პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებას ყოფილი „ნაციონალების“ მეშვეობით ცდილობს. for.ge-ს ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, „თავისუფალი-დემოკრატები“ კოალიციას ოფიციალურად დატოვებენ, რის შედეგადაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე დადგება.
კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, უმრავლესობის შექმნისთვის 76 კანონმდებელია საჭირო და იმ შემთხვევაში თუ, კოალიციას „თავისუფალი-დემოკრატები“ დატოვებენ, უმრავლესობის რიგებს ათი დეპუტატი დააკლდება და „ქართულ ოცნებას“ 73 დეპუტატი ეყოლება. შესაბამისად, უმრავლესობა დაიშლება.
იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნოს, შესაძლოა, მათ საკუთარ რიგებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ბიზნესმენი დეპუტატები გადაიყვანონ. for.ge-ს ინფორმაციით, გუშინ, „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მინისტრებისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრას PSP-ის მფლობელი და ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი და ამავე ფრაქციის წევრი და ყოფილი „ნაციონალი“ სერგო ხაბულიანიც დაესწრნენ.
წყაროს ცნობით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, სწორედ, კახა ოქრიაშვილმა გამოთქვა სურვილი უმრავლესობის გადარჩენაში მონაწილეობის თაობაზე. ოქრიაშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა უმრავლესობის დაშლა არ დაუშვას, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ოქრიაშვილის გამოსვლას „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც ყოფილი „ნაციონალის“ მხრიდან მორალის კითხვა დაგმო და მას მოუწოდა, კოალიციის საქმეებში არ ჩარეულიყო. ოქრიაშვილისგან განსხვავებით, ხაბულიანს განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ამჟამად, ხელისუფლება უმრავლესობის გადარჩენას, სწორედ, „ნაციონალებიდან“ წამოსული კადრებით ცდილობს და მათთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. თუმცა, მმართველ გუნდში ათ „თავისუფალ-დემოკრატს“ ყოფილი ათი ნაციონალი ჩაანაცვლებს თუ არა, ეს ოფიციალურად ამ დრომდე არ კონკრეტდება.
უმრავლესობის რიგების შენარჩუნების რამდენიმე „ვარიაცია“ რომ არსებობს, ამას for.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე ადასტურებს, მაგრამ „ვარიაციები“ თუ რა ვერსიებს ეყრდნობა, არ გვიკონკრეტებს.
საგანელიძის განცხადებით, გათვლები და ბევრი ვარიაცია არსებობს.
საგანელიძისგან განსხვავებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი for.ge-ს არწმუნებს, რომ კოალიცია ყოფილ „ნაციონალებთან“ საერთო ენას ვერასდროს გამონახავს.
კანონმდებელის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას შეინარჩუნებს.
„საზოგადოებას დავამშვიდებ და დავარწმუნებ, რომ უმრავლესობა შენარჩუნებული იქნება. ჩვენი ხელისუფლება უნარიანია და გადაწყვეტილებების მისაღებად ხმები გვეყოფა. კრიზისების და აპოკალიფსური სურათის დამხატველ ადამიანებს იმედებს გავუცრუვებთ“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კოალიციის მიერ გუშინ გამართულ სხდომაზე, უმრავლესობის გადარჩენის გარდა, თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს, სადაც ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე „კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა, დავით საგანელიძემ და ნუკრი ქანთარიამ „თავისუფალი-დემოკრატები“ განსაკუთრებით გააკრიტიკეს და მათი ქმედებები დაგმეს, რომელთა დაცვას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „რესპუბლიკელები“ ცდილობდნენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სწორედ, ეს ძალები გამოვიდნენ და აცხადებდნენ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია არ უნდა გაეთავისუფლებინათ.