მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ფასტფუდის მსოფლიო ბაზარზე ლამის წარმოუდგენელი მოვლენა მოხდა – სწრაფი კვების რესტონების ქსელმა McDonald's-მა მსოფლიოში უმსხვილესის წოდება დაკარგა. მას უმთავრესმა კონკურენტმა Subway-მ გაუსწრო და ლიდერობა ხელთ იგდო.
Subway-ს პირველი სასაუზმე, რომელიც სენდვიჩებისა და სალათების გაყიდვაზე იყო სპეციალიზირებული, კონექტიკუტში 1965 წელს ფრედ დელუკამ გახსნა. თავდაპირველად მას Pete's Submarines ეწოდებოდა, შემდეგ Pete's Subs დაერქვა, მოგვიანებით კი Subway.
პირველი კაფეს გახსნის მომენტში დელუკა სულ რაღაც 17 წლის იყო და საკუთარი ბიზნესით კოლეჯში სწავლის გადასახადის შოვნა ჰქონდა განზრახული. სასტარტო კაპიტალი – ათასი დოლარის ჩეკი მან ოჯახის მეგობრებისაგან მიიღო. ამგვარად დაწყებულმა ბიზნესმა კი იმდენად გაამართლა, რომ Subway-მ McDonald's-ისათვის გასწრება შეძლო. გასული წლის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით, Subway-ს ქსელს მთელს მსოფლიოში 33749 გაყიდვის წერტილი აქვს, McDonald's-ს კი 32737.
ხოლო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისის მონაცემებით, Subway-ს რესტორნების ქსელი კიდევ უფრო გაიზარდა და მათმა რიცხვმა 34218-ს მიაღწია. ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგია კომპანიისათვის, რომელიც McDonald's-ზე 25 წლით გვიან დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ბაზარზე კონკურენტის უკან ჩამოტოვება Subway-მ ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ შეძლო. ამ დროისათვის მას სამშობლოში 24 ათასზე მეტი რესტორანი აქვს.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ფინანსური მაჩვენებლებით მსოფლიო ბაზარზე კვლავ McDonald's ლიდერობს. გასული წლის შედეგების მიხედვით მისმა მოგებამ 24 მილიარდი დოლარი შეადგინა. Subway-ს ანალოგიური მაჩვენებელი კი 15,2 მილიარდი გახლავთ. საინტერესოა, რომ აქედან 10,5 მილიარდი დოლარი ამერიკულ ბაზარზე მოდის.
გარდა ამისა, McDonald's-ს შეუძლია უფრო ფართო უცხოური ექსპანსიით დაიკვეხნოს. კერძოდ, მისი რესტორნები 117 ქვეყანაში მოქმედებს, Subway-ს კი 95-ში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ Subway უცხოეთში, კერძოდ კი აზიაში ქსელის გაფართოვებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, 2020 წლისათვის აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი რესტორნების რიცხვი უნდა გათანაბრდეს. Subway-ს პირველი უცხოური რესტორანი 1984 წელს ბაჰრეინში გაიხსნა.
პირველობის დაკარგვას McDonald's-ის წარმომადგენლები მოჩვენებითი სიმშვიდით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მათი კომპანიისათვის პრიორიტეტული არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. Subway-ს მარკეტინგის დირექტორმა დონ ფერტმანმა კი მიღწეულით თავი მოიწონა და ეგზომ სწრაფი ზრდა რესტორნებისათვის არატრადიციული ადგილების მუდმივი ძიებით ახსნა.
მართლაც, Subway-ს ძალიან ბევრი რესტორანი ერთობ უჩვეულო ადგილასაა განლაგებული. მაგალითად, ეს გახლავთ ზოოპარკი ტაივანში, ბუფალოს ეკლესია, სამეურნეო მაღაზია ბრაზილიაში, ავტოსალონი კალიფორნიაში, გერმანული სამდინარო გემი და ა.შ. უნდა ითქვას, რომ Subway-ს 900-მდე კაფე Wal-Mart-ის მაღაზიებშია, 200-ზე მეტი სამხედრო ბაზებზე, მათ შორის ავღანეთსა და ერაყში, ხოლო სამი თავად პენტაგონში. კომპანიის პოლიტიკის მიხედვით, რაც უფრო ახლოს ხარ მყიდველთან, მით უკეთესი.
გარდა ამისა, Subway-ს ბევრი კაფე გახსნილია ფრანშიზით (ლიცენზირებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ნიშნისა და ტექნოლოგიების გამოყენების უფლება გადაიცემა), McDonald's კი ამ მეთოდს ნაკლებად იყენებს. აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, Subway-ს კაფეები და რესტორნები McDonald's-ისაზე პატარაა და მათი დანახარჯები შედარებით მცირეა.
დასასრულს კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მოჩვენებითი სიმშვიდისა, McDonald's-ის ხელმძღვანელობა ალბათ არ შეეგუება პირველობის დაკარგვას და წელს თუ არა გაისად მაინც, ლიდერის სტატუსის დაბრუნებას შეეცდება. ასე რომ, მისგან დიდი ექსპანსიაა მოსალოდნელი.