ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან შეთანხმების პროექტზე მსჯელობა დასრულდა, რომელიც რუსული მხარის მიერ არის მომზადებული. უახლოეს დღეებში კი აფხაზური მხარე რუსეთს შეთანხმების საკუთარ ვარიანტს წარუდგენს, რომელიც რუსულისგან იმით განსხვავდება, რომ ამოღებულია პუნქტი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.
საინციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ახრა ბჟანია აცხადებს, რომ პროექტში აფხაზეთის რესპუბლიკის უმთავრესი ინტერესებია წარმოდგენილი, თუმცა, პროექტი ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას. „ეს დოკუმენტი შემდგომში ხელს შეუწყობს აფხაზეთის როგორც ეფექტურ განვითარებას, ასევე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას“, - აცხადებს ახრა ბჟანია.
პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი აცხადებს, რომ შეთანხმების აფხაზური ვარიანტი ბოლომდე მზად არ არის. მისი თქმით, მასზე ორი ინსტიტუტი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი მუშაობდნენ. პოლიტოლოგის თქმით, მასთან დაკავშირებით აფხაზეთში საერთო აზრი არ არსებობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ასლან კობახიას განცხადებით, რუსეთის მიერ ახალი პროექტით შემოთავაზებული წინადადები, სხვა არაფერია, თუ არა უპატივცემულობა მათ მიმართ.
„ჩვენ გვიყურებს ხალხი, აინტერესებთ, ვინ ვართ, გვიყურებს ჩვენი ხალხი, რომელიც სიკვდილის შიშით გარბის თბილისში. როგორ შევაჩეროთ ეს ყოველივე, როგორ შევაჩეროთ ეს სიღატაკე, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა? ამის პარალელურად რუსეთის მიერ ახალი პროექტით შემოთავაზებული წინადადები, სხვა არაფერია, თუ არა უპატივცემულობა მათ მიმართ, თუმცა კი, ასეთი დამოკიდებულება აფხაზმა ხალხმა ბოლო წლების განმავლობაში თავისი საქციელის გამო დაიმსახურა კიდეც. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და მყარად დავდგეთ ფეხზე. გამუდმებით თხოვნა - მომე, მომე უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნა ასლან კობახიამ.
რუსეთი სახელმწიფო სათათბიროში შემუშავებული მოკავშირეობის ხელშეკრულების პროექტმა აფხაზეთში ვითარება დაძაბა. აზრი ორად გაიყო დე-ფაქტო ხელისუფლებაში, მოსახლეობამ კი, სათათბიროს მიერ მომზადებულ დოკუმენტს აფხაზეთის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ სიტუაციაში „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯინბა ჩაერია და საზოგადოებას ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან თავშეკავება ურჩია და სთხოვა, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებულ პროექტს ულტიმატუმად ნუ მიიღებენ.
„რუსეთი აფხაზეთის მტერი კი არ არის, პირიქით - მეგობარია და რომ ახალ ხელშეკრულება აფხაზეთის სუვერენიტეტს არავითარ ზიანს არ მიაყენებს“, - მიმართა მოსახლეობას რაუალ ხაჯინბამ.
რუსეთის მიერ მოზადებული დოკუმენტით, ოფიციალური თბილისის შემდეგ შეშთოთებას გამოთქვამს ევროსაბჭო, სადაც დოკუმენტი შეფასდა, როგორც მცოცავი ანექსია. ევროსაბჭოს თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი მაგალითია.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის სათათბიროს მიერ მოზადებული დოკუმენტი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან.
„ხელმოწერის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი ჩვენი მხრიდან შეფასდება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან და უხეშად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს უახლოეს პერიოდში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობიდან.
„ჩვენ პირველი დღიდანვე, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება, მყისიერად დავიწყეთ აქტიური დიპლომატიური ქმედებები. 24 საათიან პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირთან, ეუთო-სთან, გაერო-სთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. მაქვს რწმუნება, რომ ამას მოჰყვება სერიოზული გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობიდან უახლოეს პერიოდში“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დროს კარგად გამოზომილი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა მართებს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვისაც, რადგან ფაქტია, რომ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა. იქ ცოტა სხვა ვითარებაა და ამიტომაც ამისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.