ევროინტეგრაციის კურსის საფრთხე, თუ საბოტაჟი ხელისუფლებაში?- ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნებაში“ პოლიტიკური კონფიგურაცია იცვლება - მმართველი კოალიცია ამ ეტაპზე რესპუბლიკელებს ინარჩუნებს, მაგრამ „თავისუფალი დემოკრატების“ გარეშე რჩება. პრემიერ-მინისტრი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა არჩევანი არა სახელმწიფოს, არამედ, პიროვნების სასარგებლოდ გააკეთეს. მათ ორი მინისტრის მიერ თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვებაში საბოტაჟის მცდელობაც დაინახეს. ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები კი მიიჩნევენ, რომ „მათთან ყოფნა აღარ ღირს“ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებენ.
კოალიციაში ვითარების დარეგულირება ვერც საგანგებოდ დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხერხდა. „მე არ მოვსულვარ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოლიტსაბჭოს დემონსტრაციულად დატოვების შემდეგ. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ალასანია დაგეგმილ დროს მოვიდა და შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში, საკუთარ თანაპარტიელებთან ერთად დატოვა.
„ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენს პარტნიორებს სიმბოლურად. კოალიციაში აღარ იქნება „თავისუფალი დემოკრატები“. რაც შეეხება დისკუსიას, ის რეალურად ვერ შედგა, აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან. დაგეგმილი მქონდა ჩვენი კოალიციის პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცემს შანს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა“,- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ კი განმარტა, რომ კოალიციაში ვერ დარჩებიან იმ ცილისწამებების ფონზე, რაც პრემიერმა მათი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ პროკურატურასთან შეთანხმებით განახორციელა, თუმცა ამ ეტაპზე თანამდებობებზე უარს არ იტყვიან.
„ჩვენ თანამდებობებიდან არ გადავდგებით, საბოტაჟად რომ არ შეირაცხოს ეს ყველაფერი“,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხოდომას 4 ნოემბერს გამართული შეხვედრის მსგავსად ესწრებოდა. თუმცა, არც გუშინ და არც დღეს ივანიშვილი ჟურნალისტებს არ უნახავთ. დახურულ თათბირებზე შესვლა-გამოსვლის დროს მას ოფისის ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტსაბჭოზე ყოფნა პრალამენტარმა გია ცაგარეიშვილმა დაადასტურა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე ივანიშვილმა საკუთარი პოზიციაც გამოხატა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის პოზიციის იდენტური იყო, „თავისუფალ დემოკრატებს“ კი თავის სამართლებელი არაფერი აქვთ.
„საბოდიშო ჩვენ არავისთან არაფერი გვჭირს, ეს ერთი და მეორე, ფეხი არ მოგვიცვლია იმ ღირებულებებიდან, რომლის გარშემოც ბატონ ბიძინასთან და სხვა ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად ვიბრძოდით 1-ელ ოქტომბრამდე. ის ბრძოლა და ის წარმატება, მათ შორის, მოტანილი იყო ჩვენს მიერაც, მაგრამ, დღეს, სამწუხაროდ, აზრის გამოთქმის საშუალება არ გვქონდა, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ. იმედი მაქვს, მომავალში თანამშრომლობა გაგრძელდება კოლეგებთან, პარლამენტში მათ სხვა წარმომადგენლებთან. არსად „თავისუფალი დემოკრატები“ არ გაქცეულან ბრძოლის ველი არ მიუტოვებიათ“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი მოვლენები შეუქცევადი ხასიათის გახდა და პოლიტიკური შეფერილობა მიიღო და აღარ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც მათი ხილვა არ სურთ.
„არც ალასანია და არც ჩვენ არ ვართ ქუჩიდან და შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები ამ საქმეში, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მამული და არც ერთი ნაბიჯით არ დაგვიხევია უკან“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, რომ კოლეგებთან ერთად ევროინტეგრაციისთვის ბრძოლას განაგრძობს და პარლამენტში პრობლემების შექმნასაც არ გეგმავენ, თუმცა ვერ აკონკრეტებს, კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგ გართულდება თუ არა პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცება.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაგვიანებით მივიდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციისთვის მხოლოდ ხმები არ არიან და მათი ყველა წევრი პიროვნულად ძალიან ღირებულია.
„იმედი მაქვს, მათ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პირად, პარტიულ და პიროვნულ განწყობებზე მაღლა დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები. დარწმუნებული ვართ, ჩვენ გამოვნახავთ ბევრ თემას პარლამენტში, რასთან დაკავშირებითაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა არ დაიშლება“, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ პირადად აპირებს მთავარ პროკურორთან შეხვედრას, რათა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეებზე მეტი ინფორმაცია მიიღოს, თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ მართებულად არ მიაჩნია, ძალოვანი უწყების პირველ პირსა და მეორე ძალოვან უწყებას შორის კონფრონტაცია.
„ძალიან უხერხული იყო ის განცხადება, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე გააკეთა თავდაცვის მინისტრმა, როდესაც მის უკან იდგა ქვეყნის შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრაზე ასევე დაგვიანებით მისულმა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ევროატლანტიკურ კურსს არ ცვლის და ამ საკითხით სპეკულაცია მიუღებელია.
„ქვეყნის ევროატლნტიკური ინტეგრაცია რჩება მთავრობის დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტად და ასევე მინდა ვთქვა, რომ მანკიერი პრაქტიკა, რომ არ დაელოდონ გამოძიების შედეგებს, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა დასრულდეს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პოლიტსაბჭოს სხდომა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომის მონაწილეთა უმრავლესობამ ჟურნალისტებთან შეხვედრას კვლავ თავი აარიდა და შენობა უკანა კარიდან დატოვა. ცენტრალული გამოსასვლელით მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ისარგებლეს.
„ევროატალნატიკურ არჩევანს ხელისუფლებაში დღეს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში და ყველა სხვა პრობლემებსა და საკითხებზე ვაპირებთ, კოალიციაში გავაგრძელოთ მსჯელობა“,- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებლად გაგრძელდება მსჯელობა მათი პარტიის მიერ დასმულ საკითხებზეც - კოალიციის მოდელის შესახებ და დღეს არსებულ სხვა გამოწვევებზე.
დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძე კი მინისტრების გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა სახელმწიფოებრივად იაზროვნა, როცა თანამდებობაზე დარჩა, მაია ფანჯიკიძემ კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების დროს პოლიტიკური განცხადების გაკეთებით შეცდომა დაუშვა.
„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ ვიღაცას სურვილი გაუჩნდა ჩვენს კოალიციაში ევროატლანტიკური კურსის ერთგულებაზე მონოპოლია განაცხადოს. გამოდის, რომ დღემდე თურმე რომელიღაც უწყება ახორციელებდა მხოლოდ ამ კურსს და მათი ძალისხმევით ხდებოდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
პოლიტსაბჭო დასრულდა, მაგრამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრები და საგანგებო განცხადებები არ წყდება. ხვალ, 6 ნოემბერს უკვე ჩანიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სპეციალური ბრიფინგი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კი შეხვედრას გეგმავს ირაკლი ღარიბაშვილი.