რატომ აიგივებს ირაკლი ალასანია თავს და საკუთარ თანაპარტიელებს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან? რა შუაშია თავდაცვის სამინისტროში კორუფციული სქემების შესწავლა ქვეყნის მიერ საგარეო კურსის ცვლილებასთან? - ეს კითხვები საზოგადოებას უკვე დღეებია აწუხებს. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ალასანიას პოლიტიკურ და სამართლებრივ „დევნას“ პარიზში მის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირებს. ცისკარიშვილის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირაკლი ალასანიასთან თბილისიდან სატელეფონო ზარი განხორციელდა. ყურმილთან მდგარი მოხელე, სავარაუდოდ, მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრს ატყობინებდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. პოლიტოლოგის ინფორმაციითვე, პარიზში დარეკვას წინ უძღვოდა თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტი - ჩრდილოელი მეზობლი ქვეყნის თავკაცს საქართველოს თავდაცვითი სისტემების გაძლიერების შესაძლებლობა არ მოსწონებია.
for.ge სოსო ცისკარიშვილს, სწორედ, თბილისი-მოსკოვი-პარიზის სკანდალური კომუნიკაციის ცალკეულ დეტალებზე ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა პარიზში, თავიდან ბოლომდე გახლავთ იმ მოვლენების საფუძველი, რისი მომსწრენით ვართ თბილისში. სწორედ, ეს ფაქტია მიზეზი იმისა, რომ გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის გადანაცვლების საფრთხე. თავად ხელშეკრულების შინაარსის დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს გახლავთ თემა, რომელიც აღიზიანებს ბატონ პუტინს, ჩვენ კი ლანგარზე მივართვით მინისტრი - უმუშევრის სტატუსით - ადამიანი, რომლის მიმართაც უმაღლეს ნდობას გვიცხადებდა პირადად ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ევროპის სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრები.
როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი, საფრანგეთში ვიზიტად მყოფი ირაკლი ალსანიასთვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის აკრძალვა სატელეფონო ზარებით მოეთხოვათ? არ იცოდა მთავრობამ, რა ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა თავდაცვის მინისტრს?
- სავარაუდოდ, არ იყო ნათელი რუსეთის გაღიზიანების დონე, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ჩემთვის უცნობია, რა კომუნიკაციები შედგა კრემლსა და თბილისს შორის, თუმცა, შედეგი სახეზეა.
რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საფრანგეთში უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებას?
- ჩვენ ახლა სათუთად უნდა მოვეფეროთ თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტის სტრიქონს - უცებ არ შემსუბუქდეს იმდენად, რომ ვინმეს გაუჩნდეს სათქმელი: უკაცრავად, გვინდოდა, მაგრამ შესაბამისი თანხა აღარ გვაქვსო.
პარიზში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ალასანიას მინისტრობიდან გათავისუფლების შესაძლო კავშირებზე ინფორმაციის გახმაურების შემდეგ რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას?
- ინფორმაცია პირველად „რუსთავი2-ის“ მიერ გამჟღავნდა, რომელსაც მე მივეცი ინტერვიუ. ისინი საათების განმავლობაში უკავშირდებოდნენ თავდაცვის მინისტრსა და მის პრესსამსახურს, მაგრამ საპასუხო კომენტარი არ კეთდება. დუმილი, როგორც ჩანს, არის ყველაზე მშვიდი თავშესაფარი ახალი მინისტრისთვის.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია, ალბათ, რაღაც ფორმით მაინც გავრცელდება. მანამდე კი ხმაურიანი პოლიტსაბჭოს შემდეგ, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს კვლავ შეხვდა. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ფაქტი, რა გავლენას იქონიებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?
- ამ შეხვედრას დაგვიანებულს დავარქმევდი. მაგრამ, ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე იქნებოდა ურთიერთსაყვედურები და საკუთარი პოზიციების გამოხატვა. ძნელად წარმომიდგენია, როგორ უნდა გადააფიქრებინოს საკუთარი აზრი ბატონ ივანიშვილს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბატონი ალასანიას არგუმენტები არის ურყევი.
ჩემი აზრით, საინტერსოა, ის ფაქტი, რომ საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია პასუხი კითხვაზე, რას ეყრდნობოდა ბატონი ალასანია, რა ფაქტს, როდესაც საუბრობდა საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების საფრთხეზე. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ კითხვის დასმა აკრძალული აქვს „ქართული ოცნების“ წევრ პოლიტიკოსებს - პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, რადგან პასუხი, უპირველეს ყოვლისა, მძიმედ მოსასმენი იმ ადამიანებისთვის იქნებოდა, ვინც ღია შეტევა წამოიწყო ალასანიას წინააღმდეგ.
გაუგებრობაში რჩება ჩვენი საზოგადოება, რაც ნამდვილად არ წაადგება „თავისუფალი დემოკრატების“ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. ამდენად, იმედი ვიქონიოთ, რომ ყრილობაზე მაინც გახდება ფართო საზოგადოებისთის ნათელი, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ალასანიამ დაპირისპირებოდა პრემიერ-მინისტრს და პასუხად მოემკა საკუთარი თანამშრომლების სასწრაფოდ დაპატიმრება.
ამიტომ, საუბარი ივანიშვილსა და ალასანიას შორის, რასაკვირველია, აჯობებდა ყოფილიყო უფრო ადრე. თუმცა, ადრე ამას ივანიშვილი არ კადრულობდა, ახლა - იკადრა, რადგან მასაც არ სურს, რომ რეალობა გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ.
შეიძლება თუ არა, ივანიშვილ-ალასანიას შეხვედრა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი დაზავების მცდელობა? ვის რისი დათმობა მოუწევს შეთანხმების შემთხვევაში?
- ამ ეტაპზე დაზავება ნამდვილად არ შედის „თავისუფალი დემოკრატების“ ინტერესებში, ვერც ვერაფერს შესთავაზებენ მათ. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რა შესთავაზეს აფხაზებს - სრულიად მიუღებელი რამ მათთვის. ახლა, თუ ალასანიას შესთავაზებენ ტაილანდში ელჩობას, ნუ გაუკვირდებათ, რომ უარს მიიღებენ ამგვარ წინადადებაზე. ამიტომ, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი უნდა შეეჩვიოს, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც ერთი თქმა ჰყოფნის, არც ორი და არც სამი, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ნათქვამი არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო.
ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუდმივად მართავს შეხვედრებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებთან - სოლოლაკში მდებარე ივანიშვილის ბიზნესცენტრმა კვლავ შეიძინა ერთგვარი პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. თქვენი აზრით, ეს ფაქტი საფრანგეთის ხელშეკრულებას უკავშირდება?
- ივანიშვილის გამოჩენა საჭირო იმიტომაც გახდა, რომ რთული ფონი შეიქმნა. მის მიმართ პრეტენზიები მხოლოდ ირაკლი ალასანიას არ აქვს. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს დედაქალაქიდან, ვენიდან გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება. ესეც გარკვეული მინიშნება იყო, რომ დადგა დრო, მივმართოთ, ბატონ ბიძინას, როგორც მზეს და ვთხოვოთ, ამოვიდეს. ძალიან კარგი, რომ აღარ ეფარება გორას ბატონი ბიძინა. თუ დაფიქრდება, ალბათ მიხვდება, რომ ცოტა ადრე უნდა გამოსულიყო კულისებიდან. თუმცა, ის ძალიან გულწრფელად და პატიოსნად ამბობდა თანამდებობიდან გადადგომისას: ნუ გეშინიათ, მე მართლა კი არ მივდივარ სადმეო. ამიტომ, პრეტენზია იმაზე, რატომ არ წახვედი და რატომ ხარ კულისებშიო, გაუგებარიც კია - სცენაზე მისი როლი აღარ დარჩა, კულისებში კი პრიმაბალერინას როლს ასრულებს.
ივანიშვილის ჩრდილიდან მზეზე გამოსვლის ერთ-ერთი ფაქტორი ხომ არ იყო ალასანიას რეიტინგიც. NDI-ის კვლევებში, მოწონების თვალსაზრისით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მუდმივად იყო რეიტინგის სათავეში და უსწრებდა პრემიერ ღარიბაშვილს. ამის გამოც ხომ არ გახდა იძულებული ივანიშვილი მას მეტი ანგარიში გაუწიოს და შეხვედრები აწარმოოს?
- ჩემი აზრით, ივანიშვილის ამ ნაბიჯის ადრესატი არის არა იმდენად ალასანია, რამდენადაც თუნდაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვადასხვა უცხოური სოლიდური გამოცემა, საქართველოში მყოფი სხვადასხვა ცივილიზებული ქვეყნების ელჩები... დასავლეთის ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა ჯერ არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ ჰქონია. რუსეთის გულის მოსაგებად მოხდა, რომ პროდასავლური სამხედრო მინისტრი დღეს უმუშევარია. ამისთვის, ალბათ, აღინიშნება დამსახურება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ეს შეძლეს, მაგრამ ახლა მთავარი იქნება შემდეგი საკითხი: დარჩება საქართველოს სამხედრო ბიუჯეტში ის თანხები, რომლითაც უნდა იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის უსაფრთხოება, თუ იქნება საუბარი, რომ მხოლოდ „ბუზის საკლავის“ ფული გვაქვს და სხვა რამე დამცველ იარაღს ვეღარ შევიძენთ - ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.
ექსპერტთა ნაწილი უკვე საუბრობს ალასანიას პარტიის შანსებზე. მას ოპოზიციურ ფლანგზე წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ და აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, თავად ხელისუფლებისთისაც კი სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან „მესამე ძალის“ პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ პირისპირ აღარ დარჩება. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?
- დღევანდელი ხელისუფლების სასიხარულო რა შეიძლება იყოს, ზუსტად ვერ ვაცნობიერებ, რადგან სრულიად მკაფიოა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ პარტნიორად ეგულებათ მხოლოდ რესპუბლიკელები. ხოლო, სიკეთე ასეთი ოპოზიციური პარტიის არსებობისა, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ ქართველი საზოგადოებისთვის მისასალმებელი, რადგან, სწორედაც, დავიღალეთ ამ ორპარტიული წყევლა-კრულვით, რასაც ყურს ვუგდებთ და ვუყურებთ ორი წლის განმავლობაში. აღარ არის საიდუმლო, რომ ჩვენ ამით, პრაქტიკულად, საკუთარ პერსპექტივას ვამძიმებთ. შემთხვევითი არ გახლავთ ის სიბრძნე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და ასახავს იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოშია - ვგულისხმობ უინსტონ ჩერჩილის ცნობილ ფრაზას: როდესაც იწყება კამათი აწმყოსა და წარსულს შორის, უმალ დავრწმუნდებით, რომ ჩვენ დავკარგეთ მომავალი. ასეთი საფრთხის წინაშე ვართ და სწორედ ეს, მომავლის მაძიებელი თავისუფალი ძალის ნიშა, შეიძლება გახდეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობა.