ხელისუფლებას ახლა იმის მტკიცება მოუწევს, რა წვდომა აქვს დავით საგანელიძეს და მის კოლეგებს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც გრიფი ადევს და წვდომა ამ დრომდე დაცვის მხარეს არ აქვს. დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები პოლიტიკოსებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ და ყველა განცხადების შესწავლას გეგმავენ. რეაგირების მიზნით კი, აღნიშნულ განცხადებებს ევროსასამართლოს აცნობებენ.
ადვოკატი ლევან სამუშია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლმაც აღნიშნა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს გაეცნო და დანაშაულის ნიშნებიც დაინახა.
„საგანელიძემ განაცხადა, რომ დეტალებში წაიკითხა საქმის მასალები, მან ლამის ფინანსური ხარჯთაღრიცხვა წარმოგვიდგინა. გასაკვირია, როდესაც მე, როგორც დაკავებულების ადვოკატი ვცდილობ კანონის შესაბამისად გადმომეცეს საქმის მასალები, თურმე პოლიტიკოსები საჯაროდ ეცნობიან ამ საქმეს. მათ წვდომა არ აქვთ საიდუმლო მასალებთან. თუ ეს ასე მოხდა, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან პირს არა თუ მასალების გაცნობა და წარდგენა, თქმის უფლებაც კი არ აქვს ისეთი პირისთვის, ვისაც წვდომა არ აქვს საქმის მასალებთან“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მასალების გაცნობის უფლება არ აქვს არც პრემიერ-მინისტრს, რომელიც პროცესის მონაწილე არ არის.
„უნდა დაასაბუთონ, რა წვდომა და რა შეხება აქვს ხელისუფლებას ამ სისხლის სამართლის საქმესთან. ირღვევა დაცვის უფლება, პროკურატურა განზრახ არ გვაძლევს საქმის მასალებს, რომ სრულად ვერ განვახორციელოთ დაცვა. საგანელიძესა და სხვა პოლიტიკოსებს განზრახ აწვდიან დამახინჯებულ ინფორმაციას და შესაბამისად, ისინიც ავრცელებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ განზრახ ავრცელებენ პოლიტიკოსები ცრუ ინფორმაციას“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილი მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს, თავი დაანებონ აღნიშნული საქმის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირებას და მოაქციონ საქმე სამართლებრივ ჩარჩოში.
„ძალიან მინდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაიმეოროს ის შეცდომები, რომლებსაც უშვებდა წინა ხელისუფლება, როდესაც, არაობიექტურად, არასამართლიანად ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რამაც მოლაშვილის საქმეზე ზეგავლენა მოახდინა“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ამასთან, ადვოკატი კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნაზე პრემიერ-მინისტრი დასთანხმდა. ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ფუნქცია, არამედ გრიფის მოხსნა შსს-ს ფუნქციაა და ამაშიც საჭიროა კანონის დაცვა. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საქმის მასალებზე. მოცემულ შემთხვევაში თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია.
„აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, გაგრძელების, მხარეთა დაკავების შემდეგ, დაცვის მხარეს ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე, ბრალდების მხარე უარს ეუბნება მას საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე. დაცვის მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებებზე თავისი პოზიციის ჩამოყალიბება და მხარეები აღმოჩნდნენ აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში. თავდაცვის სამინისტრომ უკვე 2-ჯერ მიმართა შსს-ს, მაგრამ შსს-მ მოითხოვა ყველა ის მასალა, რომლიდანაც უნდა მოხსნილიყო საიდუმლო გრიფი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მასალები პროკურატურამ გამოითხოვა შსს-დან. პროკურატურა აყოვნებს მასალების მიწოდებას“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა.
„ეს არის კონკრეტული სავარაუდო კორუფციული დანაშაული. მე არ მინდა, დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პროკურატურას აქვს სერიოზული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას. დღეს იყო საუბარი, თხოვნა იყო ირაკლის მხრიდან, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი. გრიფის მოხსნაზე იყო საუბარი და ამას დათანხმდა პრემიერ-მინისტრიც. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშიც შედის ის, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ, რომ არავის კითხვები არ დარჩეს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სტრატეგიული სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს, ადამიანის უფლებთა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
„ვაპირებ პირადად შევხვდე მთავარ პროკურორს და ვესაუბრო ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ მეტი ინფორმაცია მქონდეს. ამავე დროს პროკურატურას უნდა ვაცადოთ საქმის გამოძიება. ვნახოთ, საბოლოოდ რა სურათი შეიქმნება. მართებულად არ მიმაჩნია, რომ ერთი ძალოვანი უწყების პირველი პირი კონფრონტაციაში შედის მეორე ძალოვან უწყებასთან, ეს ჩემთვის გაუგებარი და დაუშვებელია“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც ხელისუფლება თავადვე მოისურვებს გარკვევას, რატომ ხდებოდა მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის უწყებაზე.
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პოლიტიკურ სივრცეში. იქნება ეს პარლამენტი, თუ ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციას. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არავის მივცემთ იმის საშუალებას, თუნდაც ერთმა პატარა ჯგუფმა მიაყენოს ზიანი ამ კურსს.
დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ საბოლოო ჯამში, მოვა დრო და თავად ხელისუფლება მოისურვებს იმ დეტალების გარკვევას, თუ რატომ ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის უწყებაზე, იმ უწყებაზე, რომელიც საერთაშორისო აღიარებით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.