რადიკალური ისლამის საფრთხე აზერბაიჯანში სულ უფრო იზრდება. აზერბაიჯანულ მედიაში დაბეჭდილი სტატიის თანახმად, აზერბაიჯანში ვაჰაბიტების რიცხვი უკვე 40 ათასს აღწევს, სირიაში საბრძოლველად კი ასობით ადამიანია ჩასული. მათ შორის, სირიაში ოჯახებითაც ჩადიან.
ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების გადაბირებისა და სირიაში გაგზავნის ბრალდებით 6 აზერბაიჯანელი დააკავეს. როგორც ამბობენ, ამჟამად სირიაში აზერბაიჯანის 300-მდე მოქალაქე იბრძვის.
აზერბაიჯანში მოქმედი რადიკალური რელიგიური დაჯგუფებები უკვე მსხვილ სავაჭრო ობიექტებს ფლობენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის რელიგიურ სტრუქტურებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მუბარიზ ყურბანლი აცხადებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აზერბაიჯანში სახსრებს ტერორისტული დაჯგუფებებისთვის აგროვებდნენ. თუ შევნიშნეთ, რომ ვიღაც ფულს ჩვენი ახალგაზრდების სირიაში გასაგზავნად და „ისლამურ სახელმწიფოში“ გასაწევრიანებლად აგროვებს, წყაროს დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, - განაცხადა ყურბანლიმ და, ამასთან, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანში რიგით მოქალაქეებს რელიგიური საქმიანობის გამო აკავებენ.
12 ოქტომბერს ბაქოში ოპოზიციური მიტინგი გაიმართა, რომლის დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ისლამური სახელმწიფოს“ შავი დროშა აღმართა.
„კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს მზარდი ინტერესების შესაჩერებლად კავკასიური სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება გვჭირდება“, -აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
აზერბაიჯანული სპეცსამსახურები სერიოზულად არიან დაკავებულნი აზერბაიჯანში მზარდი რადიკალური ისლამის საფრთხის გაკონტროლებით. ამის მიუხედავად, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში აზერბაიჯანიდან ოჯახებით ჩადიან. უფრო მეტიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანი ჩრდილოეთ კავკასიასა და არაბულ სამყაროს შორის სატრანზიტო პუნქტად გადაიქცა. მეზობელ აზერბაიჯანში არსებული ვითარება რამდენად აისახება საქართველოზე?
- აზერბაიჯანელი ექსპერტები და მთავრობაც უკვე ადასტურებს ამ საფრთხის სამწუხარო რელობას. აზერბაიჯანის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში, მათ შორის, ზაქათალის და ბელაქნის მიდამოებში საკმაოდ გაძლიერებულად არიან წარმოდგენილნი სალაფიტური მუსლიმანური დაჯგუფებები. მათ მძლავრი სტრუქტურები აქვთ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებებში არიან შესულნი. თუნდაც ის, რომ 3 ტონა ჰეროინის გადატვირთვა საქართველოს ტერიტორიაზე სცადეს, ესეც ამის უტყუარი ფაქტია. ეს იყო თალიბანის ტვირთი და თალიბანმა უზრუნველყო აზერბაიჯანული ადგილობრივი ვაჰაბიტური დაჯგუფებების მეშვეობით ამ ტვირთის გატარება, ეს იყო სანდო ტიპის რგოლი. ანუ ამ ტვირთმა აზერბაიჯანის ტერიტორია გაიარა, რომელსაც აკონტროლებდნენ ვაჰაბიტები და შემდგომში მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ისინი მძლავრად არიან გამაგრებულები.
აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედებს დაღესტანში მოქმედი დაღესტნის შარიათული ჯამაათი, რომელიც კავკასიის ისლამური იმარატის ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელია. დაღესტანში დღეს საკმაოდ რთული სიტუაციაა, იქ გააქტიურებულნი არიან ვაჰაბიტური ტიპის სამხედრო დაჯგუფებებები და მათი გავლენაც ძლიერია აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილებში. მათი ერთ-ერთი დასაყრდენი ძალაა ტყის ძმების ჯამაათი, რომელიც მოქმედებს აზერბაიჯანში. ბაქოს ცენტრში ოფიციალურად მოქმედებს მეჩეთი, რომელიც ავითარებს ვაჰაბიტურ იდეებს, ასევე, იქ მოქმედებენ აქტიური რადიკალური ისლამისტური საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ ფინანსურ ტრანსაქციებს და აზერბაიჯანი გადაიქცა ერთგვარ ტრანზიტულ არეალად. როგორც ჩანს, მალე საქართველოც იქნება ასეთ არეალში მოხვედრილი, მით უმეტეს, აზერბაიჯანიდან 250 ადამიანი უკვე ოფიცალურად მოქმედებს ერაყის და ისლამური ხალიფატის შემადგენობაში, მათ აქვთ შექმნილი ჯამაათი, რომელიც მთლიანად კომპლექტდება აზერბაიჯანული წამომავლობის ისლამისტებით.
აზერბაიჯანში რადიკალიზმის საფრთხის შესახებ ამერიკული გამოცემა „The NATIONAL INTEREST“-იც წერს და ამ ყველაფერს აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ პრობლემას, სიღარიბეს, კორუფციას უკავშირებს, რაც მოსახლეობაში რადიკალურ განწყობებს ამწვავებს.
- მე, როგორც ანტიტერორისტული სამუშაო ჯგუფის წევრს, არ შემიძლია საამისო დოკუმენტური მასალების გამომზიურება, მაგრამ ასეთი მასალები მართლაც არსებობს. კრიზისების მართვის ცენტრი ჯერ კიდევ 2008-10 წლებში აქტიურად წერდა ამის შესახებ. კერძოდ, 100%-იანი საფრთხე შეიძლება დაემუქროს ალიევის ხელისუფლებას. მართალია, სოციალური ბუმი იქ ნაკლებად არის, აზერბაიჯანმა მოახერხა სოციალური უკმაყოფილების ჩახშობა, მაგრამ ამ ფონზე გაძლიერდა რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფებების მოქმედებები, მათი იდეოლოგიურ-რელიგიური იდეები. აზერბაიჯანში არსებული ათეისტური ტიპის გამოცდილების მქონე ადამიანების გადმობირება საკმაოდ იოლია. მით უმეტეს, ისლამისტები დიდ ფინანსურ თანხებსაც დებენ ამ საქმეში. მთიანი ყარაბახიდან გადმოსულ ლტოლვილებში დიდი უკმაყოფილებაა, მათ მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება. ამ სოციუმის პირობებში ახორციელებენ რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფებების მქადაგებლები თავიანთი მომხრეების მოძიებას. ასევე, ისინი ცდილობენ, აზერბაიჯანში მყოფ ეთნიკურ უმცირესობებზე იმუშაონ. ორმაგად აძლიერებენ მათში რელიგიური რადიკალიზმის იდეებს და, პლუს ამას, ეთნიკურ შუღლსაც თესავენ.
ჩრდილო კავკასიაში ვაჰაბიტურ საფრთხეზე ადრეც ვისაუბრეთ, თუკი სამხრეთიდანაც ასეთი რადიკალური ჯგუფები გაძლიერდებიან, მაშინ საქართველო ამ ყველაფრის შუაში აღმოჩნდება.
- ადრე ვამბობდი, რომ ეს საფრთხე მოსალოდნელი იყო. ეს რეალური საფრთხეა, რადგან აქ იკვეთება ახალი გადაჯგუფებები. უკვე აფხაზეთშიც გამოჩნდნენ ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები, საუბარია 50-კაციან ჯგუფზე. ასევე, საშიშია რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირება მოხეში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც ისლამისტებმა შეიძლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ და იქ ჯიჰადი გააჩაღონ. ეს ყველაფერი ნოყიერ ნიადაგს იძლევა. მათ შეუძლიათ, მუსლიმანების დაცვის მომიზეზებით საქართველო გამოაცხადონ ერთგვარ დარტყმის ეპიცენტრად, როგორც ეს მოხდა ერაყში. მათთვის სულერთია, პუტინის რუსეთი იქნება, თუ საქართველო, ორივე მათთვის მტერია და მუსლიმანების ჩაგვრას თუ დააფიქსირებენ, იქ აღმართავენ თავიანთ ისლამისტურ შავ დროშას.
ანუ ეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის პუტინისეული მეთოდია?
- რა თქმა უნდა, ერაყში უცებ რატომ შეიჭრა ისლამური ხალიფატი? სწორედ ეს მოიმიზეზეს, რომ მოსულისა და კირკუკის მიდამოებში ხდებოდა სუნიტური მოსახლეობის ჩაგვრა. ბუნებრივია, ისინი შევიდნენ ამ მუსლიმანური მოსახლეობის დასაცავად. სხვათა შორის, ბევრი სუნიტური წარმოშობის ადგილობრივი ტომი სიამოვნებით გადავიდა ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ერაყის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ შორის, სადამის რეჟიმის ყოფილი მომხრეები საკმაოდ გაძლიერდნენ. გარკვეულწილად, ისლამურმა ხალიფატმა შეასრულა ადგილობრივი სუნიტური მოსახლეობის და სუნიტიური ტომების ერთგვარი დაკვეთა. ესაა სამწუხარო რეალობა. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერაყში შეჭრის რა მოტივი ჰქონდა ისლამურ ხალიფატს და რატომ გაძლიერდა. რა თქმა უნდა, მას წმინდა გეოსტრატეგიული მიზნები ჰქონდა, ამით კიდევ უფრო გაძლიერდა მისი გავლენა, მაგრამ ოფიციალური შეჭრის მიზეზი ეს იყო.
მეორე მაგალითს გავიხსენებ, როცა 1998 წელს კავკასიელმა ჯიჰადისტებმა, რომლებსაც შამილ ბასაევი და ახმედ ჰატაბი მეთაურობდნენ, სწორედ ისლამური სამშვიდობო ე.წ. ძალების თანხლებით დაიწყეს გადასვლა დაღესტანში. სამი სოფელი ვაჰაბიტური სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, მათაც ამ სამი სოფლის დაცვის მოტივით მოახდინეს დაღესტანში ინტერვენცია და 200-კაციანი ჯგუფით შეიჭრნენ. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მოაგვაროს ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, თორემ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ სერიოზული დარტყმა ისლამური ხალიფატისგან. მით უმეტეს, აზერბაიჯანში სიტუაცია უკიდურესად მწვავდება.
კონკრეტულად რა უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ?
- დღევანდელმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს კავკასიური სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება. სანამ სტრატეგია არ შემუშავდება, მანამ არაფერი გვეშველება. ბოლოს და ბოლოს, დანიშნოს ღარიბაშვილმა სპეციალური წარმომადგენელი ან თანაშემწე კავკასიის პოლიტიკის საკითხებში, ან შექმნას რაღაც ცენტრი, რომელიც იმუშავებს კავკასიის საკითხების და კავკასიის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაზე. მაგრამ, მათ ეს არ ესმით. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, ედუარდ შევარდნაძე ყველაზე გონიერი პოლიტიკოსი იყო, ჯერ კიდევ 1996 წელს მან შექმნა მშვიდობიანი კავკასიის სახელმწიფო ბიურო და პარლამენტში მოქმედებდა მსგავსი კომიტეტი. სხვათა შორის, გუბაზ სანიკიძე, რომელიც დღეს არის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საკმაოდ ეფექტურია, ამ მიმართულებით, კარგად მუშაობს და ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საპარლამენტო დონეზე მისი მუშაობა საკმარისი არ არის, მას მხარი უნდა აუბას აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც, რასაც არ ცდილობენ.
კავკასიური ერთიანობის იდეა ილია ჭავჭავაძიდან მოდის, მაგრამ პრორუსულად განწყობილ სომხეთს და, ასევე, აზერბაიჯანს, თავისი გაურკვეველი მიმართულებით, აქვს ამისთვის მზაობა? მათ სურთ კავკასიური ერთობა?
- კი, არის მზაობა. ინიციატივებისა და წინადადებების შემთხვევაში, მზაობა იქნება თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს აერთიანებს ისლამური ხალიფატის საფრთხე. არის კიდევ საერთო ეკონომიკური და სოციალური პროექტები, პროგრამები, იგივე თბილისი-ყარსის რკინიგზა, რაც საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საერთო ინტერესში ხორციელდება. გარდა ამისა, სომხეთი სატრანზიტო მონაკვეთზე მდებარეობს და შეიძლება, მასაც შეექმნას საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ იქ მონოეთნიკური სტრუქტურაა შექმნილი. ესეც არაა ბარიერი ისლამისტებისთვის, გლობალური ჯიჰადის მომხრეებისთვის. პლუს, ისტორიული გამოცდილება, როდესაც კავკასია იყო ერთიანი გაერთიანებული სახელმწიფო. შემიძლია მოგიყვანოთ ამიერკავკასიის სეიმის მაგალითი და საბჭოთა პერიოდში ამიერკავკასიის სამი სოციალისტური ფედერალისტური რესპუბლიკის პრეცედენტი.
კავკასიური სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, ალბათ, ზიანდება ისეთი განცხადებებით, რომლებიც კონკრეტიულ ზრახვებს უკავშირდება. მაგალითად, აზერბაიჯანელი დეპუტატი - ზაჰიდ ორუჯი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელებმა საქართველოში უნდა მოითხოვონ კულტურული ავტონომია.
- ზოგადად, ორუჯი რადიკალური იდეებით გამოირჩევა. კულტურულ ავტონომიას რაც შეეხება, ჩვენი ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების კულტურულ განვითარებას. თუმცა, სანამ აღმასრულებელ დონეზე არ შეიქმნება კავკასიის პოლიტიკის სტრატეგია, მანამდე არაფერი ეშველება ამ სფეროს.