„ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ ქართული ჯარის და სამინისტროს პრესტიჟი და იმიჯი არ დაინდო“

„ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ ქართული ჯარის და სამინისტროს პრესტიჟი და იმიჯი არ დაინდო“

ალასანიას პარტიის კოალიციიდან გასვლას უკვე მოჰყვა პირველი შედეგები, ხელისუფლება თითოეული საპარლამენტო ხმის შენარჩუნებას ცდილობს. სავარაუდოდ, საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესის დასაწყისის მოწმენი ვხდებით. როგორ პოლიტიკურ კონფიგურაციას უნდა ველოდოთ, ამ და სხვა თემებზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

პოლიტიკურ პროცესებს თუ გადავხედავთ, მოხდა ის, რაც მოხდა, კოალიციას ერთი სუბიექტი გამოაკლდა - თქვენი შეფასებით, რა შედეგი გვაქვს სახეზე?

- ნაკლები ემოციით თუ მივუდგებით შედეგები არის არა იმდენად სავალალო, რამდენადაც მომგებიანი, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯობდა, რაც მოხდა, არ მომხდარიყო.

ძალზე საინტერესო კონფიგურაცია დალაგდა - „თავისუფალი დემოკრატების“ ხმებს დაედება ოქროს ფასი პარლამენტში. ამასთან ერთად, საპარლამენტო ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მდორე და ერთფეროვანი, როგორც იყო. ამასთან, გაიზრდება რესპუბლიკელების წონა და ფასი კოალიციაში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლი გაიზრდება -ერთი - საპარლამენტო ხმების, მეორე - იმის გამო, რომ კოალიციას საბოლოოდ არ დაუსვან დიაგნოზი, რომ ის საბოლოოდ წავიდა რუსეთის გზით, ანუ, თუ დაიძაბა სიტუაცია და რესპუბლიკელებიც გამოვიდნენ კოალიციიდან, ხოლო უსუფაშვილი გადადგა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, ეს ეჭვი კი არა, უკვე დიაგნოზი იქნება.

ვფიქრობ, რომ კოალიცია ამის თავიდან არიდებას მაქსიმალურად შეეცდება და იმისათვის, რომ ეს თავიდან აირიდოს, მოუწევს იმაზე წასვლა, რომ რესპუბლიკელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმაზე გაცილებით მეტი წონა მისცეს, ვიდრე ჰქონდათ. ანუ, პროდასავლური საპარლამენტო ძალების გარეშე პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

მეორე, რაც ამ პროცესს მოჰყვა გახლავთ ის, რომ ხელისუფლებამ გაიგო ძალიან ნათლად ხალხის ხმა, მათ შორის მედიის, იმ ადამინების, ვისაც საზოგადოებაზე მეტ-ნაკლები გავლენა აქვს - ხელისუფლების საძულველი ექსპერტების, რომ პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში მოჰყვება უზარმაზარი კრიზისი და ეს არის გზა, რომელსაც მომავალი არ აქვს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მესიჯია იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც საკმაოდ ფრთხილად ეკიდება ხალხის აზრს.

ასევე უმნიშვნელოვანესი შედეგი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის ვეტოს დაედება ძალიან მაღალი ფასი, რადგან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა თავისუფალი დემოკრატების ხმების გარეშე ხელისუფლებას აღარ შეეძლება. ასე რომ, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ არა თუ საგარეო კურსის ცვლილება იქნება საქართველოში ისე ადვილი, როგორც აქამდე შეიძლება გვეგონა, არამედ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას ხელისუფლება იძულებული იქნება, გაცილებით მეტი ანგარიში გაუწიოს მის შიგნით არსებულ პროდასავლურ ძალას, ასევე კოალიციის გარეთ არსებულ ძალას - „თავისუფალ დემოკრატებს“ და ასევე, პროდასავლელ პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს მალამოდ დაედება. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზოგი ჭირი მარგებელია.

კიდევ ერთი, რა შედეგზეც შეიძლება ვისაუბროთ, არის ის, რომ თებერვალ-მარტში ხელისუფლება ვეღარ დაიქვემდებარებს უზენაეს სასამართლოს მისი თავმჯდომარის სახით, რადგან „თავისუფალი დემოკრატების“ ხმების გარეშე, რესპუბლიკელების ხმების გარეშე, ის ვერ დაამტკიცებს იმ კანდიდატურას, რომელიც უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კანდიდატურის წარდგენა არის პრეზიდენტის პრეროგატივა.

კონფიგურაცია დაჯდა ისეთი, როდესაც ამ პოლიტიკური კატაკლიზმის ავტორის სახელი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, დღემდე მეგონა, რომ ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ მეც ეჭვი მეპარება, ვინ შეიძლება იყოს.

ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ რაღაც სცენარი რეალურად არსებობდა?

- ეს პროცესი რომ მზადდებოდა, ყველანი თვალნათლივ ვუყურებდით. მეორე თემაა - კვანძი დღეს უნდა გახსნილიყო და ამ ფორმით, ანუ ალასანიას გადადგომით თუ ალასანიას პოზიციების შესუსტებით - ეს ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ამას მაფიქრებინებს ის, რომ ივანიშვილი ორჯერ ზედიზედ დაესწრო პოლიტსაბჭოს სხდომას კრიზისის განსამუხტად და როგორც ჩანს, მოვლენათა ასე განვითარება ჩაფიქრებული არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გახდებოდა იძულებული გამოსულიყო სააშკარაოზე და ფაქტობრივად, პოლიტიკა ეკეთებინა. ამას ხომ ვეღარ უარყოფს ვერავინ, რომ ის ორჯერ დაესწრო პოლიტსაბჭოს, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, რაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა?!

ეს მაფიქრებინებს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება ჩაფიქრებული არ იყო. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ალასანია, რომელმაც რამდენჯერმე გადაყლაპა ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველი პირებისგან ბევრი რამ, ამჯერადაც გადაყლაპავდა ამ უზარმაზარ სკანდალს, რომელიც მის სამინისტროში ატყდა და საბოლოოდ ის იქნებოდა წელში გადატეხილი ფიგურა. შეიძლება, ფიქრობდნენ, რომ ალასანია ამაზე წავიდოდა პოსტის შენარჩუნების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში ის, რაც მოხდა არა შიშის, არამედ იმედების საფუძველს იძლევა.

რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო წყალგამყოფი პროდასავლურობის მომენტი? მართალია დადგმულ სცენას ჰგავდა, მაგრამ იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, ხაზი გაესვა იმას, რომ პროდასავლურობის თემის წამოწევით, მარტივად რომ ვთქვათ, „თავისუფალი დემოკრატები“ აჭარბებენ...

- ძალიან ბევრი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო წყალგამყოფი, ბევრი ვერსია ცოცხლობდა ამ დღეებში, მათ შორის ის, რაც იყო თავი და თავი - გამოძიების დაწყება სავარაუდო სამართალდარღვევებზე. ამასთან ერთად შეიძლება მეორე ვერსიაც განვიხილოთ, ის ვარიანტი, რომ ალასანიას მიმართ იყო პიროვნული მიუღებლობა, დამოუკიდებლად მისი პროდასავლურობისგან და კიდევ ერთი ვერსია, რომ ალასანიას მიმართ შეტევა დაიწყო სწორედ მისი პროდასავლურობის გამო.

თავდაცვის სამინისტროში სწორედ ის იყო ხერხემალი ჩრდილოატლანტიკური სწრაფვების. სამივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორი მკვეთრი რეაქციები ჰქონდა ალასანიას განცხადებებზე რუსეთს - საუბარი მაქვს იმ განცხადებაზე რომელიც ეხებოდა საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე ნატოს სასწავლო ბაზას საქართველოში და გვახსოვს, რომ რუსეთმა ეს კავკასიის სტაბილურობისთვის საფრთხედაც კი შეაფასა. ამიტომ, არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ.

შედეგი არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე თავად მიზეზი და პროცესი. ეს შედეგი არის ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი, რომელიც უზრუნვეყოფს როგორც საგარეო კურსის დაცულობას, ასევე იმას, რომ ქვეყანაში ვეღარ იქნება ავტორიტარიზმი, რისი ნიშნებიც ხანდახან გაიჟღერებდა-ხოლმე ვერბალურ დონეზე ხელისუფლების გამონათქვამებში. ვგულისხმობ მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მათ მიმართებას, რაც ახლო პერსპექტივაში, ვფიქრობ, გამორიცხულია.

თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ ამ სკანდალით საქმე არ დასრულდება. ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ვინც კოალიციას დატოვებს მისთვისვე იქნება უარესი. როგორ ფიქრობთ ალასანიასთვის რა პოლიტიკურ პერსპექტივებე შეიძლება იყოს საუბარი?

- ყველა ბოლო კვლევის თანახმად ძალიან მაღალია პროცენტი საზოგადოებაში იმ ნაწილისა, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. ფაქტობრივად, სადღაც დევს ამომრჩევლების ხმების 40%, რომელიც ვიღაცამ ხელში უნდა აიღოს. პრობლემა ის არის, მოახერხებს თუ არა ამის გაკეთებას ალასანია. უკვე ვთქვი, რომ შესაძლოა, სხვა სცენარი იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მასში ალასანიას განეიტრალება რომ შედიოდა, ეს უეჭველია.

მეორე მხრივ, ვინც ალასანიას განეიტრალება დაგეგმა, ალბათ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალასანია, როგორც საერთო ნაციონალური ლიდერი ვერ შედგებოდა, რადგან ამის საფუძველს არ აძლევდა ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის განვლილი გზა.

სამწუხაროდ, ალასანია მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ნახევარი ნაბიჯებით დადიოდა. რისკი, რომელიც არის აუცილებელი მდგენელი საერთო ეროვნული ლიდერისა, მის პოლიტიკურ გზაზე თითქმის არც ერთხელ არ გვინახავს. ის არ არის რისკიანი პოლიტიკოსი, კარგი გაგებით და მისმა გამოსვლამ გადაყენების შემდეგ ტელეთერით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისევ სანახევროდ აგრძელებდა საუბარს. ამან არასასიამოვნო განწყობა დატოვა, რადგან ეს იყო მისი ვარსკვლავური საათი, მას უნდა ეთქვა ის სიმართლე, რასაც ეს ერთი წელი ატარებდა და ასეთ შემთხვევაში, მას შეეძლო მოენიშნა ოპოზიციაში ნომერ პირველი ფიგურის როლი. მან ეს ამ გამოსვლაში ვერ შეძლო.

არ ვამბობ, რომ ახლა უკვე დაგვიანებულია, მაგრამ მისი წარსულიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აანალიზებდა, სწორედ ამას ფიქრობდა, რომ ალასანია ვერ გახდება იმ მასშტაბის პრობლემა ხელისუფლებისთვის, რომ მან ხვალ და ზეგ რეალური პრეტენზია განაცხადოს ხელისუფლებაში არსებული მმართველი ძალის ჩანაცვლებაზე.

არ ვიცი, რამდენად შეძლებს ალასანია მასზე შექმნილი სტერეოტიპის ნგრევას. თუ ის ამას შეძლებს, მაშინ ექნება რეალური შანსები, გარშემო შემოიკრიბოს პროდასავლური ამომრჩეველი, მათ შორის, ბევრი წაართვას ნაციონალებს და მნიშვნელოვანი შედეგი დადოს 2016 წლის არჩევნებზე. თუ ის ვერ შეძლებს ამ სტერეოტიპის დანგრევას, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი ბოლო შანსია, იქცეს ეროვნულ ლიდერად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად მარგინალიზდება და გახდება ერთ-ერთი რიგითი არასაპარლამენტო პოლიტიკოსი, როგორების ნაკლებობასაც დღეს არ განვიცდით.

ამ გზაზე ასევე აუცილებელია, ალასანიამ მოახდინოს მკვეთრი დისტანცირება ნაციონალებისგან. ვთვლი, რომ შცდომა იყო, როდესაც თქვა, რომ დასავლური ორიენტაციის წარმომადგენელთა ძიებაში ის არ დაუწყებს ყურებას ვინ რა წარსულის იყო, მთავარია ყველა ერთად დადგეს.

თუმცა შემდეგ მან დააფიქსირა, რომნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს...

- „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ის ლოდია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას ჩაძირავს. იდეაში ივანიშვილმა რომ თქვას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ვხდებიო, ისიც კი პოლიტიკურ ჭაობში ჩაიძირება, არა თუ ალასანია ან ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ნაციონალებთან ასოცირებას გადაწყვეტს.

ამის პარალელურად, ძალიან საინტერესო მომენტია გასათვალისწინებელი - ნაციონალები თავად შეეცდებიან როგორმე მიებან ალასანიას, იმისათვის, რომ გაუფუჭონ სახელი. ის კურსი, რომელიც დღეს აქვთ არჩეული ნაციონალებს, რომ აი, პროდასავლურ კურსს ჩაგრავენ და ა.შ. ადვილი გასაშიფრია - როგორც კი ალასანიას კონკურენტად აღიქვამენ, ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზაა - მიატმასნონ ნაციონალებს. ნაციონალები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ის ამ თამაშში ჩაითრიონ. ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის.

ისევ დღევანდელ პროცესებს რომ მივუბრუნდეთ, ძალზე საინტერესოა, რატომ შეიძლებოდა სდომოდათ ალასანიას განეიტრალება?

- როგორც ვთქვი, რუსეთის განაწყენება ანუ მისი პროდასავლურობა, ნატოსთან ერთობლივი ინიციატივები... მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ ალასანია პიროვნულ დონეზე აღმოჩნდა დღევანდელი ხელისუფლების პირველი პირებისთვის მიუღებელი.

ამ ეტაპზე ძალიან ბუნდოვანია ის თემაც, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი იცვლება. თუნდაც ყოფილიყო ასეთი ჩანაფიქრი, იმ ხმაურმა და მუხტმა, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, გარწმუნებთ, რომ ეს ჩანაფიქრი კარგა ხნით გადადო.

ყველაზე ცუდი რაც მოხდა, იყო ის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი ღერძი და ხერხემალი, თავდაცვის სამინისტროზე გადის და ბუნებრივია, სწორედ ეს ხერხემალი დააყენა დარტყმის ქვეშ ხელისუფლების ამ პოლიტიკამ.

იმან, რომ თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკური შოუს ნაწილად აქცია და იმ ცვლილებებით, რაც თავდაცვის სამინისტროში მოხდა, მინიმუმ, დროში გაწელა ჩვენი ერთობლივი პროექტები და ევროპატლანტიკური ინტეგრაცია.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს იყო დაგეგმილი?

- მესმის, რომ ეს არ არის ახლოვადიანი პერსპექტივა, მაგრამ ვთვლი, რომ სწორედ ეს არის ის რეალური ქოლგა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

ისმის კითხვა, თუ ეს იყო დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, მაშინ ჩნდება კითხვა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინ ხელისუფლებას, თუ იქ მართლაც სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი (თუ ეს რეალურად ხდება)? - რა თქმა უნდა, უნდა გამოეძიებინა, მაგრამ ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ ქართული ჯარის და სამინისტროს პრესტიჟი და იმიჯი არ დაინდო.

ხელისუფლებას შეეძლო ისე წარემართა თავდაცვის უწყებაში გამოძიება, რომ ეს საჯარო არ გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, სასამართლომდე ისე მისულიყო, რომ არ გამხდარიყო ამხელა პოლიტიკური სკანდალის მიზეზი.

აქცენტს კი ალასანიას კორუმპირებულობაზე აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ დასაშვებია, რომ ეს იყო იმ პროექტის ჩასაშლელად რასაც თავდაცვის უწყება ახორციელებდა?

- შესაძლოა, ორივე მიზეზით, რადგან ეს პროექტები სწორედ ალასანიას მინისტრობისას კრეფდა ტემპებს, თუ სპეციალურად ამისთვის გაკეთდა. ალასანიას შემცვლელის პირობებში, რომელსაც ერთი დღეც კი არ უმუშავია ამ სტრუქტურაში და არ აქვს გამოცდილება ნატოელ კოლეგებთან ამ მიმართულებით ურთიერთობის, ამერიკელებს მოუწევთ სულ მცირე, ადაპტაცია ამ ადამიანთან, დაკვირვება და ა.შ. ისინი თავის მიზნებს არ შეეშვებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ პროცესი მაინც შენელდება.