„დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვნების მხრიდან“

„დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვნების მხრიდან“

თავდაცვის მინისტრი მისი უწყების თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხუთშაბათს გააცნობს. ირაკლი ალასანია დაკავებულთა საქმის მასალებს გაეცნო და როგორც თავად ამბობს, თავდაცვის უწყების თანამშრომლების უდანაშაულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. 

„გავეცანი იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა პრემიერთან. დღესაც მე გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებს და მასალებს, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვან. მომხდარის მიუხედავად ყველა რეფორმა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩვენს ქვეყანას ყველაზე უფრო კრავს, გრძელდება. რეფორმები ხორციელდება და არ გაჩერდება. კიდევ უფრო დიდი ტემპებით წავალთ წინ“,- განმარტა ირკლი ალასანიამ.

დაკავებულთა საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს თავდაცვის მინისტრი. შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას დღეს მიმართა. ვინაიდან, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილით 28 ოქტომბერს მიმართა, 31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები. 

ირაკლი ალასანიას განცხადებას განცხადებითვე უპასუხა მთავარმა პროკურატურამ და თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური სპეკულაციები. 

„საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს. შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.
ამდენად, გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

თავის მხრივ აღსანიშნავაია, რომ თავდაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია, თითქოს, „საიდუმლო“ გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და არაც ის უთქვამს, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

თავდაცვის მინისტრი არაა ერთად-ერთი, ვინც საქმის მასალების გასაჯოროების აუცილებლობაზე საუბრობს. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქმესთან დაკავშირებული მასალები.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს, როგორც მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საუბრებს, ასევე თავად საქმის მიმდინარეობას. ნებისმიერ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა მოხდეს მართლმსაჯულებისა და კანონის პრინციპების სტანდარტების სრული დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვისთვის ხელმისაწვდომი იყოს საქმესთან დაკავშირებული მასალები და მათ ჰქონდეთ საქმის მასალებთან სრული წვდომა“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ თავად ბრალდებულები. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ამ დრომდე კარანტინის განყოფილებაში იმყოფებიან. ადვოკატი ლევან სამუშია იმედოვნებს, რომ დღეს მაინც მოხდება მათი საკნებში გადაყვანა.

„არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ითხოვს მათი დაკავების საქმეზე გრიფი მოიხსნას. ვინაიდან პროკურატურამ გაკეთებული საჯარო განცხადებით, „შავი პიარით“ გაახმაურა საიდუმლო მასალები, ამ საქმეზე გრიფის არსებობას აზრი აღარ აქვს. თუკი არ მოხდება გრიფის მოხსნა, ჩვენ ვერ განვახორციელებთ სრულფასოვან დაცვას. ფაქტობრივად, ეს ხალხი მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული. ისევე როგორც ჩემი, მათი მოთხოვნაც არის, რომ საქმეს გრიფი მოეხსნას“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

აქვს თუ არა ამ საქმეს პოლიტიკური კვალი, თავდაცვის მინისტრი ჯერჯერობით არ საუბრობს. სახელმწიფო ბრალდება ისევ უპასუხოდ ტოვებს კითხვას - რატომ დაემთხვა დროში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება, მინისტრის ქვეყანაში არყოფნის პერიოდს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროკურორი, რომელიც კორუფციას ებრძვის, ამ ბრძოლის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებს არ უნდა აზიანებდეს.

„ჩემი კოლეგა, მეგობარი და თანამებრძოლი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოები არიან, მე მჯერა, რომ მას აქვს საფუძველი ასე სჯეროდეს. პროკურატურა იმიტომ არსებობს, რომ თუ აქვს საფუძველი დასვას კითხვები. მე არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის საპატიმრო ზომაა გამოსაყენებელი, როდესაც ბრალს წაუყენებენ, ესეც არ არის ჩემი საქმე - მოსამართლის და პროკურორის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი განმარტებით, ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში დაირღვა ის დაუწერელი წესი, რასაც მინისტრის პატივისცემა ჰქვია. თეა წულუკიანის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გამოძიების პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს უშუალოდ მთავარი პროკურორი აგებს. გარდა ამისა, წულუკიანი ფიქრობს, რომ საქმის გარკვულ ნაწილს მაინც გრიფით „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას.

„ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმის უმთავრეს ნაწილებს მაინც მოეხსნას გრიფი, რადგან დღეს მასალებსა და მასში დაფიქსირებულ გარემოებებზე ხელი არ მიგვიწვდება. არადა გამჭვირვალობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ამაზე პასუხს აგებს სისხლის სამართლის სფეროში უმაღლესი ფიგურა - საქართველოს მთავარი პროკურორი, რადგან ეს არ არის საქმე, რომელზეც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რიგითი გამომძიებელი ან პროკურორი.

ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვნებს და იგივეს მოითხოვს მათგან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ექსპერტების განცხადებით, საქმის ყველაზე ცუდი განვითარებაც სწორედ ის იქნება, თუ გამოჩნდება პოლიტიკური მოტივაცია და ეს იქნება ცუდი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ ცუდი საქართველოს სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. ამიტომ, ექსპეტრები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს სწრაფად და გამჭვირვალედ ისე, რომ არ დატოვოს რამე კითხვის ნიშნები.

„სამწუხაროდ, არის კითხვის ნიშნები. როდესაც მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს თავისი კონტრარგუმენტები, ეს კიდევ აჩნებს დამატებით კითხვებს. თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი მთავარი აქტი ნატოს ინტეგრაციის პროცესში, აქედან გამომდინარე, მისი რეპუტაციის შელახვა ამ საქმის გაწელვით და მათ შორის შესაბამის ინფორაციაზე გრიფის არმოხსნა ზიანის მიმყენებელია ეროვნული უსაფრთხოებისათვის. საქმის ობიექტური წარმოებისთვის საჭიროა საქმეზე გრიფის მოხსნა. ეს არაა მხოლოდ ჩემი აზრი“, - აცხადებს ექსპეტრი გიორგი მუჩაიძე.

ჟურნალისტი, პუბლიცისტი ირაკლი ტაბლიაშილი აცხდებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესთან. მისი თქმით, აღნიშნული კაბელები არის მაღალი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. რიგით გამომძიებელს ან რიგით პროკურორს არ აქვს ვალდებულება და არ შეიძლება იცოდეს რა ინფორმაციის გადამცემი შეიძლება იყოს ეს კაბელები, რომლებიც მიდის სხვდასხვა სტრატეგიულ ობიექტებში.

„რეალურად იკევთება ამგვარი მიმართულება, არის ამგვარი ჯგუფი, რომელსაც ბუნებრივია მე ვერ დავასახელებ და ვერ ვიტყვი ვინ არის ამ ჯგუფის ავანგარდში თუ სათავეში, მაგრამ არის ჯგუფი, რომელიც ებრძვის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. ის, რაც დღეს ხდება, არის პასუხი ნატოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საქართველოში შეიქმნება სასწავლო საწვრთნელი ცენტრი. ამგვარი პასუხები ძალიან ბევრი ჩანს და იკვეთება ბოლო პერიოდში.

რიგი მინისტრები აცხადებენ, რომ ალასანია უნდა გადადგეს, წარმოვიდგინოთ, რომ გადადგა, რა ხდება ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში? ხდება ის, რომ მის ადგილას მოდის გაცილებით დაბალი კომპეტენციის, ევროანტლანტიკური მისწრაფებების კუთხით გაცილებით ნაკლებად დაინტერესებული პირი, ან პირთა ჯგუფი. შესაბამისად, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვინდა, არ გვინდა ფერხდება. ყველამ კარაგად უნდა ვიცოთ რას ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოება და ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში და განსაკუთრებით საქართველოს პროკურატურაში ამის გასიგრძეგანება არ ხდება“, - აღნიშნა ირაკლი ტაბლიაშვილმა.