მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და გუშინდელი გამოსვლით ყველაზე მოგებული მაინც მე დავრჩი: პრეზიდენტთან „მიტმასნილებიდან“ პრეზიდენტის „ადვოკატის“ რანგში ავმაღლდი, ძლივს არ დამიფასდა ჩემი იურისტის დიპლომი?! მაგრამ აშკარად გაუგებრობას აქვს ადგილი: მაგალითად, გუშინ დილით ერთმა ჩემმა ჟურნალისტმა მეგობარმა დამირეკა და მეკითხება - ასე ამბობენ, შენ ალასანიას ფანი ხარო. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთხელ დავესწარი ნინო ბურჯანაძის პრეზენტაციას, სადაც ყველა ქოქოლამიყრილი ექპსერტი იყო მიწვეული და ბურჯანაძის მხარდამჭერობა დამაბრალეს. და, ეს მოსაზრებათა ეკლექტიზმი ზუსტად მეტყველებს ჩემს დამოუკიდებლობაზე: იმაზე, რომ არავისზე და არასდროს ვყოფილვარ მიბმული და ჩამოკიდებული და ყოველთვის ვამბობ იმას, რაც იმ მომენტში სწორად მიმაჩნია - არც არავის კრიტიკას ვერიდები და არც არავის დადებით შეფასებას. ამას ბოლო დროს ჩემს მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასებაც მოწმობს. როცა მომწონს პრემიერის გამოსვლა, ღიად ვაფიქსირებ, ხოლო როცა მივიჩნევ, რომ ქართული ჯარის წინააღმდეგ ასე საჯარო გალაშქრება, როცა ამის გაკეთება პოლიტიკური შოუს გარეშე შეიძლებოდა - დანაშაულია - ამის თქმასაც არ ვერიდები.
თანაც, ამას პირველად ვამბობ საჯაროდ, ცოტა მაინც თუ მიცნობ, უნდა ხვდებოდე, რომ ჩემი ხედვების და მიზნების ადამიანი არასოდეს არავის მეხოტბე და დამატება არ გავხდები. ასე რომ, ჩემი გასვრა და დაზომბირება არც ისე იოლია, ბატონებო. თუმცა, ბუნებრივია, ჩემს მოსაზრებებს გავუზიარებ ყველას საჯაროდაც და პირადი შეხვედრის დროსაც, ვისაც ჩემი ხედვები აინტერესებს, იმიტომ რომ ეს ჩემი „ეგრეთწოდებული“, ქოქოლამიყრილ-მიჭირხვნილი პროფესიაა.
და კიდევ ერთი, ამასაც პირველად ვამბობ საჯაროდ - უდიდეს პატივს ვცემ უჭკვიანეს და უძლიერს ქალბატონებს: მაკა ჩიჩუას და ნათია ფანჯიკიძეს, რომლებიც საკუთარი მეუღლეების ხერხემლები და თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივრები არიან.
ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას მთავარი განძია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ვთქვა და დავწერო ის, რომ ალასანია თავისი ნახევარნაბიჯებით ვერასოდეს გახდება საერთო-ეროვნული ლიდერი, თუ მან საკუთარ თავს არ აჯობა და პოლიტიკაში მისი ეს სტილი არ დაძლია.
მაკა ჩიჩუასთან ერთად ძალიან მძიმე წუთები გავიარე და ყოველთვის ვიქნები მისი გულშემატკივარი, მაგრამ ამან არ შემიშალა ხელი მქონოდა კითხვები სასახლესთან დაკავშირებით და არც ახლა მიშლის ხელს საჯაროდ ვთქვა, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჩაეცვა ვითიბი ბანკის მაისური, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ფორმა ძალიან მოუხდა და არც იმის თქმის მეშინია, რომ პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციით, ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის და ავტორიტარიზმისგან დაზღვევის საფუძველია.
პირადად არ ვიცნობ, მაგრამ აქვე ვიტყვი - ეკა ხვედელიძის ერთადერთი და პირველი წინასაარჩევნო ინტერვიუ იყო სინთეზი - გონიერების, სიმამაცის და გამჭრიახობის.
საერთოდ არ ვიცნობთ ამჟამინდელი პრემიერის მეუღლეს, მაგრამ ვფიქრობ, ის რომ საჯარო სივრცეში გამოვიდეს, ბევრ პლუსს შესძენს თავის მეუღლეს და როცა დაუნდობლად ვაკრიტიკებ მისი ქმრის მართულ მთავრობას, ერთგვარ უხერხულობას ერთადერთი, ამ ჩემთვის უცნობი ქალბატონის მიმართ ვგრძნობ.
„ზომბი“ ექსპერტი ნაცების დროს არ გავმხდარვარ, როცა ჩემი მოსაზრებებით და ანალიზებით სავსე ფლეშკებს ჩემი 1 წლის შვილის პამპერსებში ვმალავდი, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ველოდით სააკაშვილის ზონდერებისგან დარბევას. მაშინ, უბრალოდ, იატაკქვეშეთში წასვლა და გაჩუმება ვარჩიე.
მით უმეტეს, არ გავხდები ზომბი ახლა, იმიტომ, რომ ვგრძნობ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ამ ხელისუფლების შეცდომებზე, რადგან მეც ვიბრძოდი ნაციონალების დასამარცხებლად და ამდენად, მეც მაქვს ძალიან მცირედი, მაგრამ მაინც, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღეს „ოცნება“ ხელისუფლების სათავეშია.
არაერთხელ მითქვამს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ არ შეიძლება განსხვავებული აზრის ადამიანებს, თუნდაც, მათთვის საძულველ ექსპერტებს და ჟურნალისტებს ღირსება შეულახო და ეკრანებიდან ემუქრო. ამ ადამიანებს, ყველას თავისი ღირსება აქვს, ნამდვილად არ არის ყველა ფულზე გაყიდული და არც არავის პარტიული აქტივისტი და ხშირად, უბრალოდ, თქვენს აგრესიას და მიუღებლობას აგრესიითვე პასუხობენ. მაშინ, როცა მათთან კომუნიკაციით, ადამიანური ურთიერთობებით და მათი აზრის მოსმენით, თუნდაც, არა გაზიარებით, ბევრ პრობლემას მოხსნიდით ამ სივრცესთან ურთიერთობაში და ხშირად, ურთიერთგაგებასაც მიაღწევდით. მაგრამ, ხელისუფლებას არაფრის გაგება არ უნდა. აბა შეხედეთ ჟურნალისტურ-ექსპერტულ-არასამთავრობო სივრცეს, გარდა ბოლო დროს ხელისუფლების მიერ კონკრეტული მიზნით შექმნილი აგრესიული ჯგუფებისა, არავინ ხელისუფლების გულშემატკივარი არ არის. და, ეს, მთლიანად, თქვენი ბრალია ძვირფასო ხელისუფლებავ. იმიტომ რომ, ერთადერთი გრძნობა, რომელიც თქვენ ამ ადამიანების მიმართ გამოძრავებთ, ბოღმაა და რასაც დასთეს, იმას მოიმკიო - ეს გემართებათ.
და ბოლოს, არ ვიკადრებ მოვიტანო ციტატები იმ ადამიანების ფეისბუქ-ხოტბებიდან, ან როგორც ჩანს, ჯგუფის ფარგლებში მომზადებული მესიჯებიდან, რომლებიც 2030-ს მიეკუთვნებიან, რათა ვაჩვენო მათი „ობიექტურობის“ ხარისხი, რადგან ამ ჯგუფში მედროვე-მეხოტბეთა გარდა ბევრი მართლაც გონიერი და საქმეზე ორიენტირებული სპეციალისტია. დაველოდოთ მათ გამოსვლას საჯარო სივრცეში და დებატებში, ვნახოთ ვინ ვის „რუმბივით გაგორებულ ფალავანს“ გაიტანს ეთერიდან.