საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში სამუშაო და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ირაკლი ალასანია საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ. ირაკლი ალასანიამ მედიასთან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების თემაზე კომენტარი გააკეთა: „მთავარი, ახლა რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას ჭირდება რა თქმა უნდა, გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, რადგან, ბუნებრივია, მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.
ჩემთვის, რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად, სამართლებრივად და ამიტომ, მე რა თქმა უნდა, მთელს ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად. სამწუხაროდ, ამის ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი, დახურულად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ, სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვინაიდან ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა ზიანი, რა თქმა უნდა, უნდა შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან ვგეგმავ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება უკვე იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.
გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ.“