„ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი“, - ამ სიტყვების ავტორი აწ უკვე ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილია, რომლის განცხადებით, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და „ერთი პატარა ჯგუფუკა“, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს, მას ვერაფერს დააკლებს. მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ კურსის სადარაჯოზე იქნებიან და ძალიან ძვირად დაუჯდება ყველას, ვინც შეეცდება ამ კურსიდან გადახვევას.
for.ge „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
საქართველოს საგარეო კურსი საფრთხის ქვეშაა, ეს არის ირაკლი ალასანიას მთავარი მესიჯი. თავდაცვის მინისტრის განთავისუფლების შემდეგ, ანალოგიური მოტივით თქვენც დატოვეთ თანამდებობა. საით მიდის და რა ელის წინ ქვეყანას?
- სხვანაირად არც წარმომედგინა. არ დაგიმალავთ, ირაკლიც საქმის კურსში იყო, თუ კი, რაიმე ამდაგვარი იქნებოდა, მე აუცილებლად ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩვენ ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი იდეალების ერთგული ადამიანები ვართ. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიკრა „ნაციონალური რეჟიმის“ წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთგული ჩვენი ღირებულებების. თავაწეული მივდივარ ჩემი დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან, ჩემი ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი შევიტანე ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ მიღწევებში. რაც შეეხება კითხვას, საით მივდივართ, ძალიან სამწუხაროა და საგანგაშოც, რომ პროკურატურა ოფიციალურად არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გააზრებული ქმედება მათი მხრიდან?
- მათთვის, ვისაც სჭირდება ეს ანა-ბანა განვმარტავ, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი იმყოფებიან ქვეყნისთვის უმნიშვენელოვანეს ვიზიტებით წასულები, საქართველოს პროკურატურის უმაღლესმა პირებმა კარგად უნდა უწყოდნენ, რომ ამას აუციელებლად მოჰყვება ასეთი ტიპის პოლიტიკური კონტექსტი და შეფასებები. ასევე, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათი მხრიდან ამ ცეცხლის გახსნა, მათივე იმიჯისთვის და ქვეყნის იმიჯისთვის სერიოზული ზიანის მომტანია. როდესაც მეორე და მესამე საქმეები გამოჩნდა, უკვე ცალსახაა, რომ ეს იყო შეტევა.
პროკურატურის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 12 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თავდაცვის უწყების მიმართ...
- ალბათ. მე არ მაქვს ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ნათელი განაცხადი. თუ კი კაბელების საქმესთან დაკავშირებით იყო ძალიან ხმამაღალი განცხადება, რომ იქ არის 4 მილიონის გაფლანგვის ნიშნები, ამის შემდეგ უკვე წამოვიდა სხვა საქმეები - ექიმების საქმე... რომელი წელია, რა ხდება? ეჭვი არ მეპარება, რომ ამას ნამდვილად მოჰყვება სხვა საქმეები. პროკურატურის მხრიდან ეს არის უკვე საკუთარ ტყავზე ფიქრის მცდელობა.
სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია?
- მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ რეალურად, ის ფორმები და ის დრო, რა ვითარებაშიც მოხდა ამ ადამიანების დაკავება, შემდეგ ის კლოუნადა, რომელიც დაგეგმა ალექსი ბატიაშვილის დაკითხვით და 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ ჩნდება განსხვავებული ოქმი და ა.შ. ეს იყო პროკურატურის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული შეტევა.
პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებდა ამ გადაწყვეტილებაში?
- პროკურატურა თუ გავიდა კონტროლს გარეთ, ეს კიდევ უფრო სახიფათო მოვლენაა. პროკურატურა თუ არწმუნებს პრემიერს, რომ მათ აქვთ უეჭველი მტკიცებულებები და ამაში მაინც თუ იხარჯებიან, ამას მაინც არაუშავს, ეს ნაკლები უბედურებაა. ვწუხვარ, რომ პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაში, მხარედ მოგვევლინა.
თქვენც თვლით, რომ პრემიერმა პროკურორის რანგში ისაუბრა?
- მე აბსოლუტურად ვიზიარებ ირაკლი ალასანიას პოზიციას. ვწუხვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მხარე და მისთვის უფრო მეტად დამაჯერებელი გახდა პროკურატურის არგუმენტები, თუმცა სასამართლო დაადგენს ყველაფერს. პროკურატურამ ნებსით თუ უნებლიეთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ქვეყნის იმიჯს, თავდაცვის უწყების იმიჯს, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირს და კურსს სერიოზული ზიანი მიაყენა, ეს ცალსახაა, რაც უნდა ამტკიცონ პროკურატურის მაღალჩინოსნებმა.
ჩვენთან შეხვედრაზე და პრემიერის საუბრებიდან აშკარად ჩანდა (დარწმუნებული იყო და მან არც დამალა), ისეთი განწყობა შეუქმნეს პროკურატურის მაღალჩინოსნებმა, რომ აქ არის აშკარა დანაშაული. სამწუხაროა, რომ იგნორირებული იქნა ირაკლი ალასანიას ყველა არგუმენტი. მაგრამ არაუშავს, სასამართლოში წავა ეს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს პრინციპულობა, ეს სასამართლო დამოუკიდებლობის კიდევ ერთი ტესტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ჩამოიშლება ზუსტად ისევე, როგორც ყველა სხვა.
რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, რომ ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატაია საფრთხეშია...
- ცხოვრება გრძელდება. მტყუანიც და მართალიც აუცილებლად გამოჩნდება. ღმერთმა არ ჰქნას, რომ ამ სიტყვებში ჭეშმარიტება უფრო მეტი იყოს, ვიდრე იუმორი.
„ალასანია ძლიერი ლიდერია“, „საქართველი პოლიტიკური კრიზისია“, „ირაკლი ალასანიას და ალექსი პეტრიაშვილის გარეშე საქართველოში ძალიან განსხვავებული მთავრობა იქნება“, „შეძლებს თუ არა საქართველო, მიაღწიოს რეალურ პლურალიზმს“, - ასეთია საერთაშორისო გამოხმაურება. ალასანიას განცხადება, რომ მას ებრძვიან როგორც პროევროპელს, დასტურდება ამ გამოხმაურებებით?
- ბუნებრივია, რომ იქნება ძალიან სერიოზული წუხილი, შეშფოთებაც, პრინციპული და კიდევ უფრო მწვავე განცხადებებიც. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებდა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში, ტრანსფარენტულობაში, მენეჯმენტში თავდაცვის უწყებამ ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით გადადგა მართლაც წარმოუდგენლად ძლიერი და წარმატებული ნაბიჯები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველას უჩნდება ეს განწყობა და სერიოზული კითხვები.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ბრძოლა პროევროპელების წინააღმდეგ, არის თუ არა მართლაც, ერთადერთი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებში?
- რუსულ ინტერესებში და გეგმაში რომ ჯდება, ეს ცალსახაა. ახლა ყველაზე ბედნიერი არის ის ქვეყანა და იმ ქვეყნის შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. თავისი უმეცრებით, თუ მიზანმიმართული მუშაობით, ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის დაზოგვა მოახერხეს საქართველოს პროკურატურის ცალკეულმა მაღალჩინოსნებმა რუსეთის სპეციალური სამსახურებისთვის.
რეალურად ჩვენ ვხედავთ მატულობს ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ შეტევას, თავდასხმებს, პროვოკაციებს, ათასგავარ სიბინძურეს ავრცელებენ იმ უწყების და ხელმძღვანელის მიმართ, რომელიც ყველაზე წარმატებული და რეალური რგოლი იყო საქართველოსა და ევროატლანტიკურ თანამეგობრობას შორის. ამიტომ, მე ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ ეს ვითარება იდეალურად ჯდება რუსეთის გეგმებში.
რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოში გადმოინაცვლოს უკრაინის პროცესებმა?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხრივ იმპლიმენტაციის პროცესი არ შეფერხდეს. ამ საქმის კოორდინაცია ჩვენს აპარატს აქვს დავალებული. თხოვნით მივმართე ჩემს თანამშრომლებს, რომ არც ერთი წამით არ მოადუნონ ყურადღება და არ შეაფერხონ მუშაობა იმ ყოველდღიური უმნიშვნელოვანესი საქმიანობის აღსრულებაზე, რომელიც ემსახურება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულებას.
გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ უელსის სამიტის გადაწყვეტილებაც იყოს წარმატებით განხორციელებული და აღსრულებული.
როგორც ჩანს, მართლა ძალიან აანერვიულა და ძალიან მოხვდათ გულზე ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს თავდაცვის საშუალებათა ღონისძიებების მთელი კომპლექსი, რომელიც როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატში იქნა მიღებული. ყველა საჯარო მოხელე, ვინც ჩართულია ამ ქვეყნისთვის უმნიშვეელოვანეს საქმიანობაში, ათმაგი ენერგიით უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს.
აშშ-ის ელჩი ღიად აცხადებს, რომ ბრალდებების რაოდენობა აღძრავს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება ხდება პოლიტიზირებული ან პოლიტიკური მიზნისთვის. ელჩის განცხადებით დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშაა?
- ბუნებრივია, ასეთი ტიპის განცხადებები კიდევ იქნება. ჩვენს პარტნიორებს ეს აწუხებთ და ამის ნიშნებს რომ ხედავენ ეს ცალსახაა. ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა პროკურატურამ, ზიანის მომტანი იყო მათი ეს საქმიანობა და ეს მათ, უფრო სწორედ კონკრეტულ ადამიანებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. პროკურატურაში არის ძალიან ბევრი პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი, რომლებიც თავის საქმეს გაცილებით კარგად აკეთებენ, ვიდრე მათი ხელმძღვანელი პირები.
რას აპირებენ „თავისუფალი დემოკრატები“?
- 8 ნოემბერს ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებას. მინდა გითხრათ, რომ გუშინდელს აქეთ პარტიაში გაწევრიანების მსურველთა წარმოუდგენელი შემოტევაა. შემთხვევით ვისარგებლებ და მოვუწოდებ - ვისაც სურვილი აქვს, 8 ნოემბერს 3 საათზე ყრილობაზე მოვიდეს. გპირდებით, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება ჩვენი ყრილობა.