„თავისუფალმა-დემოკრატებმა“ ხელისუფლებაში ორი წელი გაატარეს და ისევ ოპოზიციურ ფლანგზე ბრუნდებიან. ყრილობა გამართეს და ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თუ როგორ აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას და პარტიაში განვითარებული მოვლენების თაობაზე for.ge ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა:
გედევან ფოფხაძემ, გელა სამხარაულმა და გია ჯაფარიძემ თქვენი რიგები დატოვეს. როგორ აფასებთ, მათ გადაწყვეტილებას?
- ჩვენი მიზანი უმრავლესობის დაშლა არ ყოფილა. „თავისუფალი-დემოკრატების“ მოქმედება პრინციპებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული იყო და ეს საზოგადოებამ კარგად ნახა. სამხარაულს, ფოფხაძესა და ჯაფარიძეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, მათ პოზიციას პატივს ვცემ, იმის მიუხედავად მომეწონა თუ არა, ისინი ჩვენი მეგობრები არიან.
თუმცა, ამ ადამიანებმა კრიტიკულ მომენტში დაგტოვეს. მათ საქციელს ახსნა აქვს?
- ჩვენ ოპოზიციაში დავმეგობრდით და არ ვიტყვი, რომ მათ მხოლოდ ხელისუფლებაში უნდოდათ ჩვენთან ყოფნა. მომენტი რთულია და კრიტიკული, მაგრამ ყველა თავის გადაწყვეტილებას ღებულობს-ხოლმე.
მათ შორის, არც თეა წულუკიანზე ხართ ნაწყენი, რომელიც მინისტრის პოსტზე დარჩა?
- თეა ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლია, რომელიც მაღალკვალიფიციურია. მან თავისი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა და არ მინდა მისი გადაწყვეტილება განვსაჯო. რა გითხრათ, თეა კარგი მინისტრია და ვფიქრობ, რომ პიროვნული ურთიერთობები არ უნდა იცვლებოდეს და ის პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებთ, მაგრამ ოპოზიციონერის რანგში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, როგორ წარმოგიდგენიათ?
- მიღებულია, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელია. ევროინტეგრაციას სახელმწიფოებრივად ვუდგები და ამ კუთხით, მთავრობის კრიტიკას არ ვაპირებ. პირიქით, ნებისმიერ რეზოლუციას და სასიკეთო ჩანაწერს დავიცავ, რომელიც ჩემს ქვეყანას შეეხება. რაც შეეხება ოპოზიციონერობას, ნაციონალები რასაც აკეთებენ, თითქოს, იგივე უნდა ვაკეთო, ეს აბსურდია. ამასთანავე, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ევროპულ კურსს მთავრობა და პარლამენტი ცვლის, არამედ აღვნიშნეთ, რომ პროკურატურის მხრიდან წარმოებული ზეწოლა საფრთხეს უქმნის დასავლურ არჩევანს.
18 დეკემბერს, დაგეგმილია ევროკავშირის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია. თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ალასანიას გაშვება, რა გავლენას მოახდენს ამ პროცესზე?
- ბევრი დასავლელი მეგობარი გვიკავშრდება და შესაბამისი გზავნილენი ევროპარლამენტიდანაც მომივიდა, მაგრამ ჩვენ მათ საქართველოში განვითარებული პროცესების თაობაზე ვეუბნებით, რომ შესაძლოა, გაუგებრობა იყო და სამწუხარო პროცესები წარიმართა, მაგრამ რატიფიკაციის პროცესი საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს. პირადად მე, ორი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართული ვარ და რაც შეიძლება კარგი და პოზიტიური მუხლები უნდა ჩაჯდეს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, რადგან სახელმწიფო არის სახელმწიფო და ვიწრო პარტიული ინტერესებს არ უნდა ვემსახუროთ.
თუმცა, საუბარია, რომ შესაძლოა, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გადაიხედოს. ამის თაობაზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ბრიუსელში ჩასვლას და ელჩთან შეხვედრას ვაპირებ. ვიზა-ლიბერალიზაციის შეცვლა არ უნდა დავუშვათ. უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება 14 მაისს უნდა იქნას მიღებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ უნდა შევაჩეროთ.
თქვენ სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნავთ და აქტიურ მუშაობას აპირებთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქვენს ლიდერს, ირაკლი ალასანიას უნიჭოს, ავანტიურისტს და ამბიციურს უწოდებს....
- პრემიერს ამგვარი განცხადებების კეთება არ შეჰფერის, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის. განსაკუთრებით მსგავსი პათოსი დაუშვებელია ძველი თანამებრძოლების მიმართ. მან ალასანიას ტიპაჟი და ფიგურა ძალიან კარგად იცის. არ მინდა ისე მოვიქცე, როგორც ჩვენ მოგვექცენ. ახალგაზრდა პრემიერს წარმატებას ვუსურვებ, რადგან მას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. რაც არ უნდა მოხდეს, მათ ამ რიტორიკით ვერ მოვიხსენიებ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „თავისუფალ-დემოკრატებს“ ირაკლი ალასანიას ქმედებებთან დაკავშირებით ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ. რას ელით?
- სამწუხაროდ, ბევრი სიურპრიზი გავიგეთ და ეს არ მიხარია, მაგრამ კიდევ რას გვიმზადებს, ამას დრო გვაჩვენებს. არაფერს გამოვრიცხავ.
მათ შორის, არც ალასანიას დაკავებას?
- არაფერს აღარ გამოვრიცხავ.
პოლიტიკურ კულუარებში პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ალასანიას დაჭერით დაემუქრა...
- ამგვარი არაფერი ყოფილა. უსამოვნო ლაპარაკი იყო, მაგრამ იქ დასამშვიდობებლად მივედით. მოვლენები ადეკვატურობას, ჩარჩოებს და ბარიერს არ გასცდენია.
თუკი თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს არ გაათავისუფლებენ, რა ნაბიჯებს გადადგამთ?
- უდანაშაულო ხალხი ციხეში ზის, რაც ყველაზე ძალიან გვაწუხებს. ყველაზე ძალიან გვინდა, რომ ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. დღეს, ყველაზე რთულად ისინი არიან და ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ისინი გათავისუფლდნენ. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არ მინდა, რომ ეს ბიჭები ირაკლი ალასანიაზე შეტევების მსხვერპლი გახდნენ.
ოპოზიციონერები ხართ და 2015 წლის ბიუჯეტს მხარს დაუჭერთ?
- ამ საკითხზე ფრაქციაში ჩამოვყალიბდებით, მაგრამ პროექტს მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან მასზე კომიტეტის ფარგლებში ვიმსჯელეთ და მოვიწონეთ კიდეც. იმის გამო, რომ ოპოზიციაში ვარ და ბიუჯეტს მხარი არ უნდა დავუჭირო, არასწორია.
ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლეთ, სადაც პირველობას ნაციონალები ჩემულობენ. მათ კონკურენტებად განიხილავთ თქვენს თავს?
- მათგან ფუნდამეტურად განსხვავებული ხედვები გვაქვს. იმ რეჟიმის წინაღმდეგ ყველა ერთად ვიბრძოდით, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია სრულიად მოახდინა და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა. ნაციონალებთან „თავისუფალი-დემოკრატების“ გაერთიანება, უხერხულია.
ანუ, მთავარი ოპოზიციური ძალა - „თავისუფალი-დემოკრატები“ იქნებიან?
ამას დრო გვაჩვენებს.