„პროკურატურა როგორც იყო საქართველოს სირცხვილი, ასეთადვე რჩება სამწუხაროდ“

„პროკურატურა როგორც იყო საქართველოს სირცხვილი, ასეთადვე რჩება სამწუხაროდ“

მმართველი კოალიციის შესაძლო დაშლაზე საუბარი ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო, ვიდრე კოალიცია საბოლოოდ დაკომპლექტდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კოალიციაში შემავალი სუბიექტები მოსალოდნელ დაშლას თეორიულად არ გამორიცხავდნენ, თუმცა ბოლო დღეებში განცხადებები კოალიციის შესაძლო დატოვების შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ღიად კეთდება. რამდენად მომწიფდა ფონი სახელისუფლებო ძალთა გადანაცვლებებისთვის ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, ეს არის განცხადებები დივიდენდების მოსაპოვებლად თუ რეალური ფონია შექმნილი იმისათვის, რომ კოალიციიას შესაძლო დაშლაზე სერიოზულად ვიმსჯელოთ?

- ზოგადად, სიყვარული ძალზე ღრმა ფასეულობაა, რომლის გამოხატულებაც მუდმივად ცვალებადია. მრავალწლიანი ოჯახები იშლება და რა გასაკვირია, თუ საჯარო პოლიტიკური ქორწინების სუბიექტები სხვადასხვა პარტიების სახით, საკუთარი სურვილით ჯერ ერთიან ოჯახში ერთიანდებიან, შემდგომ, უკვე, საკუთარ უკეთეს მომავალს გაედევნებიან.

კონტექსტი განშორებისა, თავიდანვე ჩადებული იყო კოალიციის შინაარსში, სხვაგვარად ეს იქნებოდა ერთი და იგივე პარტიების გაერთიანება. ამ მხრივ, ბევრი ვერ დაიტრაბახებს, მას შემდეგ, რაც მრავალი ათწლეული ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც ერთპარტიული მმართველობის რეჟიმით ვარსებობთ.

ამიტომ, ეს თემა მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოებისთვისაც, რომ განხილული იყოს ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კუთხიდან.

ჩვენი საზოგადოების ნაწილი აუცილებლად ისაუბრებს იმაზე რომ, აი, ხომ ვამბობდი, რომ დაიშლებოდნენ, მეორე იტყვის - ეს როგორ გაბედეს და როგორ ამოიღეს ხმა, როცა მათ რეიტინგი არ გააჩნდათ, როგორც იქნა, შემოსეს ძალაუფლებით და ახლა თურმე, რაღაც სხვა ნდომიათ კიდევ, მაგრამ ეს საუბრები არის პენსიონერების გასართობი.

როდესაც ქმედითი, ჯანსაღი საზოგადოება მხოლოდ ასეთი ვარაუდებით საზრდოობს, თან ეთაკილება იმის თქმა, რომ უკაცრავად, ვერ გავერკვიე, ბოლომდე რაშია საქმე, ნუ გაგვიკვირდება, რომ თავად კოალიციის წევრებს ჰქონოდათ სხვა ხედვა ორი წლის წინ იმ რეალობასთან მიმართებაში, რომელიც დღეს დადგა.

განსხვავება ის არის, რომ ერთია, როდესაც პოლიტიკური ძალები ისწრაფვიან მხარში დაუდგნენ ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს, სულ სხვა განცდაა, როდესაც პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას გადასცემენ ჯანყარაშვილს. გარკვეული პოლიტიკური თავმოყვარეობის მქონე ძალები ცხადია, ვერ ჩაერეოდნენ სხვა პარტიის გადაწყვეტილებებში, მაგრამ როგორც კი გაკრთა სხივი იმისა, რომ თურმე არა მხოლოდ „ქართული ოცნებაში“, არამედ კოალიციაშიც რაღაც ძალაუფლებები უნდა იყოს გადატანილი აქამდე უცნობი პოლიტიკოსის მიმართ, რასაკვირველია, გაჩნდა სურვილი იმისა, რომ ქვეყანას ევროპული სულისკვეთების მატარებელი კოლიცია მართავდეს და არა ერთმანეთის ხათრით აკინძული განსხვავებული შინაარსის მატარებელი პოლიტიკური ძალები.

დალაგებულ სიტუაციაში გასაგებია, რომ ნორმალურია და დემოკრატიული პროცესია თუ კოალიცია დაიშლება, მაგრამ საინტერესოა, რას მივიღებთ ჩვენს სიტუაციაში - ძალზე საინტერესოა ასევე, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა-უმრავლესობა როგორ გადანაწილდება და .. რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ რესპუბლიკელები და ალასანია მოინდომებნენ კოალიციის დატოვებას?

- მე მგონი, უნდა მიეცეთ საშუალება კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებს სადმე, საჩხერის რაიონში, ან ურეკისკენ მოაწყონ შეხვედრა, სადაც გულწრფელად გულღიად, ყოველგვარი მედიის და უცხოელი დიპლომატების გარეშე მოახერხებენ შეაფასონ მათ მიერ განვლილი წლები და მივიდნენ დასკვნამდე, შეიძლება იყოს თუ არა ეს კოალიცია თანაბარუფლებიანი სუბიეტებისგან შემდგარი.

თუ აღმოჩნდება, რომ ამ კოალიციის შემქმნელთა ინტერესები თავიდანვე იყო ის, რომ მხოლოდ ეთი პარტია ყოფილიყო ლიდერი, ხოლო დანარჩენები გარემოცვა, რა რეალობასაც დღეს აქვს ადგილი, მაშინ დაშლა-მოშლის სხვა წესი შეიძლება იქნას გამოყენებული.

თუ იქნება საუბარი იმაზე, რომ იყვნენ სრულუფლებიანი მონაწილენი ამ პროცესისა, მაშინ, შესაძლოა, რომ სულაც არ იყოს ლაპარაკი დაქუცმაცებაზე. ერთია მთავარი, რომ გარდა ახლა წარმოჩენილი ვიწრო პარტიული ინტერესებისა, თითოეულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს ხედვა სახელმწიფო ინტერესების პირველადობის და პარტიული ინტერესების მეორადობის შესახებ. სხვაგვარად წყალში იქნება გადაყრილი ის შრომა და მოწადინება, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმ პარტიებისთვის, რომლებიც ვერ მოზომავენ საკუთარ შესაძლებლობებს და კვლავ მეოცნებეებდად დარჩებიან ზოგი კენტად, ზოგი წყვილად.

გაქვთ ვარაუდი, რა ტიპის გადალაგებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, თუკი სიტუაცია გართულდება და ვერაფერზე შეთანხმდებიან?

- ჯერ ერთი, კოალიციის თითოეულმა სუბიექტმა უნდა გაიაზროს „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნების რამდენი პროცენტია ის ფაქტი, რომ დაიშალოს დღეს არსებული კოალიცია და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს ასეთ ვითარებაში.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ტიპის წინასწარი განხილვები არსებობდა „ნაციონალურ მოძრობასთან“ ერთად. რასაკვირველია, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ თავად ის, რომ კოალიციიდან რაც შეიძლება, მაღალრეიტინგული ლიდერები გამოვიდნენ, უნდა ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში.

ამიტომ, ინტერესით ვაკვირდები საქმეში ჩაუხედავი გააქტიურებული ინდივიდების განცხადებებს, რომ თურმე ირაკლი ალასანიამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ვინ ეკითხება ერთს, მეორეს ან მესამეს, რას იზამს ირაკლი ალასანია?!

რასაკვირველია, დიდი სურვილი იქნება ნაციონალების, რომ უსუფაშვილიც ჩამოშორდეს კოალიციას, ალასანიაც და კიდევ სხვაც, რომლებიც წარმოადგენენ საყრდენს ამ კოალიციის, რომ შემდგომ დაიწყოს გარკვეული მოძაობა, შემდეგ ახალი კოალიცია შედგეს ნაციონალების ლანდის მონაწილეობით.

შეთქმულების თეორიის არაერთი თავი გვაქვს წაკითხულიც, მოსმენილიც და ნანახიც, მაგრამ ასეთი ისტორიების შემქმნელთ ყოველთვის ხელმოცარულებს ვხედავთ-ხოლმე, რადგან ასეთ შემთხვევაში, ყველას ავიწყდება საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არსებობა და პატარა კაბინეტებში ერთმანეთთან გადაჩურჩულებით მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო ვერდიქტი ჰგონიათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ასე არ ხდება, საკმაოდ გაქტიურებულია თავად საზოგადოებაც და მე მგონი, სენსაციების მოყვარულთ ალბათ გაუჩნდებათ ბოლოს და ბოლოს აზრი, რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ საკუთარ შეთავაზებებში. საკუთარი აზრების თავზე მოხვევისგან შევიკავოთ თავი და ვაცალოთ იმ გამოცდილ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სრული უფლება გააჩნიათ, თავად განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე საკმაოდ საინტერესოა, რაც მოხდა თავდაცვის სამინისტროში, ეს ხომ არ არის გაფრთხილება, რომ თუ პარტიის თავმჯდომარეობას დაუბრუნდება ალასანია, შესაძლოა, მისი მინისტრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს? ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს ამ ფაქტის მიმართ...

- მე მაქვს კითხვა, რომელიც დაიბადა 2013 წლის მაისში და რომელზე პასუხიც მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ მიმიღია. ის, რაც დღეს ხდება ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის თავს, შემიძლია ჩავთვალო, რომ არის გაგრძელება იმ ტრაქტორების ეპოპეისა, რომელიც თავს გადახდა ივანიშვილს. დღეს სწორედ „სილქნეტის“ „ტრაქტორებია“ ღარიბაშვილის თავისტკივილი და იმედი მაქვს, ის საკუთარ წინამორბედზე უფრო ღირსეულად გამოვა ამ მდგომარეობიდან, რადგან პროკურატურა როგორც იყო საქართველოს სირცხვილი, ასეთადვე რჩება სამწუხაროდ.

არანაირი დამაჯერებლობა იმისა, რომ გაფლანგვა იყო, არ არის, მაშინ, როდესაც არავინ კომენტარს არ აკეთებს პროკურატურიდან „სილქნეტის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თეთრით შავზე წერია, ვის რამდენად შეეძლო ამ სამუშაოს შესრულება. ნაცვლად იმ ციფრებისა, რომელიც სახელმწიფო ხარჯების დაზოგვაზე მიანიშნებს, რეცეპტად გამოუწერეს გაფლანგვა.

ამის გამკეთებელი რომ არის პროკურატურა, არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე ლაშა ნაცვლიშვილის პერიოდში. რა დაეტყო ჩვენს პროკურატურას, რომ ის აღარ არის ზურიკელა ადეიშვილის ან ლაშა ნაცვლიშვილს სახელობის?! სად იპოვეს ახალგამოჩეკილი სოსო თოფურიძეები, რომლებსაც სახელმწიფო მოხელეები ისე მიჰყავთ გასასამართლებლად, რომ ადვოკატებსაც არ აქვთ ინფორმაცია რას ედავებიან და რას აბრალებენ ამ ადამიანებს?

სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვები - ეს არის გაფრთხილება, რომ ალასანია თუ არ მოიქცევა ისე, როგორც ვიღაცას სურს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს? ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა და მთავრობის თავმჯდომარე არიან რა მუდმივ ურთიერთობაში. ადრეც ყოველთვის გვეუბნებოდა ივანიშვილი, რომ საქმის კურსში ვარ და რაც ინფორმაცია გაქვთ, ასე არ არისო, რომ მე ვერ ჩავერევი პროკურატურის საქმიანობაშიო. დღეს, ჯერჯერობით, ასეთი არაფერი ისმის, თუმცა ახალგაზრდა, ნიჭიერი პრემიერ-მინისტრი ცდება, როცა ხშირად აფასებს პროკურატურის ამა თუ იმ ნაბიჯს და ზოგჯერ წინმსწრებადაც კი წინასწარმეტყველებს, როგორ განვითარდება ამა თუ იმ ძიების მსვლელობა. ამდენად, თუ არ იქნება სრული თავშეკავება ხელისუფლების უმაღლესი პირებისაგან და გაკეთდება გაუთავებელი კომენტარები მათი მხრიდან, ეს კვლავ დიდი ხნით დააზიანებს პროცესს სამართლიანობის აღდგენისა.

არც ერთ პროკურორს, არც ერთ მოსამართლეს, რომლებიც ათეული წლის განმავლობაში ნერგავდნენ საქართველოში უსინდისობას, უსამართლობას და არაკაცობას, არ მოსვლია თავში საკუთარი უფროსისთვის, ახლადმისული ადამიანისთვის ეგრძნობინებინა, მისგან უსამართლოდ გადაწყვეტილი საქმე ვის მიმართ, ან რამდენი ადამიანის მიმართ იყო წარმოებული. არანაირი მონანიების გრძნობა ამ ადამიანებს არ აქვთ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ისინი ისევ იმ ძალების ხელშიშემყურენი არიან, რომლებიც მათ დავალებებს აძლევდა. უამრავი საქმეა, რომლის ხელის არმოკიდება, არის ნიშანი იმისა, რომ სწორედ ადეიშვილი ზეობს დღევანდელ პროკურატურაში.

დავუშვათ, ღარიბაშვილი თამაშობს ალასანიას წინააღმდეგ, რითი რჩება მოგებული, იმითი, რომ პრეზიდენტს შეურიგდა? რაღაც თითქოს ისე არ არის, არ ბალანსდება...

- რა თქმა უნდა, ეს არათანაბარი შედარებაა, ვგულშემატკივრობ რა „ქართული ოცნების“ სამთავრობო და საპრეზიდენტო სტრუქტურებს, საპარლამენტო უმრავლესობას, რასაკვირველია, მხოლოდ სიკეთე მინდა მათთვის. მაგრამ, შიგნით, როგორც ჩანს, არ არის ის ჯანსაღი ვითარება, როგორც 2012 წლიდან არსებობდა და ყოველივე ეს უფრო ცენტრიდანული ძალების მიმანიშნებელია, ვიდრე ცენტისკენულის.

ზოგადად ნუღარ ვეცდებით შევქმნათ საიდუმლო იმისგან, რომ გამაერთიანებელი ივანიშვილი და დამქუცმაცებელი ივანიშვილი ორი სხვადასხვა ღირებულების მოვლენა გახლავთ. პირველ შემთხვევაში ეს არის მართლაც სამუდამოდ ქართულ ლეგენდად დარჩენილი პიროვნება, რომელმაც უამრავი სიკეთე უბოძა საკუთარ ხალხს და სახელმწიფოს, მაგრამ არ აცალა საკუთარ თავს ამ ადამიანმა, რომ მოიმკას ის, რაც დათესა და ნაცვლად ამისა, თესავს და თესავს იმას, რაც არ იყო ჩვენი საზოგადოების მოლოდინი. ამიტომ, მასაც უნდა თანადგომა, მასაც სჭირდება კომუნიკაციების უფრო ფართე ქსელი იმისათვის, რომ რაიმე გაუგებრობას არ გადაჰყვეს მისი მრავალწლიანი მცდელობის შედეგები.

დავუშვათ, ივანიშვილს აქვს გეგმა, რომ დაშალოს კოალიცია იმიტომ, რომ ვიღაცეები მას არ უჯერებენ. იმ შემთხვევაში თუ ალასანია და რესპუბლიკელები თავიანთი გზით წავლენ, რა დარჩება ივანიშვილს?

- კოალიცია უკვე ამჟღავნებს თავკომბალას ნიშნებს და ეს არახალია, როდესაც ექვსსუბიექტიან კოალიციაში ერთი სუბიექტი ისაკუთრებს 50%-ს არჩევითი თანამდებობების და დანარჩენ 5 სუბიექტს 10-10% ერგება. ეს კოლიციის შიდა საქმეა, მაგრამ გარედან ჩანს, რომ კოალიცია თანაბარუფლებიანი სუბიექტებით არ არის დაკომპლექტებული.

გააჩნია, როგორ თამაშს ვითამაშებთ - ლიდერებს შევადარებთ ერთმანთს, პირველ სამეულს პირველ ათეულს, თუ როგორ გავერკვეთ, რომელი პოლიტიკური ძალა უფრო მნიშვნელოვანია? წარსულს გადავხედოთ მათსას, წარმატებები გავიხსენოთ ვინმესი? - ეს ხდება, როგორც წესი, არჩევნების სახით. რაიმე ტიპის შანტაჟი ერთმანეთის მიმართ იქნება ყველაზე არასასურველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. სწორედ ასეთი შანტაჟის დამთესი ძალა არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და არც თუ უნიჭოდ აღწევს საკუთარ მიზანს. ამიტომ მეტი სიფხიზლე, სიცხადე და ნაკლები - კულუარებში მიღებული გადაწყვეტილებების მონური მორჩილება.

უნდა იყოს მუდმივი და ღია საუბარი - ღია საუბარში ვგულისხმობ შიდა პოლიტიკური ძალების სივრცეს და არა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ან ნებისმიერ სხვა ტელეკომპანიას. არ უნდა იყოს კითხვები თავად პარტიის წევრებს შორის, რადგან დღევანდელი სიტუაცია წარმოშობს საფრთხეს იმისას, რომ ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკური პარტია აღარ იქნება არანაირი აუცილებლობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისათვის.

ეს სხვა ტიპის სირთულეებსაც წარმოშობს. ამიტომ ვისაც აქვს უნარი, რომ რეალური პოლიტიკური პარტია იყოლიოს და ისე უხელმძღვანელოს ამ ერთობას, ეს უნდა გააკეთოს არა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის იდეით, არამედ სახელმწიფოსთვის სიკეთის კეთების სურვილით. ადრე თუ გვიან, გამარჯვებული იქნება ის, ვისაც ხელეწიფება პროგრესისკენ სვლა და ეს იქნება დამაჯერებელი მთელი მოსახლეობისთვისაც.

ძალიან მძიმე დრო არის არჩეული შიდა კინკლობისთვის და მოგვწონს თუ არა, ეს უკვე რეალობაა. ვერ შევკადრებ საზოგადოებას რაიმე საკუთარი რეცეპტის შეთავაზებას, მაგრამ დავესესხები გენიოს ადამიანს, უინსტონ ჩერჩილს, და მის ნათქვამს შევთავაზებ მკითხველებს, იგი ბრძანებდა: „როგორც კი წამოვიწყებთ კამათს აწმყოსა და წარსულს შორის, აღმოჩნდება, რომ ჩვენ დავკარგეთ მომავალი“ - ეგებ ჩერჩილმა მაინც დაგვაფიქროს იმ ვითარებაზე, ხომ არ ვახორციელებთ ამ ფორმულის ხორცშესხმას მაინ და მაინც ბედკრული საქართველოს მიმართ.

ნაციონალების რეანიმაციაზე საუბარი უადგილოა, მაგრამ მათ გარდა ვინ დარჩებოდა ასეთი გადათამაშებით მოგებული?

- ჯერჯერობით, რაიმე ტიპის მესამე ძალაზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაძლოა, ასეთი სურვილი საზოგადოებაში იყოს, მაგრამ ეს მესამე ძალა უცხოპლანეტელებისგან ვერ შედგება. ისე, როგორც თითოეული ჩვენთაგანი მოტივირებულია დააკომპლექტოს ფეხბურთის ნაკრები, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. და როცა ყველაფერი სხვანაირად ხდება, უკვე უკმაყოფილებაც სახეზეა. წინასწარ ვინ რას იზამს, ძნელია თქმა, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია იმ სიბრძნის მოქმედება რასაც ჰქვია რასაც დასთეს იმას მოიმკი. თუ ვინმე უკმაყოფილო იქნება, რომ სხვა დათესა და სხვას იმკის, მას შეახსენებენ, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.