაჭერას კი გამოხატავენ ალასანიას მიმართ, მხარდაჭერა სწორედ ეს არის, როცა დასავლეთი ამბობს, ჩვენ გვჯერა, რომ ალასანია კარგი მინისტრია.
თავის დროზე, კულუარულად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დასავლეთი ალასანიას პრეზიდენტობას მიესალმებოდა და მის მიმართ კითხვები არ ექნებოდა. თუმცა ივანიშვილმა არჩევანი მარგველაშვილზე შეაჩერა. როგორ გგონიათ, ალასანიას საპრეზიდენტო ამბიცია ამ კონსტიტუციის პირობებში ისევ ძალაში იქნება?
- რაც შეეხება საპრეზიდენტო ამბიციას, რადგან პოლიტიკური პერსპექტივა უკვე სხვანაირად იგება და ამ წუთისთვის ნახევრად საპარლამენტო მმართველობის პროცესია, დროთა განმავლობაში შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მეტად გადავიდეს საპარლამენტო მმართველობაში. ამიტომ, არა მგონია, მომავალში პრეზიდენტის სტატუსი ალასანიასთვის უფრო სასურველი გახდეს. ეს იყო იმ ეტაპზე, როცა „ქართულ ოცნებაში“ მიდიოდა გადანაწილება და პოტენციური ბრძოლის არეალი იხაზებოდა. ამ შემთხვევაში, ალბათ, ალასანიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ, პირველ ეტაპზე, ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“ და პირველი ოპოზიციური ძალა გახდეს. მეორე ეტაპზე, მაქსიმალური რაოდენობით შევიდეს პარლამენტში. თუ შექმნის უმრავლესობას, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი. ეს საკმაოდ გრძელვადიანი გეგმაა.
ნინო ბურჯანაძის, ასევე, ირმა ინაშვილის ფლანგი ცდილობდა, მესამე ძალად ჩამოყალიბებულიყო. ზოგადად, ალასანიას მიმართ ბურჯანაძის ნეგატიური დამოკიდებულება იმთავითვე ცნობილი იყო, მაგრამ ახლა ეს უარყოფითი დამოკიდებულება გამძაფრებულია. ეს განაწყენება ალასანიას გუნდის მესამე ძალის პერსპექტივითაც ხომ არ აიხსნება?
- ნებისმიერი სხვა ძალა იმიტომ ვერ გახდა მესამე ძალა, რომ მათი გულწრფელობა საზოგადოებამ არ მიიღო, მით უმეტეს, ბურჯანაძის შემთხვევაში, რომელიც გარდა იმისა, რომ ძლიერი პიროვნებაა, ეფექტური გამოსვლები და მკაცრი შეფასების უნარი გააჩნია, რეალურად, მის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა არ არსებობს. მის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არ არსებობდა მაშინაც კი, როცა ბურჯანაძის მომხრეები აქციებს მართავდნენ. მე არ უარვყოფ, რომ ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკოსიც კარიერაზე ზრუნავს, მაგრამ სადაც ძალზე მკაფიოდ ჩანს კარიერული ინტერესი და ნულოვანი ინტერესი მაღალი რანგის საკითხების მიმართ, საზოგადოება ამას ამჩნევს. ალბათ, ამიტომაც არ გამოხატავს ბურჯანაძის მიმართ მხარდაჭერას.
სხვა რადიკალურ ფრთას, იმავე ინაშვილის გუნდს, აქვს გარკვეული მხარდაჭერა, რადგან ეს ქმნის გარკვეულ ბალანსს და გარკვეულ დაცვით შრეს თუნდაც ნაციონალისტების და სხვა ტიპის ინტერესების მქონე პირებისთვის, მაგრამ ასეთი მოცემულობა, როგორც წესი, ძალიან მაღალი არ არის. ირმა ინაშვილს შეუძლია იმუშაოს იმაზე, რომ მიიღოს საკმარისი ხმა, რომ მერე უკვე პარლამენტში კიდევ უფრო ეფექტურად შევიდეს, ვიდრე ერთი ადამიანის და ერთი პარტიის ფიქსირებაა. თუმცა, როგორც წესი, ასეთ ძალებს საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ნაკლებად გააჩნიათ. საზოგადოება მაინც ეძებს ე.წ. დეპრესიიდან გამომყვან პირს, ეძებს პოზიტივზე ორიენტირებულს, უფრო მეტი შრომის შედეგით.
ბურჯანაძე ყოველთვის სწორებას აკეთებს ნეგატივზე - გაკიცხოს და გააკრიტიკოს. ბურჯანაძეს შეთავაზებები არ ახასიათებს, მას აქვს უნარი, გალანძღოს ნაციონალები, დაემუქროს „ოცნებას“, ეს არის ის, რაშიც ამოწურულია ქალბატონი ნინოს რესურსები. ის შემთავაზებელი არ არის, ეს მკვეთრად განასხვავებს ალასანიასგან. ჯერ ერთი, ნინო ბურჯანაძის გუნდში არის მარტო ბურჯანაძე, ალასანიას გუნდში კი არიან სახეები, ყოფილი დიპლომატები, არის სივრცე, სადაც შეიძლება ბევრი ადამიანი მიიზიდოს, მასობრივ მხარდაჭერას არ ვგულისხმობ, არამედ ისეთი სპეციალისტების მიზიდვას, რომელიც მის იმიჯზე დადებითად იმუშავებს. რაც არ უნდა წამოაძახონ ალასანიას, ის მაინც არ ითვლება არც დამწყებ და არც გაცვეთილ პოლიტიკოსად, განსხვავებით, თუნდაც ბურჯანაძისგან, რომელიც ბევრ რამეში სხვანაირად იყო ასოცირებული, მერე გახდა ბურჯანაძე შედარებით მისაღები, იმიტომ, რომ ის ნაცმოძრაობას დაუპირისპირდა. თორემ, სხვა შემთხვევაში, ბურაჯნაძე მისაღები საერთოდ არავისთვის არ იქნებოდა.
„ბევრ სიურპრიზს გაიგებთ ალასანიას შესახებ“,-ირაკლი ღარიბაშვილის ეს სიტყვები მრავლის მეტყველია. კონკრეტულ თარიღად სავარაუდო ორი კვირაც დასახელდა. ცნობილია, რომ მთავრობის კანცელარიაში მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ პრემიერთან. თუკი ალასანიას დაჭერაზე მიდგება საქმე, მაშინ, ალბათ, მესამე ძალის შესახებ გეგმები ჩაიშლება. როგორ ფიქრობთ, ელის ირაკლი ალასანიას დაჭერა?
- პირველ რიგში, დიდი იმედი მაქვს, რომ ციხის პერსპექტივა კონკრეტული პიროვნების - ირაკლი ალასანიას მიმართ ნაკლებად იქნება, როგორც რეალური მიზეზების, ისე სახელმწიფოს დამოკიდებულების გამო, რადგან ეს იქნება კატასტროფა. ის რომც იმსახურებდეს, წმინდა მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ასეთი სიმართლის მტკიცება ზოგადად დამღუპველია მთელი ქვეყნისთვის და ეს არასწორია.
დამღუპველია სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელი მესამე ძალის პერსპექტივის გამო, თუ დასავლეთის განაწყენების მიზეზით?
- თანამედროვე ეპოქაში არსებობს იმიჯის მცნება. ჩვენმა ხელისუფლებამ იმ ადამიანების დანაშაულიც კი ვერ დაამტკიცა და მსოფლიოს ვერ უჩვენა, რომელთა მიმართ უარყოფითი განწყობა ჩვენს საზოგადოებაში სადავოც კი არ ყოფილა. ახლა ალასანიასთან მიმართებით ნებისმიერი ჩვენგანის დარწმუნება, რომ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ის მართლაც პირადად არის ჩართული კორუფციაში და იმსახურებს ციხეს, ძალიან ძნელია.
ამ ხაზს თუ გავყვებით, საზოგადოების ნაწილში უარყოფითად აღიქმება ისიც, თუ რატომ არ შეუტია ხელისუფლებამ უფრო მეტად ნაციონალ კრიმინალებს და რატომ უტევს მაინცდამაინც თავისი გუნდის წევრს?
- მე რომ მკითხოთ, აბსოლუტურად არაადეკვატური უნდა იყოს ხელისუფლება, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა. იმის დაანონსება, რომ „ბევრ სიურპრიზს გაიგებთ ალასანიას შესახებ“- ღირსეული პროცესი არ არის. თუკი იცოდნენ, ვინ ჰყავდათ გუნდში, ხუთი თვის, სამი თვის ან თუნდაც ერთი თვის წინ სად იყვნენ, ახლა რომ გამოვარდნენ? არც ალასანიას მხრიდან იყო ღირსეული, რომ უცებ დადგა და დაადანაშაულა ხელისუფლება ამდენ რამეში და არც ხელისუფლების მხრიდან არის ღირსეული საქციელი, თუკი უცბად ახლა „აღმოაჩინეს“, რომ ასეთი საშინელებები იყვნენ ერთმანეთთან მიმართებით. ზოგადად, ეს არასწორი საშუალებაა და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარეებს არ მიეცეთ ერთმანეთის არაადეკვატური დისკრედიტაციის საშუალება.
ალასანიას მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია არსებობს თავად საზოგადოებაშიც. მას უხსენებენ, რომ საპროტესტო აქციების დროს ზედმეტად კონსტრუქციულ როლს თამაშობდა, საკნების აღების ცოდვასაც მას მიაწერენ, უხენებენ იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. სამარცხვინო ჟურნალისტების სირცხვილის დერეფანში გატარებას ეწინააღმდეგებოდა. ზოგიერთები მას პოლიტიკური „ექვსიანის“ დაშლასაც აბრალებენ. როგორ გგონიათ, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ხალხში მის მიმართ უფრო თანაგანცდაა თუ აგრესია?
- თანაგანცდა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცოტა ირიბ მაგალითს მოვიყვან. გიორგი მარგველაშვილი როცა გახდა პრეზიდენტი, მას ჰქონდა ნულოვანი რეიტინგი საზოგადოებაში, სერიოზულად არ აღიქვამდა ხალხი, ყველა დასცინოდა, დღეს მისი წონა არის სხვა, დღეს მისი ავტორიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის სხვაა. ალასანია კი მოდის მეტი ეფექტით, ვიდრე მარგველაშვილმა დაიწყო. მას ჰყავს მხარდამჭერთა სივრცე, საზოგადოების უფრო ინტელექტუალური ნაწილი უჭერს მხარს. სტარტისთვის ეს შესანიშნავი წინაპირობაა. მე რომ მკითხოთ, თუ ალასანია, ასევე, მოუკლებს უხეშ შეფასებებს, რაც მის იმიჯში არ უნდა ჯდებოდეს, უხერხულ ფრაზებს და ისევ ისეთი გახდება, როგორც საზოგადოებას აქვს მის შესახებ წარმოდგენა, რომ ის არის მეტად სოლიდური, საქმიანი, არგუმენტირებული და არ იქნება მლანძღველი ტიპი, ანუ განსხვავებული იქნება ყველასგან, ის ბევრ პერსპექტივას შეიძენს. მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს პირველი ოპოზიციური ძალის იმიჯის მორგება. ყველა სხვა დანარჩენი შემდეგი ეტაპია. იმუშაოს სათანადოდ, მიუხედავად იმისა, ვინ რა კადრებს გაუვრცელებს, მას მაინც ექნება შესაძლებლობა, წასწიოს საკუთარი თავი, რომ ოპოზიციაში გახდეს პირველი ძალა.
რაც გინდა გაუხსენონ ალასანიას, პირადად მეც, ამ შემთხვევაში, მის მხარეს უფრო დავიჭერ. თუკი წარსული აქამდე არ უშლიდა ხელს ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი, თუკი ხელისუფლებას არ უშლიდა ხელს ის უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელად გაეშვა და კოალიციის ნაწილი ყოფილიყო, ახლა აღმოჩნდა ეს პრობლემა? ის ან დღემდე იყო საკმარისად პოზიტიური და ამიტომაც იყო იქ, სადაც იყო, ან თუ არ იყო, მარტო ალასანია კი არა, დისკრედიტირებული უნდა იყოს თავად ხელისუფლება, რომელსაც აღმოაჩნდა ასეთი ადამიანი ჰყავდა გვერდით და ხმას არ იღებდა.