სამთო სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამხედროები 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის პროვინციაში მსახურობდნენ.
147 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ყანდაღარის პროვინციის ბაზა 31 ოქტომბერს დაიხურა. უახლოეს მომავალში სამშობლოში სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდება.