გედევან ფოფხაძემ „თავისუფალი-დემოკრატები“ გაწირა და უმრავლესობა გადაარჩინა, შალვა შავგულიძემ კი, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი გააძლიერა და უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე კვლავ დააყენა.
ფოფხაძემ სამდღიანი ფიქრის შემდეგ, „პიროვნული ხასიათისა“ და „პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „თავისუფალი-დემოკრატები“ დაეტოვებინა და უმრავლესობა გადაერჩინა, ხოლო შალვა შავგულიძემ „თავისუფალ-დემოკრატებთან“ ერთად პასუხისმგებლობის გაზიარება კრიტიკულ მომენტში განიზრახა და მათთან ერთად ოპოზიციაში წავიდა.
შავგულიძისა და ფოფხაძის გადაწყვეტილებებს წინ ირაკლი ალასანიასთან კონსულტაციები უსწრებდა. ორივე დეპუტატის შემთხვევაში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოლაპარაკებები აწარმოა. ალასანია ფოფხაძეს არწმუნებდა, რომ პარტია არ დაეტოვებინა, შავგულიძის შემთხვევაში კი ყველაფერი თავისთავად მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ უმრავლესობა საკუთარი ნებით დატოვა და უმრავლესობა დაშლის რეალობის წინაშეც დააყენა. არადა, ხელისუფლებამ უმრავლესობის შენარჩუნება სწორედ „თავისუფალი-დემოკრატებიდან“ წასული კადრებით - გელა სამხარაულით, გია ჯაფარიძითა და გედევან ფოფხაძით შეძლო.
იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უმრავლესობის შენარჩუნების მიზნით კონსულტაციებს კახა ოქრიაშვილის ფრაქცია - „უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტარებთან“ აწარმოებს, შესაძლოა, უმრავლესობა არც კი დაიშალოს, მაგრამ მმართველ გუნდს ფორმის მოძებნა მოუწევს - შექმნას ტექნიკური უმრავლესობა, რაც ფრაქციათა ჯამს გულისხმობს, თუ რიგები ნაციონალებიდან წამოსული კადრებით გაამტკიცოს.
რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, პარლამენტში უმრავლესობა დაიშლება თუ ტექნიკურ უმრავლესობად ჩამოყალიბდება, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.
„თუ ტექნიკურ უმრავლესობას გულისხმობთ, რომელიც ფრაქციათა ჯამიდან მიიღება, ეს ამ დღეებში გადაწყდება და გაირკვევა, რომელი ფრაქცია რა პოზიციას დაიკავებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, „თავისუფალ-დემოკრატებში“ რამდენი ადამიანი დარჩება. ის ხალხი, რომელიც ახლა ამ პარტიას მიატოვებს, ის მათ არ გამოადგებათ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის მსგავსად, „თავისუფალ-დემოკრატებს“ გედევან ფოფხაძეც აქებს. უფრო მეტიც, კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია საქართველოს პოლიტიკისთვის ძალიან ღირებული პიროვნებაა, თუმცა, ის თვლის, რომ „თავისუფალ-დემოკარტებში“ მისი ადგილი მაინც არ არის. ფოფხაძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ მისი მეგობრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც კარგი და ღირსეული ადამიანები არიან.
„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბევრი არგუმენტით, როგორც პიროვნული ხასიათის, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. მეორე მხარესაც ჩემი მეგობრები არიან და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო, პიროვნულად მაინც ვიხლიჩებოდი“, - აცხადებს ფოფხაძე.
კანონმდებელის მტკიცებით, მან გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღო, რაც საბოლოო ჯამში, უფრო ღირებულად ჩათვალა.
„ის ემოციური განწყობა, რაც „თავისუფალ დემოკრატებში“ იყო, არ გადმომედო და ვერ გავიზიარე. ჩავთვალე, რომ გადაწყვეტილება უფრო მშვიდად და წყნარად მიმეღო. ჩემი მეგობრები - „თავისუფალი დემოკრატები“ და მე მხოლოდ ემოციურად უნდა დავშორდეთ ერთმანეთს და არა ღირებულებებით და შეხედულებებით! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვინც ბრაზობს, ის არის მტყუანი“, - დასძინა ფოფხაძემ, რომლისგან განსხვავებით, შავგულიძემ მშობლიურ პარტიაში დაბრუნება გადაწყვიტა.
შავგულიძემ „თავისუფალი-დემოკრატები“ 2012 წლის არჩევნების დროს დატოვა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კვოტით გახდა, მაგრამ კანონმდებელი ამჟამად თვლის, რომ მისი ადგილი ირაკლი ალასანიას გუნდშია.
დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის კოალიციას ტოვებს, ის თემატურ საკითხებზე უმრავლესობასთან მუშაობას გააგრძელებს.
„ამ გუნდის შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ მიმაჩნია, რომ ის პასუხისმგებლობა უნდა გავიზიარო, რასაც შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე „თავისუფალი დემოკრატები“ აიღებენ“, - დასძინა შავგულიძემ.
აღსანიშნავია, რომ თუ ფოფხაძე პარტიიდან წავიდა და შავგულიძე პარტიაში დაბრუნდა, ზურაბ აბაშიძეს პარტიის გამო პოსტის დატოვება მოუწევს. for.ge-ს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდიდან აბაშიძე ერთადერთი დეპუტატი იქნება, რომელსაც თანანმდებობას დაატოვებინებენ. კერძოდ, მას უარის თქმა ვიცე-სპიკერის პოსტზე მოუწევს, რადგან აბაშიძე აღნიშნულ თანანმდებობას უმრავლესობის კვოტით იკავებს. უმრავლესობიდან ვინ შეცვლის აბაშიძეს, ეს არ კონკრეტდება, მაგრამ მის გადასაყენებლად მმართველ გუნდს 76 ხმა დასჭირდება.