დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?! ეს შეკითხვა უკვე მერამდენედ დაისვა, თუმცა რეალობა ყოველთვის ამის საპირისპიროდ მეტყველებდა. ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ ბრუნდებოდა ივანიშვილი, იყო ის, რომ პოლიტიკისგან ჩამოშორების მიუხედავად, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ისედაც მასთან წყდებოდა. ამდენად, მისთვის უფრო კომფორტული იყო პასუხისმგებლობის გარეშე, კულუარებიდან ქვეყნის მართვა.
ზოგიერთები უფრო შორს წავიდნენ და „სანდო“ წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ივანიშვილისთვის თავად პატრიარქს უთხოვია, დაბრუნდეს პოლიტიკაში, რადგან მის მიერ დატოვებული გუნდი არ ამართლებს.
ამჯერად კი, ალასანიასგან მმართველი გუნდის გამიჯვნისა და პოლიტიკური კრიზისის შექმნის ფონზე, კვლავაც აქტუალურია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. ამის სასარგებლოდ მეტყველებს თავად ბიძინა ივანიშვილის დანაბარები, რომელმაც მისთვის არაკომფორტული პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა - თუ საჭირო იქნება, დავბრუნდები. საუბრობენ იმაზეც, რომ მმართველ გუნდში ეს საკითხი ნამდვილად განიხილება და „ოცნების“ ზედა ეშელონებში იმასაც ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება მათ შერყეულ რეიტინგს ასწევს.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავდა. მართალია, მისი გეგმების შესახებ კობახიძე გადაჭრით ვერაფერს ამბობდა, მაგრამ ივანიშვილის დაბრუნების საკითხს ღიად ტოვებდა.
ის, რომ კულუარულად ხდება ქვეყნის მართვა, ბევრს უჩენს ეჭვს, რომ ივანიშვილს პოლიტიკა არ ეთმობა და შესაძლოა, მართლაც დაბრუნდეს. თუმცა საინტერესოა, როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ახლა, როცა საზოგადოების ნაწილის მაჟორული განწყობა მინორულმა ჩაანაცვლა, რადგან ფორმაციის ცვლილება მათ სოციალურ ყოფაზე არ ასახულა და დაპირებული სამართლიანობის აღდგენაც იგვიანებს.
„კულუარებიდან ქვეყნის მართვა უნდა დამთავრდეს“, - ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმაც გამოთქვა თავისი აზრი. ამას მიემატა შეკითხვა, რა სტატუსით ესწრებოდა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას და რატომ ირწმუნებიან კოალიციის წევრები, რომ „გადაწყვეტილებებში ბატონი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არ ღებულობს“. იქნებ, ყოფილი პრემიერი უკვე ცდილობს, უფრო აშკარა იყოს მისი სვლები ქართულ პოლიტიკაში?
დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. ამ საკითხთან მიმართებით პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე არაფერს გამორიცხავს, თუმცა, იცნობს რა ივანიშვილოს პიროვნებას, მის ხედვებს, ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, ის პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება. მან შეგნებული არჩევანი გააკეთა და თანამოაზრეებს სამოქმედო არენა დაუტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯობდა, პოლიტიკიდან არ წასულიყო და პირველი ვადა, რა ვადითაც ის ხალხმა აირჩია და მისცა მანდატი, ბოლომდე მიეყვანა.
„რთული ამოცანები იყო გადასაწყვეტი და ხალხის მოლოდინი ვითარების გაუმჯობესებისთვის დიდი იყო. ამ სირთულეების მიუხედავად, ივანიშვილს ეს ვადა ბოლომდე უნდა მიეყვანა და დარჩენილიყო პოლიტიკაში. მით უმეტეს, ის ფაქტობრივად ისევ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და მისმა დასწრებამ უმრავლესობის თუ კოალიციის სხდომაზე, ეს დაადასტურა. დამფუძნებლის სტატუსით სხდომებს არ ესწრებიან, მასში საკითხების განხილვაზე არ მონაწილეობენ. პოლიტიკიდან წასვლა ნიშნავს კოალიციიდან წასვლასაც, უმრავლესობიდან წასვლასაც და ფორმალური კავშირის გაწყვეტას ამ ინსტიტუტებთან. რა თქმა უნდა, როგორც გავლენიანი პირი, ის დღეს არსებობს, ახდენს მოვლენათა განვითარებაზე ზეგავლენას, რაც მისაღებია. თუმცა, ფორმალური მხარე ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო არენაზეც ჩვენ უნდა წარვდგეთ, როგორც პოლიტიკური თამაშის წესებით აგებული სივრცის შემადგენელი ნაწილი და არა კულუარული პოლიტიკის ქვეყანა, სადაც არაუფლებამოსილი პირი მონაწილეობას იღებს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელ რეიტინგს, პოლიტოლოგი თვლის, რომ, მართალია, მყისიერად ხალხის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდა და ციური მანანა არ წამოსულა ზეციდან, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო და ჭკუათმყოფელი ადამიანები ამას არც ელოდნენ. თუმცა ხალხი მაინც მალემრწმენია და მყისიერ რეზულტატს ელოდა. ამან, გარკვეულად, შეამცირა ივანიშვილის მხარდაჭერა, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს, კოალიციას, მაინც შეუძლია, ვადამდელი საპარლამენტო თუ 2016 წლის არჩევნების მოგება. ამომრჩევლების ნახევარი მას დღესაც დაუჭერს მხარს, რადგან თავისი ბეგრაუნდით იმდენად ავტორიტეტული პიროვნებაა და იმდენად დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე, 2007 წლიდან ამბოხებული ქართული საზოგადოება ისე დაამშვიდა, რომ ეგონა, დატოვებდა ამ ხელისუფლებას და დემოკრატიული პროცესები ლოგიკურად წავიდოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
„ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული მოღვაწეა, უახლოესი პერიოდის ისტორიაში მას ანალოგი არ ჰყავს. ოლიგარქები მოსულან ხელისუფლების სათავეში, მაგრამ უფრო ხშირად წარუმატებლად დაუმთავრებიათ მოღვაწეობა. ასეთი ხედვის ადამიანი კი არენაზე არ ყოფილა. თუ ის დაბრუნდება პოლიტიკურ არენაზე, რაც არა მგონია, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყანას. უფრო მეტიც, რასაც ახლა აკეთებს, ერთი შეხედვით, თითქოს მიუღებელია, ექსპერტების და ჟურნალისტების დატრენინგება და ჭკუის დარიგება თითქოს არ შეიძლება, მაგრამ ესეც საინტერესოა. არაორდინარული მიდგომაა, ასევე, სატელევიზიო გადაცემის წაყვანა, რასაც ის აპირებს, მაგრამ საინტერესო იქნება, თუ ის საინფორმაციო სივრცეში თავისი ხედვით შემოვა. კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავმართავდი მასთან პოლემიკას სერიოზულ საკითხებზე“, - განმარტა ვაჟა ბერიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია ისე მიდის, დიდია ალბათობა, ბიძინა ივანიშვილი ფარულად კი აღარ მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში, არამედ ისევ დაუბრუნდეს პოლიტიკურ საქმიანობას უმაღლესი თანამდებობის პირის ან პრემიერის პოსტზე. ეს ასწევს „ოცნების“ რეიტინგს. პოლიტოლოგის თქმით, მართალია, ივანიშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ცოტა გაცივდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს პირველ პოზიციას.
„კარგი იქნება, თუ დაბრუნდება, ოღონდ დაბრუნებული ივანიშვილი ისე ვერ გააგრძელებს საქმიანობას, როგორც ამას აკეთებდა პირველი ერთი წელი. ის უნდა იყოს უფრო მეტად აქტიური, მობილური და უნდა შეიცვალოს ბევრი რამ თვითონ „ქართულ ოცნებაში“, როგორც კოალიციაში, ისე პარტია „ქართულ ოცნებაში“, რომელიც მთელი თავისი შესაძლებლობით არ გამოჩენილა. საჭიროა ადამიანი, რომელიც ამას დაარეგულირებს, ოღონდ სხვა მიდგომებით. მე ვფიქრობ, თუ მას გადაწყვეტილი აქვს დაბრუნება, ეს გაზაფხულამდე უნდა მოხდეს, გაზაფხულის შემდეგ, უფრო ზუსტად, მაისის შემდეგ, გნებავთ, დაბრუნებულა, გნებავთ -არა, ის უკვე ვეღარ შეძლებს პროცესების მობრუნებას. პოლიტიკური პროცესი ცოტა სხვა რამეა და მისი რეიტინგიც არ იქნება ისეთი, როგორიც თუნდაც დღეს არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, თუ რატომ გაცივდა ხალხი, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციაა, რომლის ორ წელიწადში კარდინალურად შეცვლას, ვერავინ ვერ შეძლებდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ის შეძლო, რომ ნაცმოძრაობა ჩაანაცვლა ხელისუფლების მთელ ვერტიკალში, პოლიტიკური თვალსაზრისით, სხვა მნიშვნელოვანი რამ არ გაკეთებულა. თუ სოციალური სფერო არ გაუმჯობესდა, თუ არ იქნა თავისუფალი ბაზარი, მედიის თავისუფლება, არაფერი გამოვა. ამდენად, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ ივანიშვილი დაბრუნდება და პრობლემების გადაწყვეტას ამ მიმართულებით დაიწყებს, ქვეყანა ევროპული მიმართულებით წავა. თუ არადა, მარცხი გარდაუვალია.
„ივანიშვილი ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას, ამას წინათ ინტერვიუში ილაპარაკა იმაზეც, რომ პრემიერი მასთან ერთად ცდილობდა, შეერჩია კულტურის მინისტრი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა, ის, უბრალოდ, წავიდა თანამდებობიდან და საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა მთელ პროცესებში. თითქმის ერთი წელია, რაც გადადგა და, როდესაც მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, ვთვლიდი, რომ მართლა გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა და მიმდინარე საკითხებში არ ჩაერეოდა. ზოგადად, რომ უნდა ჩაერიოს და მონაწილეობდეს პოლიტიკურ მოვლენებში, ეს კარგია, ასეთი ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკაში, მაგრამ, არა იმ სახით, როგორც ის მონაწილეობს. თავის დროზე წინააღმდეგიც გახლდით, როცა ის გადადგა და შევეცადე, დამესაბუთებინა, რატომ არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.