ევროინტეგრაცია და ორი თავისუფალი სავარძელი მინისტრთა კაბინეტში

ევროინტეგრაცია და ორი თავისუფალი სავარძელი მინისტრთა კაბინეტში

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ერთგვარ პიკს აღწევს. მინისტრთა კაბინეტში ორი სავარძელი თავისუფალია. თავდაცვის მინისტრი აღარ არის ირაკლი ალასანია და ვაკანტური ხდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გადააყენა. ალექსი პეტრიაშვილმა კი პოსტზე უარი სოლიდარობის ნიშნად თქვა - „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერს გადადგომის თხოვნით ხვალ ოფიციალურად მიმართავს.

სამინისტროდან დათხოვნამდე ალასანიამ თავდაცვის მინისტრის სტატუსით ბოლო საგანგებო განცხადება გააკეთა და პროკურატურისა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე მიტანილ იერიშად შეაფასა.

„მინდა, ცალსახად ვთქვა, აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, როდესაც საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს ჩვენი სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელები. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ციხეში, ისინი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში. ეს ყველაფერი მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თვდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციასა და ჩვენი ქვეყნის მომავალთან“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე, რომელსაც მისი თანაპარტიელები - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის სტატუსის მქომე ალასანიამ მმართველი კოალიციის პოლიტიკური საბჭოს შეკრება მოითხოვა და პროკურატურის ქმედებებზე ამ ფორმატში მსჯელობის ინიციატივით გამოვიდა.

„შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეული იყო და არის თავისი წარმატებით რეფორმებში, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორის ვარ. მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს 2012 წლის არჩევნების შემდეგ და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ალასანიამ და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა - კითხვებზე პასუხი სამომავლოდ გადადო.

ალასანიას თანაგუნდელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე წაუსვლელობით საკუთარი პოზიცია გამოხატა.

„დღეს არ მივიღეთ მონაწილეობა უმრავლესობის სხდომაში და მოვითხოვეთ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, რომელიც კოალიციის უმაღლესი ორგანოა. ჩვენ არავის არ ვემიჯნებით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსით ალასაინიას გვერდით მდგომმა ალექსი პეტრიაშვილმა კი აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ევროატლანტიკური კურსის და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავლენ.

„ჩვენ ვართ ერთიანი როგორც არასდროს, აბსოლუტურად ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ საქართველომ შეუფერხებლად უნდა განაგრძოს კურსი ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით, ვართ აბსოლუტურად ერთსულოვანნი, რომ ქვეყანა საჭიროებს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და ამ პროცესში ყველას როლი არის უმნიშვნელოვანესი, შესაბამისად ყველა „თავისუფალი დემოკრატი“ იდგება იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები“,- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის ერთსულოვნებაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ და კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა თეა წულუკიანი ალასანიას საგანგებო განცხადებას, განმარტა, რომ წულუკიანს პარტიის წევრობა იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეუჩერდა.

For.ge-ს კითხვაზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა 8 ნოემბრისთის დაგეგმილი „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის გადადება, ვიქტორ დოლიძემ ასე უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში, დავაქუხებთ ბოლომდე!“

ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

„პოლიტიკურ (პარტიულ) ანალიზს არ გაკადრებთ, ჩემზე უკეთ გაანალიზებთ თუ რას ნიშნავს ალასანიას გადაყენება... მაგრამ, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოებრიობის ნიშნებს კარგავს და სახელმწიფოს შემადგენელ ინსტიტუტების დასუსტების მოწმეა... ამ ქვეყნისთვის, სადაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს გამოუცდელი ახალგაზრდა, დღეს თავდაცვის სამინისტროს დასუსტება და მის სათავეში ყველასთვის უცნობი და გამოუცდელი პიროვენების დანიშვნა... ამ ხერხემალის მოშლას ნიშნავს!!!!!! ამ დროს აფხაზეთში წუთიერად იცვლება სიტუაცია, ამ დროს ტერორიზმი ჩვენ კარებს მომდგარია, ამ დროს საქართველო ვის ახსოვს????“, - წერს ზურაბიშვილი საკუთარ გვერდზე.