საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
ბატონო რამაზ, იმით რაც დღეს მმართველ კოალიციაში ხდება, ვინ რჩება მოგებული?
- სიმართლე გითხრათ, ბოლო დღეებში რაც ექსპერტულ საზოგადოებასა და ანალიტიკოსებს აწუხებს სწორედ ამ კითხვაზე პასუხია. ვინ რჩება მოგებული? - ეს არის კითხვა რომლის პასუხზეც უნდა ავაწყოთ ლოგიკა. მთელი ამ ამბიდან რჩება მოგებული „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მმართველი გუნდისთვის ეს განხეთქილება, თუ მოხდა ასეთი, ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. ალასანია უცხოეთისთვის არის თვალსაჩინო პროდასავლრი ფიგურა, აქ - ალასანიას ჰყავს ძლიერი გუნდი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში და აქვს ფართე საზოგადოებაში რეიტინგი. მისი გვერდზე გაწევა კოალიციიდან კოალიციის ყველა სუბიექტს უსუსურ მდგომარეობაში დატოვებს, რომლის ფონზეც თავად პარლამენტის ბედ-იღბალიც (ანუ შეეძლება თუ არა პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება, იქნება თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება ქმედუნარიანი), დგება დღის წესრიგში. რაში უნდა აწყობდეს სახელისუფლებო გუნდს ალასანიასთან დაპირისპირება, ამ ფონზე ჩემთვის გაუგებარია.
თუ სახელისუფლებო გუნდს არ აწყობდა ალასანიასთან დაპირისპირება რითი აიხსნება პროკურატურის შეტევა თავდაცვის სამინისტროზე? „სილქნეტთან“ ერთად ძველი საქმეც წამოტივტივდა და თავდაცვის სამინისტროს კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს...
- თუკი ამ საქმეების წამომტივტივებელი არის ხელისუფლება - „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია ჩემთვის იმითაც არის უფრო დამაჯერებელი, რომ მას არ აქვს კავშირები გაწყვეტილი პროკურატურასთან და სამართალდამცავ სისტემასთან. ხელისუფლებში კი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ბევრი ბერკეტი აქვს. გავიხსენოთ, კომპრომატების დაგროვება როგორ უყვარდა და განა პროკურორებზე არ ექნება კომპრომატები, რომლითაც მათ თავისი ინტერესების სასარგებლოდ ამოქმედებს? ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია არ არის ჩემთვის გვერზე გადასადები ვარიანტი.
თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ისეთი ნაღმების ჩადება, რომ ხელისუფლების გახლეჩვა მოახერხოს, ეს თავად ხელისუფლების მიმართ არ ბადებს კითხვებს, რამდენად ფლობს ქვეყნის მართვის ბერკეტებს?
- ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტია ხელისუფლებისთვის. ჩვენ ხომ არაერთხელ ვნახეთ, რომ ხან პროკურატურის გაკეთებული საქმე არ იყო იმ დონეზე, რომ ხელისუფლებას ჩრდილი არ მისდგომოდა, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ უცხოეთში. ხან სასამართლო ხელისუფლებას გამოჰქონდა ის გადაწყვეტილებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აღტაცებას უფრო იწვევდა, ვიდრე ხელისუფლების.
ანუ, ხელისუფლება მართავს სამართალდაცვითი მიმართულებითო, ეს პოზიცია ამ ინციდენტის გარდა ბევრი სხვა ინციდენტის გახსენებითაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. თუმცა, ეს ინციდენტი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ხელისუფლება როგორ გაართმევს მას თავს, ამითი ბევრი რამ გამოვლინდება.
გავიხსენოთ, რომ პოროშენკომ, როდესაც შეამჩნია არაეფექტურობა მისი ხელისუფლებისა, ძალიან ბევრი პირი და მათ შორის პროკურორებიც, დაახლოებით 30 თუ 40 პირი გაათავისუფლა თანამდებობიდან. ასეთი წმენდა, თუ შეიძლება, ითქვას, პოლიტიკური, ანუ იმ მოტივით, რომ შესაძლოა სახელმწიფოს ვნებდეს, საქართველოში არ ჩატარებულა. ასე რომ, მართავს ხელისუფლება სიტუაციასო, ალბათ, საბაბიც არ გვაქვს ვთქვათ, რადგან არც ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ მართვის ბერკეტები მოეპოვებინა, კადრები შეეცვალა და ა.შ. არ გადადგმულა.
რატომ არ გადაიდგა, აქაც კითხვები ჩნდება. როგორ ფიქრობთ, დასავლეთის განაწყენებას მოერიდნენ?
- ეგ უფრო რთული კითხვაა, ვიდრე შემიძლია პასუხი გავცე, არც მე არ მაქვას მაგ კითხვაზე პასუხი. ერთი ვარიანტი არის, რომ შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან იმ შენიშვნებს მოერიდნენ, რომელიც დღესაც ისმის. მეორე - თვითონ ხელისუფლება ხშირად ამბობს, ახალი კადრები სად ვიპოვოთ, ამიტომ ძველი გადმოვიბიროთ უკეთესიაო. მაგრამ ის გადმობირებული არის გადმობირებული თუ მხოლოდ ტანსაცმელი აქვს შეცვლილი, საკითხავია. მესამე - გამოუცდელია ხელისუფლება, არ იცის სად რა საფრთხები ელოდება და არ იცის, სად როგორ მოიქცეს.
დავუშვათ ნაციონალების ვერსია არის ერთ-ერთი, სხვა რა ვერსიები შეიძლება განვიხილოთ - პარტია „ქართული ოცნების“, მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები დასაწყისშივე არ ყოფილა ნეიტრალური ალასანიას მიმართ...
- მართლაც არ იყო ეს განცხადებები ალასანიას მხარდამჭერი, ღარიბაშვილის განცხადებები კითხვის ნიშნების არსებობას უსვამდა ხაზს, ასეთი განცხადებები შეიძლება ჯერ კიდევ ასახავდეს ცალკეული პოლიტიკოსების პოზიციას, რომლებმაც არ იციან მთლიანი პროცესი.
რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, ის დარწმუნებულია, რომ ამ თემას პოლიტიკური სარჩული აქვს, ვერ შემაშინებენ ვერ პროკურატურით და ვერც „ტალახითო“, მას არ აქვს საფუძველი რომ მის უწყებაში განვითარებულ მოვლმნებს პოლიტიკური უწოდოს?
- პოლიტიკური ამ შემთხვევაში ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს, იმასაც რითაც საუბარი დავიწყეთ, რომ შესაძლოა, ამას პოლიტიკური ოპონენტები აკეთებენ. მედიის დიდი ნაწილი იმაზეც მსჯელობს, რომ სახელისუფლებო გუნდში ხდება რაღაც. შეიძლება, იყოს მესამე ვარიანტიც, რაშიც ალასანიას განცხადებაშიც იყო მინიშნება, რომ ვინც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ კურსს, მათ აწყობს ეს სიტუაცია. იმაში ვისაც სურს, ხელი შეუშალოს ევროპულ კურსს, რუსეთიც შეიძლება იგულისხმებოდეს და საკუთარი ემისრების საშუალებით აკეთებდეს ამ ყველაფერს.
რა უნდა გააკეთოს მმართველმა ძალამ იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი აიცილოს?
- მივყვებოდი დავით უსუფაშვილის ფორმულას, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. თუ დამნაშავეები არიან, უნდა დაისაჯონ, მაგრამ თუ უდანაშაულოები არიან, უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს საქმე წამოიწყო - გულისხმობდა პროკურატურას. ვფიქრობ, ეს პათოსი, რომ პროკურატურა არ აღმნოჩნდეს ხელშეუხებელი, როგორც აქამდე იყო და ის გახადო პასუხისმგებელი ამ ტიპის შეცდომებზე, რომელსაც შეიძლება ქვეყნისთვის მძიმე შედეგი ჰქონდეს, მე მგონი, ეს გზა არის ყველაზე მისაღები.
იმ სიტუაციიდან რაც გვაქვს, გამორიცხავთ კოალიციის დაშლას?
- ჩვენ სამ ვერსიას შევეხეთ, მიზეზები შეიძლება იყოს, ხელისუფლებაში, ოპოზიციაში და გარეთ. გამორიცხვით არც ერთს არ გამოვრიცხავ, თუმცა ინტერესის ლოგიკით უფრო მეტად ვვარაუდობ, რომ ნაციონალების მიზეზით იყოს, თუმცა რუსეთისა და ნაციონალების ვერსიები ერთმანეთს არ გამორიცხავს.
ნაციონალები და რუსეთი შეთქმულების თეორიას ხომ არ ჰგავს?
- ნაციონალებისა და რუსეთის კავშირზე სინამდვილეში ბევრი ლაპარაკობს, ეს კავშირი დაწყებული იქიდან, რომ ნაციონალებმა დაასუსტეს კოდორი, მერე ახალგორი მიუერთეს ოსეთს, 2008 წლის პროვოკაციაში ჩაერთვნენ, ეკონომიკური ბერკეტები ჩაუგდეს ხელში რუსეთს, ამიტომ ეს კავშირი კიდევ მოითხოვს გამოძიებასა და გამოკვლევას. მარტო შეთქმულების თეორიით ამ კავშირზე ლაპარაკი არ მგონია, სწორი იყოს. თანაც პოლიტიკას შეთქმულებები სჩვევია.
ანუ შიდა და გარე ძალების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, ვის შეიძლება დასუსტებული ქვეყანა და გახლეჩილი ხელისუფლება აწყობდეს?
- ყველა დროსა და ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში - ჩვენ ხომ დასავლური ტიპის ოპოზიციონერობა არ ვიცით, ყოველთვის იყო ოპოზიციის სულისკვეთება, რომ დასუსტდეს ქვეყანა და ამის გამო ხელისუფლება შეიცვალოს. ასე იქცეოდა ბევრი ადრე და ასე იქცეოდნენ თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ ინიციატორები.
მედიაში აქტიურად განიხილება, რომ შესაძლოა, ეს არის ივანიშვილ-ღარიბაშვილის დაკვეთაც - ამდენად რეალურად მიიჩნევთ ამ ვერსიას?
- ამ დაკვეთის შედეგი თუ მიიღეს, ანუ გვერდზე გამდგარი აღმოჩნდა ალასანია, მაშინ ხომ მათივე კოალიცია დასუსტდება, თანაც ძალზე სერიოზულად. არ ვლაპარაკობ იმაზე, ვინ ვის უყვარს ან არ უყვარს. ემოციების გარეშე, რაციონალურად, რა მოტივი უნდა ჰქონდეთ იმისათვის რომ ასეთ ნაბიჯი გადადგან?- ეს არის ჩემთვის გაუგებარი.
ანუ, ეს ვერსია შედარებით ნაკლებად უახლოვდება რეალობას?
- ნუ გამოვრიცხავთ ნურაფერს, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ხანდახან ისეთი სისულელეები ხდება, ძნელი წარმოსადგენია, ლოგიკიდან თუ გამოხვალ. მე ლოგიკიდან გამომდინარე ვერსიას გთავაზობთ, მაგრამ გამორიცხვით გამიჭირდება რაიმე გამოვრიცხო.