„ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ პრემიერის მცდელობა, რომ გამხდარიყო მოწონებული აშშ-სა და ნატოს მხრიდან, რაც უბრალოდ ვერ შედგა. მას შეიძლება მიაჩნია, რომ ამის პრობლემა იყო ალასანია, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელების და ნატოს პარტნიორი ქვეყნების გადასაწყვეტია, სად, რომელ უწყებაზე და რომელ პოლიტიკურ ლიდერზე გადის მათი თანამშრომლობის ზღვარი“, - აცხადებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.
ალასანიას წასვლით აქვს თუ არა კოალიციას საგარეო ურთიერთობების კუთხით სერიოზული პრობლემები და შეიცვალა თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
ქვეყანაში მომდინარე მოვლენები, შეიძლება შეფასდეს, როგორც პროევროპელებსა და პრორუსებს შორის დაპირისპირებად და ზოგადად, ალასანიას წასვლით ექმნება თუ არა კოალიციას საგარეო ურთიერთობების კუთხით პრობლემები?
- დავიწყოთ იქედან, რომ თუ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, თუ ვერ აცნობიერებენ - უარესი. მაგრამ, თუ ეს ხდება იმის გამო, რომ პიროვნული და პოლიტიკური ამბიციები ერთმანეთს არ დაემთხვა და ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობის დალაგება კოალიციის ხელმძღვანელის მიერ, ეს სიტუაცია დროულად უნდა გამოსწორდეს. იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც გაკეთდა როგორც ალასანიას, ისევე ღარიბაშვილის მხრიდან, უფრო მეტად იკვეთება დაპირისპირება თვითონ შიდა პოლიტიკურ თუ პიროვნული ურთიერთობიდან გამომდინარე.
თავისთავად ის, რომ ამ დაპირისპირებაში ევროპული არჩევანი გახდა აქტუალური, ეს უფრო მეორე ხარისხოვანია. აქ პირველხარისხოვანი არის ის ურთიერთობები, რომელიც კოალიციური მთავრობის პირველივე დღიდან გამოჩნდა ყოფილ პრემიერსა და ალასანიას შორის, ამჟამად კი, მოქმედ პრემიერსა და ალასანიას შორის. ეს დაპირისპირება უფრო ურთიერთობებს ეხება, ვიდრე საგარეო პოლიტიკურ კურსს, ვინაიდან ამ განცხადებას სჭირდება სერიოზული დასაბუთება.
საჯაროდ გააკეთებული განცხადება თვლით, რომ არაა საკმარისი?
- რასაკვირველია. მათ აქვთ უფლება გააკეთონ განცხადება, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, მოისმინოს მეტი ფაქტები რაში გამოხატება მათი განცხადება. ალასანიას გუნდს მიანდეს როგორც თავდაცვა-უსაფრთხოება, ევროპული ინტეგრაცია და საგარეო მიმართულება, სწორედ მათი გამოცდილებიდან და კონტაქტებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, პრემიერს ჰქონდა შეგრძნება, რომ ეს გუნდი შეეცადა მონოპოლიზაციას საერთაშორისო დონზე. მიუხედვადა იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ მეტად ჩაერთოთ პრემიერ-მინისტრი ამ პროცესებში, როგორც ჩანს, პრემიერისთვის ეს არასაკმარისი და მიუღებელი იყო იმ ფორმით, რა ფორმითაც ალასანია-პეტრიაშვილი-ფანჯიკიძე ცდილობდნენ მის ჩარჩოებში მოქცევას და ძირითადი წამყვანი როლი ეთამაშათ მათ ამერიკასთან, ევროპასთან თუ ზოგადად ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში.
ამას დაემატა ის, რაც პრემიერმა განცხადა, რომ ალასანიას პიროვნული თუ პოლიტიკური ამბიციებისთვის შეუძლებელია გულგრილად ეყურებინა კოალიციას. ერთი რამ ცხადია, ამ ვითარებაში ალასანიას მხრიდან სწორად იყო დასმული საკითხი, რომ იმ დროს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იმყოფება მნიშვნელოვან ვიზიტებზე, არ შეიძლება მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავება არ ასახულიყო ზოგადად ქვეყნის იმიჯზე და კითხვები არ დასმულიყო. რადგან, ალასანია ერთპიროვნულად იყო აღიარებული როგორც ლიდერი აშშ-თან თუ ბრიუსელთან ურთიერთობაში, ეს ადამიანი ექცეოდა სერიოზული ცეცხლის ქვეშ.
თუ გავითვალიწინებთ იმ საერთაშორისო გამოხმაურებას, ეს ერთგვარად არის პასუხი ხელიუსუფლების მიმართ, რომ მაღალჩინოსნების დაკავება ერთგვარი პოლიტიკური პროცესია, რომელიც პირადპირ მიმართულია მინისტრის წინააღმდეგ?
- რასაკვირველია. გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ არ მიხვდე რა შედეგს გამოიღებდა იმ პერიოდში მსგავსი დაპატიმრებები, შემდეგომი ურთიერთობა თუ კომენტარები და განცხადებები. ერთი რამ ცხადია, რომ ალასანია იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს მთავრობაში აშშ-თან და ნატოს სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით. მისი თავდაცვის მინისტრობა აღიქმებოდა როგორც მნიშვნელოვანი ჯაჭვი საქართველოსა და აშშ-თან ურთიერთობაში.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობის ეს ჯაჭვი დარღვეულია?
- რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეს ჯაჭვი დარღვეულია. ცხადია, რომ პრემიერმა ეს ფუნქცია თავის თავზე ვერ აიღო. როგორც ჩანს, ამერიკულ მხარესაც თავისი სიმპატიები ჰქონდა ალასანიას მიმართ და აქ ცალსახად გამოიკვეთა ის თეზა რაზეც ვსაუბრობდით, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორის ყოლა და ეს თემა მათთვის აღმოჩნდა თავდაცვა, უსაფრთხოება და თვითონ თავდაცვის მინისტრი. ცხადი აღმოჩნდა ისიც, რომ ალასანიაზე და პეტიაშვილზე დარტყმა სვამს კითხვას საქართველო-ამერიკის ურთიერთობების პრესპექტივაზე და მომავალზე.
როგორ ფიქრობთ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ალასანიას ჩანაცვლებას შეძლებს თავად პრემიერ-მინისტრი?
- ეს საკმაოდ სერიოზული კითხვაა და საკმაოდ რთული ამოცანა. ფაქტია, რომ ამერიკელებისთვის ალასანია, მისი გუნდი და ის თემატიკა რომელზეც მუშაობდნენ, იქნებოდა ეს ორმხრივ ფორმატში, თუ ნატოს ფორმატებში, ცალსახად ალასანია იყო ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ამ ურთიერთობებში. თუ ეს აღმოჩნდა გამაღიზიანებელი, ან პრობლემური მთავრობისთვის, თავისთავად, ალასანიას განცხადება, რომ კითხვები ჩნდება ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებით და არა ევროპული მიმართულებით, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს. ზუსტად, ამაზეა ორიენტირებული საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება შეიკრიბოს მთავრობა პრეზიდენტთან ერთად და განხილული იქნას რეალურად არსებული სიტუაცია, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ურთიერთობის მიმართულებით, რომელიც ასევე გულისხმობს ურთიერთობას ჩვენს მთავარ სტრატეგულ პარტნიორთან აშშ-თან.
ალასანიას განთავისუფლებას და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური შეფასება მიეცა. ამ შეფასებების პარალელურად, რამდენად რთული იქნება ხელისუფლებისთვის დაუმტკიცოს იგივე აშშ-ს, რომ აქ პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება?
- ძალიან გაუჭირდება. მაგრამ, რამდენად არის მზად მთავრობა სტრატეგიულ პარტნიორთან ისაუბროს იგივე თემებზე, ეს გამოჩნდება. ფაქტია, რომ სურვილის შემთხვევაში, ეს ძალიან გაუჭრდებათ, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში, ყველა ნიშანი იყო აშშ-დან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომ ალასანია მათთვის იყო ღირებული პარტნიორი. რატომ ვერ მოახერხა კოალიციამ და კოალიციის ლიდერებმა, მათ შორის ღარიბაშვილმა, რომ ეს პიროვნული ურთიერთობები არ გადაზრდილიყო კრიზისულ მდგომარეობაში იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული, თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობები არ გამხდარიყო ამის ძირითადი მსხვერპლი, ეს ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. ამას აქვს თავისი შედეგები და კიდევ ექნება. მითუმეტეს, თუ ხელისუფლება შეეცდება ალასანიას სამართლებლივ დევნას და პასუხისმგებლობის დაყენებას თავდაცვის სამინისტროში მის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით.
როდესაც კორუფციაზეა აქცენტი გაკეთებული, ეს არის ერთგვარი მტკიცება დასავლეთვისთვის და მათ შორის აშშ-თვის, რომ მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ძალიან რთული თემაა. ხელისუფლებას იგივე მცდელობები შეიძლება ჰქონდეს ყველას მიმართ, ვინც შეიძლება არ მოსწონდეს და ამის შთაბეჭდილება რჩება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-ს და ისმის კითხვა, ხომ არაა ეს ისევ ერთი ახალი პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ალასანიას და ღარიბაშვილის ურთიერთობის კრიზისულ ურთიერთობაში შესვლის შემდეგ, ეს კითხვა დაისვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან და ცხადია, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთული იქნება, თუ ამის სურივილი ექნება მთავრობას. და, თუ არ ექნება, მაშინ აქტუალური იქნება კითხვა - რამდენად არის მთავრობა ორიენტირებული აშშ-თან და ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებასა და შემდგომ განვითარებაზე.
ფაქტია, რომ ეს კითხვა დაისვა. თორემ, ევროპული ინტეგრაცია, რომელიც ამ ეტაპზე და შემდეგი 10-20 წლის პრესპექტივაში, არის მხოლოდ და მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ეს კითხვას არ ბადებს. კითხვას ბადებს ნატო-აშშ-თან ურთიერთობა, ვინ ჩაანცვლებს ალასანიას და იქნება თუ არა ეს ჩანაცვლება ეფექტური. ფაქტია, რომ ამერიკელების თუ ნატოს მხრიდან ალასანია იყო მოწონებული და მიღებული პარტნიორი. რამდენად შეძლებს ამას ყველასთვის უცნობი ჯანელიძე, ან ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს იქნება სერიოზული განსჯის საგანი.
ალასანია ამბობს, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ევროატლანტიკური კურსი, ხელისუფლება კი, ამტკიცებს, რომ ევროპული არჩევანი არ გადაიხედება. ევროპულ არჩევანში, ავტომატურად იგულისხმება ევროატლანტიკური არჩევანი?
- არა. მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე კეთდება განცხადება, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს ევროპასთან ინტეგრაციის გზას. თემები, რომელიც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატოსთან თუ აშშ-თან თანამშრომლობას, ცალსახად გადიოდა თავდაცვის სამინისტროზე და მინისტრზე. ეს აისახა უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში, ეს აისახა ზოგადად აშშ-სა და ახალ მთავრობას შორის ურთიერთობაზე. ცხადია, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა ამ მთავრობისთვის, დაამტკიცოს, რომ ეს კურსი არის შეუცვლელი და მათ ჰყავთ ისეთი რანგის პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების და ნატოსთან დაახლოების პრესპექტივების რეალურად იმპლიმენტაციას.
ამ კონკრეტულ მოცულობაში ერთადერთი პიროვნება თავისი რანგით და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სიმპატიიდან გამომდინარე, არის პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც უნდა დაეკისროს სწორედ გრძელვადიანი პარტნიორის ფუნქცია, როგორც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ასევე ნატოსთან საქართველოს დაახლოების მიმართულებით.
რამდენად შესაძლებელია, რომ ალასანიას მარგველაშვილით ჩანაცვლება, ამ ნაბიჯს გადადგამს პრემიერი?
- იცით, არჩევანი ზოგჯერ საკმაოდ შეზღუდულია. ამ ეტაპზე თუ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გრძელვადიანი ურთიერთობა, სახელმწიფო მეთაურის ამ ურთიერთობაში მაქსიმალური ჩართვა, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობაში, როგორც მთავარსარდლის ჩართვა, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება მთავრობას და იმ არგუმენტს დაადასტურებს, რომ ახალი მთავრობა არის ორიენტირებული საქართველო-აშშ შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ნატოსთან დაახლოებაზე. ეს იქნება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.
შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდეთ. შეიძლება პრემიერმა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ერთი წლის განმავალობაში ჩვენ დავინახეთ პრემიერის მცდელობა, რომ გამხდარიყო მოწონებული აშშ-სა და ნატოს მხრიდან, უბრალოდ ვერ შედგა. მას შეიძლება მიაჩნია, რომ ამის პრობლემა იყო ალასანია, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელების და ნატოს პარტნიორი ქვეყნების გადასაწყვეტია, სად, რომელ უწყებაზე და რომელ პოლიტიკურ ლიდერზე გადის მათი თანამშრომლობის ზღვარი. ასე რომ, პრემიერს მხოლოდ წაადგება პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, სახელმწიფოს მეთაური და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირის, მაქსიმალურად ჩართვა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში და ნატოსთან დაახლოების მიმართულებით.