ალასანია საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს

ალასანია საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა ირაკლი ალასანიამდე მივიდეს. მისი დაკავების შესაძლებლობა არ გამორიცხა თავად ირაკლი ალასანიამაც.

„არაფერს გამოვრიცხავ, ვინაიდან გუშინ ალასანიამ თავის სატელევიზიო გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმეს დაჭერა უნდათ, აგერ ვარ და დამაპატიმრონო. ძალიან გაბედული და ვაჟკაცური ნაბიჯია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

ირაკლი ალასანიამ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას  აღნიშნა, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. „ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ მოხდეს ჩემი დაკავება. მირჩევნია მე დამიჭირონ და უდანაშაულო ადამიანებს დაანებონ თავი“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

როგორც ცნობილია, კაბელების საქმის შემდეგ, პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლისა და არქიტექტურის საქმეები გაასაჯაროვა. „კვების საქმეზე“ მთავარმა პროკურატურამ ბრალი ირაკლი ალასანიას 6 თანამშრომელს წაუყენა. გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმის მიხეილ ბესტაევის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსის ოთარ ჯეჯეიას და შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერების: აკაკი გიორგაძის, ლაშა გელოვანისა და თორნიკე ხუბუას წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურატურა ირაკლი ალასანიას 2 წლიან მოღვაწეობას დეტალურად სწავლობს. ამასთან, ალასანია პრემიერმა ღიად დაადანაშაულა ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში.

„მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება, ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსი შეახსენა თავდაცვის ყოფილ მინისტრს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, განცხადებები რომ პროკურატურის თავდასხმის ობიექტი არის თავდაცვის სამინისტრო, სასაცილო და გაუგებარია.

„თავდაცვის მინისტრი არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის მხარეს, ჩვენთვის არ იყო საინტერესო სად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ნებისმიერი ჩარევა საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, არსებობს შესაბამისი მუხლი, მე მინდა მოვუწოდო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მოქმედ პოლიტიკოსებს ეს განცხადება ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მოეშვან პოლიტიკურ სპეკულაციებს, იმიტომ, რომ თითოეული განცხადება მიმართული პროკურატურის წინააღმდეგ, არის ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში, ეწინააღმდეგება კანონს, პოლიტიკური თანამდებობის პირების უფლებამოსილებას“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირის საჩივარი დაუშვებლად სცნო. დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება და უკანონობა დატოვა ძალაში.