„კოალიცია ქართული ოცნება“ „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებაზე სერიოზულად მუშაობს და იმდენი მოახერხა, რომ „თავისფალი დემოკრატების“ ორი წევრი გადაიბირა, იმის მიუხედავად, რომ ამ პროცესში თავად პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არის ჩართული, სამაგიეროდ, ქართული ოცნების მაჟორიტარმა დპუტატმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
„მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. მე გადავდივარ პარტია და ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებში“. ამ გუნდის შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გავიზიარო ის პასუხისმგებლობა, რასაც შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე „თავისუფალი დემოკრატები“ აიღებენ“, - განაცხადა შავგულიძემ.
For.ge შალვა შავგულიძეს ესაუბრა.
ბატონო შალვა, რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
- 2009 წლიდან ვიყავი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ახლა, რამდენადაც ამ გუნდმა გადაწყვიტა, რომ უკვე არა კოალიციურ რეჟიმში, არამედ დამოუკიდებლად აიღოს პასუხისმგებლობა თავის პოლიტიკურ საქმიანობაზე, მივიჩნიე, სწორი იქნება, თუ დავბრუნდები და გავიზიარებ ამ პასუხისმგებლობას იმ გუნდთან ერთად, რომლის შექმნის პირველივე დღეებიდანვე ვიყავი მისი წევრი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დამოუკიდებელ მაჟორიტარად ვიყარე კენჭი „ქართული ოცნების“ კვოტით და პარლამენტში უკვე პარტია „ქართული ოცნების“ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვიყავი, მაგრამ ვიდრე კოალიციურ რეჟიმში იყვნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ქართული ოცნება“, არავითარი პრობლემა არ ისახებოდა გარდა ფორმალური მხარისა, სად ვიქნებოდი გაწევრიანებული.
რამდენადაც პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციურ რეჟიმში აღარ იქნება, მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ გუნდთან ერთად უნდა გავიზიარო პასუხისმგებლობა შემდგომ პოლიტიკური საქმიანობაზე.
თქვენი ჩათვლით კოალიციას 76 ხმა უგროვდებოდა, გამოდის, რომ უმრავლესობა დაიშალა თქვენი ამ ნაბიჯით?
- არ მგონია, რომ დაიშალა, არის იქ რესურსი და არიან მსურველები, ასე რომ, უმრავლესობა კვლავ იქნება და იმედი მაქვს, რომ ჩვენც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უმრავლესობასთან ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მხოლოდ ეს იყო მიზეზი? ინფორმაცია გავრცელდა, რომ თქვენც მოგეცათ საქმეში ჩახედვის საშუალება და თქვენი გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა...
- საქმეში ადვოკატებს არ ჩაუხედავთ, მასალები არ მიუღიათ და მე როგორ ჩავიხედებოდი? მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, ამდენ ხანს როგორ არ ეძლევათ ადვოკატებს დაცვის განხორციელების საშუალება - საქმის მასალები არ ეძლევათ, როგორი ზეწოლა განხორციელდა ალექსანდრე ბატიაშვილზე დაკითხვის დროს, ძალზე სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს. ჯერჯერობით მეტს არ ვიტყვი და როდესაც მეტი მეცოდინება ამ საქმის სამართლებრივი მხარის შესახებ, ჩემს კომენტარს აუცილებლად გავაკეთებ...
გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა დაკარგეთ?
- არა, რატომ გამოდის! მე ვთქვი ჩემი სათქმელი - რადაგან ეს პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას, მინდა პასუხისმგებლობა მათთან ერთად გავიზიარო. არავითარი ნდობა არ დამიკარგავს „ქართული ოცნების“ მიმართ და არც ის მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არ არის თანმიმდევრული ევროატლანტიკური ორიენტაციის მიმართ.
მიმაჩნია, რომ ერთობლივად სწორედ ამ მიმართულებით ვივლით და ვითანამშრომლებთ არა კოალიციურ რეჟიმში, მაგრამ თემატურად, მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ ამ მიზნის ერთობლივად მიღწევას.