„დღეს ნამდვილად არ არის „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საათი“

„დღეს ნამდვილად არ არის „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საათი“

კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ათასგვარი შეთქმულების თეორია მოგვისმენია მმართველი ძალის დაშლისა თუ გახლეჩის თაობაზე. ბოლო რამდენიმე დღეა თავად კოალიციის წევრი პარტიები უკვე ღიად აცხადებენ, რომ გარკვეულ სიტუაციაში შესაძლოა კოალიციიდან გასვლაზეც დაიწყოს საუბარი. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, ბევრს საუბრობენ კოალიციაში არსებულ განხეთქილებაზე, დაპირისპირებაზე და .. თქვენი შეფასებით, რა პროცესის მოწმე ვართ მმართველ კოალიციაში?

-კოალიციაში მიდის ძვრები, რომელიც უკავშირდება გავლენის გაფართოების მცდელობებს კოალიციის შიგნით. ერთი მხრივ, უშუალოდ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ და მეორე მხრივ, პროდასავლური პარტიების მიერ, როგორიცაა, რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“, თუმცა, ამ ორის პოზიციები დღეს განსხვავებულია.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლა ჯერჯერობით ისეთი თვალშისაცემი არ არის და ფაქტია, ისინი თვითონ ცდილობენ კოალიციის შიგნით პოზიციების გაფართოებას - ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ლიდერმა ერთმანეთის მიყოლებით გააკეთა ძალიან მკვეთრი განცხადება - დავიწყოთ დათო ბერძენიშვილის განცხადებით, სადაც მან თქვა, რომ დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ვანო მერაბიშვილის ტრადიციებს და უკვეთავს რესპულიკელების საწინააღმდეგო სტატიებს, თქვა ისიც, რომ იგივე შს სამინისტრო პოლიტიკაში აქტიურად ერევა, განსაკუთრებით რეგიონებში და ეს სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. ამავე დროს, უკვე პარტიის ახალი თავმჯდომარე აცხადებს იგივეს, რომ რაიონებში საგრძნობია შს სამინისტროს ორგანოების გავლენა, ისინი არიან იქ რეალურად კოალიციის წარმომადგენლები, აქტიურად ერევიან პოლიტიკის წარმოებაში.

ამავე დროს, „რესპუბლიკური პარტია“ აქვეყნებს განცხადებას, სადაც ორ პირობას აყენებს - უნდა იყოს ერთიანი კოალიცია ერთიანი პოზიციით, მაგრამ კოალიციაში შემავალი სუბიექტების გაფართოებული უფლებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციაში შემავალ პარტიებს უნდა მიეცეთ საკუთარი, კოალიციისგან განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლებაც.

პირდაპირ არის საუბარი, რომ რესპუბლიკელები ითხოვენ უფრო ფართო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - როგორც ცნობილია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფართო წარომადგენლობა ჰყავს იგივე რესპუბლიკელებს პარლამენტში ან „თავისუფალ დემოკრატებს“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში,  მათი გავლენა პროცესებზე და ზოგადად, გადაწყვეტილების მიღბაზე, არ არის ადეკვატური მათივე წარმომადგენლობისა პარლამენტში ან აღმასრულებელ ხლისუფლებაში.

რესპუბლიკელები სწორედ ამას ითხოვენ, რომ იყვნენ ადეკვატურად ჩართულები ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხმალაძემ განაცხადა, კოალიცია იმოქმედებს სიტუაციის შესაბამისად - კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ერთგვარად ყურადრების მიღმა დარჩა, მაგრამ საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, როდესაც დღევანდელი კონსტიტუცია შეაფასა. მან განაცხადა, რომ ეს არის სუფთა საპრემირო კონსტიტუცია. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ რესპუბლიკელები ცდილობენ, თავისი უფლებების მონიშვნა-გაფართოებას კოალიციის შიგნით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ კოალიციის დატოვებას.

რაც შეეხეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, რაც ბერძენიშვილმა თქვა რესპუბლიკელებზე, იგივე შეიძლება ვივარაუდოთ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერზე, ალასანიაზეც. ის რომ კოალიციის შიგნით ალასანია ყველაზე ნაკლებად კომფორტული პარტნიორია, ამაზე უკვე წელიწადზე მეტია, მიდის საუბარი და როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება უკვე ზედაპირზე ამოვიდა.

აღარაფერს ვამბობ, იმაზე, რომ აღიძრა საქმე თავდაცვის სამინისტოს მაღალჩინოსნების მიმართ. ამაში ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, რადგან თუ საქმე გვაქვს კორუფციულ ფაქტებთან, გამოძიებაც შესაბამისად უნდა წარიმართოს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. კერძოდ ის, რომ როგორც არასამთავრობო სექტორს უჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ, ასევე დაკავებულთა ადვოკატებს.

ყველაზე თვალსაჩინო და საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიცია, როდესაც ის არ დაელოდა გამოძიების დასრულებას და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოუცხადა სრული მხარდაჭერა თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს. თავისთავად ძალზე ნიშანდობლივი ფაქტია, ასეთი სრული მხარდაჭერა, მსგავსი განცხადება გაავრცელა შვეიცარიის საელჩომ და არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყნების მსგავსი განცხადებებიც ვიხილოთ.

ეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის აწეულ, მინიმუმ, ყვითელ ბარათს და იმას, რომ მკვეთრად პროდასავლური ლიდერების გარეშე დასავლეთისთვის ძალიან შემაშფოთებელია და კითხვების შემცველია, შეინარჩუნებს თუ არა მმართველი კოალიცია პროდასავლურ კურსს და იერსახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შფოთი გახლავთ და ალბათ,  ხელისუფლებას მოუწევს ამის გათვალისწინება და ამაზე დაფიქრება.

რეალურად არსებობს პრორუსული ძალების მომძლავრების საფუძველი? კოალიციაში შემავალი პარტიების უმეტესობა ღიად აფიქსირებს თავის პროდასავლურ პოზიციას...

- ვერ ვიტყვი, რომ კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ღიად აფიქსირებს თავის პროდასავლურ განწყობას, კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან ზოგიერთი აშკარა სიმპათიას გამოხატავს იგივე რუსეთის მიმართ მასთან ურთიერთობის გაძლიერების და გაინტენსიურების მიმარულებით. მკვეთრად პროდასავლურ პარტიებად მიიჩნევიან ალასანიასა და უსუფაშვილის პარტიები და აქედან გამომდინარე, გასაგებია დასავლეთის შფოთი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მრეწველების ან კონსერვატორების გამო იყოს შეშფოთებული დასავლეთი. რაც შეეხება  აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირია, მასთან დაკავშირბით შეიძლება ჩნდებოდეს ასეთი კითხვები?

- უშუალოდ ღარიბაშვილთან დაკავშირებულ ეჭვებზე არ მაქვს საუბარი, ღარიბაშვილი ახალი ფიგურაა პოლიტიკაში, ამდენად, ამერიკელები მას ისე არ იცნობენ, როგორც ალასანიას ან უსუფაშვილს და გასაგებია, რომ მათთვის მთავარი დასაყრდენი კოალიციაში არიან სწორედ მათი ძველი პარტნიორები.

მაგრამ საქმე ისაა, რომ თავისთავად, უკვე, ზედაპირზე ამოსული ბრძოლა, დაპირისპირება თუ გაუგებრობები, რომელიც მაინც და მაინც ამ პროდასავლური მიმართულების პარტიების მიმართ ჩნდება კოალიციაში, დამეთანხმებით,მ ალბათ, რომ თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს. შეიძლება არც იყოს მაინც და მაინც ასეთი საფუძველი, რომ სწორედ მათი პროდასავლურობის გამო ხდება მათი გვერდზე გაწევა ან შევიწროება, მაგრამ გარედან მაყურებლისთვის, პირველ რიგში, ეს არის თვალშისაცემი.

ასეა თუ ისე საჭადრაკო დაფაზე პირველი სვლები უკვე გაკეთდა, ვინ რა შეიძლება მიღოს?

- მართლაც საინტრესოა, რა შეიძლება დაკარგოს კოალიციამ და რა შეიძლება მოიგოს, თუ რეალურად მოხდება პროდასავლური პარტიების გვერდზე გაწევა. არარეალისტურად მეჩვენება, რადგან ის, რაც შეიძლება წააგოს კოალიციამ, მას ძალიან ძვირი დაუჯდება.

დავიწყოთ საპარლამენტო ხმებით - მოსმენების კანონპროექტზე ვეტომ უკვე აშკარად აჩვენა, რომ არც ისე მარტივად აქვს საქმე ხმების მიღების თვალსაზრისით უმრავლესობას და საკონსტიტუციო უმრავლესობას დღეს ვერ აგროვებენ და რესპუბლიკელების და დემოკრატების ხმების გამოკლებით ბუნებრივია, ეჭვქვეშ დადგება, ზოგადად, უმრავლესობის თემაც.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ კოალიცია კარგავს პროდასავლურ იერს და აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იძენს ორ ოპონენტს მათ შორის საერთაშორისო არენაზე - ისევ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ვგულისხმობ, რომლებსაც აქვთ საკმაოდ ფარო კავშირები დასავლეთთან - ნაციონალების შემდეგ ყველაზე ფართე  კავშირები და მაშინ, როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფრით შეძლო სერიოზული კონტაქტებისა და ლობის შეძენა დასავლეთში, კიდევ ორი ოპონენტის გამოჩენა მათთვის იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი საერთაშორისო არენაზე.

დანაკარგი ძალიან დიდია, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ დღის წესრიგში დადგა უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი, მაგრამ ამას გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში.

რაც შეეხება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს, დასაკარგი მათაც აქვთ, ისინი არიან პარტიები, რომლებიც საჭიროებენ „ორთქლმავალს“ პარლამენტში შესასვლელად, აქედან გამომდინარე, მათ მოუწვთ ახალი ორთქლმავლის ძიება ან ახალი კოალიციის ძებნა. ამიტომ, რაღა ახალი კოალიცია ეძებონ, რადგან უკვე არსებობს ძველი, დღეს ხელისუფლებაში მყოფი.

აღარ ვლაპარაკობ წმინდა მატერიალურ მხარეზე, ფინანსებზე და ა.შ. ამიტომ, ეს თამაშის ის პარტიაა, რომელიც ორივე მხარისთვის წამგებიანია, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუ წაგებაზეა საუბარი,მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გაცილებით მეტს დაკარგავს, ვიდრე რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“.

გარდა ამისა, არსებობს არასაპარლამენტო საჭადრაკო დაფაც, მას შემდეგ რაც მრავალთვიანი კინკლაობის შემდეგ, პრემიერისა და პრეზიდენტის გულთბილი შერიგება ვიხილეთ, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა...

- კოალიციის შიგნით ურთიერთობები იძაბება და როგორ გადალაგდება საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით, არ ჩანს, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უფრო დიდია შანსი, რომ ისინი დალაგდნენ. თუმცა, თუ დარჩებიან შიგნით, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ბევრ დათმობაზე წასვლა იგივე რესპუბლიკლელებისა და დემოკრატების მიმართ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი ხვედრითი წილი გაიზრდება, რაც იქნება ძალიან კარგი.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კოალიციაში შიდა დაპირისპირებები მიდის, ბუნებრივია, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, არ უნდა აწყობდეს კიდევ დამატებითი პრობლემები პრეზიდენტთან. წარმოიდგინეთ, პრობლემები პროდასავლურ ძალებთან, პრობლემები პრეზიდენტთან, ასეთი დაუნდობელი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში დგება თავად მმართველი პარტია, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება არა თუ ხელისუფლებაში ყოფნის, ზოგადად პოლიტიკაში ყოფნის არ გააჩნია. ამიტომ არ არის ეს პარტია „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საათი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტთან დამთბარი ურთიერთობები ამითაც იყოს გამოწვეული.

რაც შეეხება ვეტოს, ჩემი გადასახედიდან, ეს არის ის თემა,  რომლითაც ყველა დარჩა გამარჯვებული. ვფიქრობ, ამან დამტკიცა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც უამრავი კრიტიკის ობიექტი გახდა, გამოდგა ყველაზე კარგად ადაპტირებული დღევანდელ ქართულ რეალობასთან, რადგან ყველაზე კარგად მან შეძლო დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში. კერძოდ ის, რომ საქართველოს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რაც მას თავისუფლების უზარმაზარ ხარისხს ანიჭებს, მეორეა, რომ ეს პრეზიდენტი აბალანსებს ძალიან დიდი უფლებების მქონე პრემიერს. ეს აჩვენა სწორედ დღევანდელმა დღემ, როდესაც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება. ეს არ რის მხოლოდ მისი გამარჯვება, ეს არის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გამარჯვებაც, ვინაიდან სწორედ მათი მმართველობის პირობებში შესაძლებელი გახდა ვეტოს უფლების გამოყენება.

თუ ასე შეხედავენ, ერთ თუნდაც ძალზე მნიშვნელოვან კანონზე ვეტოს დადება-არდადებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ეს დემოკრატიული გარემო, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, ვეტოს უფლება გამოიყენოს. ამ გარემოს ქმნის ერთი მხრივ კონსტიტუცია, მეორე მხრივ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვყანას მართავს და ბუნებრივია, საზოგადოება, რომელიც ძალზე დიდი ყურადღებით აკვირდება და არ მარტო აკვირდება, არამედ აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, რაც მთავარია, ხელისუფლების მონიტორინგში.

ამ მხრივ, პრობლემას კი არ ვხედავ, არამედ ძალზე პოზიტიურად მივიჩნევ, მათ შორის იმ აზრთა სხვადასხვაობასაც, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იყო, ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალზე მწარე გამოცდილება - ერთ ხმაზე როცა მღეროდა პრეზიდენტიც, მთავრობაცა და პარლამენტიც, ხელისუფლების ეს სიმღერა ხალხისთვის გმინვად იქცა.

ამიტომაც ვარ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ხელისუფლების ყველა შტო და ყველა ლიდერი ერთ ხმაზე მღეროდეს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისე მყარი პოლიტიკური კულტურა და დემოკრატიული საფუძვლები, რომ ერთ ხმაზე მომღერალმა პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტმა  შეძლონ დემოკრატიის შენარჩუნება. ვფიქრობ, სწორდ აზრთა სხვადასხვაობაა ის, რაც საქართველოს აზღვევს დღეს ავტორიტარიზმისგან.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ უმრავლესობა, როგორც მისმა ლიდერმა განაცხადა, არც აპირებს ვეტოს დაძლევას, რადგან როგორც საგანელიძე ამბობს, ეს სამართლებრივ ვაკუუმს და რისკებს გამოიწვევდა... გამოდის უკვე პრეზიდენტის განაწყენებას ერიდებიან, თუ ამ სვლასაც თავისი მიზეზი აქვს?

- ვვარაუდობ, რომ განა არ ისურვეს, არამედ ვერ აგროვებდნენ საჭირო ხმებს ვეტოს დასაძლევად და ამიტომ გააკეთეს ასეთი ფორმულირება. ვფიქრობ, რეალურად ამასთან გვაქვს საქმე, რადგან მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ვეტოს გამოცხადების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ისედაც არ აძლევდნენ ხმას, შეიძლებოდა, მათ შეერთებოდა რესპუბლკელები, „ფორუმი“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ვეტოს დაძლევას შეუძლებელს გახდიდა. როგორც ჩანს, პარლამენტმა არჩია, რომ თავად ეთქვა ვეტოს დაძლევაზე უარი.

ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ვეტო ახალი ხელისუფლების პირობებში არის ძალიან დიდი გამარჯვება, აქ დამარცხებული არავინ არ არის, ეს ხელისუფლების ყველა შტოს გამარჯვებაა და ასეთი შეფასებებიც კი კეთდებოდა, რომ 2012 წლის არჩევნები ღირდა მხოლოდ ამ ვეტოდ. თუ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიისკენ 25-წლიანმა სვლამ შედეგი გამოიღო.

მთელი ორი წელი ვაკვირდებოდით სიტუაციას, როდესაც ასე თუ ისე, ქაოსური სიტუაცია იყო მმართველ ძალის შიგნით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ გადალაგებებმა რისკენაც პროდასავლური პარტიები ისწრაფვიან, შეიძლება, სიტუაცია დაალაგოს და მოაწესრიგოს?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ქაოსი იყო ქვეყანაში - ქაოსი არ იყო, უბრალოდ, ახალი ხელისუფლების ადაპტირება ხდებოდა მართვის პროცესთან, რადგან მათგან უმრავლესობას არ ჰქონდა ასეთი გამოცდილება.   

ამ თემის მეორე მხარე არის ძალზე მნიშვნელოვანი - თუ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს მიეცემათ უფრო მეტი გასაქანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს ძალიან  კარგი იქნება, რადგან თუ გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, სწორედ მათ აქვთ გაცილებით მეტი გამოცდილება კოალიციაში არსებულ სხვა სუბიექტებთან შედარებით.

გაუგებარია, როდესაც ხელისუფლებას ისედაც მწირი ინტელექტუალური რესურსი აქვს, არსებულ რესურსებს რატომ არ იყენებს და არც გარედან არ იზიდავს არავის. ეს არის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მოვლენათა განვითარების როგორი სცენარი გეჩვენებათ შედარებით რეალური?

- დღეს რჩება ორი გზა პარტია „ქართულ ოცნებას“ - დაინახოს დღევანდელი რეალობა და ობიექტურად შეაფასოს ის - პარტიის გაძლიერება დაიწყოს არა მარტო შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებზე დაყრდნობით რეგიონებში, არამედ დაიწყოს კოალიციის გაძლიერება მასში არსებული ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით, შეეცადოს ასევე გარედან მიიზიდოს ინტელექტუალური რესურსი.

ბოლო ორი წელი ხელისუფლება თუ რამეში დახელოვნდა, დახელოვნდა მოყვრის მტრად გადაქვეცის საქმეში. მოახერხა ის, რომ დიალოგი საერთოდ გაწყვიტა არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან და ერთადერთი, რაც მოიმარჯვა იყო აგრესიული რიტორიკა იგივე მედიასთან, ექსპერტულ საზოგადოებასთან, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ადამიანებთან მიმართებაში. თუ ამ პოზიციას შეიცვლის და შეეცდება ამ რესურსით თავი გაიმაგროს და ეფექტურად გამოიყენოს, მაშინ იქნება წარმატებული. თუ არა - რჩება მეორე გზა გადავიდეს აგრესიაზე, ავტორიტარიმზე, რისი რესურსიც მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მას არ აქვს.