კაბელების შემდეგ ჯარისკაცების მოწამვლისა და არქიტექტურის საქმეები. მთავარმა პროკურატურამ „კვების საქმეზე“ ბრალი ირაკლი ალასანიას კიდევ 6 თანამშრომელს წაუყენა, ე.წ. „არქიტექტურის“ საქმე კი ჯერ მხოლოდ დააანონსა.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმის მიხეილ ბესტაევის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსის ოთარ ჯეჯეიას და შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერების: აკაკი გიორგაძის, ლაშა გელოვანისა და თორნიკე ხუბუას წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მთავარი პროკურატურა ე.წ. ჯარისკაცთა მოწამვლის საქმეს გასული წლის 18 ოქტომბრიდან იძიებს. როგორც მთავარი ბრალმდებლები იუწყებიან, 2013 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეების დაავადების 10 შემთხვევა, რომლის შედეგადაც 858 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა და საქმე ჯეროვნად არ გამოიძია. პროკურატურამ კი დაადგინა, რომ სამინისტროს 6 თანამშრომელი საკუთარ მოვალეობას გულგრილად ეკიდებოდა და მათი დაუდევრობის გამო სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი არ იყო უზრუნველყოფილი.
„სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში და განმარტავენ, რომ ამ ფაქტებმა გამოიწვია დასახელებული სამხედრო ნაწილების ნორმალურად ფუნქციონირების შეფერხება, რითაც არსებითად დაირღვა სამხედრო მოსამსახურეების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თანამშრომლების მიერ, 2013 წელს ცალკეულ შემთხვევებში შემოწმებული იქნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული სასადილოები. შედგენილ შემოწმების აქტებში დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის დაფიქსირდა სასადილოში მწერების არსებობა და სამხედროებისათვის მიწოდებულ ძეხვს აღენიშნებოდა დიდი რაოდენობით ჟელატინის მაგვარი ნივთიერება... აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული შემოწმების აქტები გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, რასაც რეაგირება არ მოყოლია. გენერალური შტაბის წერილით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გათვალისწინებულია მხოლოდ 2015 წლის პერსპექტიულ გეგმებში“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ალასანიას უწყების 5 მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, იმავდროულად, ცნობილი ხდება, რომ გიორგი ბადაშვილის უწყება თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას სხვა მიმართულებითაც სწავლობს, კონკრეტულად კი გამოძიება თავდაცვის სამინისტროსა და შპს „არქიტექტურულ ბიუროს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს. ხელშეკრულებები გრიფით „საიდუმლოა“, მთავარი პროკურატურა კი დოკუმენტებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის კუთხით იკვლევს. შპს „არქიტექტურულმა ბიურომ“ აღნიშნული ტენდერის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსზე რეკონსტრუქციების ჩატარების, კაპიტალური რემონტისა და უწყებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლება მოიპოვა.
„გამოძიება სწავლობს აღნიშნულ საწარმოსთან უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერების საკითხს, იკვეთება შპს „არქიტექტუტულ ბიუროსა“ და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის ახლო კავშირები და პირადი კონტაქტები“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
პროკურატურის ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მინისტრი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს და ამ მიზნით ჟურნალისტებს არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ, პარტიის ოფისში იწვევს.
ალასანიას და მისი უწყების თანამშრომლების საქმიანობით პროკურატურა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაინტერსდა. საზოგადოების და პოლიტიკოსთან ნაწილი ამ პროცესში პოლიტიკურ ვექტორებს და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წამოწყებულ სახელისუფლებო ბრძოლას ხედავს. თავადაცვის სამინისტროს თანამშრომლების საკითხი სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემაა. სწორედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების თემაზე ისაუბრეს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს პრემიერ-მინისტრთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერთან 8 ნოემბრისთვის დაგეგმილ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის საკითხზეც იმსჯელეს. პეტრიაშვილის ინფორმაციით, ყრილობაზე მისვლას ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავს.
თუმცა, შესაძლოა პოლიტიკური გეგმები სულ სხვაგვარი გახდეს. 18:00 საათისთვის უკვე ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებაა დაგეგმილი - ირაკლი ალასანია პარტიის ოფისში საგანგებო განცხადებას გააკეთებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი, როგორც მთავრობის პრესსამსახური განმარტავს, საკუთარი ინიციატივით, ასევე, 18:00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებები მიიღება ან ერთ ან მეორე პოლიტიკურ ღონისძიებაზე, მაგრამ, ფაქტია ის, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაგგემილ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის ირაკლი ალასანია არ იქნება.