საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული სპორტის სახეობაა და ქართველი მსახიობებიც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხშირად სწორედ „ტყავის ბურთის“ დახმარებით აღწევენ. ფეხბურთს და თეატრს საერთო ბევრი აქვს, მსახიობი და ფეხბურთელი ხომ უშუალოდ შემსრულებლები არიან და მაყურებლის გულის მოსაგებად იღვწიან. გუშინ თბილისში დიდი საფეხბურთო საღამო იდგა, ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს ე.წ. “სპორტული” სახალისო მოგონებები შემოგთავაზოთ.
მხატვრული სურათი “ფეოლა” ნებისმიერ ქართველ მაყურებელს რამდენჯერმე აქვს ნანახი. მისი რეჟისორი ბაადურ წულაძეა. ბატონი ბაადური ამ სურათის მთავარი გმირების შერჩევის პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებდა:
“ბავშვებს დიდხანს ვეძებდით, ისინი თან სიმპათიურები უნდა ყოფილიყვნენ, თან – ხულიგნები. ბონდო დოლაბერიძის ანუ ფეოლას როლის თამაში მე თვითონ მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, ვიფიქრე, ფილმი ძლივს ჩავიგდე ხელში და ახლა თამაშიც რომ მოვინდომო, პრობლემები არ შემექმნას -მეთქი. თან იმ დროს ფეოლას როლისთვის ძალზე ახალგაზრდა ვიყავი. გადავწყვიტე, იპოლიტე ხვიჩია მომეწვია. მაშინდელი წესების მიხედვით, აუცილებელი იყო სინჯების გადაღება და უპირობოდ სამი კანდიდატურა უნდა წარმედგინა, მაგრამ იპოლიტეს იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, სხვა კანდიდატურა არც მოუთხოვიათ, ისე დაამტკიცეს.
ბავშვებმა გამაწამეს, როგორია ყოველდღე კადრში 22 გადარეული მოზარდის შეყვანა? ხვედელიძე ( გიორგი ცინცაძე ) ბათუმში ვიპოვეთ, გვითხრეს, ისეთი ცელქია, ყველაფერს ჩაგიშლითო, მაგრამ პირიქით, ძალზე დამჯერი ბავშვი აღმოჩნდა. იპოლიტეს შვილის როლს კი შამილოვი ასრულებს, თბილისელი ქურთი ბიჭი. პურის მოედანზე ცხოვრობდა, ყოველ დილით მანქანას ვუგზავნიდით, რომ გადაღებაზე მოეყვანათ. მთელმა უბანმა გაიგო, რომ კინოში იღებდნენ, ვინც არ იცნობდა, ძალიან ლამაზი ბიჭი ეგონათ, რომ ნახავდნენ, გაოცებულები იცინოდნენ, ეს რასა ჰგავსო. ყველანი კარგი ბავშვები იყვნენ. ხულიგნები, ცელქები, მაგრამ მაინც კარგები. ერთხელ გავუბრაზდი მარტო, კიევში ყოფნისას, ლიფტს იმდენი უჩხიკინეს, გააფუჭეს. უცნაურია, მაგრამ ამ ბავშვებიდან მსახიობი არც ერთი არ გამხდარა”.
ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბორის პაიჭაძემ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში “ პირველი მერცხალი”. მის შესახებ მსახიობი დიმა ჯაიანი შემდეგს იხსენებდა:
“ბორის პაიჭაძე ძალიან არტისტული ადამიანი იყო. მთელი ევროპა “კარუზოს” ეძახდა. მის თამაშს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. აბა, მოუყევი ბიჭებს რამეო - ეტყოდა დოდო აბაშიძე და ისიც გვიამბობდა საინტერესო ეპიზოდებს. ჩვენც გატრუნულნი ვუსმენდით. მაშინ ამბობდნენ, ბორის პაიჭაძეს მარჯვენა ფეხი “დალუქული” ჰქონდა, ამ ფეხით ვერ დაარტყამდა კარშიო. ნეტავ ვინ იგონებს ამგვარ ამბებსო, - იცინოდა. – ერთადერთი, რუმინეთში იყო, ბურთს დავარტყი და კარის ძელი გავტეხეო. ეს მომენტი ფილმში შეიტანა ქალბატონმა ნანამ.
როცა ტელევიზიით ფეხბურთს ვუყურებდით, ხმას ჩაუწევდა ხოლმე. კომენტატორი ან ეროსი უნდა ყოფილიყო, ან კოტე მახარაძე, რომ ხმა არ ჩაეწია.
სულით და გულით გვავარჯიშებდა ფეხბურთში. ყველას ჰგონია, ფილმში ჩვენი ფეხები არ არის და პროფესიონალი ფეხბურთელებია გადაღებული. ასე არ არის, ჩვენ ვართ. ამის მისაღწევად არაადამიანურად გვაშრომებდა ბატონი ბორისი. დილის რვა საათზე გვაღვიძებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორზე გვარბენინებდა. ყველაზე მონდომებული ბატონი დოდო აბაშიძე იყო, გვჯობდა კიდეც სირბილში”.
ბევრ ჩვენთაგანს გვაქვს ნანახი მხატვრული ფილმი, სადაც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი კახი კავსაძე “ტყავის ბურთის” მეფესთან – პელესთან ერთად არის გადაღებული. ამ სურათის პირველი კადრები რიო-დე-ჟანეიროში გადაიღეს. კახი კავსაძე და ფილმის გადამღები ჯგუფი პელეს ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში დაუდარაჯდა. დანარჩენი კი უკვე კავსაძის მოხერხებულობის წყალობა იყო. სამწუხაროდ ეს კადრები გაფუჭდა და რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ფეხბურთის მეფის გადაღება კიდევ ერთხელ მოისურვა. ამ ისტორიას მოგვიანებით კახი კავსაძე შემდეგნაირად იგონებდა:
“ვარ ჩემთვის წყნარად და ერთ დღეს მიშა მეუბნება: განათება არ მომწონს და პელე თავიდან უნდა გადავიღოო, მილანში წავიდეთ, მის 50 წლის იუბილეს იქ აღნიშნავენ, “სან სიროს” სტადიონზე მსოფლიო და ბრაზილიის ნაკრები ხვდება ერთმანეთსო. გავემგზავრეთ მილანში, თეთრი ნაბადი და ნაბდის ქუდი წავიღეთ. სტადიონზე შესასვლელი ბილეთი სად გვქონდა. ერთი პოლიციელი დავაბით და შეგვიყვანა სტადიონზე.
წინ მე მივდივარ სტადიონზე, ნაბადი მაქვს მოხურული, ქუდიც მახურავს, ძაან იმპოზანტნი ვარ, რაა, არადა, ვინ იფიქრებს, ავანტიურისტი და აფერისტია ეს კაციო. არავინ არაფერს მეუბნება, გავიარე უთვალავი პოსტი და კორდონი, სენატორი ვეგონე თუ ვინ, არ ვიცი. გააჩერებენ მიშას, დავსჭექ ჩემთან არიან! ამგვარად მივაღწიეთ პელეს გასახდელამდე, შევაღე კარი და წევს ტახტზე ეს კუნაპეტივით შავი კაცი, მასაჟისტი კი მუხლზე მასაჟს უკეთებს. ბნელოდა იმ ოთახში გადაღებისათვის და მის გამოსვლას დაველოდეთ. რომ გამოვიდა, მაშინვე ნაბადი მოვახურე და ნაბდის ქუდითაც გამოვპრანჭე. ეს ყველაფერი გადავიღეთ და მიშას ვუთხარი, აბა, ახლა კი წავიდეთ-მეთქი. არაო, სტადიონიც უნდა გადავიღოო.
დაიწყეს ფეხბურთელებმა გამოსვლა, მსოფლიო ნაკრებში რუსი გავრილოვი თამაშობდა. დამინახა, მიცნო და დიდი მოწიწებით ჩამომართვა ხელი. ალბათ ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავიაო და მსოფლიო ნაკრების მთელმა შემადგენლობამ დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. ბრაზილიის ნაკრებიც გამოჩნდა, დავინახე პელე და ვეცი:
- როგორა ხარ, ბიჭო, ხომ კარგად ხარ?
- მუდა, უდა, დუდა – რაღაცას მეუბნება თავის ენაზე.
დაუკრეს ბრაზილიის ჰიმნი და მიშა მეუბნება: გადი მინდორზე და პელეს რამე უთხარი ყურში, ამ კადრის გარეშე აქედან არ წავალო. მიშა, გინდა, რომ მოგკლა? სად გავიდე, პოლიციელებმა თავში რამე რომ ჩამარტყან, მერე?! უხ, არ მომეშვა და მივედი პელესთან:
- აბა, შენ იცი, როგორ ითამაშებ, პელე!
- გრაცე, პრეზენტო, - მადლობა საჩუქრისთვისო. მეც ხელი დავარტყი მხარზე და გამოვედი მინდვრიდან ”.