„თავისუფალი დოლარის“ მამა ციხეშია

„თავისუფალი დოლარის“ მამა ციხეშია

ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბერნარ ფონ ნოთჰაუსი საკუთარი ვალუტის გამოშვებასა და გავრცელებაში, რომელსაც უნდა შეეცვალა აშშ-ს დოლარი. გარჩევისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის ქმედება სხვა არაფერია, თუ არა შიდა ტერორიზმის განსაკუთრებული ფორმა. ასე რომ, „თავისუფალი დოლარის“ შემოქმედს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბერნარ ფონ ნოთჰაუსზე ბევრი არაფერია ცნობილი. იგი გახლავთ დამაარსებელი ფონდ Free Marijuana Church of Honolulu-ის, მაგრამ გისოსებს მიღმა არა მარიხუანას, არამედ Liberty Dollar-ის გავრცელების გამო აღმოჩნდა და სახელიც ამით გაითქვა.

ყველაფერი იმით დაიწყო, ფონ ნოთჰაუსმა 1995 წელს შექმნა ფედერალური სარეზერვო ფონდის და საგადასახადო კანონმდებლობის ანულირების ეროვნული ორგანიზაცია - National Organization for the Repeal of the Federal Reserve and the Internal Revenue Code, NORFED, რომელსაც 1998 წელს Liberty Services უწოდა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ ვალუტის სახელად „თავისუფალი დოლარი“ გამოშვება დაიწყო. ფონ ნოთჰაუსის ჩანაფიქრით მას ამერიკულ დოლართან ერთად უნდა ებრუნა და მისი შეცვლა შესძლებოდა. „თავისუფალი დოლარები“ მზადდებოდა ქაღალდისაგან, ვერცხლისაგან, ოქროსაგან, პლატინისა და ბრინჯაოსაგან. დიზაინი თავად შემქმნელის მიერ იყო შემუშავებული. უნდა ითქვას, რომ „თავისუფალი დოლარი“ ოფიციალურს ძალიან გავს, იგივე ნიშანი ($) აქვს და Dollar აწერია. ხოლო ოფიციალურ ვალუტაზე არსებული ფრაზა In God We Trust (ჩვენ ღმერთის გვწამს) შეიცვალა წარწერით Trust in God (ღმერთის რწმენა).

„თავისუფალი დოლარი“ 2009 წლის ივლისამდე ვრცელდებოდა. ქაღალდის კუპიურის ძვირფას ლითონებზე გადაცვლა შესაძლებელი იყო კომპანიის სპეციალურ ოფისებში. არაოფიციალური ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა თავად ფონ ნოთჰაუსის მიერ დადგენილი „საბაზო ღირებულებით“ განისაზღვრებოდა. მაგალითად, 2009 წელს 20 „თავისუფალი დოლარის“ ღირებულება ერთი უნცია ვერცხლისას უტოლდებოდა.

ფონ ნოთჰაუსის მოღვაწეობით საგამომძიებლო ორგანოები პირველად 2005 წელს დაინტერესდა. ამ დროისათვის 7 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების „თავისუფალი დოლარი“ იყო გამოშვებული. 2006 წელს აშშ-ს მთავრობამ გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც აღინიშნა, რომ „თავისუფალი დოლარი“ კანონიერი ვალუტა არ იყო.

2007 წელს ფონ ნოთჰაუსის მთავარ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის შემდეგ ამოიღეს დოკუმენტები, მონეტები და ძვირფასი ლითონები. მალე ფონ ნოთჰაუსმა მისცა ინტერვიუ, რომელშიც აღნიშნა, რომ საინტერესო სასამართლო გარჩევას ელოდა, რომლის დროსაც ამერიკული მონეტარული სისტემის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამდა.

2009 წლის ივლისში ფონ ნოთჰაუსი დააპატიმრეს და ოფიციალური ბრალდება წაუყენეს თაღლითობასა და ოფიციალური ვალუტის მსგავსი ფულის უკანონოდ გამოშვებაში. საბოლოოდ, არანაირი საინტერესო სასამართლო პროცესი არ გამოვიდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში იგი დამნაშავედ სცნეს. აღსანიშნავია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საკმაოდ სწრაფად, ორ საათში გამოიტანეს. როგორც ჩანს, მათზე დიდი გავლენა ფონ ნოთჰაუსის ტერორისტად მოხსენიებამ მოახდინა. პროკურორის თქმით, მერე რა, რომ იგი მოძალადე არ იყო, სამაგიეროდ, დიდ ზიანს აყენებდა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას.

კაცმა რომ თქვას, ფონ ნოთჰაუსმა ამერიკულ სისტემას საფრთხე მართლაც შეუქმნა. არ არსებობს კერძო პირის მიერ სახელმწიფო საქმეებში ჩარევის ეგზომ საინტერესო პრეცედენტი. თანაც, ფონ ნოთჰაუსი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა, მისი დოლარები ერთობ პოპულარული გახდა. თავად ბრალდებული კი ირწმუნება, რომ აქედან საერთოდ არანაირი მოგება არ მიუღია.