გვიან ღამით, მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი, მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის პირველ მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. სამეულის შეხვედრა გვიან ღამემდე დახურულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრა ღამის ორის ნახევრისთვის დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა და მთავარმა პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც ირკვევა, პროკურატურამ ვერ შეძლო ბრალდების მტკიცებულებით გაჯერება, რომლითაც დაადასტურებდა კორუფციულ სქემას. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ იმ მასალებში, რომელზეც მათ წვდომა აქვთ, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულება სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია. სახელმწიფო ბრალდება, კი ამ დრომდე საქმის მასალებს არ ასაჯაროვებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ გუშინ მთავარ პროკურორს შეხვდა. პრემიერის თქმით, მთავრობაში უამრავ შეხვედრას მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ხელმძღვანელებთან. კითხვაზე, გიორგი ბადაშვილთან შეხვედრაზე ხომ არ ყოფილა საუბარი თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ გრიფის მოხსნა მისი პრეროგატივა არ არის.
„არ ვერევი გრიფის მოხსნა-არმოხსნის საკითხებში, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია და მას მიმართეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა.
„გრიფის მოხსნაზე იყო საუბარი და ამას დათანხმდა პრემიერ-მინისტრიც. ამიტომ ჩვენს ინტერესებშიც შედის ის, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ, რომ არავის კითხვები არ დარჩეს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სტრატეგიული სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებდა კახა კალაძე.
თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება პირადად მასთანაც მივიდეს. „არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერს ველოდები და პირიქით, მე ხომ ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე მე ვარ. ამიტომაც მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ და თუ რამე შეკითხვა აქვთ, ჩემთან მოვიდნენ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დაცვის მხარე ამტკიცებს: „საქმის მასალებიდან რისი ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა, იქედან გამომდინარე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ამ საქმეში არავის ბრალეულობა არ იკვეთება და ვერც გამოიკვეთება. პირიქით, ამ ხალხმა ათობით მილიონი ლარის მოგება ანახეს სახელმწიფო ბიუჯეტს. სამართლებრივად ვუდგები ამ საკითხს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულება, სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად აბსოლუტურად დაუშვებელია“, - აცხადებს ლევან სამუშია.