თავისუფალი დემოკრატები გოლების გასატანად ემზადებიან

თავისუფალი დემოკრატები გოლების გასატანად ემზადებიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გახდა. ირაკლი ალასანია პარტიის მესამე ყრილობაზე თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო და თანაპარტიელებმა ერთხმად აირჩიეს. თავისუფლება, ღირსება, თანასწორობა - სამი მთავარი პრინციპის მქონე პარტია 5 წლის წინ თავად ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით დაფუძნდა.

პარტიის ყრილობა ძველმა თავჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა. „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი კი მაღალი პოლიტიკური რანგის სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო.

„მოგესალმებით პატივცემულო, „თავისუფალო დემოკრატებო“, ე.ი. თანამოაზრეებო“,- ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ პარტნიორი პარტიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მისი თანამოაზრეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები გაუმართლებელი არ არის.

„პოლიტიკური ცხოვრება არც ერთ ქვეყანაში არ არის მოცემულობა - კონსტანტა. ხდება მოვლენები, ზოგჯერ ძალიან სასურველი, ზოგჯერ არც თუ სასურველი, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამ პროცესების სწორად გავლა, გამკლავება და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში სრულიად მსოფლიო და საქართველოს მოქალაქეები დარწმუნდებიან, რომ ის არჩევანი, რაც თქვენ გააკეთეთ, არ არის არჩევანი პარტიის სასარგებლოდ, ეს არის თქვენი ხედვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დავკარგოთ ხოლმე ერთმანეთი მაშინვე, როგორც კი აზრები არ დაემთხვევა ერთმანეთს, ასეთ დროს განსაკუთრებული სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხატია სამშობლო და სამშობლოს საკეთილდღეოდ და მის წინ წასაყვანად უნდა მოვახერხოთ ემოციური თუ სხვა საკითხების მოგვარება და დავუქვემდებაროთ ყველაფერი საღ გონებას“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს, მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს პარტნიორული ურთიერთობა ექნებათ თუ კონკურენტული, მაგრამ განმარტავს, რომ მათი ღირებულებები მომავალშიც მსგავსი და თანხვედრი იქნება.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელის სერ გრან ვატსონის ვიდეომიმართვაც აჩვენეს, რომელიც ირაკლი ალასანიას და მის პარტიას წარმატებებს უსურვებს და ერთგულების დამტკიცების გამოსახატავად საქართველოში ლიბერალების ჩამოყვანას ჰპირდება.

„თქვენ ევროპის კონტინენტზე არსებული ლიბერალური პარტიების განუხრელი მხარდაჭერა გექნებათ, ეს არის 50 პარტია, 5 პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიაში ლიბერალების ძლიერი წარმომადგენლობა და ევროპის პარლამენტი“,- აცხადებს ვატსონი.

ვიდეორგოლის შემდეგ სიტყვა პარტიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ იარაკლი ქადაგიშვილმა წარმოსთქვა. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზეც ისაუბრა.

„ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით... ამაში ლომის წილი ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამაში ლომის წილი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ამაში ჩვენი მოკრძალებული წილიც გვაქვს შეტანილი „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩვენი ლიდერის, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში „თავისუფალი დემოკრატები“ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს განსაზღვრავდნენ, განსაკუთრებით კი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ასპარეზზე გაყვანის თვალსაზრისით.

პარტიის დელეგატებმა ყრილობაზე სარევიზიო კომისიის დასკვნა დაამტკიცეს, შემდეგ კი პარტიის სამწევრიანი სარევიზიო კომისია და 18-კაციანი გამგეობა აირჩიეს. პარტიის გამგეობის შემადგენლობაში ძირითადად ძველი წევრები დარჩნენ, მაგრამ დასახელდნენ ახალი წევრებიც - შალვა შავგულიძე და მაია ფანჯიკიძე.

გამგეობის წევრად კიდევ ერთხელ არჩეულმა ალექსი პეტრიაშვილმა საკუთარი სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარის და ყრილობაზე მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და საკუთარი თანაპარტიელების მისალმებით დაიწყო. პეტრიაშვილმა განმარტა, რომ სიამაყით შეუძლია საუბარი თანაგუნდელების მიერ ორი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე - საგარეო და სამხედრო პოლიტიკის მონაპოვარზე. სამომავლო გეგმებში კი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში აქტიური მუშაობა დაასახელა.

„დღეს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას პაექრობაში, რომლის ბოლო კეთილია. ძვირფასო ხელისუფლებავ, მოედანი თქვენია, სავარაუდოდ, მთავარი მსაჯიც, მაგრამ ბურთი მრგვალია, გპირდებით, რომ პირობას გაძლევთ, ჩვენ დავიცავთ თამაშის წესებს და იმავეს მოვითხოვთ თქვენგან. ერთადერთი, რასაც ვერ გპირდებით არის ის, რაც დოდო აბაშიძემ "პირველ მერცხალში" თქვა: ნახევარი ძალით დავარტყამ პენალტსო, ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით. ასევე გპირდებით, რომ გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი გარე მტრის კარში, სწორედ, ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ გავიტანთ. საგოლე პასის ავტორები ამ დარბაზში სხედან“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა კი პარტიის წევრმა ნინო გოგუაძემ ითავა და ირაკლი ალასანიას დასახასიათებლად სხვადასხვა დადებითი ეპითეტები გამოიყენა. რაზეც ალასანიამ უპასუხა: „ეს სიტყვები აბსოლუტურ კონტრასტშია იმ სიტყვებთან, რითაც მთავრობიდან გამოგვისტუმრეს“.

ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს, რის შემდეგაც მან ყრილობაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის რანგში კი განაცხადა, რომ იდეალები, რისთვისაც ორი წლის წინ საზოგადოებამ მათ გუნდს ნდობა გამოუცხადა, არ უნდა შეიცვალოს და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზიდან არავინ უნდა გადაუხვიოს.

„ამ ქვეყნებში არის ძლიერი ტრადიცია ბრძოლისუნარიანი ლიბერალიზმის, ტრადიცია იმის, რომ თავისუფლება იყოს შეიარაღებული და დაცული. ეს გვჭირდება ჩვენ, ჩვენ გვჭირდება, სიმტკიცით გავაგრძელოთ გზა ამ ღირებულებების დაცვისკენ. როდესაც დავინახეთ, რომ აქ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს, როდესაც დავინახეთ, რომ საფრთხე შეიქმნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე, ვთქვით ხმამაღლა, რომ ამას არ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ აპირებს თანაპარტიელებთან ერთად მოიაროს ყველა რეგიონი, ყველა სოფელი, ოჯახი და მათთან უშუალო საუბრების შედეგად შექმნან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა. მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მომავალ არჩევნებში საკუთარი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„დაუღალავი, ყოველდღიური შრომა გვექნება იმისთვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება, მოქალაქეებამდე მისატანი სათქმელი, გავშალოთ მთელ საქართველოში. ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო პარტიის სტრუქტურის მუშაობაში რეგიონებში, ისევე, როგორც დედაქალაქში. ჩემთვის გადამწყვეტია, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა საზოგადოებასთან ერთად რეალურად შევძლოთ 2012 წლის საერთო გამარჯვების შემდეგ იმ იდეალების ერთგულება, რომლისთვისაც ხმა მოგვცა საზოგადოებამ. ამ გზიდან გადახვევა არ იქნება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გაყოფილი იყოს მმართველი კოალიციისგან და პარტიისგან. რეგიონებშიც და საქართველოში მთლიანად პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, თვითმმართველობებმა და არა უშიშროებამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც გარანტირებულს გახდის თითოეული მოქალაქის დაცულობას და აღარასოდეს უდანაშაულო ადამიანები აღარ მოხვდებიან საპყრობილეში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება მას მერე, როდესაც საზოგადოება გავერთიანდებით და რეალურად დავიწყებთ სახელმწიფოს და რაც მთავარია მთავრობის კონტროლს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ იქნება მარტივი, მაგრამ საამისოდ საზოგადოების განწყობის იმედი აქვს, სხვა პარტიებთან სათანამშრომლოდ კი სივრცე გახსნილია.

ალასანიას თანაგუნდელი, პარლამენტარი ირაკლი ჩიქოვანი კი აზუსტებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო არაფერი აქვთ და მათთნ თანამშრომლობის პრესპექტივას ვერ ხედავენ, ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს კი საქმიანი კამათისთვის მზად არიან.

„გვექნება ძალიან საქმიანი, ძალიან კონკრეტული ოპონირება - კამათი, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება არა პოლიტიკური შოუ, არამედ, რეალური საქმის კეთება“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობას ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძეც დაესწრო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ყრილობის შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებებზე უარი თქვა და განმარტა, რომ ვერც პოლიტიკოსების გეგმებზე იტყვის რამეს.

„ჩემი აზრი არის მხიარული, იმედიანი. მიყვარს მსვლეობები იმისკენ, რასაც მივიჩნევ ცხოვრების პრიორიტეტად, ეს არის ღიმილი, სიხალისე, ლაღი ატმოსფერო, ერთმანეთის სიყვარული და უბრალოდ, თავისუფლებისკენ სვლა“,- განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ მესამე ყრილობა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულ პოლიტიკურ ძალას დარბაზის გავსება არ გასჭირვებია. ყრილობას პარტიის 2038 დელეგატი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები.