კოალიციის შესაძლო დაშლაზე პოლიტიკურ კულუარებში დიდი ხნის განმავლობაში სხვადასვა ტიპის ვერსიები ვრცელდებოდა, განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, თუმცა საბოლოო გადათამაშება იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ პოზიციას დაიკავებდა მმართველი ჯგუფი. ექსპერტულ წრეებშიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კოალიციის სუბიექტებს შორის გარკვეული მოძრაობების მიზანი პროდასავლური ფრთის გაძლიერება იყო მმართველ კოალიციში. ასევე, ვრცელდებოდა ვერსია, რომ პროდასავლური ფრთის გაძლიერებასთან ერთად მოხდებოდა პრორუსული ძალების დისტანცირება მმართველობის სათავეებიდან.
ამ კულუარულ ინფორმაციას, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში ვრცელდებოდა, მოგვიანებით ორი ფაქტი მოჰყვა - კოალიციის სუბიექტებმა საკუთარი პარტიების გაძლიერების მიმართულებით გადადგეს ნაბიჯები - პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გუნდი ჯანყარაშვილით გაამყარა, ხოლო თავდაცვის მინისტრმა საკუთარი პარტიის გაძლირების მოტივით პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც ჩანს, გარკვეული მოლაპარაკებები კოალიციის მხარეებს შორის მიმდინარეობდა, რადგან ალასანიას პარტიის ყრილობამ ერთი თვით გადაიწია.
რა ტიპის მოლაპარაკებები შედგა, რაზე მორიგდნენ, ან შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეთანხმება მხარეებს შორის, უცნობია, თუმცა ფაქტებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, შეთანხმება ვერ შედგა, რადგან „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკმაოდ მკვეთრი განცხდებების კეთება დაიწყო კოალიციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით.
ძნელი სათქმელია, რა დოზით ჰქონდა პარტია „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან რესპუბლიკელების შევიწროებას ადგილი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი განცხადებები სწორედ ამის შესახებ გააკეთა დავით ბერძენიშვილმა.
ამ ფონზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკვება, ვინც პოლიტიკურ პროცესებს გარედან ადევნებს თვალს, მმართველი ჯგუფის საპასუხო ნაბიჯად ჩაითვალა, თუმცა თუ ეს ასეა, ძნელი სათქმელია, რა შედეგზე იყო გათვლილი.
ფაქტია, რომ ამ ხმაურიან დაკავებებს ორი ტიპის განცხადებები მოჰყვა - პარტია „ქართული ოცნება“, მისი რამდენიმე ლიდერის განცხადებებიდან გამომდინარე, ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ მხრივ, საინტერესო იყო გიორგი ვოლსკის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ დრწმუნებულია, ალასანია არ არის ის ფიგურა, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცევა და ა.შ. მოგვიანებით კი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.
სახელისუფლებო ჯგუფის პოზიციას აქტიურად ამყარებდა, რა თქმა უნდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც. ამ ორგანიზაციების ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე კი, როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი ალასანიას მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნაზე ოცნებობს - ნიკოლოზ მჟავანაზე ამ პოზიციას დიდი ხანია, ახმოვანებს და ალასანიას მოსალოდნელი დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მეტიც - არასამთავრო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული კონფრონტაცია დაიწყოს - როდესაც მსგავსი განცხადებები ვრცელდება, ცხადია რომ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ვიღაც აშკარად იბრძვის.
როგორც უკვე ვთქვით, კეთდება სხვა ტიპის განცხადებებიც, რომლის თანახმადაც პოლიტიკური მოტივების თაობაზე გამოითქმის ეჭვები. ასეთი ტიპის განცხადებების ავტორები ძირითადად, რესპუბლიკელები და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, როგორიცაა საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, კონსტიტუიის 42-ე მუხლი და ა.შ...
როგორ განვითარდება მოვლენები, ვფიქრობთ, ძირითადი ტენდენცია უკვე უახლოეს მომავალში გამოიკვეთება, მაგრამ თუკი პოლიტიკური სარჩულის შესახებ ეჭვები გამართლდება, საინტერესოა, რა იგეგმებოდა ალასანიას საწინააღმდეგო კამპანიის დაწყებით და რეალურად, რა შედეგი დადგება.
ამ ეტაპზე შესაძლოა რამდენიმე ვერსია განვიხილოთ - თუ ეს იყო გაფრთხილება, რომ ალასანიამ დამოუკიდებელი თამაში შეწყვიტოს, ეს სვლა მინიმუმ ორ შედეგზე უნდა ყოფილიყო გათვლილი - შეთანხმებაზე ან პირიქით, დაპირისპირების გამწვავებაზე.
შეთანხმების შემთხვევაში ალასანია-რესპუბლიკელები მიიღებენ შედარებით გაფართოებულ უფლებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალასანია ტოვებს კოალიციას. თუ რესპუბლიკელები მას შეუერთდებიან და კოალიციებისა და გაერთიანებების დატოვების გამოცდილება მათ საკმაოდ დიდი აქვთ, ასეთ შემთხვევაში, პარტია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეს იძენს.
კიდევ ერთი ვერსია, რაც შეიძლება განვიხილოთ, არის კოალიციიდან მხოლოდ ალასანიას გასვლა, რაც მისთვის საკმაოდ წამგებიანი იქნება, თუმცა ნაციონალები შეეცდებიან ეს ფაქტი მისთვის სასარგებლოდ და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერსია უნდა გამოირიცხოს, რადგან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განცხადებით, „ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ლიდერი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და „კოალიციის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს პარტნიორ პარტიას“.
როგორც პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე აცხადებს „რესპუბლიკური პარტია“ თავის მხრივ, სოლიდარობას უცხადებს ირაკლი ალასანიას და იმედოვნებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება“. თუმცა პარტიის თავმჯდომარე იმასაც აცხადებს, რომ მოლოდინებს „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ მომენტში არანაირი საფუძველი არ აქვს.
რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია რესპუბლიკელების პოზიცია - მათი მხრიდან ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებამდე გაკეთებულ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, აქტიური თამაში სწორედ მათ წამოიწყეს, როდესაც „ქართული ოცნების“ მხრიდან შევიწროებაზე დაიწყეს ლაპარაკი.
რა მოხდა რეალურად თავდაცვის სამინისტროში, ფაქტობრივად, უცნობია - გრიფით საიდუმლო არც ადვოკატებს და არც საზოგადოებას ჭეშმარიტებასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს, თანაც გრიფით „საიდუმლო“ საკმაოდ მძიმე მოგონებებთანაც ასოცირდება - წინა ხელისუფლების დროს თითქმის ყველა საეჭვო დაკავება სწორედ საიდუმლო გრიფით იყო შენიღბული. ამ ფონზე განხორციელებული კიდევ ახალი დაკავებები თავდაცვის სამინისტროში, ძველ საქმესთან (ჯარისკაცების მოწამვლა) დაკავშირებით, გარედან კიდევ უფრო საეჭვოდ გამოიყურება და პოლიტიკური სარჩულის შესახებ ეჭვებს მეტად ამძაფრებს.
თუმცა მთავარი საკითხი, რაც ამ ეტაპზე დღის წესრიგშია - მივა თუ არა საქმე ალასანიას განეიტრალებამდე და თუ მართლაც ასე მოხდა, რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს.
დღევანდელი განცხადებების გათვალისწინებით, შესაძლოა, რეაქცია იყოს საკმაოდ მძაფრი - ამის დასტურად გამოდგება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებები:
„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას კითხვები აქვს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან არასწორია და ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით შეკითხვებს ბადებს“, -აცხადებს სამნიძე.
მისივე განმარტებით, არსებობს შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილზე ამ საქმეში და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კითხვები იქნება თუ არ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი.
„სანამ ჯერ კიდევ გრიფი ადევს საქმეს, როდესაც საუბარია პროკურატურის ზეწოლაზე და პროცედურულ დარღვევებზე, რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება. ამ კითხვების გაქარწყლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი არ იყოს მხარე. მის დაქვემდებარებაშია როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე პროკურატურა. პრემიერის განცხადება - „მე მაქვს კითხვები მინისტრთან“ - ვფიქრობ, არასწორია“, - აცხადებს სამნიძე.
პარტია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივებს - „ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას პოლიტიკური იარლიყი მიაწება“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.
ასევე საინტერესოა მთავარი პროკურატურის პოზიცია, სადაც ის თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, გაერკვეს სამართლებრივ პროცედურებში.
სამაგიეროდ, იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ სანამ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მივლინებაში იმყოფებოდა, მთავარმა პროკურატურამ უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით დაუწერელი წესი დაარღვია.
„არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად გამოიტანა საჯაროდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა
მისივე განმარტებით: „მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი - ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს“.
რამდენად საფუძვლიანი ეჭვები ჩნდება პოლიტიკური ქვეტექსტების შესახებ, ექსპერტები ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად, თავშეკავებულნი არიან და როგორც ჩანს, მოვლენათა განვითარებას ელოდებიან.
ექსპერტი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ სამინისტროს თანმშრომლების მიმართ საქმის აღძვრისას არ აქვს მნიშვნელობა, მისი პირველი პირი სად იმყოფება, რადგან გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სამართლებრივი უწყება და იგი უნდა აღსრულდეს.
„არც ის მიმაჩნია სწორად, რომ სიტუაციის „დავარცხნას“ შეეცადნენ პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები“,- მიიჩნევს ვაჟა ბერიძე, რომელიც ამ საქმეში შეთქმულების თეორიას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში ჯერაც დაუძლეველია.
როგორც ექსპეტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანში, რომ ასეთი ეჭვები არ გაჩნდეს და დაზღვეული ვიყოთ ასეთი რამისაგან. სხვა საკითხია, ვინ თვლის ეს არის უმაღლეს ხელისუფალთა დაკვეთა თუ სხვა მოტივებით განპირობებული.
„არ მგონია, რომ ღარიბაშვილი, ივანიშვილი ან „ქართული ოცნების“ ელიტა დაინტერესებული იყოს იმით, რომ პოლიტიკურად ვერ უსწორდებიან ალასანიას და მისი პოლიტიკური რეიტინგს დასაცემად ჩართეს პროკურატურა. არ მგონია ეს მოდელი იყოს, მაგრამ ეჭვები მაინც ჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცველებს რამდენჯერმე მოუვიდათ შეცდომა, როდესაც ასეთი დაპატიმრებები განახორციელეს სრულიად შეუსაბამო დროსა და პერიოდში. ამიტომ პროკურატურას მოუწევს იქნებიან ისინი დამნაშავეევი თუ არა, საზოგადოების წინაშე პაუხი გასცეს ერთ კითხვას - რა მოხდებოდა, ერთი კვირით ადრე ან გვიან განეხორციელებინათ ეს დაპატიმრებები და არა მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა ევროპაში“?- მიიჩნევს ძაბირაძე.
ვაჟა ბერიძე თვლის, რომ კოალიციის სუბიექტებს შორის არის კოორდინაციის სისუსტე და უთანხმოება, გარედან ალასანიასა და მმართველ ჯგუფს (ივანიშვლი-ღარიბაშვილი, რესპუბლიკელები) შორის დაპირისპირებაც ჩანს, მაგალითად, დასავლეთთან და ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ინიციატივები ნატოს საწვრთნლ ბაზასა თუ თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების თაობაზე. ბერიძის შეფასებით, „ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ალასანია ან აბსოლუტურად გაუგებარ თამაშში განტევების ვაცის როლის შესრულებას დათანხმდა, ან მისდა გასაკვირად, პოლიტიკური ალღო ღალატობს და დასავლელ პარტნიორებთან მოთათბირების გარეშე ისეთ ინიციატივებს აჟღერებს, რომ დისონანსი შეაქვს ხელისუფლების ერთობაში“.
მაგრამ აშშ-ს ელჩის განცხადებების შემდეგ, სადაც თავისი ქვეყნის სახელით ის სრულ ნდობას და მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის მინისტრს, ეს ვერსია სიმყარეს მოკლებულია.
თუმცა, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ალასანია ცნობილია, როგორც ამერიკელების კაცი და ივანიშვილმა ამ ნიშნით ჩააბარა ალასანიას თავდაცვა, თანაც აქამდე ამერიკას მხოლოდ ნაციონალებთან ურთიერთობის გამოცდილება გააჩნდათ და გაუცხოების მომენტი რომ არ ჰქონოდათ, ასეთ ფიგურად შეირჩა ალასანია.
ბერიძის აზრით, იმის დასადგენად, არის თუ არა დაპირისპირება მმართველ ჯგუფსა და ალასანიას შორის საჭიროა ღია და გახსნილი პოლიტიკური თამაში და არა კულუარული მანევრები.
„არ მგონია სწორი, რომ თუ დაპირისპირებაა ღარიბაშვილს, პარტია „ქართულ ოცნებას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ან რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირებაა ან უთანხმოება, მხოლოდ კულუარებში უნდა ირჩეოდეს და ჩვენ რაღაც ნაწილს უნდა ვხედავდეთ. ეს ყველაფერი უნდა ირჩეოდეს ღიად“, - მიიჩნევს ბერიძე.
რაც შეეხება გრიფით „საიდუმლოს“, ვაჟა ბერიძეს მიაჩნია, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და უამრავი ქვეყნის დაზვერვა მუშაობს, მეგობარმაც და მოწინააღმდეგემაც კარგად იცის ჩვენი შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და რა არის ისეთი საიდუმლო, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რის გამო იჭერენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს. ბერიძე მიიჩნევს, რომ გრიფით „საიდუმლო“ უნდა მოიხსნას.
„თუ დადასტურდა, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს გარკვეული დოზით, თუმცა არ მივიჩნევ, რომ მაინც და მაინც უნდა გადადგეს, თუ ეს პირები დამნაშავეები აღმოჩნდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ხალხი უნდა დაისაჯოს, ვინც შესაბამისი საფუძვლის გარეშე აღძრა სისხლის სამართლის საქმე“, - აცხადებს ბერიძე.
ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, რომ გვაქვს გამოცდილება, რა მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როდესაც ხმაურით მოხდა ექსპერთა ჯგუფის დაპატიმრება და თემა იქაც შესყიდვებს ეხებოდა. როდესაც მინისტრი გადადგა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროკურატურამ საქმე უკან გაიწვია.
„თუ ახლაც იგივე განმეორდება, ლოგიკურად გაჩნდება დასკვნა, ამიტომ, ასეთი ვერსიაც უნდა გამოირიცხოს.
გარდა ამისა, არის საკითხის კიდევ ერთი მხარე - ასეთი უპასუხისმგებლო დაკავებები არა მხოლოდ ალასანიას, სახელმწიფოს წინააღმდეგაც არის მიმართული დ პირველ რიგში, სახელმწიფო ზარალდება, როდესაც ნატოსთან თანამშრომლობაზეა საუბარი. გარდა ამისა, საყურადღებოა ამერიკის ელჩისა და სხვათა განცხადებები, სადაც მსგავსი ინტონაციები იგრძნობა და საბოლოო ჯამში, ჩნდება სრულიად ლიგიკური, გონივრული ეჭვი, რომ გარკვეული წილი ამაში შეიძლება იყოს პოლიტიკური შემადგენელი“, - მიიჩნევს ძაბირაძე.
რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ არ უნდა ვიმარჩიელოთ და უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს. მყარი ფაქტები კი, რომელიც პოლიტიკურ სარჩულზე გვაფიქრებინებს ჯერჯერობით არ გვაქვს.
„თუ გულუბრყვილოები არ ვიქნებით, შეგვიძლია გავიხსენოთ ის პერიპეტიები, რაც ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას ურთიერთობას ახლდა, ეს იქნება ფარული ჩანაწერები, თუ პრეზიდენტად წამოყენების ისტორია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ივანიშვილსა და მისი ნდობით არჭურვილი ღარიბაშვილისა და ალასანიას ურთიერთობებზე გარკვეულწილად ზემოქმედებს“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
ბერიძე თვლის, რომ ურთიერთობებს სერიოზულად უშლის ხელს პიროვნული შეუთავსებადობის საკითხი. მისი განმარტებით: „ეს მნიშვნელოვანი თემაა საქართველოში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი ამ საქმეს აქვს. თუმცა გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე შეიკერა იმისათვის, რომ ალასანიას მიმართ ცუდი განწყობის გამო ვიღაცას უნდოდეს მისი დისკრედიტაცია და გაშვება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ღარიბაშვილსაც არ უნდა აძლევდეს ხელს თავდაცვის უწყებიდან ალასანიას ჩამოცილება, რადგან ალასანიას ყოფნა ამ პოსტზე არის მნიშვნელოვანი მომენტი დასავლეთთან ურთიერთობისთვის“.
ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ხელისუფლება უნდა იყოს მონდომებული და ძალიან მკაცრი, თუ აღმოჩნდა, რომ ეს დაპატიმრებები მთლად სწორად არ არის გაკეთებული და ვიღაცას რაღაც შეეშალა, რადან უკვე არის ლაპარაკი, რომ ადვოკატებს არ გადასცეს რაღაც დოკუმენტაცია, ძაბირაძის აზრით, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი მათ, ვინც ეს გააკეთა.
„კიდევ ერთი მომენტი - ჩვენ კი პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და ვცდილობთ ალასანიასა და ხელისუფლების სხვა ლიდერების წინააღმდეგობა და პოლიტიკური სარჩული მოვძებნოთ, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ - პროკურატურაში ისევ ის თანამშრომლები არიან, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოვიდნენ ამ უწყებაში. ამ ადამიანებს აქვთ საკმაოდ ნაკლები პროფესიონალიზმი და არ გამოვრიცხავ, ასეთი გადაცდომაც იყოს“, - მიიჩნევს ძაბირაძე და თვლის, რომ ეს ის თემაა, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს.
ბოლო განცხადებებიდან ირკვევა, რომ სიტუაცია დათბობისკენ მიდის. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, კოალიციაში „გარკვეული კრიზისული მოვლენებია“, მაგრამ არა კრიზისი. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მოგვარდება და უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზრდება“. ალასანიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ კოალიციის დატოვება არ იგეგმება, შედარებით შერბილებულია პარტია „ქართული ოცნების“ ტონიც, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული გუნდი, ვინც პრემიერს თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ურჩევს - თუმცა ვინ დარჩება ამით მოგებული, ხელისუფლებას როგორც ჩანს, სერიოზული დაფიქრება მართებს.