„ბიძინა ივანიშვილთან არანაირი გარიგება არ მომხდარა“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომლის განცხადებით, მან და ივანიშვილმა შეხვედრისას ხედვები გაცვალეს, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდა ქვეყანა. დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ არაფორმალური შეხვედრები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს და სწორედ ამით ხსნის კოალიციის ლიდერების რიგ-რიგობით შეხვედრას ყოფილ პარტნიორებთან.
for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ბატონო ზაალ, რა შეიძლება იყოს ამ შეხვედრეის მიზეზი?
- როგორც ჩანს, ორივე მხარე ცდილობს აღადგინონ ერთმანეთთან მისასვლელი გზები. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო წრეების მწვავე რეაქციამ გამოიწვია ის, რომ ამ შეხვედრის აუცილებლობა დადგა, რადგან ეჭვქვეშ დადგა საქართველოს პროევროპულობა, სწორედ ამან გახადა აუცილებელი შეხვედრების და კონტაქტების გაგრძელება. ჩემი ვარაუდით, ამის შემდეგ მხარეები რაღაცა კორექტირებას შეიტანენ თავიანთ პოზიციებში და შეიძლება საჯარო განცხადებებიც გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.
ჩვენს ქართულ სინამდვილეში პოლიტიკას ის ნიშანთვისებები ახასიათებს, როდესაც ძალიან ბევრ რამეს წყვეტს სწორედ არაფორმალური ურთიერთობები. არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც ასეა. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონდეს გარკვეული ურთიერთობების გარკვევის მცდელობას, რა გეგმები აქვს ხელისუფელბას „თავისუფალა დემოკრატებთან“ დაკავშირებით. რადგან, უშუალოდ ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში უკვე გამოითქმის ისეთი ეჭვი, რომ შეიძლება გამოძიება მასთანაც მივიდეს.
ასეთი კულუარული შეხვედრები, ასეთ სიტუაციაში და ამ რეალობიდან გამომდინარე, არ მიკვირს. დღევანდელ სიტუაციაში ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, ხელისუფლებას აქვს სახელისუფლებო რესურსი, მის დაქვემდებარებაშია საგამოძიებო სტრუქტურები და შეიძლება ჰქონდეთ რაღაცა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი ასეთი ტიპის საჯარო განცხადებას, რომ მას გააჩნია გარკვეული ტიპის ინფორმაცია ალასანიაზე ისე არ იტყოდა, რადგან იცის, რომ ეს განცხადება მას წინ დახვდება და ბუნებრივია, საზოგადოება მოსთხოვს პასუხს ამაზე.
თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, მაშინ უნდა დადოს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ მისი ეს განცხადება ნაჩქარევი იყო და არც ბოლომდე ეთიკური. ყოფილ თანაგუნდელზე, როგორც არ უნდა იყოს ის, ასეთი რიტორიკით საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ევროპული ტიპის მმართელობას ვაპირებთ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვოთ, ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს.
დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა საუბრის ტონი შეცვალა. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები რომელიც ახლა მიმდინარებს და ის შერბილებული ტონი, დიპლომატების დამსახურებაა?
- დიპლომატებთან შეხვედრა და ახსნა-განმარტების მიცემა გარდაუვალი იყო. გამომდინარე იმ ძალიან მწვავე რეაქციებიდან, რაც მყისვე მოჰყვა ალასანიას გადაყენებას და კიდევ რამდენიმე მინისტრის წასვლას, რომლებიც დასავლეთში მიიჩნევიან როგორც პროევროპული ორიენტაციის მინისტრები. ნებისმიერი, ვინც გაეცნობა საერთაშორისო წრეების, განსაკუთრებით ამერიკელი, ევროპელი ექსპერტების, პოლიტიკოსების და დიპლომატების განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა საქართველოში, ვფიქრობ, რომ იყო საკამოდ სერიოზული და მკაფიო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რაც შეიძლება დროზე გაეკეთებინა ძალიან მკაფიო ახსნა-განმარტება, აქვს თუ არა ადგილი კურსის ცვლილებებს.
ღარიბაშვილი ვალდებული იყო, რომ ეს განმარტებები მიეცა დიპლომატებისთვის,რომ მათ უკვე საქმის კურსში ჩაეყენებინათ მათი მთავრობა. რამდენად იქნა ტონი შერბილებული, ამაზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, რომ ესეც გარკვეულწილად იმ რეაქციის შედეგია, რაც მოჰყვა ბოლო დრონდელ მოვლენებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, ადასტურებს, რომ ის არის არაფორმალური მმართველი? ცნობილია, რომ ის მონაწილეობდა კოალიციის ფორმატში გამართულ შეხვედრებში...
- თვითონ ხელისუფლებამ მისდაუნებურად დაადასტურა ის, რაზედაც აპელირებდნენ მათი ოპონენტები და უპირველეს ყოვლისა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. ამ შეხვედრაზე მისი დასწრებით ეს ნაწილობრივ დადასტურდა. არგუმენტები, რომ ის ითვლება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, მის დამფუძნებლად, არაა საკმარისი არგუმენტი, რომ გაამართლო მისი დასწრება ამ შეხვედრებს, რადგან ის ფორმალურად ჩამოშორებულია ხელისუფლებას.
მაგრამ რა მიზეზით აიხსნება მისი დასწრება კოალიციის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე?
- სავარაუდოდ, ერთი მხრივ აქ არის ადამიანური მომენტი, რომ მას გული შესტკივა მის მიერ დაფუძნებული კოალიციის ბედზე და მეორე ის, რომ მას, როგორც ჩანს, ხელიდან არ გაუშვია მართვის ბერკეტები და პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მაინც შეინარჩუნა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გარშემო განვითარებული პროცესები, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება?
- რთულია ამაზე ვარაუდების აგება. ფაქტია, რომ კონფრონტაციული მუხტი არსებობდა ალასანიასა და ივანიშვილს შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, საბოლოო სიტყვა მაინც უნდა თქვას გამოძიებამ. მანამდე, ვიდრე არ დაიდება გამოძიების მასალები და არ გაირკვევა, რეალურად არიან თუ არა დამნაშავეები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და იყო თუ არა კავშირი ალასანიასა და იმ დარღვევებს შორის, მანამდე რთულია საუბარი. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ პროკურატურა გაიწირება და არ მგონია, რომ ეს ხელისუფლების გეგმებში შედიოდეს.
თქვენ პროკურატურა ახსენეთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით შედგა მათ შორის შეხვედრა? ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადვოკატებს წვდომა არ აქვს საქმის მასალებზე...
- არაა გამორიცხული, იმიტომ, რომ ინფორმაცია საკამოდ მწირია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მითუმეტეს ჩვენისთანა დაულაგებელ სიტუაციაში. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები არაა დალაგებული, პროკურატურა არაა დამოუკიდებელი, როდესაც ეს ყველაფერი შორსაა დემოკრატიული სახელმწიფოსგან, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
ეს შეხვედრები თავისთავად აღძრავს ეჭვს, რომ ეს იყო მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი უწყების ხელმძღვანელის წინააღმდეგ?
- ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება.