მას შემდეგ, რაც ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ექსმაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების გაგრძელების რეკომენდაცია მისცა, “ნაცმოძრაობა” პანიკურად აქოთქოთდა - გარდა იმისა, რომ “ნაციონალები” 15 ნოემბერს, ოკუპირებული ტერიტორიების დაცვის საბაბით, ქუჩაში გამოსვლას გეგმავენ, პრეზიდენტყოფილმა, პრაქტიკულად, ღიად განაცხადა, რომ “ოცნების” არჩევნებით შეცვლა შეუძლებელია. მოდის თუ არა რევოლუცია? - ამ შეკითხვაზე უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, შიკორსკის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს, ადრე თუ გვიან, პასუხს მხოლოდ ქართველი ხალხის კი არა, მსოფლიოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მოსთხოვს:
- რამდენიმე დღის წინ, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, შიკორსკიმ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და, პრაქტიკულად, დაადასტურა ტალიავინის დასკვნა, რომ აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. შიკორსკი პოლონეთში ძალიან სერიოზული და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც განცხადებებს ტყუილად არასოდეს აკეთებს. ვანო, რამდენიმე თვის წინ გითხარით, სააკაშვილის საქმის შესწავლას, ადრე თუ გვიან, ჰააგის ტრიბუნალი დაიწყებს-მეთქი და შიკორსკის განცხადებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
- შიკორსკი მოქმედი ხელისუფალი არაა, შესაბამისად, მის შეფასებას ოფიციალური ვარშავის პოზიციასთან ვერ გავაიგივებთ...
- მერე რა, რომ შიკორსკი ყოფილი ჩინოვნიკია? დასავლეთში პოლიტიკური ფიგურები ასეთ განცხადებებს შემთხვევით არასოდეს აკეთებენ. მოკლედ, ყველაფერი ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ის თემა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში სააკაშვილის როლს უკავშირდება, ძალას იკრებს.
- “ძალის მოკრებაში” რას გულისხმობთ?
- ჰააგის ტრიბუნალი გამოძიებას, როგორც იტყვიან, სრული სვლით დაიწყებს. ამ საფრთხეს, როგორც ჩანს, სააკაშვილიც გრძნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაიამი-ბიჩიზე მშვიდად იქნებოდა წამოწოლილი.
- რატომ გგონიათ, რომ პრეზიდენტყოფილი მშვიდად არაა? - ორიოდ დღის წინ, ტელეეთერით, პრაქტიკულად, რევოლუცია დააანონსა. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ამას წინათ, ბაქოშიც ყოფილა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს შეხვედრია...
- არ მგონია, რომ აზერბაიჯანის მთავრობის მოქმედი წევრები შეხვდნენ. სააკაშვილს, უბრალოდ, პირადი კონტაქტები აქვს, დანარჩენი კი, “ნაციონალების” პიარია - მართალია, ამ, ასე ვთქვათ, ვიზიტის ვიდეოკადრები არ გავრცელებულა, მაგრამ ასეთი ინფორმაციებით “ნაციონალები” დემონსტრირებას ცდილობენ, აი, მიშა საქართველოსთან ახლოს მოძრაობსო. რაც შეეხება აქცენტის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გადატანას, ამით ყოფილი მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანი სააკაშვილს ისევ პოლიტიკურ ლიდერად აღიარებს, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, “ქართული ოცნების” მთავრობას აზერბაიჯანში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა.
- სააკაშვილის აზერბაიჯანულ ვიზიტსა და სოფელ მოხეში რელიგიურ ინციდენტს შორის პარალელის გავლება შეიძლება?
- ყველაფერი, რაც ბოლო დროს ხდება, დესტრუქციული ქმედებების გარკვეული რგოლებია და ამის უკან, შესაძლებელია, “ნაცმოძრაობა” იდგეს. არ ვამტკიცებ, აპრიორი, ასეა-მეთქი, მაგრამ ყველა ნიუანსი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ რელიგიურ ინციდენტებს “ნაცმოძრაობის” გარკვეული ჯგუფები მართავენ.
- ყოფილ ხელისუფლებას მსგავსი ინციდენტები ხელს რატომ აძლევს?
- “ნაციონალებმა” კარგად იციან, რომ ქვეყანაში წყალი რაც მეტად აიმღვრევა, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ რეიტინგს მით უფრო დაკარგავს. “ნაცმოძრაობამ” ისიც კარგად იცის, რომ უახლოეს ორ წელიწადში ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და ამიტომ რელიგიური თემებით სპეკულირებს, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხია - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2011 წელს ევროსაბჭოს მომხსენებელთა ჯგუფმა საქართველოს მიმართ დოკუმენტი მიიღო, რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ ქართულმა სახელმწიფომ რელიგიურ კონფესიებს ის ქონება უნდა დაუბრუნოს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჩამოართვეს. ლაპარაკია ტრადიციულ რელიგიურ მიმდინარეობაზე და არა - ისეთ სექტანტურ მოძრაობებზე, როგორიცაა, მაგალითად, “იეჰოვას მოწმეები”, “50-იანელები”, ან “ბაპტისტები”. მოკლედ, “ნაცმოძრაობას” შეუძლია, ევროსაბჭოს ეს მოხსენება, როგორც იტყვიან, თემად ნებისმიერ დროს აქციოს.
- მაშასადამე, მოხეს მოვლენებს “საგარეო დანიშნულება” აქვს?
- ამა თუ იმ მოვლენის საგარეო და საშინაო დანიშნულება ერთმანეთს კარგად ებმის. საერთოდ, “ნაცმოძრაობა” თავის სტრატეგიულ ტაქტიკას დასავლეთის მესიჯებზე აგებს. სხვა საქმეა, ქართველი ხალხისთვის მისაღებია თუ არა, მაგრამ ფაქტია: “ნაციონალები” პოლიტიკას პროფესიულად ფლობენ და საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებსა თუ დადგენილებებს სათავისოდ იყენებენ.
- ამ ტაქტიკას “ოცნება” ალღოს რატომ ვერ უღებს? მაგალითად, ხელისუფლებას ხომ შეეძლო, მოხეში უკან დაეხია და ადგილობრივი მუსულმანი ქართველების უკმაყოფილება არ გამოეწვია?
- მთავრობა მუსულმანურ მრევლთან, სიტუაციის განუხტვის მიზნით, დათმობაზე წავიდა - ის 14 ადამიანი, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობდა, გაათავისუფლა.
- გამოდის, რომ “ოცნებას” “ნაცმოძრაობის” ეშინია?
- რა თქმა უნდა, ეშინია! მოდით, ვაღიაროთ, რომ “ნაცმოძრობა” ბოროტი და საკმაოდ პროფესიული ძალაა, რომელიც შედეგის მისაღწევად პოლიტიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის ხერხებს კარგად ფლობს.
- ამ შემთხვევაში, შედეგი რა არის - “ოცნების” რეიტინგის დაცემა თუ ხელისუფლებაში დაბრუნება?
- “ნაციონალებს” ორი ტაქტიკური მიზანი აქვთ: ერთი - ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა და ამ გზით გარკვეული დივიდენდების მიღება. შეიძლება, დივიდენდები თვითონ ვერ მიიღონ, მაგრამ დესტაბილიზაციით “ოცნება” პოლიტიკურ ქულებს დაკარგავს. მეორე მიზანი კი, უფრო შორს მიმავალია, რომელიც “ნაცმოძრაობის” რებრენდინგსაც გულისხმობს. საერთოდ, “ნაციონალები” აქცენტს უფრო 2020 წელზე აკეთებენ.
- ბატონო კონსტანტინე, მგონი, ცდებით, რამეთუ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ჩემს მეგობრებს, რომლებსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების იმედი აქვთ, არ ვეთანხმები, რადგან ივანიშვილმა საარჩევნო სისტემა გააუქმა და ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლა შეუძლებელიაო. გამოდის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას 2016 წლამდე გეგმავს?
- ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული... სააკაშვილმა იცის, რომ 2016 წლამდე ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებს და ამას ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციის” ინტერაქტივიც მოწმობს: 22 ათასიდან 18 ათასმა ადამიანმა ბაჩო ახალაიას განაჩენი სამართლიანობის აღდგენად ჩათვალა.
- სხვათა შორის, “ნაციონალებმა” ახალაიას განაჩენზე წარმოუდგენელი გნიასი ატეხეს. არადა, აქამდე არსებობდა ცნობა, რომ “ნაცმოძრაობის” ბირთვი ახალაიებს ვერ იტანდა. ასევე, თვალშისაცემია, რომ გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა თუ სხვა გახმაურებულმა მკვლელობამ თითქოს უკანა პლანზე გადაიწია და “ოცნებამ” “სიმძიმის ცენტრად” ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია აქცია. ამას რითი ხსნით, კოტე ბატონო?
- ვანო, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების შესახებ ორგანულ კანონში ცალსახად წერია, რომ ისეთი სამძებრო-ოპერატიული ღონისძიება, რომელიც საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნის, აკრძალულია.
- სპეცოპერაცია, თავის თავში, ლიკვიდაციას გულისხმობს?
- არა, როგორ გეკადრებათ! სპეცდანიშნულების რაზმს იარაღის გამოყენებისთვის მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, თუკი სპეცოპერაცია ხალხმრავალ ადგილას ტარდება.
- ახალაიას ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ “ნავთლუღის სპეცოპერაციის” დროს ექვსი ადამიანი ისროდა, თუმცა გამოძიებამ და სასამართლომ აქცენტი მხოლოდ ძმებ ახალაიებზე გააკეთეს. რატომ?
- მოდით, ეს თემა განვავრცოთ: მე თუ მკითხავთ, გამოძიება დათა ახალაიაზე კი არ უნდა გაჩერებულიყო, არამედ, ბრალი ვანო მერაბიშვილისთვისაც უნდა წაეყენებინა, რადგან ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები მხოლოდ დეპარტამენტის უფროსის სანქციით არ ხორციელდება. საამისოდ მინისტრის, ან მინისტრის პირველი მოადგილის ვიზირებაა საჭირო. დათა ახალაია დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო... ამასთან, გავიხსენოთ ელენე თევდორაძის განცხადება, ვანო მერაბიშვილმა მითხრა, კიდევ ორას კაცს დავაწვენ და შენც ზედ მიგაყოლებო.
- ბატონო კოტე, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ელენეს დიდი ხანია, ვიცნობ და პატივსაც ვცემ, მის განცხადებებს, ასე ვთქვათ, მტკიცებულად არ განვიხილავ, რამეთუ, ჯერ ერთი, ქალბატონი ელენე “მნიშვნელოვან ინფორმაციას” ყოველთვის რაღაც მოვლენის შემდეგ ავრცელებს ხოლმე. მეორეც, თუკი მერაბიშვილმა უთხრა, რომ კიდევ 200 ადამიანს “დააწვენდა,” სახეზე დანაშაულის დაფარვა ხომ არ გვაქვს?
- ეს სხვა თემაა და ამ შემთხვევაში, არ მაინტერესებს, ქალბატონმა ელენემ დანაშაული დაფარა თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ გამოძიება მხოლოდ ახალაიაზე არ უნდა გაჩერებულიყო, რადგან დათა ახალაია სპეცოპერაციას მინისტრის სანქციის გარეშე ვერ ჩაატარებდა. სასამართლო თავის დონეზე რომ ყოფილიყო, უნდა ეკითხა, ახალაიას ამ სპეცოპერაციის ჩატარების ნებართვა ვინ მისცა. ასე რომ, პროკურატურის არაპროფესიონალიზმთან მივდივართ, თორემ ყველა უწყებაში უმაღლესი პასუხისმგებელი პირი მინისტრია, მით უმეტეს, “ნაციონალების” შსს-ში, სადაც მერაბიშვილის ნებართვის გარეშე, როგორც იტყვიან, ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა და, როგორ წარმოგიდგენიათ, თუნდაც დათა ახალაია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა, “ნავთლუღის სპეცოპერაციას” მერაბიშვილის ნებართვის გარეშე ჩაატარებდა?
- ბაჩო ახალაიას განაჩენი შესაძლოა თუ არა, რევოლუციის დაწყების საბაბი გახდეს, მით უმეტეს, რომ “ნაციონალები”, აფხაზეთის დაცვის საბაბით, 15 ნოემბერს, რუსთაველზე აქციის გამართვას გეგმავენ და მთელ საქართველოს ეპატიჟებიან...
- “ნაცმოძრობას”, თავისი მცირე რაოდენობის მომხრეებისა და სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციების გარდა, არავინ გაჰყვება!
- უკვე ცნობილია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი 15 ნოემბრის აქციას შეუერთდება. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიებს აქცია “ნაციონალებთან” ასოცირებულმა არასამთავრობოებმაც მიუძღვნეს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა. გამორიცხავთ, რომ 15 ნოემბერს “ნაციონალების” გვერდით პრეზიდენტიც ვიხილოთ?
- არა, არ გამოვრიცხავ...
- ამბობენ იმასაც, რომ ბაჩო ახალაიას ოჯახმა პრეზიდენტ მარგველაშვილს შესაძლოა, შეწყალების თხოვნით მიმართოს...
- თუკი მარგველაშვილი ბაჩო ახალაიას შეიწყალებს, ეს მისი საბოლოო ხარაკირი იქნება!
- ხარაკირში რას გულისხმობთ - რა, “ოცნება” მარგველაშვილს გადააყენებს?
- არა, მაგრამ მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ხალხის თვალში საბოლოდ მოკვდება!
რაც შეეხება 15 ნოემბრს, თუ მარგველაშვილი აქციაზე მივა, ეს უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი იქნება, რომელიც ახალ პოლიტიკურ გადაჯგუფებაზე მიგვანიშნებს.
- ჩვენში დარჩეს და, შეფარული პოლიტიკური სკანდალი უკვე სახეზეა - პრეზიდენტის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას მინისტრები არ დაესწრებიან...
- წინა ინტერვიუებში ვთქვი, რომ უშიშროების საბჭოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება საკონსტიტუციო კოლიზიების შედეგია. “ქართული ოცნება” ამ პრობლემის მოგვარებას კონსტიტუციის დონეზე კი არა, ორგანული კანონით ცდილობს, ანუ უშიშროების საბჭოს დუბლირებულ ორგანოს ქმნის, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება...
- ეს გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს, როცა მინისტრები მოქმედ უშიშროების საბჭოს ბოიკოტს უცხადებენ?
- ეს პოლიტიკური ნებაა.
- და ამ პოლიტიკური ნებით “ოცნება” რის ხაზგასმას ცდილობს?
- ხაზს იმას უსვამს, რომ ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტი კი არა, პრემიერია!
- შიდა დაპირისპირების მიუხედავად, როცა საქმე ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, მმართველი გუნდი, ლოგიკით, ერთიანი უნდა იყოს...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მარგველაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ მის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას არც პრემიერი დაესწრება და არც - “ქართული ოცნების” ძირითადი მინისტრები.
- ანუ, ამ გადაწყვეტილებით, მარგველაშვილმა “ნაციონალებს” პიარისთვის მორიგი “ტოპკა” აუწია, არა?
- დიახ, ასეა. საერთოდ, მარგველაშვილს “ნაცმოძრაობის” პლასტელინობა ძალიან კარგად გამოსდის.
- მაშასადამე, 15 ოქტომბერი და უშიშროების საბჭოს სხდომაც იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც “ნაცმოძრაობა” “ოცნების” დამხობას შეეცდება?
- დამხობა, შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ძალიან ბევრი საშიშროება არსებობს, პირველ რიგში კი, ეს საშიშროება პარლამენტშია, რომელიც ნაღმს ინახავს.
- ბატონო კოტე, ყველაფერი ეს თქვენი თეორიაა...
- ეს თეორია კი არა, ე.წ. რეალ პოლიტიკაა.
- თქვენი წყაროები რა ინფორმაციას გაწვდიან - 15 ნოემბერი მიტინგი იქნება მიტინგისთვის თუ?..
- 15 ნოემბერს “ნაცმოძრაობა” საკუთარ ძალებს მოსინჯავს, თუმცა გამორიცხავთ, რომ ამ მიტინგზე რაღაც პროვოკაციები არ მოხდეს? ჩემი ინფორმაციით, “თავისუფალი თაობა” თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციები “ნაციონალებს” მიტინგის ჩატარების უფლებას არ მისცემენ, იქ მივლენ და იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე რუსთაველი სისხლით აავსო, დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე მარშირებით არ გაატარებენ!
- სააკაშვილს სიმბოლოები უყვარს. აქედან გამომდინარე, 15 ნოემბერსაც რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს?
- (იღიმება) მიშას “ხუთიანიც” უყვარს!
- სხვათა შორის, მოხეში განვითარებული მოვლენები პრივატულ საუბარში რუსულ სპეცსამსახურებს დაუკავშირეთ, მერე კი, ყველაფერი “ნაციონალებს” დააბრალეთ...
- რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ მოხეში ძირითადად, აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ და მხარდაჭერის მუხტიც უფრო აჭარიდან მოდის.
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, მოხეში აჭარის მუფტი და ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურაძე ჩავიდნენ... მოდით, დავსვათ მთავარი შეკითხვა: რელიგიური შუღლის გაღვივება ვის აწყობს?
- ვის?
- რუსეთს და, შეიძლება, თურქეთსაც. მოხეს მოვლენები და რამდენიმე თვის წინ, ქობულეთში მომხდარი ე.წ. ღორის ინციდენტი, ერთი ხელწერა და ერთი ჯაჭვის რგოლია. ყველაფერი კი, შარშან, სამთაწყაროდან დაიწყო, თუმცა მთავრობას პრევენცია არ გაუტარებია. ის პრევენცია არაა, შსს-ს წარმომადგენლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის რომ ჩადგებიან.
- ბატონო კოტე, იმაშიც რუსულ კვალს ხედავთ, რომ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა ნაწილი ებრაელების ეროვნული დღესასწაულის წინააღმდეგ ილაშქრებს?
- რა, ჯერ არ მითქვამს, რომ ეკლესიაში სპეცსამსახურის და, მით უმეტეს, რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან?! ებრაელების წინააღმდეგ აქციის ჩატარება ანტისემიტიზმის გამოვლენაა. საერთდ, ფუნდამენტალიზმი დამღუპველია.
- სპეცსამსახური საეკლესიო პირებს გავლენის ქვეშ როგორ იქცევს?
- როგორ და, - როგორც გიგი უგულავა და სოსო თოფურიძე იქცევდნენ - ალბათ, მათზე მაკომპრომიტირებელი მასალები ჰქონდათ.
- ესე იგი, ფარულ ჩანაწერებამდე მივდივართ?
- დიახ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ავტომანქანები, რომლებიც მიტროპოლიტებს “ნაციონალებმა” დაურიგეს, მოსასმენი აპარატურით იყო სავსე!
- სასულიერო პირის ჯიპის მოსასმენი აპარატურით აღჭურვა რისთვის სჭირდებოდათ? მღვდლის მანქანაში საინტერესო რა უნდა მოხდეს?
- რაღაც თქვა... ვიღაცას შეხვდა... კუდ-ს სწორედ ეს აინტერესებდა. სწორედ ესაა ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანი...
- “ნაციონალები” ეკლესიას მთლიანად აკონტროლებდნენ?
- ვინაობას ნუ დამასახელებინებთ, მაგრამ ზოგიერთი მღვდელმსახური “ნაციონალების” კუდ-ს სინოდის სხდომებს პირდაპირ ეთერში ასმენინებდა!
- ანუ?
- სინოდის სხდომიდან მესიჯებს აგზავნიდა... სწორედ ამის შედეგი იყო, თავის დროზე გიგი უგულავა სამებაში რომ მივარდა...
- ეს მღვდელმთავრები დღეს სად არიან?
- ისინი არავის მოუკვეთია!
- ამის შესახებ პატრიარქმა არ იცის?
- ალბათ, იცის, მაგრამ პატრიარქი უჭკვიანესი ადამიანია და სიტუაციას მართავს. ღმერთმა ასი წელი აცოცხლოს, მაგრამ მისი შემდგომი ეპოქა ეკლესიაში აბსოლუტურად არეული იქნება. შეიძლება, ეს ჩემი განსასჯელი არაა, მაგრამ ისეთ სასულიერო ფიგურას ვერ ვხედავ, რომელიც პატრიარქის სულიერ დონემდე მივა და არაა გამორიცხული, რომ ამ პროცესშიც სპეცსამსახური ჩაერიოს...
- სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა “ფეისბუქით” ფოტო გაავრცელა, სადაც დედასა და ბებიასთან ერთად, ერთ-ერთ მღვდელთან ერთადაა აღბეჭდილი, ანუ ამით ცდილობს, ხალხი დააჯეროს, რომ ეკლესია მის გვერდითაა?
- ბუნებრივია, თორემ კარგად ვიცით, მიშა როგორი აღმსარებელიცაა. ეს თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი!
- ...კოტე ბატონო, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრის მოადგილის სახლთან აფეთქება მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალი “კარგადაა”, არა?
- საკითხავია, ეს რეალური აფეთქება იყო თუ დადგმული?
- ასეთი ეჭვი რატომ გაგიჩნდათ?
- შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას მშობლები ჩემი მეზობლები არიან. იმ დღეს გვიან დავიძინე და, წესით, აფეთქების ხმა უნდა გამეგო, მით უმეტეს, გოგა ონიანისგან მოვისმინე, რომ “ერ-გე-დე”-ს ტიპის ხელყუმბარა აფეთქდა. ჯერ ერთი, საიდან დაასკვნა, რომ “ერ-გე-დე”-ს ხელყუმბარა იყო. მეორეც, “ერ-გე-დე” რომ აფეთქებულიყო, მანქანისგან არაფერი დარჩებოდა. მოკლედ, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რა ააფეთქეს... გოგა ონიანმა ისიც თქვა, ეს ადამიანი იმიტომ ააფეთქეს, რომ ბიზნესშიაო, ანუ ისრები ბიზნესის ტერორისკენ გადაწია...
- შეთქმულების თეორიას რომ გავყვეთ, ამ აფეთქების კვალიც, შესაძლოა, “ნაციონალებისგან” მართულ “ტიპებამდე” მივიდეს? ისე, ხაზგასასმელია, რომ ყოფილი სპეცსამსახურელის მანქანა აფეთქდა...
- დიახ, ლევან იზორიას სახლი სპეციალურად სჭირდებოდათ... ეს ძალიან მარტივად გასახსნელი საქმეა - ექსპერტიზით ონიანის ტყუილი გამოჩნდება. რა “ერ-გე-დე”, რის “ერ-გე-დე”, წარმოდგენა აქვთ, რაზე ლაპარაკობენ?! ყველაფერი ჩვეულებრივ მოქალაქეებზეა გათვლილი. მამაცხონებულო, მთავრობა რომ ხარ, ხომ შეიძლება, თქვა, რომ საქმე სხვა რამეშია... ეს მარტივი ტრიუკებია. შს მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და შეუძლია, გამოვიდეს და თქვას, ბიჭებო, ცოტა აზრზე მოდითო.
საერთოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, იცით, რა მოხდა? - პოლიტიკური სპექტრი ხალხის განწყობას მოუმზადებელი შეხვდა, ანუ ხალხმა პოლიტიკურ სპექტრს გაასწრო - ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მაშინდელ ოპოზიციაში კი არა, უფრო ხალხში იყო.
- ესე იგი, “ოცნება” არ ელოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებდა?
- დიახ, არ ელოდა... უბრალოდ, ფიქრობდა, რომ პარლამენტში უმცირესობას შექმნიდა. დიდი როლი კონკრეტულმა პიროვნებამ ითამაშა, მაგრამ ყველაფერი მაინც ხალხმა გადაწყვიტა. საერთოდ, პოლიტიკა ხალხის განწყობით კეთდება - თუ ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ, ხალხის დაკვეთას უნდა მიჰყვე. დღეს კი, ხალხში სხვა დაკვეთაა.
- მაინც, რა დაკვეთა?
- ხალხს, ელემენტარულად, უნდა, რომ უმუშევრობა და სხვა სოციალური პრობლემები დაიძლიოს. ამ მხრივ “ოცნება” გარკვეულ სამუშაოს ანხორციელებს. მაგალითად, ე.წ. სერგეენკოს ცვლილებები, მაგრამ მთავრობა, როგორც ერთი გუნდი, თანაზომიერი არაა. სხვათა შორის, პასუხისმგებლობაზე აქცენტი პატრიარქმაც გააკეთა. მე თუ მკითხავთ, დღეს საქართველოში ყველაზე კარგი პოლიტიკოსი სწორედ პატრიარქია, რომელიც სიტუაციას გრძნობს და მისი მესიჯები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.
- ისე ჩანს, რომ “ოცნება” “ნაციონალების” შეცდომებს იმეორებს - მივლინებები, ძვირადღირებული მობილური ტელეფონები და ა.შ...
- მხოლოდ “ნაციონალების” კი არა, ამ მთავრობის წარმომადგენლები თვეში იმაზე მეტ ხელფასს იღებენ, რამდენიც მე მთელი ჩემი 25-წლიანი შრომის სტაჟის დროს მაქვს აღებული. გესმით, რაზეა ლაპარაკი? როგორც ჩანს, კომფორმისტები “ოცნების” “ტიპებიც” არიან! ეს მენტალობაა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” თავის დროზე ოპოზიციაშიც დაამკვიდრა - ოპოზიცია ხედავდა, რომ “ნაცმოძრაობის” ელიტა კარგად ცხოვრობდა და როცა ხელისუფლებაში მოვიდა, თვითონაც ასე ცხოვრება გადაწყვიტა!
- ისიც “ოცნების” სისუსტე ხომ არაა, რომ ნებისმიერ კრიტიკას “ნაციონალთა” 9 წელს უპირისპირებს?
- ეს, რა თქმა უნდა, სისუსტე და შეცდომაა!
...მოკლედ, დანამდვილებით ვიცი, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს, რომელიც პროკურატურას მონიტორინგსა და იურიდიულ კონსულტაციებს უწევს, სხვა მიზანი აქვს.
- რა მიზანი?
- ამ ჯგუფის სხვა წევრებს თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ პოლ კაფი ვახსენოთ, რომელიც თავის დროზე აშშ-ის ორგანიზებულ დანაშაულთა დეპარტამენტს წლები ხელმძღვანელობდა, ყველაფერი გასაგები გახდება.
- კი ბატონო, ამ ჯგუფმა დაასკვნა, რომ საქართველოში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და თავის მოხსენებაში, მაგალითად, ვალერი გელაშვილზე თავდასხმაც გაიხსენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროსაბჭო “ოცნების” მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებს...
- ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია არაფერს ნიშნავს. საერთოდ, ევროსაბჭო ევროკავშირი არაა და, გეკითხებით, ამდაგვარი რეზოლუცია ევროკავშირმაც მიიღო? ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ...
- თუკი ევროსაბჭო არაფერს წარმოადგენს, სტრასბურგულ ვიზიტებში მთავრობები ამდენ თანხებს რატომ ხარჯავენ?
- ევროსაბჭო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი საფეხურია, მაგრამ ეს საფეხური გავიარეთ და ახლა ჩვენთვის ევროკავშირის განცხადებები უფრო მნიშვნელოვანია. საუბრის დასაწყისში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, შიკორსკის განცხადება ვახსენე, პოლონეთი კი, ევროკავშირის აღმოსავლეთი ქვეყნების ლიდერია და ამით, მგონი, ყველაფერი ნათქვამია. შიკორსკის განცხადება, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა პასუხი მხოლოდ ქართველი ხალხის კი არა, მსოფლიოს წინაშე უნდა აგოს, რადგან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მსოფლიო შეცვალა...
- ბატონო კონსტანტინე, თქვენმა საუბარმა ხუმრობის გუნებაზე დამაყენა და “აბა, დამაცადე” გამახსენა - “ნაცმოძრაობა” კურდღელია, რომელიც მგელ “ოცნებას” ნერვებს უშლის...
- (იცინის) თუ მგელი ხარ, ნამდვილი მგელი უნდა იყო და მგლის ინსტინქტიც გქონდეს.
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მოკავშირე უნგრეთის პრემიერი ურბანია. სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელთა უმეტესობა, ვინც ქართულ მართლმსაჯულებას გაასწრო, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, “მასტერა” და სხვები თავს სწორედ უნგრეთს აფარებს და ეს მაშინ, როცა აშშ-მ ამ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით უსერიოზულესი დადგენილება მიიღო, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის რეზოლუცია იმაზე მიანიშნებს, რომ უნგრეთს რუსთთან გარკვეული კორუფციული კავშირი აქვს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. “ნაცმოძრაობა” “ოცნებას” რუსეთუმეობას აბრალებს და ეს მაშინ, როცა იმ ქვეყნის ლიდერი, სადაც ბობოლა “ნაციონალები” არიან “დათესილები”, კრემლის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ეს ორმაგი სტანდარტია და მეტი არაფერი! ისე, რუსეთი უნგრეთში, დაახლოებით, ათმილიარდიან ატომურ ელექტრო სადგურის მშენებლობას გეგმავს, რაც დასავლეთს არ მოსწონს... არავინ იცის, ხვალ უნგრეთი, რომელიც უკრაინის მეზობელია, რას გადაწყვეტს.
- სიტყვამ მოიტანა და, გიორგი არველაძე იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრი გახდა...
- კარგად გამიგეთ და, მიშას და მის “კამანდას” მართლა სიცხე აქვთ!
- რატომ?
- რა იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრობა? “ნაციონალები” ისე არიან “აჭრილები”, რომ აზრზე ვეღარ მოდიან, რას აკეთებენ, მაგრამ მათთვის სამშობლო ხომ არ არსებობს და იქ იქნებიან, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ!
- ბატონო კოტე, გამორიცხავთ, რომ “ნაციონალებსა” და უნგრელ მაღალჩინოსნებს შორის თავის დროზე კორუფციული გარიგებები არსებობდა?
- ეს ურთიერთობა იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემაში ჯდება, თორემ ისე ვინ შეგიფარებს? სხვათა შორის, იარაღით უკანონო ვაჭრობის მასალების გაგონება არც “ოცნებას” უნდა, მაგრამ როცა ამაზე ჰააგის ტრიბუნალი ალაპარაკდება, “ოცნება” ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება!
...მინდა, ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო - სახალხო დამცველმა სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეა წამოაყენა, მაგრამე ესეც სისულელეა. თუკი ამ ინსტიტუტს შექმნი, ესე იგი, აღიარებ, რომ ძალოვან უწყებაში არსებული გენინსპექცია უსუსურია და უნდა გააუქმო. საერთოდ, ამ სტრუქტურის რეორგანიზაცია აუცილებელია და ამის შესახებ წინა ინტერვიუებში დეტალურად ვისაუბრეთ...