გედის უკანასკნელი, „თავისუფალ დემოკრატული“ სიმღერა

გედის უკანასკნელი, „თავისუფალ დემოკრატული“ სიმღერა

„ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას ინარჩუნებს, ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებში“ კი რღვევა დაიწყო. ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის დატოვებას სამი დეპუტატი აპირებს, რომელთა შორის გედევან ფოფხაძე, გელა სამხარაული და გია ჯაფარიძე არიან.

for.ge-სთან საუბარში ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯაფარიძემ „თავისუფალი-დემოკრატების“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ მან არ იცის, რომ პარტიისა და ფრაქციის დატოვებას შესაბამისი განაცხადის მომზადება სჭირდება. კანონმდებელი ამბობს, რომ უმრავლესობასა და კოალიციაში რჩება, საქმის კურსში კი პარლამენტის ბიუროს უახლოეს მომავალში ჩააყენებს. დეპუტატის მტკიცებით, მან გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო, რადგან თვლის, რომ ქვეყანაში განხეთქილება კარგი არ არის.

„ყველას თავისი აზრი აქვს. გადაწყვეტილება ინდივიდვალურად მივიღე და „თავისუფალ დემოკრატებს“ ვტოვებ, რადგან დაპირისპირებები სწორად არ მიმაჩნია, რომელსაც ქვეყნისთვის ზიანი მოაქვს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძისგან განსხვავებით, გელა სამხარაული საკუთარ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს და პარლამენტშიც არ გამოჩენილა, მაგრამ მისი გადაწყვეტილების თაობაზე ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები საუბრობენ.

for.ge-სთან საუბარში დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებებს უსურვებს და ამბობს, რომ ის პარტიაში დარჩენას ვერავის ვერ მოსთხოვს.

„ღმერთმა გაუმარჯოთ! ვერავის ვერაფერს მოვთხოვ, ისევე როგორც მე ვერ მომთხოვენ. მეგობრებად დავრჩებით და ურთიერთობები გაგრძელდება“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს „მეგობრული ურთიერთობების“ დაკარგვა უჭირს და ის მსჯელობს პარტია დატოვოს, თუ ფრაქცია.

for.ge-სთან საუბარში გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს და ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ფოფხაძე ფრაქციას ტოვებს, კოალიციასა და უმრავლესობაში რჩება, ხოლო პარტიაში დარჩენის თაობაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. თუმცა, სავარაუდოდ, ის ალასანიას პარტიულ რიგებს დატოვებს.

გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება თუ რას ეფუძნება, ამის თაობაზე ის თავად არ საუბრობს, მაგრამ წყარო აცხადებს, რომ მას გუნდის წევრების წინააღმდეგ წასვლა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ფაქტორის გამო უწევს.

„გედი ამბობს, ეკას რა ვუყოო?!“, - აცხადებს ერთ-ერთი დეპუტატი for.ge-სთან საუბარში.

იმ შემთხვევაში თუ, ჯაფარიძე-სამსახარაული-ფოფხაძე „თავისუფალი-დემოკრატების“ რიგებს დატოვებენ, უმრავლესობა დაშლისგან გადარჩება, რადგან ხელისუფლებას უმრავლესობის შენარჩუნებისთვის სწორედ სამი კანონმდებელი სჭირდება. კერძოდ, უმრავლესობის შექმნისთვის საჭირო 76 დეპუტატია, „თავისუფალი-დემოკრატების“ კოალიციიდან წასვლის შედეგად კი, „ქართულ ოცნებას“ 73 კანონმდებელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მმართველ ძალას უმრავლესობის დაშლის თავიდან ასაცილებლად მეორე გეგმაც აქვს. ხელისუფლება უმრავლესობის შენარჩუნებას ყოფილი ნაციონალებით ცდილობს. კერძოდ, კოალიციის ლიდერები აქტიურ კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ დეპუტატებთან მართავენ, რომელთა შორის არის კახა ოქრიაშვილი.

ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გუშინ, უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს შეხვდა, თუმცა, საუბარი პოლიტიკურ პროცესებს არ შეეხებოდა.

ოქრიაშვილი გვარწმუნებს, რომ ის 4 ნოემბერს, კოალიციაში გამართულ უმრავლესობის სხდომასაც როგორც რიგითი დეპუტატი ისე ესწრებოდა. არადა, საინტერესოა, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ე.წ. ბიზნესმენთა ფრაქცია - რატომ ესწრებოდა კოალიციის დახურულ სხდომას, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ოქრიაშვილის განცხადებით, მისი ფრაქცია უმრავლესობას მხარდაჭერას უცხადებს, მათ შორის მზადყოფნას გამოხატავს, ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

„მათ ყველა პოზიტიურ საკითხზე დავეხმარებით, მათ შორის ბიუჯეტზეც. დოკუმენტს განვიხილავთ და თუ რაიმე არ მოგვეწონება, ჩასწორებას მოვითხოვთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

როგორც ჩანს, უმრავლესობა ყოფილი ნაციონალების იმედზე ნამდვილად არის, რადგან მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება.

for.ge-ს კითხვაზე მმართველი გუნდი უმრავლესობის გადარჩენას ყოფილი ნაციონალებით აპირებს თუ არა, ამაზე ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ორი წლის მანძილზე, უმრავლესობას ნაციონალებიდან წამოსულ დეპუტატებთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობა არ დაიშლება, რადგან მმართველ გუნდში ხმების რესურსი არსებობს.

„12 დეპუტატთან თანამშრომლობის რეჟიმი გვაქვს. ბოლო ორი წელია, ეს ადამიანები ჩვენს სხდომებს ესწრებიან. რაც შეეხება ყოფილი ნაციონალები არიან და ა.შ. ასეთი ტიპის დიფერენცირების დრო ნელ-ნელა უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები არიან მაჟორიტარები და თუ დეპუტატებს შორის თანამშრომლობა ვინმეს მიაჩნია, რომ არ არის ნორმალური, ამაში ცდება. რამდენიმეს აქვს ბიზნესი, თუმცა, თუ ვინმეს ბინზესი აქვს და ამიტომ მასთან არ უნდა ვითანამშრომლოთ, ეს არასწორია“, - დასძინა ძიძიგურმა.

შესაძლოა, ხელისუფლებამ უმრავლესობის დაშლა თავიდან ყოფილი ნაციონალების საშუალებითაც აიცილოს, მაგრამ ძნელია იმის პროგნოზი, მომავალში, მათი მხარდაჭერა ექნება თუ არა ეკონომიკურ რეფორმებზე გათვლილ კანონპროექტებს, რადგან „შრომის კოდექსი“ პარლამენტში მეორე მოსმენით სწორედ, კახა ოქრიაშვილის ფრაქციამ ჩააგდო.