„რას აპროტესტებ და რატომ აპროტესტებ?“

„რას აპროტესტებ და რატომ აპროტესტებ?“

რამდენად აწყობთ ნაციონალებს დაკავებები?! პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ 15 ნოემბრის აქციისთვის აწ უკვე, პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, რასაც შეიძლება დაკავებები მოჰყვეს. ეს ყველაფერი სამოქალაქო შუღლის გაღვივებას ემსახურება, რათა ხელისუფლებაში როგორმე დესტრუქციული გზით დაბრუნების შანსი მიეცეთ.

უკვე ცნობილია მმართველი გუნდის განაცხადი - „იქნება აქცია კანონიერი და მშვიდობიანი – ჩაატარებენ, იქნება ძალისმიერი – მიიღებენ სათანადო პასუხს“. 15 ნოემბრისთვის მოსალოდნელი დესტაბილიზაციის გამო ხელისუფლება მოწმეებს დაკითხვაზე იბარებს. პრემიერი კი აცხადებს, რომ ნაციონალები ადამიანებს უხდიან 15-დან 50-ლარამდე, მათ სურთ, ჩამოიყვანონ რამდენიმე ასეული ადამიანი, ერთმანეთი აცემინონ და შემდეგ თქვან, რომ აი, მთავრობამ მოაწყო პროვოკაცია. თუმცა არათუ ერთი სააკაშვილი, არამედ 10 და 100 სააკაშვილიც ვერ გაბედავს და ვერ მოაწყობს ვერავითარ არეულობას. ისინი მიიღებენ ძალიან მწვავე და უკომპრომისო რეაქციას სახელმწიფოსგან.

„თავის თავს ატყუებენ. ერთმანეთს ატყუებენ. ერთმანეთს აძლევენ გაუგებარ ენერგიას და გაუგებარ დანაპირებს. თქვენ ნახეთ იგივე უგულავას სავარაუდო წერილი... მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ამას ფიქრობენ, იფიქრებენ. 10-20 წლის მერეც იფიქრებენ მაგას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების აკვიატებულ იდეასთან დაკავშირებით.

რამდენად აწყობთ ნაციონალებს დაკავებები?! ამის შესახენ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

- გამორიცხული არც არაფერია. ნაციონალებს არეულობა უნდა აწყობდეთ. ამბობენ, აქციას პროტესტის ნიშნად ვაწყობთო. იმ ადამიანების მმართველობის შემდეგ, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით გაუარესებული სიტუაცია მივიღეთ. დეტალებში არ შევდივარ, არ მინდა, ვილაპარაკო ვინ რა გააკეთა, როგორ შეცდა თუ არ შეცდა, მაგრამ ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ, მივიღეთ ეს რეალობა. ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონენი როდესაც რაღაცას აპროტესტებენ, ყოველთვის ჩნდება კითხვა, რაღას აპროტესტებ და რატომ აპროტესტებ? ჩემი აზრით, რამდენიმე მიმართულებით უნდათ ნაციონალებს თავისი საქმიანობის წარმართვა. პირველი - „ნაციონალური მოძრაობა“ გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური სპექტრიდან, არც ერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია არ ლაპარაკობს მათთან თანამშრომლობაზე. ორი წელი გავიდა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგიც ეცემა. ფაქტობრივად, მარგინალური ხდება ამ პოლიტიკური ორგანიზაციის იმ შემადგენლობით და იდეოლოგიით არსებობა, როგორც დღეს არის. ამიტომ ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად ახლებურად საკუთარი იმიჯის გასუფთავებას, ცდილობენ, მონახონ გზები სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, რადგან ესეც გასუფთავების ერთ-ერთი გზაა. ამისთვის საჭიროა, პირველ ეტაპზე, რაიმე ნეიტრალური, ზოგად ეროვნული თემა. მოიძებნა აფხაზეთის თემა, თავისთავად, ცუდი ფაქტი-რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება, მაგრამ ამ ფაქტის გამოყენება ნაციონალებს უნდათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური იმიჯი გაასუფთავონ.

მეორე - მოძებნონ მოკავშირეები, თუ არის ვინმე პოლიტიკურ სპექტრში. სწორედ ამიტომ მათ განცხადებებს - „გამოვხატოთ პროტესტი“ ლაიტმოტივად გასდევს, რომ თურმე ეს არ არის ერთი პარტიის საქმე, ეს საზოგადოების საქმეა. გარდა ამისა, გავიდა ორი წელი და მათ სჭირდებათ, ნახონ, როგორია მათდამი დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლების ფონზე რა ნაწილი მივა მათთან, ასევე, პოლიტიკურ ორგანიზაციებთან რა მიმართება ექნებათ. თუმცა რამდენადაც ვიცი, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათთან საერთო არ ექნება. მათ შორის, მე ვუსმინე „ეროვნულ-დემოკრატებს“, რომლებმაც თქვეს, რომ პარტიული ნიშნით ჩვენ იქ არ მივალთ, მივალთ პიროვნული ნიშნითო. ნუ, ესეც გარკვეული პოლიტიკური კუდის ქიცინი და თამაშია, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ყოველ შემთხვევაში, ნაციონალებთან პარტიულად დაფიქსირებას მათი მოკავშირე ედპ-ც კი ერიდება. ასე რომ, ეს მიმართულება საყურადღებოა. თუ იქ რაიმე სახის პროვოცირება მოხდება, ეს პირდაპირ ასხამს მათ წისქვილზე წყალს. გაგრძელდება ხაზი - ვინ არბევს ანტირუსულ შეკრებას?- რუსეთის მოკავშირე. ამასთანავე, ეს ყოფილა თურმე „პოლიტიკური დევნა“. ორივე მიმართულება მათ წისქვიზე დაასხამს წყალს. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. ვიღაცამ თქვა, რომ ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. მართლაც, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში და ამ ქარიშხალს ხელისუფლება უნდა შეხვდეს ძალიან მშვიდად და, რაც მთავარია, გაუფრთხილდეს ჭიქას. ანუ, არ დაუშვას, რომ რომელიმე ჯგუფმა, ხელისუფლების მხარდაჭერის სახელით, ან პატრიოტული ან სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ხელი შეუშალოს ამ აქციის მშვიდობიან ჩატარებას.

ხელისუფლების ადგილას მე გავაკეთებდი განცხადებას, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიანად აქციის მონაწილეებს, რომ აქციის შიგნით არ მოხდეს პროვოცირება. ამიტომ, ვინც კი შეეცდება პროვოცირებას, მკაცრად დაისჯება. თქვან, რომ ხელისუფლება იღებს ამ აქციის უსაფრთხოებას თავის თავზე და აქციის არც ერთ მონაწილეს თმის ღერიც არ ჩამოუვარდება. როგორც კი ხელისუფლება ამას განაცხადებს, პრობლემა იქვე დამთავრდება.

კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის 315- მუხლით შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს ენმ- წინააღმდეგ. პრემიერმა თქვა, რომ შეკრებილები ერთმანეთს ცემის სანაცვლოდ 15 ლარს გადაუხდიან. ეს გეგმა რამდენად იქნება განხორციელებადი?

- პრემიერის ადგილას მე ამ საკითხს სერიოზულად კი არა, ცოტა იუმორით შევხედავდი და იმ ადამიანებს, რომლებიც 15 ლარად თანახმა არიან, მივიდნენ აქციაზე, მოვუწოდებდი, რომ ნაციონალები ძალზე ცუდ დღეში არიან, ამიტომ 15 ლარზე არ დათანხმდეთ, 50 ლარზე ნაკლებს ნუ მოსთხოვთ და ყველაფერი დამთავრდებოდა. ხელისუფლება არ უყურებს, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. როდესაც მმართველი გუნდი ხშირად აცხადებს, ვაიმე, ნაციონალები ამას აკეთებენ, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, ეტყობა, ამ ნაციონალებს მართლაც აქვთ რაღაც რეზერვში. გარწმუნებთ, მართლა არაფერი აქვთ. ამიტომ, ხელისუფლება ამას უნდა შეხვდეს მშვიდად და თქვას, რაც არის ნაღდი, არ უნდა ილაპარაკოს „პაკრიშკების“ შეგროვებაზე, რაღაც უბედურებებზე, შეთქმულებაზე. 30 წელია, ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და ამ რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ. არავითარი პრობლემა იქ არ არის და არც იქნება.

ცინიკურია, თუ ადამიანების აქციაზე მიყვანა ხდება 15 ლარის საფასურად, ფიქრობთ, ნაციონალები ხალხის მობილიზებას ამ მიზერული თანხის საფასურად შეძლებენ?

- რასაც შეძლებენ, შეძლებენ. რა რაოდენობის ხალხიც იქ არ უნდა მივიდეს, არანაირი პრობლემა არ არის. პოლიტიკურ პროცესებს თავისი კანონზომიერება აქვს. ასე არ ხდება, რომ ჩვენი საზოგადოება თურმე გუშინ სხვა იყო და დღეს სხვა არის. ჩვენ ინერციულად ვითარდებით. ეს პროცესები ანალოგიურია იმის, რაც ხდებოდა გუშინ, გუშინწინ, სამწუხაროდ, იმის ანალოგიურიც არის, 20 წლის წინ რაც ხდებოდა. ასე რომ, ყოველთვის, როცა ხელისუფლება იყო მშვიდი, მაშინ ასეთი აქციები არ ამართლებდა. მინდა, დღევანდელ ხელისუფლებას გავახსენო, რა ჭკვიანურად მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“, როცა სამი თვე რუსთაველის გამზირზე აიტანა კარვები და, ფაქტობრივად, საქმე მიიყვანა იქამდე, რომ კარვებში ხალხი აღარ მიდიოდა, ისედაც დაიშალა.

ანუ, როგორც ამბობენ, თვითდინებაზე მიშვებული აქციები თავად ამოწურავს თავს.

- რა თქმა უნდა, ცუდია რუსთველის პროსპექტზე აქციები. ეს ნიშნავს დისკომფორტს და სხვა, მაგრამ პირიქით, ეს უნდა აიტანო.

ეს ქართული რეალობის გათვალისწინებაა, რადგან ჩვენ ვიცით, უკრაინაში მაიდანი არა და არ ცხრებოდა. ჩვენ გვახსოვს ნაციონალების წინააღმდეგ მოწყობილი აქციები, რაგინდ მძიმე თემაზეც არ უნდა ყოფილიყო, პირველი დღეების შემდეგ მუხტი იკლებდა.

- იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, უკრაინელების აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში შესვლა უნდოდა. რაც არ უნდა იძახონ რუსებმა, რომ უკრაინაში ეს იყო პროვოცირებული, პროვოკაციას ვერ მოაწყობ ერთი ხელის დაკვრით. თანაც, იანუკოვიჩმა იქ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. იქაურმა ოპოზიციამ მაიდანზე მოძებნა გამოსავალი, მას მხარდაჭერა ჰქონდა. თუ 2009-სთან ავლებთ პარალელს რუსთაველსა და მაიდანს შორის, ჩვენთან ოპოზიციამ გამოსავალი ვერ მოძებნა. ოპოზიცია რომ წასულიყო რისკზე, გახსოვთ, რამდენი ხალხი შეიკრიბა სტადიონზე? საპატრიარქოში კი არა, შტურმზე რომ წასულიყვნენ, მაშინ სხვა რეალობას მივიღებდით. თუმცა ეს არასწორი იქნებოდა და ღმერთმა დაგვიფარა, რომ ასე არ გააკეთეს.

დღემდე სადაოა, ამაში მხოლოდ ქართველი ლიდერები იყვნენ დამნაშავენი, თუ ხალხის ფსიქოლოგიაც, რომელიც 20-წლიანი ბატალიებით დაიღალა? გვახსოვს კი ბოლომდე ამოწურვადი მიტინგები? შესაძლოა, ეროვნულ-დამოუკიდებლობის წლებში იყო ასეთი მიტინგი, ნაციონალები კი საამისო რესურსს არ უტოვებდნენ ხალხს.

- თავის დროზე ხელისუფლების ხელშეწყობით, იმავე ნაციონალებმა 2003-ში ეს გააკეთეს. მთელი თვე იდგნენ ქარში, წვიმაში, არ ჩამქრალა მიტინგი და ბოლოს მიაღწიეს, რასაც მიაღწიეს. მარტო ნაციონალების მონდომება ეს არ ყოფილა, მაგრამ მაშინდელ სიტუაციას თუ გავიხსენებთ, ისიც ვთქვათ, რომ მაშინ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგი იყო.

თქვენ ფიქრობთ, რომ მაშინდელი აქციები ბოლომდე ხანგრძლივვადიანად გაგრძელდებოდა, რომ არა 23 ნოემბრის გამარჯვება თუ ხელისუფლების გადაბარება?

- რა მოხდებოდა, მე არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდა, იმაზე ვისაუბროთ. მგონია, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეწყვეტდა პროტესტს, ის მაინც მიაღწევდა იმას, რასაც მიაღწია. შეიძლება, ვერ მიაღწევდა იანვარში, მაგრამ მიაღწევდა მარტში. როდესაც საზოგადოებაში არ არის მუხტი იმისა, რომ ცვლილება მოხდეს, ვერანაირი ძალა მას პროვოცირებას ვერ გაუკეთებს. ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლება რას იზამს. თუ ახლა ხელისუფლებას და ნაციონალებს, ორივეს უნდათ, რომ რუსთაველზე ცემა-ტყეპა გაიმართოს, მე და თქვენ ვერაფერს ვიზამთ, ვიქნებით მაყურებელნი. ასეთი ფაქტებიც ყოფილა საქართველოში.

ექსპერთა ნაწილის აზრით, ნაციონალებისგან ჩაფიქრებული პროვოკაციის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, თუ რატომ აირჩიეს ნაციონალებმა აქციის ასპარეზად მაინცდამაინც რუსთაველი და არა აფხაზეთთან მდებარე .. სასაზღვრო ზონა, სადაც უფრო გასაგები იქნებოდა აფხაზეთის თემაზე აქციის გამართვა.

- არ ვიცი, ვინ ამბობს ამას, მაგრამ საქართველოში 30 წელია, რუსთველის გამზირი არის დემონსტრაციების, აღლუმების, პროტესტის დამკვიდრებული ადგილი.

რამდენად აწყობთ ნაციონალებს ამ ეტაპზე დაკავებები? მათ დასავლელ დამცველებში, ლობისტებში ხომ არ ამოიწურა რესურსი იმისთვის, რომ დაიცვან ეს ადამიანები? ხომ არ სურთ, კვლავაც გაუგზავნონ მათ მორიგიდევნისადატანჯვისშემცველი მესიჯები?

- კი, რა თქმა უნდა, მათ ნამდვილად ხელს აძლევს, თუ მსგავსი დაკავებები იქნება, მაგრამ ვინ უნდა განახორციელოს ეს დაკავება? დარბევა? -ხელისუფლებამ. ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ყველანაირად დაიცავს ამ მიტინგს და პროვოკაციის საფრთხეც ამოიწურება. მაგრამ, თუ ხელისუფლებას თავად სურს, მიაწოდოს ამით საკვები, მაშინ რას ვიზამთ?

მაგრამ როგორ უნდა დაარწმუნოს ხელისუფლებამ ის ადამიანები, ვისაც რუსთველზე, მაგალითად, ცოცხით მისვლა სურს? ამის მოტივაცია დიდია.

- არაფერი, ცოცხი უნდა წაართვან და ამ ადამიანებს თუ ეცოდინებათ, რომ ცოცხს წაართმევენ და პროვოკაციის შემთხვევაში, დაიჭერენ და ჯარიმას გადაახდევინებენ, აღარ მოუნდებათ ცოცხით მისვლა. მანამდე უნდა უთხრან, რომ რუსთაველზე ცოცხით მისვლა შედის ნაციონალების და არა ხელისუფლების ინტერესში. ჩვენი ხალხი საკმაოდ გონიერია და ამას კი ხვდება, რომ იქ მთლად ასე არ არის საქმე, ნაციონალებს უფრო თავისი თავი ადარდებთ, ვიდრე სოხუმი და ცხინვალი. თუ ეს იცი და ისიც იცი, რომ პროვოკაციით მას ეხმარები, მაშინ ეს არ უნდა გააკეთო.

არის ასეთი ვერსია, რომ ნაციონალები 23 ნოემბრამდე აპირებენ ამ აქციის გაწელვას და 23 ნოემბრისთვის მეტი არეულობის მოწყობას გეგმავენ.

- არ ვიცი, 23-მდე გასტანს თუ არა ეს აქცია. არ ლაპარაკობენ 23-მდე გააგრძელებენ თუ არა აქციას მარტივი მიზეზის გამო, მათ არ იციან, რა რაოდენობის ხალხი მივა იქ და შეძლებენ თუ არა ამ ხალხის შეჩერებას 23-მდე, თორემ ისინი აქციას ცოტა ადრეც დაიწყებდნენ და შეეცდებოდნენ 2003 წლის ნოემბრის გაღვიძებას ხალხში. მათ არც ის იციან, ერთი კვირის განმავლობაში რა მოხდება. ამიტომ, თუ ნახავენ, რომ ბევრია ხალხი და დარწმუნდებიან, რომ ეს 15-ლარიანი ხალხი კი არაა, არამედ მართლა ის ხალხია, ვინც გულით და სულით მივიდა, მაშინ, რა თქმა უნდა, შეეცდებიან, ეს აქციები გაწელონ და მუდმივად ექნებათ მცდელობა, ხელისუფლების პროვოცირება მოახდინონ. თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ შეწყვეტენ აქციას, მაგრამ 23-ში ისევ დანიშნავენ აქციას. ეს მოსალოდნელია, მაგრამ 23-ში გიორგობაა, მათ მოღვაწეობას კი მადლი და კვალი იმისა, რომ წმინდა გიორგის დღეს მოხდა მათი რევოლუცია, არ ეტყობა.

ნაციონალებს შესაძლოა სოხუმი და ცხინვალი ნაკლებად ადარდებთ, მაგრამ სხვა თემა რატომ ვერ აარჩიეს ამდენი ხნის განმავლობაში? ყველაფერთან ერთად, თემების სიმწირეც აქვთ? „ახალ ეროვნულ მოძრაობასაცაღარ აანონსებენ, როგორც ეს წინა მიტინგის დროს გააკეთეს.

- ისეთი თემების სიმწირე აქვთ, რომელიც პირდაპირ არ იქნება მიბმული მათ მოღვაწეობასთან. ანუ ეკონომიკურ, სოციალურ თემებს, ადამიანის უფლებებს ისინი ვერ შეეხებიან. ეს ის თემებია, რომლებიც მათთვის მტკივნეულია. აფხაზეთი მაინც ყველას ტკივილია. თანაც, დღემდე ყველა ხელისუფლებას უდევს წილი, რაც დღეს ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში. დღევანდელობას რომ ვუყურებ, თუ ხელისუფლება არ მიეხმარება, ნაციონალები ისე ვერაფერს გააკეთებენ.