„არსად წასვლას არ ვაპირებთ, პროკურატურას კი მოვუწოდებ ძიება და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნოს“

„არსად წასვლას არ ვაპირებთ, პროკურატურას კი მოვუწოდებ ძიება და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნოს“

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე თავდაცვის მინისტრი სავარაუდოდ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება, თუმცა, მანამდე ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. „თავისუფალი-დემოკრატების“ ლიდერი საკუთარი კადრების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამას გარდა, ირაკლი ალასანია საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება.

თავდაცვის სამინისტროს გარშემო მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, „თავისუფალ დემოკრატს“ გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარული მდგომარეობა იყო. როგორ აფასებთ, თავდაცვის უწყებასა და სამართალდამცავ ორგანოს შორის განვითარებულ მოვლენებს?

- მთავარმა პროკურატურამ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მოიცალა, თუმცა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და დამნაშავე პირები უნდა გამოიკვეთონ, თუ ასეთები არიან. გამოძიებისთვის ხელი არავის არ შეუშლია და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა „თავისუფალი-დემოკრატების“ და ირაკლი ალასანიას მისამართით. ცდას არ ვაკლებთ, რომ ჩვენი საქმიანობა გამართული იყოს და სამწუხარო იქნება თუ კი ტენდენციურობას დავინახავთ. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა, რადგან არავისთან არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. გვინდა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ერთიან გუნდში ვიშრომოთ. მათთან ერთად ბარიკადებზე ვიდექით და თუ მათი სურვილიც ამგვარია, ჩვენს თანაცხოვრებას ზიანი არ მიადგება.

როდესაც მაღალჩინოსნებს მაშინ აკავებ, როცა თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფება და ქვეყნისთვის სასიცოცხლო დოკუმენტს ხელს აწერს, ეს უპატივცემულობაა როგორც უწყების მიმართ, ასევე თავად მინისტრის მისამართით. „თავისუფალ-დემოკრატებს“ ამ საქმისთის პოლიტიკური დატვირთვა არ შეგვიძენია, მთავარი პროკურატურის მიერ გადადგმილი ნაბიჯი კი ცინიკური იყო. არ ვამბობთ, რომ მაღალჩინოსნების დაკავება ჩვენი ნებართვით უნდა მომხდარიყო, მაგრამ აქ ელემენტარული კორდინაციის დარღვევას აქვს ადგილი.

მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია ლამის ვაშლის თლისთვის ჰყავთ დაკავებული, ამ ფონზე, თავდაცვის სამინისტროს მიმართ ახალ-ახალი ბრალდებების წაყენება მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ შიდა სახელისუფლებო ბრძოლა მიმდინარეობს ირაკლი ალასანიას მიმართ?

- ამ საკითხს ისე არ შევფუთავ, რომ ჩვენ ვინმე მოგვდგა. „თავისუფალ-დემოკრატებს“ არავითარი მოსადგომი და არსაიდან გამოსაყრელი არ გვაქვს. გეთანხმებით, რომ უამრავი საქმე გამოსაძიებელია, ზოგიც ხარვეზით არის სავსე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვინმეს მიერ რაიმე სახის დანაშაული ჩადენილია, მას პროკურატურამ პასუხი არ უნდა აგებინოს. პროკურატურას ვთხოვ, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ბრალი საფუძვლიანად არც აქვთ წარდგენილი, დამნაშავეებად ნუ გამოაცხადებს და საქართველოს კონსტიტუცია დაიცვას. ჩვენი ვალია, უდანაშაულობის პრეზუმცია დავიცვათ. მიმდინარე პროცესები საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს ახსნილი, რადგან პროკურატურის ცინიკურმა ნაბიჯმა ხალხს საფუძვლიანი ეჭვი აღუძრა, რომ ეს პოლიტიკური დევნა ხომ არ არის?!

თქვენ პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავთ?

- ეს ჩემთვის მძიმე და რთული პროცესია, თავიდან ბოლომდე მინისტრს ვენდობი. ამ საქმის დეტალებს გავეცანი და ამ ხალხის ბრალეულობას გამოვრიცხავ.

საქმეში პოლიტიკური კონტექსტს ვერ ხედავთ?

- ამის დანახვა არ მინდა და ამის არც სურვილი არ მაქვს. თუ კი მსგავსი რამ იქნება, ამაზე ღიად ვისაუბრებთ.

თუ დაკავებული მაღალჩინოსნები არ გაათავისუფლეს, „თავისუფალი-დემოკრატებირას აპირებთ?

- არსად წასვლა არ გვინდა, გვსურს, რომ 2015 წლის არჩევნებამდე კოალიციის წევრები ვიყოთ და თუ მსგავსი სურვილი პარტნიორებსაც აქვთ, მაშინ, თანამშრომლობა არჩევნების შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. კოალიციიდან წავლა-მოსვლა გამორიცხულია. არსად არ მივდივართ.

თქვენი კოალიციიდან გაშვების სურვილის სიმპტომებს ხედავთ?

- მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. საქმე როგორ წარიმართება, ამას უნდა დაველოდოთ. იქნებ ემოციები ჩაცხრეს და ყველას მოვუწოდებ, რომ საქმეს მივხედოთ, რადგან უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ამ სისხლის სამართლის საქმესა და პოლიტიკის კავშირებზე საუბარს უნდა შევეშვათ, რადგან ეს პირადირ ქვეყნის თავდაცვისუნარიანოს ურტყამს, რის თაობაზეც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ.

18 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები ამ პროცესზე, რა გავლენას მოახდენს?

- იმაზე ძალიან ვწუხვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან - გერმანიასთან და საფრანგეთთან თავდაცვის მინისტრი მთლად კარგად არ იყო წარმოჩენილი. არ მინდა, რომ ამან კამპანიური ხასიათი მიიღოს. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ახალ ბრალდებას, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები ერთი წლის უკან იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავდაცვის უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, მსგავსი ფაქტი არ განმეორებულა. ირაკლი ალასანიამ დეზორინტირებული სისტემა ჩაიბარა, სადაც ჯარისკაცების უფლებების დარღვევა მინისტრის ცხოვრების წესად იყო გადაქცეული. ის ფაქტები, რომელზეც ვსაუბრობთ, ირაკლი ალასანიას გამინისტრების პირველ თვეებში მოხდა და არ არის გამორიცხული, გარკვეული დარღვევა ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ ეს ფაქტები აილაგმა.

ირაკლი ალასანიას მიმართ წამოწყებული პოლიტიკური ბრძოლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბრძოლა დასავლური ღირებულებების მქონე ძალების მიმართ დაიწყო?

- ასე შორს არ წავალ. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ყველაფერი ჩაცხრება და პროკურატურა თავის საქმეს გააკეთებს.

თუმცა, პროკუარტურა თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს პოლიტიკური სპეკულაციები შეწყვიტოს...

- რაც ხდება, ძალიან მანერვიულებს, რადგან ეს ყველაფერი ალასანია რეპუტაციას ლახავს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. არ ვაპირებთ, რომ ამაზე არ ვისაუბროთ და მედიას დავემალოთ, მაგრამ არ გვინდა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური შეფერილობა მივცეთ. ანუ, ისეთი როგორიც მთავარმა პროკურატურამ მისცა. გამოძიების პროცესში არ ვერევით, მაგრამ პროკურატურას მოვუწოდებ ძიება და პოლიტიკა გამიჯნოს. ჩვენ საქმის კეთებაში ხელს ნუ შეგვშილიან. გვინდა, რომ კოალიცია ძლიერი იყოს, რადგან ჩვენ პირველი ოქტომბრის ღირებულებების სადარაჯოზე ვდგავართ.