„ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომლის განცხადებით, ალასანიას ნაბიჯები, პირადად მისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ღალატია. ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნაციონალების ლობირებაში დაადანაშაულა.
„არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება და საფრთხე. ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას. მეორე მხრივ, ცუდიც არ არის ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
მოგვიწევს კიდევ ერთი, ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა ნაციონალებს იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი და ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რამდენად ადექვატური იყო პრემიერ-მინისტრის მხდიდან ამ ტონალობაში საუბარი, მთავრობის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად მთავრობის კანცელარია უკომენტაროდ დატოვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
პრემიერის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არც პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. „ეს კითხვა დასვით სათანადო შენობაში და სათანადო რესპონდენტთან“, - ასეთია დავით უსუფაშვილის განცხადება.
უსუფაშვილისა და წულუკიანისგან განსხვავებით, ღარიბაშვილის განცხადებას, სოციალური ქსელით გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. „მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები, თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა. არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია, აი პირიქით კი, რამდენიც გინდაც - ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი. ამბიციური კი კარგია“, - წერს თინა ხიდაშელი.
რა სიურპრიზებს უმზადებს ყოფილ მინისტრს პრემიერი, ამის შესახებ არაფერი იციან „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ბრალდების ადრესატი ამაბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ იგივეთი ვერ უპასუხებს, რადგან ინსტიტუციებს პატივს სცემს და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს.
„ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ყველანაირი კორექტულობას გასცდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვს, სახეს არ კარგავენ, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ერთად გავლილი პერიოდი, ჩემს კოლეგებთან, მთავრობასთან ერთად. ბუნებრივია, მე მადლიერი ვარ იმის, რაც ერთად გავაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკამ და პროკურატურის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი გზები გაყო.
მე ყველას მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მე მგონია, რომ სახის დაკარგვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე იგივეთი ვერ ვუპასუხებ. პატივს ვცემ ინსტიტუციებს და აქედან გამომდინარე, მინდა, უბრალოდ, მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს, უბრალოდ ეს არის არასწორი საზოგადოების მიმართაც, ჩემს მიმართაც და ბუნებრივია, თავისი კოლეგების მიმართაც, რომელთა თვალში დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მისი განცხადება არ აღიქმებოდა პოზიტიურად“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პრემიერ-მინისტრს განცხადების სტილი დაუწუნეს ექსპერტებმა, რომელთა განცხადებით, ხელისუფლებამ ღია პოლიტიკური ბრძოლა გამოუცხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელსაც სერიოზული გაგრძელება ექნება და ამაზე პრემიერმა თავისივე განცხადებით მიანიშნა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს სამართლებლივი დევნის დაწყებას, თუმცა ამბობს, რომ გუნდი პოლიტიკურად აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ.
„ამ შემთხვევაში არ იგულისხმებოდა ის ხაზი, რაზედაც პროკურატურა მუშაობს. ის კიდევ ცალკე თემაა. რადგან ნახსენები იქნა ნაციონალები, მგონია, რომ დაიდება რაღაცა ინფორმაცია ალასანისა და ნაციონალების ერთობის თაობაზე, ანუ პოლიტიკური მხარე იქნება დარტყმის ქვეშ და არა სამართლებრივი. თუმცა, სამართლებრივი მხარეების გამორიცვაც არ შეიძლება. ვერ ვიტყოდი, რომ ალასანია ლობირებდა ნაციონალებს, რადგან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა მკაფიოდ იჯდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ღარიბაშვილი მემკვიდრე გახდა იმ დაძაბული ურთიერთობის, რაც არსებობდა ყოფილ პრემიერსა და ირაკლი ალასანიას შორის. მისივე განცხადებით, ამ ვითარებაში მთავარი განმსაზღვრელი არის ივანიშვილის განწყობა პოლიტიკური ფიგურის თუ პიროვნების მიმართ. მაჭავარიასნის განცხადებით, ეს მცდელობა იყო პრეზიდენტის მიმართაც, მაგრამ ვერ იმუშავა. ალასანიას შემთხვევაში კი, ეს მიიღებს უკომპრომისო ბრძოლის სახეს.
„ცხადია, რომ იქნება კომპრომატების ომი. ფაქტია, რომ პრემიერის მხრიდან დაფიქსირდა პირდაპირი და ღია მუქარა, რომ იკვეთება კორუფციული გარიგების ნიშნები, რომელიც შესაძლებელია მივიდეს თვით მინისტრამდე და ცხადია, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რაც ქვეყანას დღეს ნამდვილად არ სჭირდება, მითუმეტეს ამ გამოწვევების ფონზე. ეს ვითარება სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას. ამიტომ, ამ ტემპერატურამ უნდა დაიკლოს, უფრო სახელმწიფოებრივად და მშვიდად მოხდეს დაძაბულობის განუხტვა. არ შეიძლება და მიუღებელია, რომ ამ ვითარებამ პიროვნული თუ პოლიტიკური განადგურების სახე მიიღოს“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ როგორც ჩანს, ეთიკის კურსებია საჭირო, რადგან ასეთი სახის რიტორიკა, არაეთიკური მიდგომები უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ ქმნის ჯანსაღ გარემოს. მისივე თქმით, თუ ისევ დაიწყება კომპრომატების ომი, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება როგორც დემოკრატიული იმიჯის მქონე ქვეყნისთვის, ასევე ხელს შეუშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას.
„ისეთ რთულ პირობებში, როგორშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით - როგორც ოკუპაციის, ასევე აფხაზეთის ანექსიის მხრივ, იგივე რუსეთის მხრიდან დესტრუქცული ქმედების გაძლების მხრივ, საქართველოში კომპრომატების ენაზე საუბარი ძალიან დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. მითუმეტეს, უკვე შექმნილია საერთაშორისო აღქმა, რომ საქართველოში განვითარებულ ბოლო კრიზისულ მოვლენებს, პოლიტიკური სარჩული უდევს. ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა და აშშ-მა გააკეთეს საკმაოდ კრიტიკული განცხადება ამის შესახებ. ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც ჩვენი მთავარი მხარდამჭერები არიან, ჩვენი ეროვნული ინტერესების და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების კუთხით“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.