ირაკლი ალასანიას განთავისუფლების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ და დავით ზალკალიანმა. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს იუსტიციის მინისტრიც. პრემიერ-მინისტრმა დღესვე თავდაცვის მინისტრად მინდია ჯანელიძის კანდიდატურა წარუდგინა საზოგადოებას. თუმცა, ამ დრომდე ვაკანტურია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის და ოთხი მოადგილის თანამდებობა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძის შემცვლელად ორი კანდიდატურა სახელდება, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, არჩევანი სავარაუდოდ ზურაბ აბაშიძეზე გაკეთდება. ოფიციალური კომენტარი მთვარობის კანცელარიაში ჯერჯერობით არ კეთდება.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, ისინი მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. მინისტრის გადადგომის შემდეგ მოადგილეები შესაბამისად თანამდებობიდან გადამგარად და მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან. ირაკლი ალასანიას სულ 5 მოადგილე ჰყავდა - ირაკლი გეგეჭკორი, ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე. „ყველა ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას“, - განუცხადა „ინტერპესნიუსს“ ვაკო ავალიანმა, რომელიც არ აკონკრეტებს, გეგმავენ თუ არა მოადგილეები პოსტის დატოვებას.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი ვიდრე იყო მისი წინამორბედი. „ბევრად უფრო უკეთესი მინისტრი იქნება, ვიდრე იყო მისი წინამორბედი. ღირსეულად და ერთგულად ემსახურება ქართულ ჯარს და გააძლიერებს თავდაცვის სამინისტროს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ თანამდებობები დატოვეს. მაია ფანჯიკიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. ფანჯიკიძემ ასევე დატოვა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ რიგები.
„რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ მომავალი საქმიანობა, არამედ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეთ. საქართველოს ევროპული მომავალი არის ქართველი ხალხის არჩევნები და ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, რომელთაც შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
„მე არსად არ მივდივარ, არ გემშვიდობებით. მე ისევ აქ ვარ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ნახვამდის“, - განაცხადა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
„გაჩნდა კითხვები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. მე არ მაქვს მორალური უფლება დღეს სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს, ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი, 22 წელი ვემსახურე ამ სამსახურს და ამ საქმეს მივუძღვენი ყველაფერი. არც ერთ წუთს არ გადამიდგამს გაუაზრებელი ნაბიჯი, არც 2009 წელს, როდესაც გადავდექი ელჩობიდან, როდესაც კვლავ დავბრუნდი დიპლომატიურ სამსახურში დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარასდროს მომიწევდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. 2 წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას ჩემს მეგობრებთან ერთად. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის, იქ არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკანიანს დღესვე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეუქცევადი იქნება და მასზე სასაცილო და გულუბრყვილო განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.
„ეს ჩვენი მთავრობის და ქვეყნის მტკიცე არჩევანია. ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. სპეკულაციებია საგარეო კურსის ცვლილებებზე განცხადებები მათი სპეკულაციები და მათი არჩევანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მაია ფანჯიკიძეს, პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ მაია ფანჯიკიძემ ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა სახელმწიფოს მიმართ.
„ველოდით, რომ ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ თანამდებობებს, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის, თუმცა, რა ვქნათ, ეს მათი არჩევანი და უფლებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და წინსვლას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.