„ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, აქ იქნებოდა კოლექტიური რეზო ამაშუკელი ევროინტეგრაციის მინისტრად“

„ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, აქ იქნებოდა კოლექტიური რეზო ამაშუკელი ევროინტეგრაციის მინისტრად“

ირაკლი ალასანიას უწყებაში მიმდინარე საქმის შეფასებისას ჟურნალისტი და პუბლიცისტი ირაკლი ტაბლიაშვილი რუსულ კვალს ხედავს და აცხადებს, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, არ ყოფილა არცერთი წამი, როდესაც რუსეთს არ ჰქონია საკუთარი ინტერესი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. მათ შორის, პროკურატურის საკითხებშიც და ასევე, უმაღლეს ხელისუფლებაში.

For.ge ირაკლი ტაბლიაშვილს ესაუბრა.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობის მცდელობა, თუმცა აქვე ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიიანუკოვიჩებიბევრნი არიან. თქვენც ამ საქმის მიღმა რუსულ კვალს ხედავთ. რის საფუძველზე?

- რასაკვირველია, რუსეთის ინტერესი არის, რომ საქართველო ან არ იყოს მსოფლიო რუკაზე წარმოდგენილი, ან იყოს სუსტი სახელმწიფო. როდესაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას ყველაზე პროდასავლელი ლიდერის და ევროატანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ფლაგმანი სამინისტროს ხელმძღვანელის გათავისუფლების თაობაზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას, უკეთეს შემთხვევაში, არ ჰყოფნის საკომუნიკაციო ენა და, უარეს შემთხვევაში, ამას აკეთებს აბსოლუტურად შეგნებულად, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს აძლევს რუსეთს და კრიტიკოსები ან დამოუკიდებელი მიმომხილველები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ამას შეაფასებენ, როგორც რუსეთის ირიბ ან პირდაპირ ინტერვენციას საქართველოს საშინაო საქმეებში.

მე მესმის სხვა პირთა არგუმენტები, რომ ე.წ. კაბელებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომ შესაძლოა, იკვეთება ან არ იკვეთება გარკვეული დანაშაული, მაგრამ აქ ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს არის ღია ბრძოლა ატლანტიდებსა და არაატლანტიდებს შორის, ანუ იმ პირებს შორის, რომლებიც ქვეყანას უბიძგებენ ან მიაქანებენ რუსეთისკენ, რუსეთის გეოპოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, საბაჟო სივრცისკენ. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ნატოს უელსის სამიტზე დეკლარაციაში აისახა მნიშვნელოვანი რამ საქართველოს განვითარებისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შესრულება.

უკვე მრავალი წელიწადია, საშინაო პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, საგარეო პოლიტიკა არ არსებობს. თუ აქ მიკერძოებულად ხდება ყველაზე პროდასავლელ თანამდებობის პირთა გათავისუფლება, თუ ამ პროდასავლელ პირებს ეჭვი ეპარებათ მათივე ყოფილი კოლეგების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა თუ გემოვნებაში, ბუნებრივია, დასავლეთში ამ კითხვებს გაცილებით სერიოზულად დასვამენ. ამავე დროს, დასავლეთში კარგად ვერ გაურკვევიათ, ისევე, როგორც ჩვენც ვერ გაგვირკვევია, ვინ არის ამ ქვეყნის მმართველი? ფორმალურად, ამ ქვეყნის მმართველი ირაკლი ღარიბაშვილია, მაგრამ საზოგადოებამ დაუსვას კითხვა საკუთარ თავს, რეალურად, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? - ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ, კრიტიკოსები, ჩემი ჩათვლით, ამას ვარაუდობდნენ, რომ, როცა ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა, ამხელა გავლენის- ფინანსების, ავტორიტეტის პირს ავტომატურად ექნებოდა ხელისუფლების მართვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სადავე, ვგულისხმობ გეოსტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. საგარეო ორიენტაციის კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში ეჭვი უნდა შეგვეპაროს. მისი რამდენიმე საჯარო განცხადება, შემდეგ უკვე უარყოფილი, სულ მინიმუმ, ეჭვის საფუძველს ტოვებს, რამდენად ადეკვატურია ივანიშვილი საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით. სომხეთში ვიზიტის დროს მას ნათქვამი აქვს, რომ სომხეთი სამაგალითო ქვეყანაა ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში და თეთრი შურით შურს მისი. მოგვიანებით ამას სხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა, მაგრამ პირველი ნათქვამი მნიშვნელოვანია.

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ამ ყველაფერს ითმენდა, თორემ თავიდანვე იგრძნობოდა მის მიმართ დაპირისპირება. თუკი ეს ყველაფერი იცოდა, რატომ ითმენდა? ეს თავშეკავება რით აიხსნება?

- ვფიქრობ, ირაკლი ალასანიას და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული ყველა პირის ხელისუფლებაში ყოფნა აუცილებელი იყო. ასოცირების ხელშეკრულება ვახსენეთ, აქ მარტო მინისტრ პეტრიაშვილის როლი კი არ იკვეთება, მინისტრ პეტრიაშვილს ჰყავდა სტაფი, გუნდი, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, 20-22 წლის ადამიანები, რომლებიც დღესა და ღამეს ათენებდნენ, რომ ყოველი მძიმე ჩაესწორებინათ ასოცირების ხელშეკრულებაში. ეს მე მინახავს. ამან განაპირობა ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით დასრულება.

ალასანიას ირგვლივ შექმნილი მოვლენები რომ მომხდარიყო უფრო ადრე, მათთვის ნერვებს რომ ეღალატა, ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას არ ექნებოდა. აქ იქნებოდა კოლექტიური რეზო ამაშუკელი ევროინტეგრაციის მინისტრად ან კოლექტიური სოსო ჯაჭვლიანი თავდაცვის მინისტრად. სოსო ჯაჭვლიანზე კი არ ვწვრილმანდები, ან რეზო ამაშუკელზე, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, ხელისუფლება და, განსაკუთრებით, ვინც საგარეო მიმართულებას კურირებს, ადეკვატური ადამიანებით დაკომპლექტეს. ეს ძაფი ამ ეტაპზე გაწყდა. ვიწროში გავიარეთ და გაწყდა. ახლა სხვა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. მაგალითად, ნატოს უელსის სამიტზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას საწვრთვნელი ცენტრი. ამის განხორციელება ისედაც რთული იყო მინისტრ ალასანიას პირობებში, ახლა გულწრფელად მაინტერესებს, მინდია ჯანელიძის პირობებში რა იქნება? უნდა ავიღოთ გამადიდებელი შუშა და დავაკვირდეთ, გაიზრდება თუ არა თავდაცვის ბიუჯეტი? მინისტრ ალასანიას, ანუ პრინციპული მინისტრის დროს 625 მილიონამდე დაიყვანა ღარიბაშვილის მთავრობამ თავდაცვის ბიუჯეტი, მინდია ჯანელიძის დროს ეს კიდევ ხომ არ დაიკლებს?

ივანიშვილ-ღარიბაშვილ-ალასანიას ურთიერთობის ქრონოლოგია რომ გავიხსენოთ, ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილი პირვანდელი განცხადება, რომ ალასანია ქვეყნის მართვასაც თავისუფლად შეძლებდა, შემდეგ იყო მსუბუქად ნათქვამი - ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა. ამას მოჰყვა ივანიშვილის მორიგი მესიჯი - აქვთ მცდელობა, ალასანია გადაიბირონ... კონკრეტულად, დაპირისპირების ნიშნები როდის დაიწყო და რაში ხედავთ ამ ნიშნებს?

- მე მაინც ვფიქრობ, რომ ბატონმა ივანიშვილმა ვერ აპატია ალასანიას ის, რომ ალასანიამ წააგო ზუგდიდის მაჟორიტარული არჩევნები. პირველი ეს არის და, სხვათა შორის, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვით ნაციონალებს, რომლებიც ჩააფიჩინდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როლანდ ახალაიას და მას გაამარჯვებინეს, მათ შორის, მნიშვნელოვანი პრობლემების შექმნით საარჩევნო კამპანიისას ზუგდიდში. ბიძინა ივანიშვილმა ეს ლიდერს- ირაკლი ალასანიას ვერ აპატია. მეორე - გახსოვთ, 2013 წლის თებერვალი, როცა ივანიშვილმა რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა ირაკლი ალასანიას საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით და, ასევე, იმის გამო, რომ თურმე ვიღაცას მიუტანია ხმა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს განუხილავს ირაკლი ალასანიას პრეზიდენტად დანიშვნის თუ არჩევის საკითხი და ეს არ მოსწონებია ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილს მართლა გულწრფელად ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს 4,5 მილიონი მოქალაქე, მას აქვს 7 მილიარდი დოლარი და მას შეუძლია, თითო-თითო მილიონი, ან ათას-ათასი დოლარი დაურიგოს ყველას და ამით მიიბას (არ მინდა ვთქვა, მოისყიდოს-მეთქი) ეს მოქალაქეები. მას ჰგონია, რომ ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტო - აღქმადობით ასე ჰგონია. ვერცერთმა ქართველმა, არათუ ახლა, სარაჯიშვილმაც კი, ვერ მიაღწია კაპიტალიზაციის იმ მასშტაბს, რა მასშტაბიც აქვს ერთ კონკრეტულ ბიძინა ივანიშვილს. მთელი საქართველოს ბიუჯეტი რომ ავწონოთ, დაახლოებით იმხელა ფული აქვს ივანიშვილს და მართლაც ჰგონია, ყველაზე წარმატებულია. არის კიდეც წარმატებული და ეს დამატებით ამბიციას უჩენს.

ალასანიასაც ჰქონდა პრეზიდენტობის ამბიცია.

- რატომ არ უნდა ჰქონოდა ეს ამბიცია? მეც მაქვს ეს ამბიცია. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ფეხბურთის მწვრთვნელობის, პრეზიდენტობის ან პრემიერმინისტრობის ამბიცია. ამის გამო არ შეიძლება რეპრესიული მანქანის ამოქმედება, რომელიც აამოქმედა ივანიშვილმა 2013 წლის თებერვალ-მარტში ალასანიას წინააღმდეგ. მაგრამ, ესეც არ არის პრობლემა. პრობლემა არის, რომ კრიტიკოსი, ან ეჭვიანი ადამიანები ამ ყველაფერს უკავშირებენ არა ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ ხასიათს, რომელიც მას ნამდვილად აქვს, არამედ სწორედ იმას, რომ ივანიშვილს სახელმწიფოს განვითარების წარმოდგენა არ აქვს.

დავუშვათ ვერსია, რომ მარგველაშვილის ნაცვლად, ირაკლი ალასანია გამხდარიყო პრეზიდენტი. ამ კონსტიტუციის პირობებში ეს იქნებოდა ფიქტიური პრეზიდენტობა. უღირდა კი ასეთი თანამდებობა?

- „ამ კონსტიტუციის პირობებში“ - ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. დღევანდელი კონსტიტუციითაც კი, პრეზიდენტი აღჭურვილია საკმაოდ სერიოზული უფლებებით. რასაკვირველია, ეს ის უფლებები არ არის, რაც სააკაშვილის პერიოდში, 2004-2013 წლებში არსებული კონსტიტუცია იყო. უღირდა თუ არა ირაკლი ალასანიას, წარსულზე და თურმეობითზე ვერ გადავალთ.

მაგრამ, უნდობლობა ცალმხრივი ვერ იქნებოდა და ამას ორმხრივი ხასიათი უნდა ჰქონდა. კარგით, ამას თავი დავანებოთ, დავით ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ალასანიას ამ ნაბიჯით ნაციონალები მაინც ვერ იხეირებენ. ეს გულის გაკეთების მცდელობაა, თუ, სინამდვილეში, ნაციონალებმა იხეირეს?

- გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი, რადგან მანდ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. პირველი ვერსიაა, რომ ალასანიას ოპოზიციაში წასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს წამყვანი ოპოზიციური ფრთის ე.წ. ევროპულ ნიშას. ამის შიში, შესაძლოა, აქვთ კიდეც ნაციონალებს. მეორე ვერსიაა იმის თაობაზე, რომ ნაციონალები გადალაგდებიან და თავად მოხდება მათში ფილტრაცია, ისინი გაემიჯნებიან იმ პირებს, რომელთა აღქმადობაც უარყოფითია. არის შემდეგი ვერსიაც, რომ საქართველოს მოსახლეობას მომავალ არჩევნებზე (როდესაც არ უნდა გაიმართოს ის), მოუწევს ღირებულებითი არჩევანის გაკეთება. მე ამ ვერსიას უფრო ვემხრობი და ამ ვერსიის განვითარება მსურს.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მოძლიერდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, რომლებსაც პირდაპირი ხაზი აქვთ რუსეთთან. რა გზით ხდება ეს - ხელზე დაფინანსებით, თუ გადარიცხვით, ვერ გეტყვით, მაგრამ, თუკი სამართლდამცავი სტრუქტურები კარგად იმუშავებენ, ამის გარკვევა პრობლემა არაა. ყველა კონკრეტულ სიტუაციაში, ეს იქნება კრიზისული ვითარება ავღანეთში თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ისინი წამოყოფენ თავს და იწყებენ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ ლაშქრობას. გადახედეთ, რა ხდება ქართულ ბეჭდურ მედიაში, როგორ ძლიერდება აქცენტები. როგორ კაგებეშნიკურ „ჩესტს“ უღებენ რუსებს პოეტები და პოეტად წიდებულები. ამიტომ ღირებულებითი არჩევანი უნდა გაკეთდეს და სრულ უმცირესობაში უნდა დავტოვოთ მარგინალური პრორუსული ძალები.

როცა ირაკლი ალასანიამ თავი ევროატლანტიკურ კურსთან გააიგივა, რამდენად სწორი სვლა იყო და ეს ჰიპერბოლიზირება პიროვნული ნიშნით ხომ არ იყო ნაკარნახევი? რამდენად შეიძლება ირაკლი ალასანია და დასავლური არჩევანი გავაიგივოთ?

- არც ერთი პოლიტიკური ლიდერი - არც ზვიად გამსახურდია, არც ირაკლი ალასანია, არც გიორგი მარგველაშვილი, არც სააკაშვილი და არც არავინ არ იგივდება დასავლეთთან. სრული ტოლობის ნიშანი, რასაკვირველია, არ არის ერთ პიროვნებასა და დასავლეთს შორის, მაგრამ მოცემულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაგვიჭირდება ისეთი ლიდერის დასახელება, რომელიც ყველაზე უფრო ღირებულ ურთიერთობას ინარჩუნებს დასავლეთთან და ღირებულებით არის პროდასავლელი. ალასანია რჩება ამ ნიშაში.

აქედან გამომდინარე, ფიქრობთ, რომ ეს არ იყო ალასანიას მხრიდან საუკეთესო გამოსავალი? სწორედ ამას მოჰყვა მისი გადაყენება. უკვე კეთდება განცხადებაც, რომ ალასანიამ თავი მოახსნევინა.

- ალასანიამ მოახსნევინა თავი თუ არა, ვერ გეტყვით, ამ ჭიუხებში ვერ შემოვალ, მაგრამ არსებობს კრიტიკული ვითარება, როცა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ მკვეთრი გადაწყვეტილებები. ალასანიას გადაწყვეტილებაც ამგვარი იყო.

ნაციონალებიც აქტიურ განცხადებებს არ აკლებენ, დავით ბაქრაძე ამბობს, ველოდები ალასანიას და ყველა სხვა პროდასავლურ პარტიასთან ერთად მზად ვიქნებით, ჩვენი ქვეყნის არჩევანი ერთად დავაფიქსიროთო.

-  ალასანია რას აპირებს, არ ვიცი. ეს ალასანიას უნდა ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ქვეყნისთვის კარგი იქნება, ყველა პროდასვლური ძალა დადგეს სწორედ ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს.